მეცნიერთა კონგრესი

წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს

მის აღმატებულებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ბატონ ირაკლი კობახიძეს

მაქვს პატივი, „მეცნიერთა კონგრესის“ გაფართოებული სხდომის სახელით, მოგილოცოთ შობა -ახალი წელი და ვისურვო ხელისუფლებისა და მეცნიერების ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავლის საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით.
გასული წლის ბოლოს შემდგარმა მეცნიერთა დიდმა შეკრებამ ასზე მეტი ცნობილი მეცნიერის მონაწილეობით, ახალი რედაქცია მისცა „ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დოქტრინას“ და მიიღო გადაწყვეტილება, წარუდგინოს ის გელათის კონგრესს, რომელიც შედგება ა.წ. 8 თებერვალს, დავითობას, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში.
მეცნიერთა შეკრებამ მიიღო ორი პროგრამული დოკუმენტი: „ვებრძოლოთ მიზეზებს და არა შედეგებს, პრობლემა ვაქციოთ განვითარების შესაძლებლობად“, „ვუგუშაგოთ საქართველოს“
მეცნიერებმა თქვენდამი მომართვაში ორი რამ ჩავდეთ:
პირველი – თქვენ ბრძანეთ, რომ მზად ხართ დისკუსიისთვის ნებისმიერ დაინტერესებულ ჯგუფთან. ბრწყინვალეა. „მეცნიერთა კონგრესი“ გთავაზობთ დისკუსიას „ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დოქტრინასთან“ და ზემოთ აღნიშნულ ორ დოკუმენტთან დაკავშირებით;
მეორე – თქვენი მონაწილეობის აუცილებლობა (სწორედ აუცილებლობა) 8 თებერვლის გელათის კონგრესის მუშაობაში. გასულ წელს ვერ შეძელით, სწორედ იმ დღეს დაინიშნა პარლამენტის სხდომა, რომელმაც თქვენ პრემიერ-მინისტრად დაგნიშნათ. აქვე გაახლებთ ჩვენს მიმართვას საზოგადოებისადმი, რომელშიც კონკრეტულად არის ჩამოყალიბებული გელათის კონგრესის მიზანი. ვფიქრობთ, იგი სახელმწიფოებრივია და თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას მის მუშაობაში მონაწილეობის თაობაზე.
მეცნიერთა შეკრებამ გამოხატა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის დიდი სურვილი. ეს წერილიც ამის დასტურია. სიტყვა თქვენზეა.

პატივისცემით,
მეცნიერთა კონგრესის სხდომის სპიკერი
ფსიქოლოგიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი
ბესიკ ბოგველი

13 იანვარი, 2025 წლის

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *