მეცნიერთა კონგრესი

რას ნიშნავს ჩვენთვის დღეს „ქართული გზა“, რა ისტორიული და მეცნიერული საფუძვლები აქვს მას?

 

„ქართული გზა“ – დღეს ნიშნავს გათითოკაცებული სიკეთის ერთ მუშტად შეკვრას, ერთ მუშტად შეკრული ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად!

ეს რწმენის და სიყვარულის გზაა.

ეს არის, როგორც ჩვენი წინაპრების, ასევე მთელი კაცობრიობის ისტორიული გამოცდილების გამოყენება ქვეყნისა და მისი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისთვის!

ეს არის გლობალიზაციის, როგორც კაცობრიობის განვითარების ობიექტური მოვლენის პირობებში, ეროვნულისა და ტრადიციულის შენარჩუნება – განვითარება!

ეს არის ეროვნული აზროვნებისა ( ქართული ცნობიერების) და ზოგადსაკაცობრიო იდეალების ერთობა. ეს პრინციპულზე პრინციპული საკითხია, რადგან, დღევანდელი საქართველო – ეს არის აღვირახსნილი კოსმოპოლიტიზმისა და ურაპატრიოტიზმის ბრძოლის მოედანი. ორთავე სავსეა ყალბი ეროვნული პათოსით, აკი ამიტომაც,არც ერთია ქართული და არც მეორე!!!

ეს არის ბრძოლა ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის.

ეს არის გზა ჩვენს ისტორიულ ძმებთან – აფხაზებთან და ოსებთან მისასვლელად.

ქართული გზა – ეს ნიშნავს ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება და რომელმაც იცის, რომ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება, რომელიც აცნობიერებს, რომ ის მსახურია და არა – უფროსი, რომლისთვისაც მთავარია, რას ფიქრობს მასზე საკუთარი ქვეყნის ხალხი და არა უცხოელი ექსპერტები, პოლიტიკოსები და მათიპატრონები.

„ქართული გზა“ – ეს არის ის, რაც საუკუნეების წინ საფუძვლად ედო დავით აღმაშენებლის საქმიანობას – მეფე მხარს უჭერდა ძლიერს და იცავდა სუსტს! ეს კი არის დავოსის ეკონომიკური ფორუმის მიერ მსოფლიოს მომავლად აღიარებული თანამედროვე კონვერგენციის თეორია.

„ქართული გზა“ – ეს არის თაობათა ერთიანობა – მართვაში პრინციპის დამკვიდრება: საჯარო მოხელე არის აზროვნება და არა ასაკი.

„ქართული გზა“ – ეს არის თანამშრომლობის ენის მოძებნა მეზობლებთან, ამასთან მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა ქვეყანაში, პრინციპის დამკვიდრება: საქართველო არა დაპირისპირების, არამედ პარტნიორობის ქვეყანაა!

„ქართული გზა“ – ეს არის ეპოქის შესაბამისი ქართული ინტერესის გამოკვეთა და თანამშრომლობა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან ამ ინტერესის გათვალისწინებით

„ქართული გზა“ – ეს არის ჩვენი ქვეყნის მკვიდრი ადგილის დამკვიდრება მსოფლიოს კულტურულ და ეკონომიკურ რეალობაში

ყველაფერ ამას საფუძვლად უდევს ჩვენი ისტორიული გამოცდილება, კაცობრიობის დიდი წიგნი „ბიბლია“, „ვეფხისტყაოსანი“, „ქართლის ცხოვრება“, ჩვენი მეფეებისა და წმინდანების ცხოვრება ,უძლიერესი ქართული ფოლკლორი (ზეპირსიტყვიერება) ის მსოფლმხედველობა, რომლითაც ნასაზრდოებია ქართული საგალობლები, ხატწერა, უნიკალური ეკლესია-მონასტრები , ქვაში ნაკვეთი ქალაქები, დიდი ქართული ლიტერატურა და ხელოვნება, სამეცნიერო სკოლები, რომელთაც დღესაც დიდი გავლენა აქვთ (და არა მარტო საქართველოს მასშტაბით. სამწუხაროდ, იქნებ ჩვენ გაცილებით ნაკლებად ვეყრდნობით და ვითვალისწინებთ მათ, ვიდრე მსოფლიოს წარმატებული ქვეყნები).

არ არის საკამათო, რომ მთელ მსოფლიოში აღიარებულია:

  • იოანე პეტრიწის ფილოსოფიური, საერთოდ, ქართული ფილოსოფიური მემკვიდრეობა;
  • XI-XII საუკუნეების გელათისა და იყალთოს აკადემიები;
  • ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური მემკვიდრეობა;
  • დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორია“ და ეს დიდი მემკვიდრეობა;
  • ილია ჭავჭავაძის ეროვნული მემკვიდრეობა, რომელშიც თავმოყრილია მთელი ჩვენი სახელწმიფოებრივი არსებობის 3500 წლოვანი ისტორიული გამოცდილება.

ყველაფერი ეს იქნება ჩვენი პროგრამის საყრდენი.

ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ვიდრე ვისაუბრებდეთ საქართველოს ევროპულ გზაზე, კარგად გვქონდეს შესწავლილი და გაანალიზებული უდიდესი ქართველი მოაზროვნის, ილია ჭავჭავაძის მიერ საქართველოში ევროპეიზმის ფუძემდებლად აღიარებული სოლომონ დოდაშვილის მოძღვრება (საამაყოა, რომ 27 წლის კაცის მეცნიერულ შრომას თითქმის ნახევარი სამყარო სახელმძღვანელოდ იყენებდა და მის ნაშრომებს ფასეულობა დღესაც არ დაუკარგავს) როგორ შეიძლება ვფიქრობდეთ მომავლის საქართველოს პროგრამაზე და არ ვაანალიზებდეთ დიდი მოაზროვნის, როგორც აკადემიკოსი შალვა ნუცუბიძე თვლიდა, არეოპაგიტული კორპუსის (როგორც წინამორბედი ევროპული რენესანსისა) შემქმნელის, პეტრე იბერის მოძღვრებას.

ქვეყნის გარეთ უფრო საუბრობენ, ვიდრე საქართველოში, რომ დავით აღმაშენებელმა გეოგრაფია აქცია პოლიტიკად. ეს დიდი მოძღვრებაა, რომელიც ჰაერივით გვჭირდება დღეს. სწორედ ამის შედეგი იყო დიდგორის თავდადება, რომლითაც ევროპული ცივილიზაცია გადარჩა. ვიღაცას ეს წარსული ჰგონია. არადა, სწორედ ეს არის მომავალი, რადგან გენიოსები ეპოქით არ იფარგლებიან!

დღეს კონვერგენციის თეორიადაა წოდებული ის, რასაც თავის დროზე, რეალურად ახორციელებდა დავით IV ბაგრატიონი, საზოგადოდ, ბაგრატოვანთა სამეფო დინასტია, რომელიც ცივილიზებული მსოფლიოს მიერ აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე მეტად წარმატებულ დინასტიად. ეს კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენს წარსულს კიდევ უფრო მეტი პატივით უნდა ვეკიდებოდეთ.

როგორც ფილოსოფოსები ამბობენ: ვინც წარსულს აანალიზებს, მომავლით ცხოვრობს, ვინც წარსულს უარყოფს, წარსულში რჩება (ხომ არ გვჭირს ეს დღეს ?!)

მაგრამ ის გულახდილი სიბრძნე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც ამბობს: წარსულის ფაეტონი შორს ვერ წაგიყვანს!

სწორედ ამიტომ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ ვერ შევძლებდით ქართული გზის კარგად წარმოჩენას, თუ არ გავაკეთებდით ქვეყანაში რეალური მდგომარეობის ანალიზს, რომელმაც კარგად დაგვანახა: დღეს ქვეყანაში ადამიანთა უმრავლესობა იბრძვის არსებობისთვის, თუ პატრიარქის სინანულით ნათქვამ მწარე სიმართლესაც გავიხსენებთ: „ბევრი თავის გაჩენის დღესაც წყევლის“ , მაშინ, როცა უნდა იბრძოდეს საკუთარი ნიჭის, უნარისა და შესაძლებლობების რეალიზაციისთვის. რაც დრო გადის, ქვეყანაში ღარიბი უფრო ღარიბდება, ხოლო მდიდარი უფრო მდიდრდება, მთავარი გახდა გადასახადის ამოღება და არა ის, რომ ადამიანები გავხადოთ გადამხდელუნარიანი! ეს არ არის ქართული გზა…

ქართული დიამეტრულად საწინააღმდეგოს ნიშნავს. სწორედ მეცნიერებაზე,მოაზროვნე ადამიანებზე, ზნეობითა და ღირსებით სავსე ადამიანებზე დაყრდნობით უნდა შევძლოთ ამ გზაზე დადგომა. ეს კი სისტემური ცვლილებების, მართვის სისტემის შეცვლის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ეს უნდა შევძლოთ ყოველგვარი დაპირისპირების , სიძულვილისა და გაბოროტების გარეშე.

სწორედ ამას ემსახურება ჩვენი პროგრამა,. რომელსაც წარმოვადგენთ.

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *