პროექტები
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს,
პროფესორ ზურაბ ხონელიძეს
ბატონო ზურაბ,
გილოცავთ შობა-ახალ-წელს, გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და თანამშრომლობის დიდი სურვილით გიგზავნით „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის“ პროექტს, რომელსაც საფუძვლად დავუდეთ ილია ჭავჭავაძის მიერ გელათში წარმოთქმული მოსაზრება – „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“.
ვფიქრობთ, ამ სახით უნდა მოხდეს საქართველოში დაპირისპირებიდან თანამშრომლობაზე გადასვლა. მიგვაჩნია, ქვეყნის მომავალი დაკავშირებულია მეცნიერულ პროგრამებთან და მეცნიერულ პროგრამებში ხალხის შეერთებასთან.
თქვენმა უნივერსიტეტმა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მაღალი პასუხისმგებლობის პროგრამა შესთავაზა საზოგადოებას. ბევრი ჩვენგანისთვის სამაგიდოდ არის ქცეული თქვენი ნაშრომი „მშვიდობის ქართული პარადიგმა“. თქვენ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ხართ, რომელიც სათავეებიდან მოჰყვება „მეცნიერთა კონგრესს“. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ დოქტრინაზე საუბარს სწორედ თქვენ უნივერსიტეტში შევძლებთ.
გადაწყვეტილი გვაქვს, მიმდინარე წლის 8 თებერვალს, დავითობას, გელათის კონგრესზე საბოლოო რედაქცია მივცეთ ამ ტექსტს. პირველ ეტაპზე წარვადგენთ მეცნიერებათა აკადემიაში, შემდგომ კი, საქართველოს ხელისუფლებაში. ვფიქრობთ, სწორი იქნება, თუ საქართველოს პარლამენტი განიხილავს და მიიღებს „ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დოქტრინას“.
ბატონო რექტორო,
გაახლებთ დოქტრინის პროექტის რამდენიმე ეგზემპლარს. სასურველია, შეძლოთ მონაწილეობა გელათის კონგრესის მუშაობაში პირადად თქვენ, ან აკადემიური საბჭოს რამდენიმე წევრმა. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, თუ 5 წუთის ფარგლებში, კონგრესს გაუზიარებთ თქვენს მოსაზრებას დოქტრინასთან დაკავშირებით.
გელათის კონგრესის ჩანაწერი სრულად იქნება გადაცემული ტელევიზია „ქართული TV”- ს ეთერში.
გელათში გამგზავრება მოხდება 8 თებერვალს, დილის 9:00 საათზე. კონგრესი დაიწყება 14:00 საათზე დაბრუნება მოხდება იმავე დღეს.
გთხოვთ თქვენი გადაწყვეტილება გვაცნობოთ 1 თებერვლამდე.
„ქართული ერთობის დარბაზის“, „მეცნიერთა კონგრესის“ და ფონდ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ სახელით,
ჯუმბერ კოპალიანი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
13 იანვარი, 2025 წელი
საკონტაქტო პირები ვახში ჟვანია (ტელ.:577 40 71 82 ) ბესიკ ბოგველი (ტელ.: 595 01 65 66)