პროექტები

მეცნიერთა კონგრესის მილოცვა რომან რურუას, მისი 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

(გამოცდილება, რომელსაც დიდი სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა და საქვეყნოდ გავრცელება სჭირდება და ჩვენ მართლა შევძლებთ, ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში)

ეს წიგნი, რომან რურუას ნაკლებად, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს, დღევანდელ საქართველოს, შთამომავლობას, მომავლის საქართველოს კი ნამდვილად სჭირდება.

მისი გამოცემის იდეა „ქართული ერთობის დარბაზის“, სამების ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის შეხვედრებზე დაიბადა, მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის, „ეროვნული თანხმობისათვის“ კონგრესის სესიაზე განვითარდა და გადაწყდა კიდეც.
ლანძღვა-გინებით სავსე, პოლიტიკურ სამთავროებად დაყოფილ და დაპირისპირებულ საქართველოს, დეპრესიაში მყოფ ხალხს _ იმედგაცრუებულს. სასოწარკვეთილს, ხელებჩამოშვებულს, მაგალითი, იმედიანი მაგალითები სჭირდება.

ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და მეგობართა მსოფლიო კონგრესის მზადებამ, ხალხში გასვლამ, ჩვენს თანამემამულეებთან შეხვედრებმა უცხოეთში, უამრავი შემართული ადამიანი დაგვანახვა და გაგვაცნო.

გაჩნდა კითხვაც და დასკვნაც: როგორ შეიძლება ამ ინტელექტუალური, ადამიანური და ბუნებრივი რესურსების ქვეყანაში-ღვთითბოძებულში, ასე ვცხოვრობდეთ?!

რა არის საჭირო?

ხელისუფლება, რომელიც გარედან არ იმართება, ქვეყნის მართვის სისტემის შექმნა, მოაზროვნის ოფლი.

რომან რურუას მაგალითზე ყველაფერი რელიეფურად ჩანს. ეს წიგნიც ამას ადასტურებს.
ნიჭმა და ნებისყოფამ სამეგრელოს მხარის, მარტვილის რაიონის ერთი პატარა სოფელ მუხურჩაში დაბადებული ბიჭი, მსოფლიო საკუთრებად აქცია – ლეგენდარული სპორტსმენი, ბრწყინვალე მეურნე, ღრმად მოაზროვნე, ქართული ცნობიერების ზოგადკაცობრიული იდეალებით დატვირთული კაცი… ტრადიციების პატივისმცემელი და სიყვარულით სავსე ოჯახის შემქმნელი.
სწორედ რომან რურუას ოფლის, მისი ნიჭისა და ნებისყოფის შედეგია, რომ როცა თითქმის მთელი სქართველო ქალაქისკენ დაიძრა, ის ქალაქიდან სოფელში გადასახლდა მთელი ოჯახით… მცხეთის რაიონის ღართისკარის ხევი, კლდე-ყორე, პრაქტიკულად, უკაცრიელი ადგილი წალკოტად აქცია. ქვეყანაც კი, შორსაა ისეთი ავტონომიურობისაგან, თვითკმარი ეკონომიკისგან, რომლის შექმნა მან შეძლო სამ ჰექტარ მიწაზე, მის ეზო-გარემოსა და კარ-მიდამოში.

…ყველა სახეობის ხილ-ბოსტნეული, ყველა სახეობის შინაური ფრინველი და საქონელი… 30 წელზე მეტი ქარის ენერგიით ცხოვრება, მიწისქვეშა 90-ტონიანი წყალსაცავი _ ერთი წლის მარაგით, თანამედროვე თავშესაფარი მიმდებარე მოსახლეობისთვის… მარანი, თონე, სამეურნეო სახლი ყველა სახის იარაღ-მოწყობილობით… მოვლილ-დავარცხნილი ეზო… ბრწყინვალე ბიბლიოთეკა…

სასუქს არ იყენებს, გენმოდიფიცირებულ პროდუქტს არ ცნობს, ყველაფერი ნატურალური უყვარს: ბუნებაც, ადამიანიც, საკვებიც. ღია კაცია, ქართველი მილიონერებივით, ფულს არ ხარჯავს ხალხისგან დასამალი კედელ-გალავნების მშენებლობაში, ღობეც კი გამჭვირვალე აქვს.

მთავარი და უპირველესი – ყველაფერი საკუთარი ხელით, გარჯით აქვს შექმნილი. მსოფლიოს ერთ-ერთი ტიტულოვანი სპორტსმენი, შრომას მზის ამოსვლამდე იწყებს. ხნავს, თესავს, თოხნის, ბარავს, წველის, კრეფს, ამყნობს, რწყავს, აკრავს… ვაჟას მინდიასავით, ჯერ მიწას, ბუნებას, ფრინველსა და ცხოველს ესაუბრება, მერე შვილიშვილებსა და ოჯახს ეფერება, მერე წიგნებს უღრმავდება, განსაკუთრებით ფილოსოფიურს. ამის შემდეგ იწყება მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობა. უამრავი მიწვევა აქვს. ყველგან ასწრებს. ბევრს მოგზაურობს. საკუთარ მხარეს, რაიონს, სოფელს, ნაცნობ-მეგობრებს არ ივიწყებს. ყველა შეხვედრისთვის საგანგებოდ ემზადება. უკომპრომისოა შეფასებებში. ამის გამო, მოუწესრიგებელს უჭირს მასთან ურთიერთობა… სხვისი გახარების უნარი, ნამდვილად მოჭარბებულად აქვს. ამაშიც გამორჩეულია.

იშვიათია მეგობრებით ასე სავსე ადამიანი… მეცნიერებთან, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეებთან დიდი მეგობრობა აქვს. სპორტსმენებზე აღარაფერს ვამბობთ. ხალხში გასული კაცია, უკომპლექსო, კომუნიკაბელური. ვერ იტანს მტირალსა და მოწუწუნეს, ქუჩის პოლიტიკოსებს. მიაჩნია, რომ ქუჩის პოლიტიკა ცრემლით და სისხლითაა სავსე.
ნამდვილად გვეყოფა სისხლი და ცრემლი, დაპირისპირება… ქვეყნისთვის ოფლის დაღვრის, ჭკუით და გონებით ოფლის დაღვრის დროა. თანამშრომლობის ჰარმონიზაციის დროა…

ასე ცხოვრობს რომან რურუა, რომლის ცხოვრება ია-ვარდით არც ადრე ყოფილა მოფენილი და არც დღეს არის. სასამართლოდან სასამართლოში უწევს დაცვა ყველა ხელისუფლებისგანაც და წამგლეჯველი უცხოელებისგანაც – მებრძოლი კაცია და იცის, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

რომან რურუა და მისი მსგავსნი, ქვეყნის სიმდიდრეა. ასეთი ადამიანების მხრებზე დგას ქვეყანა და ის მით უფრო ძლიერი იქნება, რაც მეტი გვეყოლება ასეთები და რაც მეტად ვისწავლით ასეთი ადამიანების დაფასებას ხელისუფლებაშიც და ხალხშიც.
ძლიერს აფასებდა დიდი დავით აღმაშენებელი და იმიტომაც იყო მისი დროის საქართველო ძლიერი. ძლიერი ძლიერს ეძებს და პოულობს, სუსტს მასზე სუსტებთან უადვილდება ურთიერთობა, მათზე უფროსობა.

სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოში სუსტების იდეოლოგია მძლავრობს, სიკეთე გათითოკაცებულია და ბოროტება ერთ მძლავრ პოლიტიკურ მუშტადაა შეკრული.

ეს უნდა დასრულდეს.

ნახეთ ეს წიგნი; ყოველ სურათში ძალაა, იმედია… ნახეთ, როგორ აზროვნებს რომან რურუა, როგორი სტატიები და ინტერვიუები გამოაქვეყნა. როგორი სატელევიზიო გამოსვლები აქვს (ტელევიზიებში ნაკლებად იწვევენ)… რაღაცაში შეიძლება არ დაეთანხმო, ეკამათო, მაგრამ სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კაცი რომ გელაპარაკება, კაცი, რომლის სახელთანაც მხოლოდ გამარჯვებაა – ესეც ფაქტია. რომელი ლექსები უყვარს, აქაც კი იკითხება, როგორი კაცია.

„რამ შემქმნა ასეთად? ხალხის და საზოგადოების სიყვარულმა,“ – თვლის ბატონი რომანი.

რომან რურუას წალკოტი, ეს არის მოაზროვნის ოფლით შექმნილი წალკოტი. ამის შექმნა და გაკეთება შეგვიძლია თითოეულს, თუ ვაზროვნებთ, ხელები გვაქვს დაკაპიწებული, არ ვტირით, არ ვწუწუნებთ და შეგვიძლია ოფლის დაღვრა… და კიდევ ერთი და განსაკუთრებული, თუ მთავრობა ბანკებს არ დაასვამს თავზე ხალხს და ქვეყანას… თუ ვერ დაეხმარება საქმიან კაცს, ხელს მაინც თუ არ შეუშლის.

სწორედ ამ მიზნით ვქმნით ამ წიგნს მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის კონგრესის წინ.
ჩვენ ამ წიგნს – „იმედის წიგნს“ ვუწოდებთ.

მეცნიერთა კონგრესი
25 ნოემბერი, 2022 წელი

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *