მეცნიერთა კონგრესი

დღეს არა დაპირისპირების, არამედ თანამშრომლობის ჰარმონიზაციის დროა!

 

1990 წლის 14 ნოემბერს მუშაობა დაიწყო 28 ოქტომბერს არჩეულმა  პირველმა მრავალპარტიულმა უზენაესმა საბჭომ.  ეს იყო პირველი ეროვნული განწყობის პარლამენტი, რომელმაც მიიღო დამოუკიდებლობის აქტი. საქართველოს ისტორიაში დაიწყო პარლამენტარიზმის სრულიად განსხვავებული ეპოქა.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, გასულ წელს ვერ მოხერხდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის 30 წლისთავის აღნიშვნა.

საქართველოს პარლამენტართა პალატა, პირველი პარლამენტის რამდენიმე წევრთან და  მეცნიერთა დიდ ჯგუფთან ერთად  გამოვიდა ინიციატივით, რომ მიმდინარე წლის 14 ნოემბერს აღნიშნულიყო იუბილე. ამ წამოწყებას გამოუჩნდნენ მხარდამჭერები და მიზანშეწონილად ჩაითვალა  ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების გათვალისწინებით, სწორედ ეხლა შემდგარიყო საქართველოში დამოუკიდელობის აღდგენის შემდგომი პერიოდის  ყველა მოწვევის  პარლამენტის წევრთა შეკრება .

დემოკრატიული მსოფლიოს ისტორია და ტრადიცია ადასტურებს, რომ არ არსებობს ყოფილი დეპუტატი, რომ დეპუტატის როლი და პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარების ყოველ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს, რომ დეპუტატებმა მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური კუთვნილებისა, უნდა შეძლონ თანამშრომლობა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოზიტიური გავლენის მოხდენა. დემოკრატიული მსოფლიოს გამოცდილება ადასტურებს იმასვე, რომ პარლამენტარიზმის იდეისადმი პატივისცემა როგორც მოქმედი ხელისუფლების, ასევე პარლამენტართა მიერ არის ქვეყნის პოლიტიკური კულტურის და დემოკრატიულობის დონის მაჩვენებელი.

ამ თვალსაზრისით, უნიკალურია წლების წინ შექმნილი „პარლამენტართა პალატა“, მისი პოტენციალი, რომელიც სრულად უნდა მოვიდეს მოქმედებაში და პალატის საქმიანობასაც ახალი ძალა და მუხტი უნდა მიეცეს.

საორგანიზაციო ჯგუფმა გაიზიარა მეცნიერთა მიერ შექმნილი ქვეყნის განვითარების კონცეფციის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასკვნა:

„მიუხედავად იმისა, როგორ კრიტიკულად არ უნდა ვაფასებდეთ ამა თუ იმ პარლამენტის, ზოგადად ხელისუფლების საქმიანობას, საკამათო არ არის, რომ  ხელისუფალთა ყველა თაობამ დატოვა რაღაც პოზიტიური, რომლის აღიარებაც უნდა შევძლოთ და რომელსაც უნდა ვუფრთხილდებოდეთ…  ყველგან იყვნენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები და ზნეობრივი ადამიანები – ზვიად გამსახურდიას გარემოცვაში, ედუარდ შევარდნაძის პერიოდის პარლამენტებში, მიხეილ სააკაშვილთანაც, ბიძინა ივანიშვილთანაც, ანუ „მრგვალი მაგიდის“, „მოქკავშირის“,  „ნაციონალური მოძრაობის“, „ქართული ოცნების“ პარლამენტებში, ამ და სხვა საპარლამენტო პარტიების შემადგენლობებში… და ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებასთან ურთიერთობაში შევძლოთ ასეთი ადამიანების აქტიური ჩართვა მომავლის საქართველოსთვის ბრძოლაში“.

მეცნიერთა ჯგუფი ამას პრინციპულად მიიჩნევს და მის მიერ შექმნილ პროგრამულ დოკუმენტებში ხაზგასმულია, რომ თუ სერიოზულად გავღრმავდებით პარლამენტარიზმის ისტორიაში, შეიძლება მან თამარ მეფის მიერ შექმნილი დარბაზის ისტორიულ ფესვებთან მიგვიყვანოს.

საორგანიზაციო ჯგუფს მიაჩნია, რომ დღეს არა დაპირისპირების, არამედ თანამშრომლობის ჰარმონიზაციის დროა და ამ მიზნით დიდი მნიშვნელობა ენიჭება „საქართველოს პარლამენტართა პალატის“   საქმიანობის სწორად ორგანიზებას და ამ საქმეში სხვადასხვა პოლიტიკურ შეხედულების დეპუტატთა მონაწილეობას.

ვინ-ვინ და ჩვენ – დამოუკიდებელი საქართველოს სხვადასხვა მოწვევის დეპუტატებმა, კარგად ვიცით ჩვენ მიერ მიღებული კანონებიდან რომელმა შეძლო პოზიტიური გავლენის მოხდენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე… ვიცით ისიც, რომ  არაერთი კანონი საჭიროებს გადახედვას… რომ ვის, თუ არა ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ხალხს და ქვეყანას ნამდვილად დემოკრატიული, მართალი და  გაუყალბებელი  საარჩევნო სისტემის პრინციპები, მოსაზრებები, რომ საქართველოს კონსტიტუცია იყოს არა პარტიულ ინტერესთა დამცველი, არამედ ხალხის უფლებათა და თავისუფლებათა გამომხატველი… რომ დღეს საქართველოს ჰაერივით სჭირდება რეფერენდუმის ჩატარების ნამდვილად სახალხო კანონი. ჩვენთვის დიდი გამოწვევაა მეცნიერთა წინადადება ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის შექმნისა და მიღების თაობაზე.

აშკარაა, დრო ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მოსწონს გზა, რომლითაც ქვეყანა მიდის 30 წელზე მეტია. ხალხი თვლის, რომ საჭიროა სისტემური გარდაქმნები, რადგან უკვე დაგროვდა მომაკვდინებელ საფრთხეთა მთელი კომპლექსი, რომელშიც არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვაც შედის.

სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნასაც, რომ დღევადელ ხელისუფლებასთან ერთად წინა მოწვევის პარლამენტების დეპუტატებსაც ეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე. პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობთ ღარიბად. ჩვენ ვალში ვართ საქართველოს მოსახლეობასთან ბევრ რამეში და განსაკუთრებით იმაში, რომ ქვეყანაში ვერ დამკვიდრდა სამართლიანობა. ვერ შევძელით მოსახლეობის წინაშე აღიარებული ვალის დაფარვა და ეს პროცესი დასაწყისშივე გაჩერდა.

ჩვენ ამ შეხვედრის შემადგენლობითაც ვადასტურებთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სახვალიო პრინციპს: პროფესიონალიზმი, გამოცდილება პლიუს მეცნიერული ხედვა – არის სვლა ბედნიერებით სავსე საქართველოსკენ.

დეპუტატებში არის პროფესიონალიზმი, გამოცდილება, ხალხთან მუშაობის უნარ-ჩვევები, მეცნიერებში კი, მდგომარეობის რეალური და ობიექტური ანალიზი, მომავლის ხედვა. თუ ჩვენ ყველაფერ ამას საფუძვლად დავუდებთ ბიბლიურ პრინციპს: „მთავარში-ერთობა, სადავოში – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული“.

ყოველ დროში, სახელმწიფო კაცები ერის მამა, დიდი ილია და მისი მიმდევრები ფიქრობდნენ ისეთ საქართველოზე, სადაც ქვეყანას მართავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა. სწორედ ეს არის მეცნიერული და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აზროვნების შერწყმა, რომლის საფუძვლები საუკუნეების წინ შექმნა დავით აღმაშენებელმა გელათის აკადემიის დაარსებით.

  • აშკარაა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ურთულესი ამოცანების განსახორციელებლად სახელმწიფოს მმართველობის პროცესში ის ადამიანები უნდა შემოვიდნენ, რომელთა მეთოდია მეცნიერული, სისტემური მიდგომები ყველაფრის, მათ შორის რეფორმებისა და გარდაქმნების მიმართ.
  • აშკარაა, რომ უნდა დამთავრდეს ანონიმური დე ერთპიროვნული გადაწყვეტილებების და მოქმედებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისთვის.

სწორედ ამ მიზნებს ემსახურება დიდი მამულიშვილების: მერაბ ბერძენიშვილის, რეზო ჩხეიძის, ანზორ ერქომაიშვილის, არნოლდ გეგეჭკორის, გიგა ბათიაშვილის, გივი თოიძის, ტარიელ ხარხელაურის, თემურ გუგუშვილის, ომარ მხეიძის, რომან რურუას შექმნილი და ხელმოწერილი „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი და გაერთიანებული სახელმწიფო“. მეცნიერთა კონგრესის მიერ შედგენილი ქვეყნის განვითარების კონცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“, გელათის კონგრესის მიერ მიღებული პროგრამული დოკუმენტი „ახალი განზომილება, რა შევცვალოთ რომ გადავრჩეთ“, 100 ათასზე მეტი ადამიანის მიერ ხელმოწერილი „ხალხის წერილი ხელისუფლებისადმი“, რომლის მთავარი ლაიტმოტივია პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა უნდა დასრულდესდა დაიწყოს მეცნიერების ერა. და „იმედის პროგრამა“ მეცნიერთა მიერ შექმნილი 21-პუნქტიანი „იმედის პროგრამა“ „მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით, იარაღი ამ მიზნის მისაღწევად“. ყველა ეს დოკუმენტი დარიგებულია ხელისუფლების მთელ ვერტიკალში, პრეზიდენტით, პრემიერ-მინისტრით, პარლამენტის თავმჯდომარით, დეპუტატებით დაწყებული, ქვეყნის მუნიციპალური ერთეულების, საკრებულოების წევრებით დამთავრებული, ეს დოკუმენტები დღეს გადმოგეცემათ თქვენ – საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტების წევრებს.

ჩვენი ამოცანაა მეცნიერების მონაწილეობით და მოქმედ ხელისუფლებასთან, პოლიტიკურ პარტიებთან  თანამშრომლობით დავხვეწოთ ეს დოკუმენტები, ვაქციოთ სამოქმედო პროგრამად და ჩავერთოთ მის განხორციელებაში. დრო ადასტურებს, რომ მომავლისსაქართველო წარმოუდგენელია ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაციის გარეშე და თუ ეს ჰარმონიზაცია შედგება ჩვენ ყველანი ერთად, შეუძლებელს შევძლებთ.  ასეთი დიდი შანსი აქვს ქვეყანას და მისი ხელიდან გაშვება დანაშაულის ტოლფასია. ყველამ – დღეს მოქმედმა თუ წინა მოწვევის პარლამენტების დეპუტატებმა უნდა შევძლოთ საკუთარ თავზე გამარჯვება, პოლიტიკური ამბიციებისგან განთავისუფლება. გვახსოვდეს ჩვენი პასუხისმგებლობა  ამომრჩევლებისა და ზოგადად ქვეყნის წინაშე და სრული დატვირთვით ვიფიქროთ მომავლის საქართველოზე!

დღეს ამას ითხოვს ყოველი პასუხისმგებლიანი დეპუტატისგან,ყოფილ თუ დღევანდელ ხელისუფალთაგან ჩვენი სამშობლო.

დრო და მომავალი ამას დააფასებს.

 

დრო ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მოსწონს გზა, რომლითაც ქვეყანა მიდის 30 წელზე მეტია. ხალხი თვლის, რომ საჭიროა სისტემური გარდაქმნები, რადგან უკვე დაგროვდა მომაკვდინებელ საფრთხეთა მთელი კომპლექსი, რომელშიც არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვაც შედის.

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *