პროექტები
ბაღათერ არაბული: “აი, ეს არის ჩემი სამშობლო და დღედაღამ მესიზმრება”

“ვინ ჩამოხსნა ჩემი მახსოვრობის კედლებიდან ხევსურული ფარდაგებივით ლამაზი წლები – ჩიტებით და ყვავილებით დასახლებული? და ის დღეები – სიყმაწვილის თავშესაფარი? ვინ ჩამოფხიკა ის ფრესკები, ის ნახატები?” – მის ლექსად დასმულ და პასუხგაუცემელ ამ შეკითხვაზე პოეტ ბაღათერ არაბულს თავად ვთხოვეთ პასუხის გაცემა:
– დრომ ჩამოხსნა… უჟამურმა ჟამმა არა მარტო ხევსურეთში, საქართველოს ყველა კუთხეში სოფლები ნასოფლარებად აქცია. ხალხი სოფლებში რომ მიდის, სასაფლაოებს და ნასახლარებს
ვეღარ პოულობს. ეს საქართველოს ტრაგედიაა. სანამ ქართველი ხალხი არ დაუბრუნდება თავის ფუძეს, წინაპრების ნამოსახლარს, ადგილის დედას, სანამ მათი სალოცავების მადლში არ მოიაზრებს საკუთარ არსებობას, მანამ საქართველოს ძალიან გაუჭირდება. ამიტომ უნ
და მივუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს, საიდანაც მოვდივართ, საიდანაც მოდის ჩვენი ცნობიერება, კულტურა, ტრადიცია, პოეზია, სიმღერა, ჩვენი ტკივილი და სიყვარული.
– ხევსურებს არა გვაქვს ცუდად ყოფნის უფლება. აქამდე სულ მოძრაობაში ვიყავი – საზოგადოებასთან ურთიერთობა, შეხვედრები, მწერალთა კავშირი, პრეზენტაციები… გვაკლია ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, კარგია სახლში ყოფნა, როცა “შინაურები” გავხდით, ჩვენიანები უკეთაც “გავიცანით”, მაგრამ გარეთ, ჩვენ ირგვლივ გარემოც ჩვენი სიმდიდრეა და ამას რომ ჩამოვცილდი, ეს ჩემთვის შემოქმედებითად ერთგვარი დისკომფორტია.
ზოგი ჭირი მარგებელიაო და, ადამიანებმა საკუთარი თავი, ახლობლები, ერთმანეთი, თავიანთი სოფლები აღმოაჩინეს, ბარში დაბადებული თაობები დაბრუნდნენ თავიანთ სოფლებსა და მიტოვებულ სახლებში… მათ ახლიდან აღმოაჩინეს და იგრძნეს მათი სახლების მადლი, იქ დანთებული ცეცხლი, ის ტრადიციული ურთიერთობები, რაც სოფლებში არსებობს.

საქართველო მიწათმოქმედების ქვეყანაა და არა გვაქვს საკუთარი წარმოება, საკუთარი ლურსმნისა და ჩაქუჩის გაკეთებაც არ შეგვიძლია. ამიტომ მთელი აქცენტი სოფლისკენ უნდა იქნეს გადატანილი. ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ფიქრი, როგორ წაახალისოს მოსახლეობა სოფელში დასაბრუნებლად. საკარმიდამო მიწების დამუშავებას სახსრები სჭირდება. მთის პრობლემა ყველაზე კარგად ვიცი და როგორი ამბავია, დღეს რომ ხევსურეთში 150-მდე ოჯახია დარჩენილი?
იქ თუ არ დაიბადა ბავშვი, ფსიქოლოგიურად ხევსურეთში ვერ დამკვიდრდება. შეიძლება ეგზოტიკისთვის ავიდეს მამა-პაპის სამშობლოში, მაგრამ მისთვის იქაურობა სამშობლო არ იქნება. ხევსურეთში რომ ვარ დაბადებული, ზეპირად ვიცოდი ჩემი წყარო, ჩიტი სად იკეთებდა ბუდეს, მარწყვი და ბალი სად მოდიოდა… თვალს რომ დავხუჭავ, ახლაც ზეპირად ვიცი ის ადგილები. აი, ეს არის ჩემი სამშობლო. მართლაც ჩემში ზის, ჩემშია გამჯდარი და დღედაღამ მესიზმრება. ჩემს შვილებს და ახალ თაობას სხვა სიზმრები აქვთ, ჩვენი თაობა სხვა სიზმრებს ხედავდა…
– გეთანხმებით და მარტო ხეებზე არ არის მანდ საუბარი. ხევსურეთში რამდენიმე წლით რომ მივატოვე მსხლის, ვაშლისა და ნიგვზის ხეები, 5-6 წელიწადში გაუცხოება დაიწყეს და ნაყოფს აღარ ისხამენ. ბუნება და ადამიანი ურთიერთკავშირშია. ჩვენც გვენატრება ადგილის დედებთან მისვლა, სადაც დავიბადეთ, სადაც წინაპართა საფლავებია, ის ყანები და მამულებია, რომლებიც საქართველოს ასაზრდოებდა. სოფლები უნდა აღდგეს და გაცოცხლდეს. ჩვენმა ხელისუფლებამ სოფლებში მოსახლეობის დაბრუნების წახალისების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თუ არ მიიღო, დადგება დრო, როცა ზოგიერთი ქვეყანა გამოაცხადებს, არაფერს გამოვგზავნით, ჩვენი მოსახლეობა უნდა შევინახოთო. მერე რას ვაპირებთ? ამიტომ ჩვენ ჩვენი პროდუქცია გვინდა. რატომ უნდა შემომქონდეს თურქეთიდან ხახვი ან ეგვიპტიდან ნიორი?
– გაგრძელდა, ძალიან გაგრძელდა… პოლიტიკური კატაკლიზმების შედეგად, მთელი საზოგადოება პოლიტიზებულია.
ასეთი რამ ადრე არ ხდებოდა, მოსახლეობა ერთმანეთს ეხმარებოდა და არც იცოდნენ, მთავრობაში ვინ იყო, თვითონ სოფელი იყო ერთმანეთის ხელისუფალი. დღეს სოფლებიდან წამოვიდა ხალხი და ჯიხურებში სხედან. 10-ლარიანი სამსახურის გამო დაკარგეს სოფლები, წინაპართა საფლავები.
– თავის ქებას კიტრის ფასი აქვს, მაგრამ უნდა ვთქვა, როცა 3 წლის წინ ჩემი “ხევსურული საგა” გამოვიდა, მას რატომღაც დიდი მოწონება ხვდა წილად. ის ერთგვარი გაპოეტურებაა იმ თქმულებების, მითებისა და ლეგენდების, რასაც ხევსურეთს ამბად ნათქვამი ჰქვია. ეს ამბები მოხუცების ნაამბობიდან ვიცი და როგორც ისინი მიყვებოდნენ, იმ დიალექტით გადავაკეთე ლექსებად, პოეტური ჟღერადობა მივეცი, ვეცადე ამბებიც გადამერჩინა და დიალექტიც. მათ მონაყოლს ვერც ვაჟას სტილში გააკეთებ და ვერც თანამედროვე ლექსის სტილში, რადგან ორივე შემთხვევაში წაგებული იქნებოდა პოეტი. როცა ამხელა ბუმბერაზი მწერალი გადგას თავზე, უკვე ისე ვერ დაწერ, არ შეიძლება. წიგნი ქისტების და ხევსურების ურთიერთდამოკიდებულებაზეა და რამდენიმე ენაზე ითარგმნა.
– ხევსურეთში კაცობაზე მეტი სიმდიდრე არ არსებობდა.
ერთი ლექსის სიუჟეტი მაქვს ასეთი: მონადირე და კარგი მეომარი კაცი ნადირობის დროს კლდეზე გადაიჩეხება. ეს ახალგაზრდა კაცი მთელი ცხოვრება ლოგინად წევს და სიკვდილის წინ ახლობლებს დაიბარებს – ერთი სათხოვარი მაქვს, მთელი ცხოვრება ვერაფერში გამოგადექით, ვერც მტერთან და ვერც მოყვარესთან, მწოლიარე არ დამტოვოთ, ფეხზე მდგომარე დამმარხეთ, საიქიოში ჩემს წინაპრებს ფეხზედგომელა მინდა შევხვდე და იმათ მაინც დავუდგე გვერდზეო.
– ამ კორონავირუსის პანდემიამ ჩვენ არა მარტო ერთმანეთი, საკუთარი თავი აღმოგვაჩენინა. დროებითი დაშორება თურმე უფრო მეტად დაახლოებას ნიშნავს. როცა უფრო მეტად შეიცნობ თავს, როცა შენს მეგობარს, შენს ახლობელს ცოტა ხნით ჩამოშორდები, დაინახავ, რამდენად ღირებულია ის შენთვის და იმასაც, რამდენად ღირებული და ძვირფასი იყავი მისთვის. პანდემიამ ჩვენ არა მარტო საკუთარი ოჯახის წევრები აღმოგვაჩენინა, არამედ ჩვენი მეგობრები და ახლობლებიც მოგვანატრა. ასე რომ, ეს არის დიდი სიკეთე და ვფიქრობ, მომავალში ადამიანები უფრო მეტს იფიქრებენ ზნეობაზე, სიყვარულზე, ურთიერთდანდობაზე, იმაზე, რომ ყველაფერი წამიერია, წარმავალი და ამ წამიერ წუთისოფელში არ შეიძლება ყველაფერი პოლიტიკად აქციო, არ შეიძლება ზიზღს თესავდე, ტელევიზიები მიმართული იყოს იმისკენ, ვინ როგორ ჩაძირო, გაანადგურო. სიყვარულია ყველაზე დიდი განძი, მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს. მჯერა, სამყარო ისევ მშვენიერი გახდება და საქართველო ლამაზად გააგრძელებს ცხოვრებას.
 
					 
					


