მეცნიერთა კონგრესი

მიმართვა ქართველ ხალხს, თანამემამულეებს, საქართველოს მეგობრებს

 

 

თანამემამულენო,

დადგა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში განსაკუთრებული მომენტი. როცა შინაგანად  ყველანი ვგრძნობთ , რომ ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის  გარეშე მომავალი არ გვაქვს. ყოველი მოაზროვნე ადამიანი ასე ფიქრობს. ვმოქმედებთ სრულიად საპირისპიროდ. დაპირისპირება, შუღლი, გაუტანლობა, სოციალური დემაგოგია, ყალბი ეროვნული პათოსი, დემოკრატიის თამაში,  ელიტარული კორუფცია იქცა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების მთავარ საყრდენებად.

დამოუკიდებლობის 30 წელი,  ეს არის პოლიტიკურ პარტიათა დაპირისპირებაში ჩაკარგული საქართველო. 30 წელია, ყველა ხელისუფალი გავრწმუნებს, რომ წინ მივდივართ, წარმატებული ვართ, ლამის ყველაფერში პირველები ვართ და ამას ვერ ვგრძნობთ ჩვენ, ხალხი.

დრო ადასტურებს,  რომ ღარიბი ღატაკდება და მდიდარი მდიდრდება.  ანაქრონიზმად იქცა ხელისუფალთა თვითკმაყოფილება, ოპოზიციონერთა ჩასაფრება, ინტელიგენციის დუმილი, ხალხის შემგუებლობა ყველაფერი ამისადმი.

დღეს მეფეთმეფის, დავით აღმაშენებლის დღეს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში  მეცნიერთა დიდი გუნდის, საზოგადოების წარმომადგენელთა და ხალხის მიერ არჩეული ქვეყნის პრეზიდენტის მონაწილეობით  პირდაპირ ვაცხადებთ , რომ უნდა დამთავრდეს ანობიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისთვის.

ყოველ დროში სახელმწიფო კაცები, ერის მამა – დიდი ილია და მისი მიმდევრები ფიქრობდნენ ისეთ საქართველოზე, სადაც ქვეყანას მართავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა. სწორედ ეს არის მეცნიერული  და ეროვნულ სახელმწიფოებრივი აზროვნების  შერწყმა, რომელიც ჯერ კიდევ ათი საუკუნის წინ შექმნა დავით აღმაშენებელმა გელათის აკადემიის დაარსებით.

ჩვენ, დღეს, სწორედ ამ აკადემიის ისტორიული კედლებიდან  მოვუწოდებთ ყველას, რომ გავერთიანდეთ არა ერთის, ან ერთმანეთის წინააღმდეგ,  არამედ სამშობლოსთვის.  ჩვენ დღეს ყველას გასაგონად ვამბობთ, რომ უნდა დამთავრდეს პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა და დაიწყოს მეცნიერების ერა.

ჩვენ დღეს, ამ ისტორიული აკადემიიდან  ვამბობთ: ხალხმა უნდა დაიბრუნოს პოლიტიკოსებისა და ხელისუფლებების მიერ წართმეული საქართველო. ვამბობთ ყველას გასაგონად: ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება.  ვაცხადებთ , რომ ხელისუფლებამ სახურია და ყველას, ვინც არის, თუ აქვს სურვილი, იყოს ხელისუფლებაში, უნდა იცოდეს, რომ ის მსახურიადა არა უფროსი. და დღეს ჩვენ ყველას გასაგონად ვაცხადებთ:

ჩვენ უნდა შევთანხმდეთ მთავარზე:

საქართველოს ხელისუფლება არის ის, რომელიც იცავს ადამიანის ბუნებით მინიჭებულ უფლებებს: სიცოცხლის უფლებას, სიტყვის უფლებას, საკუთრების უფლებას და უკეთესი ცხოვრებისკენ სწრაფვის უფლებას.

ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს თითოეული ადამიანისთვის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების მიღების თანაბარი უფლებები.

უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ ახერხებს, კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს, პრაქტიკულად, არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება და ის უნდა გადადგეს, ან საერთო-სახალხო რეფერენდუმზე გატანილ იქნას ხელისუფლების ნდობის საკითხი.

ჩვენ დღეს სწორედ ამ დიდ პროცესს ვიწყებთ და 26 მაისისთვის უნდა მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება: ვართ თუ არა ის ქვეყანა, რომელსაც ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება.

ვართ თუ არა ის ქვეყანა, სადაც  ხალხი არ პატიობს ხელისუფლებას მისი მთავარი ფუნქციის შეუსრულებლობას. მთავარი ფუნქცია კი სწორედ ის არის, რომ  შექმნას ქვეყანაში კონკურენტული გარემო, რომელიც გამორიცხავს ოლიგარქიულ და პოლიციურ მმართველობას, ფულის ძალაუფლებას, დაამკვიდრებს ნიჭის ძალაუფლებას. ხელისუფლება, რომელიც იცავს ადამიანს, აძლევს მას ღირსებით ცხოვრების ყველა საშუალებას. დიახ, ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, როცა ადამიანები იბრძვიან არა არსებობისთვის, არამედ  საკუთარი თავის რეალიზაციისთვის.

ჩვენ გვაერთანებს დიდი ქართული მიზანი: ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო.

სწორედ ეს არის დავით აღმაშენებლის გზა. სიკეთით გამარჯვების გზა.

მოქმედების დროა! 

ჩვენ ვიწყებთ!

საქართველო უპირველეს ყოვლისა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *