მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

მეცნიერთა კონგრესის წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბატონ  შალვა პაპუაშვილს

 

ბატონო შალვა,

გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და  მეცნიერთა დიდი ჯგუფის სახელით, გადმოგცემთ „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის“ პროექტს, რომლის განხილვა მიმდინარე წლის 8 თებერვალს, დავითობას დავიწყეთ გელათის კონგრესზე და რომელსაც საფუძვლად დავუდეთ ილია ჭავჭავაძის მიერ გელათში წარმოთქმული მოსაზრება – „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“.

ჩვენი გადაწყვეტილება მყარია. უნდა მოხდეს დაპირისპირებიდან გადასვლა თანამშრომლობაზე და ეს ყველგან უნდა გაცნობიერდეს – საზოგადოებაშიც, პოლიტიკურ წრეებშიც, ხელისუფლებაშიც. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ხელისუფლებასთან, სამეცნიერო და სასწავლო მიმართულების დაწესებულებებთან. გავაგრძელებთ აქტიურ კონსულტაციებს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან, აკადემიკოსებთან, მივიღებთ მათ რჩევებს. გელათის კონგრესმა ის მოსაზრებაც გამოთქვა, რომ სწორედ, მეცნიერებათა აკადემიაში, ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით, შედგეს ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში, დარგობრივ აკადემიებში, სამეცნიერო დაწესებულებებში ეროვნული დოქტრინის  პირველი განხილვების შედეგების შეჯამება, ხოლო  შემდგომ,  საერთო-სახალხო განხილვაზე  გასატანი დოკუმენტის  მიღება მოხდეს გელათის კონგრესზე, რომლის ჩატარება განსაზღვრულია მიმდინარე წლის მაისში.

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,

ჩვენ, „ეროვნულ სახლმწიფოებრივი დოქტრინის“ პროექტს შეგნებულად გადმოგცემთ პარლამენტში, ჟიული შარტავას 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ვფიქრობთ, რომ ამ დოკუმენტში თაობათა განწყობაა მოცემული. მოცემულია ის, რა იდეებისთვის ბრძოლასაც შეეწირნენ ჟიული შარტავა, მისი მეგობრები, ათასობით ახალგაზრდა. ჩვენ, მეცნიერებმა, სწორედ ამ განწყობით, შევქმენით „ეროვნულ სახლმწიფოებრივი დოქტრინა“ და სწორედ ამ განწყობით, ვთავაზობთ მის განხილვას სახელისუფლებო წრეებს, მეცნიერებს, საზოგადოებას, ჩვენი ქვეყნის მეგობრებს მთელ მსოფლიოში.

გაახლებთ დოქტრინის პროექტის რამდენიმე ეგზემპლარს, რომ პარლამენტარები გაეცნოთ და გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება, ჩვენი აზრით, ამ უნიშვნელოვანეს დოკუმენტთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, სწორი იქნება, თუ მოგვეცემა საშუალება, ერთ, ან რამდენიმე კომიტეტში საჯაროდ მოხდეს დოქტრინის პროექტის განხილვა და შესაძლებლად ჩაითვალოს მისი წარდგენა პლენარული სხდომისთვის, თუნდაც განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების გარეშე. დოქტრინასთან ერთად, პარლამენტარებს გექნებათ საშუალება, გაეცნოთ წერილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესისადმი, „სახელმწიფო კაცების საკრებულოს“ შექმნასთან დაკავშირებით. როგორც იცით, ეს იდეა ეკუთვნის პატრიარქს, რომელიც მან ჯერ კიდევ 2011 წელს ჩამოაყალიბა ქადაგებაში და სამწუხაროდ, დღემდე უყურადღებოდ იყო დატოვებული. არადა, ხალხის, ხელისუფლებისა და ეკლესიის თანამშრომლობის ჰარმონიზაციას ისახავს მიზნად.

ჩვენ მზად ვართ, გეწვიოთ თქვენთვის მისაღებ ნებისმიერ დროს, რათა შევძლოთ მოლაპარაკება, ზემოთ დასმულ ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

პატივისცემით,

ჯუმბერ კოპალიანი    ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, „ქართული ერთობის დარბაზის“ თავმჯდომარე

გია კვაშილავა    პროფესორი, მათემატიკის დოქტორი, ეკონომიკის   დოქტორი, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი

დავით შემოქმედელი    მწერალი, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი

ამირან აფციაური    პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, „ინოვაციური ცენტრის“ ხელმძღვანელი

მურმან კვარაცხელია    პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა  დოქტორი, „მეცნიერთა კონგრესის“ წევრი

ჰამლეტ მელაძე                                  პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე

ჯუმბერ ბოლღაშვილი                      მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

დავით სახვაძე                                    ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, „მეცნიერთა კონგრესის“ წევრი

მურმან ქურიძე                                   ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, მეღვინეობა-მევენახეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი

ვახში ჟვანია                                        ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საინჟინრო აკადემიის წევრი, ქვეყნის განვითარების კონცეფციის  „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდაჭერის ფონდის დირექტორი

 

7 მარტი, 2024 წელი

საკონტაქტო პირი:       ჯუმბერ კოპალიანი ტელ.: 591 18 90 20

იხ. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინა

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *