ბიო-რაციონალური საქართველო
წერილი შპს „ბიო-რაციონალური საქართველოს“ დამფუძნებლებს
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
„ბიო-რაციონალური საქართველოს“ დამფუძნებლებს
გიდასტურებთ პატივისცემას და მაქვს პატივი, „მეცნიერთა კონგრესის“ საბჭოს სახელით გაგიზიაროთ ზოგიერთი მოსაზრება „მეცნიერთა კონგრესის’ მრავალპლანიანი პროექტის: „მეცნიერება+საკუთრება+ფინანსები+საქმის ორგანიზაცია (მენეჯმენტი)+რეკლამა“ – ერთ-ერთ უპირველეს მიმართულებასთან დაკავშირებით.
ქართული ენდემური ჯიშების გამრავლება და მათი მეშვეობით, გარედან შემოტანილი (ძირითადად, რუსეთიდან), პრაქტიკულად, უხარისხო და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორბლის ჩანაცვლება „მეცნიერთა კონგრესის“ ერთ-ერთი უპირველესი მიმართულებაა. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის უდიდესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პროექტი, მით უფრო მაშინ, როდესაც „მეცნიერთა კონგრესი“ მიიჩნევს, რომ საქართველოში უნდა აიკრძალოს პესტიციდების, ქიმიური პრეპარატების გამოყენება კვების პროდუქტებთან დაკავშირებით.
ჩვენ კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ ამ რთულ და ქვეყნისთვის ჰაერივით საჭირო წამოწყებას მხარდაჭერა გაუკეთეს მეცნიერებათა აკადემიამ, სამეცნიერო მიმართულების არაერთმა ინსტიტუტმა და ორგანიზაციამ და, პრაქტიკულად, შეიქმნა მოქმედების ერთიანი პლატფორმა. სამწუხაროდ, მან დღემდე ვერ მიიღო საჭირო მხარდაჭერა ვერც სამთავრობო და ვერც ბიზნეს წრეებში. სიამოვნებით ვაკეთებთ იმის ხაზგასმას, რომ ამ საქმეს ძლიერად დაუდგნენ გვერდით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზიდენტი, იმ დროისთვის მსოფლიოს უნივერსიტეტების რექტორთა საბჭოს პრეზიდენტი, ბატონი კახა შენგელია და ბიზნესმენი, მეცენატი და საზოგადო მოღვაწე, ბატონი გოჩა ძასოხოვი.
ეს პროექტი არის სამწლიანი და მისი არსი ძირითადად, მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს ქართული ენდემური ჯიშების ბანკის შექმნა, საერთაშორისო მასშტაბით მისი აღიარება და როგორც შპს „ბიო-რაციონალური საქართველოს“ წესდებაში არის მინიშნებული: „უნიკალური ენდემური ჯიშების მარცვლეული და პარკოსანი კულტურების სათესლე მასალის გამოყვანა მისი შემდგომში სამრეწველო მიმართულებით გამოყენების თვალსაზრისით“.
სასიხარულოა იმის ხაზგასმა, რომ ამ პერიოდში ქართული ენდემური ჯიშების „წითელი დოლი“,“შავფხა“ „ თეთრი დოლი კახური“, ვენის საერთაშორისო კონფერენციაზე აღიარებულ იქნა ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ჯიშებად, გაკეთდა მისი შემადგენლობის სრული ქიმიური ანალიზი (170-ზე მეტი მიკრო და მაკრო ელემენტის).
სწორედ ამ ჯიშების ხორბალი დაითესა ბატონი გოჩა ძასოხოვის მხარდაჭერით 30 ჰექტარზე და პირველივე წელს მოყვანილი იქნა 60 ტონაზე მეტი. უნდა ვთქვათ ისიც, რომ აქციონერებმა, განსაკუთრებით კომპანიის დირექტორმა, ქალბატონმა მარიამ კიკაძემ, შეძლეს წელს ამ ჯიშის ყველაზე დიდი რაოდენობით მოყვანა საქართველოში და, რაც განსაკუთრებულად ხაზგასასმელია, ყოველგვარი პესტიციდების და ჰერბიციდების გარეშე. და, მით უფრო მაშინ, როცა ამ პროცესს დასაწყისშივე გამოეთიშა ბატონი გია ნადარეიშვილი, რომლის პრეპარატებით და მეთოდით უნდა მომხდარიყო მთელი პროცესის წარმართვა.
რეალურად, თქვენს კომპანიას აქვს ყველაზე მაღალი ჯიშის ხორბალი, რომლის გამოყენება, ჩვენი აზრით მხოლოდ სათესლედ უნდა მოხდეს.
„მეცნიერთა კონგრესისა“ და კომპანიის თანამშრომლობით, რამდენიმე პროექტი გამოიკვეთა. შესაძლებელი იყო მინიმალური დანახარჯებით (100 000 ლარის ფარგლებში) დაგვეთესა და მიგვეღო ახალი სათესლე მასალა 200 ჰექტარზე. რაც საშუალებას მოგვცემდა, რომ მესამე წელს 1 000 -ზე მეტი ჰექტარი დათესილიყო და მისი შედეგებით უდიდესი პროცესი დაიწყებოდა მოსახლეობისათვის „სამკურნალო პურის“ მიღების სამრეწველო ნიადაგზე გადაყვანის მიზნით.
„მეცნიერთა კონგრესი“ ადასტურებს თავისივე პროგრამული განაცხადის ყველა თეზისს და მიზანშეწონილად თვლის, რომ სწორედ ამ გზით მოხდეს პროექტის განვითარება. თუ ყველა აქციონერი ამას მხარს უჭერს, ჯერ კიდევ დარჩა დრო, რომ მინიმუმ 100 ჰექტარი დაითესოს, ხოლო დარჩენილი 30 ტონაზე მეტით დავიწყოთ „სამკურნალო პურის“ წარმოება. თუ ამ მოსაზრებას ყველა არ იზიარებს, მაშინ ჩვენ მზად ვართ, ვინც ამას გაიზიარებს, მათგან ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე შევძლოთ ამ პროექტის განვითარება შემდგომში სათესლე მასალის წარმოების გაზრდის თვალსაზრისით, იმ პრინციპით, როგორც ეს თავიდანვე იყო პროექტში – სამწლიანი პროგრამა.
თითქმის ერთი თვე გადის, რაც შევთანხმდით გარკვეულ პრინციპებზე, მაგრამ წინ ვერ მივდივართ, რადგან იურიდიულად ვერ ფორმდება ეს პროცესი. დირექტორი არ იძლევა თესლს იმ მოტივით, რომ საჭიროა აქციონერთა გადაწყვეტილება. მიდგომას ვიზიარებთ, მაგრამ დრო იკარგება. ჩვენ, მაქსიმუმ, დაგვრჩა 7-10 დღე, რომ შევძლოთ 75-100 ჰექტრის დათესვა. დღეისთვის 50 ჰექტარი მომზადებულია დასათესად.
ჩვენ „მეცნიერთა კონგრესში“ დიდი დისკუსიისა და კამათის შემდგომ, მივიღეთ ჩვენთვის მძიმე გადაწყვეტილება, რომ სრულად გავხდეთ პასუხისმგებელი გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე . ამის თაობაზე შევთანხმდით კიდეც ბატონ გოჩა ძასოხოვთან. მაგრამ წინ ვერ წავედით.
ვადასტურებ „მეცნიერთა კონგრესის“ პოზიციას, რომ შესაძლებელია დარჩენილ დროში დავთესოთ, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული აქციონერების მიერ დღესვე და ჩვენ საბანკო, თუ სხვა სესხების გამოყენებით, შევძლებთ, რომ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვეში დაიფაროს დანახარჯების დიდი ნაწილი (100 000 ლარი), ხოლო გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვეში დარჩენილი თანხა, შეთანხმებული დივიდენდების ჩათვლით.
ჩვენთვის ამ უმძიმეს გადაწყვეტილებას ვიღებთ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის ეს პროექტი არ არის კომერციული. თავიდანვე ვიყავით შეთანხმებული, რომ ეს იქნებოდა სამწლიანი პროგრამა, რაც მთავარია, ამ პროგრამის მიზანი არის უდიდესი გარღვევის მოხდენა ხალხისთვის ჯანსაღი პროდუქტების მიწოდების თვალსაზრისით.
ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ თქვენს ნებისმიერ კითხვას. ყველაზე კარგი იქნება, თუ შედგება შეხვედრა სწორედ იმ შემადგენლობით, როგორც ეს დიდი სახელმწიფოებრივი საქმე დავიწყეთ.
27 წლის წინ, 19 ოქტომბერს. ქუთაისმა, იმერეთმა სამეგრელოსთან ერთად, შევძელით დიდი სისხლისღვრა აგვეცილებინა საქართველოსთვის. ეს იყო სიცოცხლის ფასად დგომა სამშობლოსთვის! დღესაც დიდ განსაცდელს გვიწყობს უფალი. მთავარია, ვიცით, რომ განსაცდელი სიკეთეა და არა ბოროტება. დღეს 20 ოქტომბერია. ეს არის პასუხისმგებლობა უდიდესი ეროვნულ-სახელმწიფობრივი საქმისთვის. „მეცნიერთა კონგრესი“ იღებს ამ პასუხისმგებლობას. საუკეთესო იქნებოდა, თუ კვლავ ერთად ვიქნებოდით.
პატივისცემით,
თეიმურაზ შაშიაშვილი
„მეცნიერთა კონგრესის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და სპიკერი
20 ოქტომბერი, 2025 წელი
