ტელევიზია "ქართული TV"
მეორე წერილი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს
ბატონ კახა ბექაურს
ბატონო კახა,
გიდასტურებთ პატივისცემას და ვადასტურებთ ჩვენ მიერ 29.11.2023 წ. წერილში ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს (წერილი თან ერთვის).
წერილი, ასეთი იმედიანი ჩანაწერით დავამთავრეთ:
„ჩვენ, ამ დოკუმენტზე ხელმომწერნი, დავესწრებით განხილვას, რომელიც თქვენთან შედგება. ყველა გვეუბნება, რომ არაფერს აზრი არ აქვს, არც წერილს, არც დასწრებას. სანქციები იქნება, რაც მთავარია, აგეკრძალებათ ფილმების ჩვენებაო. ჩვენ სანქციებს კი არა, მხარდაჭერას ველოდებით. დღევანდელ საქართველოს ჰაერივით სჭირდება თაროზე შემოდებული, უნიკალური მხატვრული ფილმების ჩვენება ყველგან, სადაც ამის საშუალებაა. ღმერთმა ნუ ქნას, რომ დიდ მამულიშვილთა მიერ დაარსებულ და შიშველი ხელებით მოქმედ ტელევიზია „ქართულTV“-ის სანქციები დაედოს და ქართული ფილმების ჩვენება აეკრძალოს. დარწმუნებული ვართ, რომ თქვენს პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება და ერთი დიდი საქვეყნო საქმე გადაწყდება“.
ჩვენ თანადგომა და ერთობლივი მოქმედება შემოგთავაზეთ. ჩვენ, თქვენგან დამოუკიდებლად, მივმართეთ კინოსტუდია „ქართული ფულმის“ ხელმძღვანელს, მერაბ კოკოჩაშვილს, რომელმაც ეს საკითხი დასვა კულტურის მინისტრთან. ჩვენმა წინადადებამ მიიღო სრული მხარდაჭერა. კულტურის მინისტრსთან დამოუკიდებლად ჩვენც გვქონდა საუბარი. იგივე დაგვიდასტურა. მართალი გითხრათ, ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს პრობლემა ამოწურულია და თუ მას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება, ვინ, თუ არა კულტურის სამინისტრო უნდა ყოფილიყო ამის ინიციატორი. მით უფრო, რომ კანონში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ მუხლი 16 -1 ხაზგასმითაა მინიშნებული: „ ქონებრივი უფლებები დასაქმებულის, ან შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ ნაწარმოებზე, რომელიც დაკავშირებულია სამსახურეობრივი მოვალეობის, ან შემკვეთის შესრულებასთან (სამსახურეობრივი ნაწარმოები), ეკუთვნის შესაბამისად, დამსაქმებელს, ან შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“, ანუ ორივე ფილმი შექმნილია სახელმწიფო დაკვეთით და ჩვენ სწორედ სახელმწიფოსთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მათი ჩვენების თაობაზე. ამასთან, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ფილმების ავტორთა რეალურ მესაკუთრეებთან.
ერთ უმნიშვნელოვანეს ხაზგასმასაც ვაკეთებთ: ყველასთან საუბრის დროს, ჩვენ გამოკვეთილად აღვნიშნავდით, რომ პირველ ეტაპზე, იმ ფილმების ჩვენებაზე მაინც არ უნდა ყოფილიყო პრობლემა, რომლებიც მართალია, საბჭოთა პერიოდში შეიქმნა, მაგრამ შეიქმნა სახელმწიფო დაფინანსებით, ანუ ხალხის ფულით. რა გამოდის? ხალხის ფულით შექმნილი ფილმები ხალხსვე რომ ვაჩვენოთ, ფული უნდა გადავიხადოთ?! კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი, ფილმები, რომლებსაც ჩვენ ვაჩვენებთ, ამ ტელევიზიის დამფუძნებლის, ბატონ რეზო ჩხეიძის კინოსტუდიის დირექტორად მუშაობის პერიოდშია გადაღებული და თუ ყველას არა, ამ ტელევიზიას მაინც უნდა ჰქონდეს უფლება მათი ჩვენების, მით უფრო მაშინ, როცა თურქულმა ფილმებმა წალეკეს ქართული საინფორმაციო სივრცე და უმეტესობის ჩვენებაში თანხას იქეთ სთავაზობენ. ასეთი წინადადებით „ქართულ TV”-საც მიმართეს. გვახარებს, რომ ტელევიზია „ქართულ TV” -ს გენერალურმა დირექტორმა მანანა იმედაძემ. ეს წინადადებები კატეგორიულად უარყო. დარწმუნებული ვართ, ასე იქნება მომაავალშიც.
დაფიქრებისთვის, ერთ უმძიმეს ფაქტს გავიხსენებთ. როცა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, მერაბ ბერძენიშვილის სიცოცხლეშივე მისი ერთი უნიკალური ქმნილება „დავით აღმაშენებელი“ ერთი ადგილიდან მეორეზე გადააადგილეს, ხოლო ქუთაისში, „ქართულ ბიბლიად“ წოდებული „დიდების მემორიალი“ ააფეთქეს, მის ავტორს არავინ მოუსმინა იმის გამო, რომ სახელმწიფო ფულით იყო აშენებული და ავტორის აზრი არ გვაინტერესებსო. მაშინ ჩვენ ვიცავდით მერაბ ბერძენიშვილის საავტორო უფლებებს, რომელიც სახელმწიფომ უხეშად ფეხქვეშ გათელა! „ქართული ერთობის დარბაზმა“ მაშინ წიგნიც კი შექმნა „დაუჯერებელი სინამდვილე“ , რომელშიც დეტალურადაა აღწერილი უდიდესი ხელოვანისადმი ხელისუფლების გამანადგურებელი დამოკიდებულება.
მოკლედ რომ ვთქვათ, კანონთან დაკავშირებით ბევრი პრობლემაა. აშკარაა მისი შერჩევითი პრინციპით გამოყენება საქართველოში.
ჩვენ მოგმართავთ თქვენ, ავტორიტეტულ სახელმწიფო ორგანოს, რომ ვიმოქმედოთ ამ თითქოს მარტივი, მაგრამ ქართული ცნობიერებისათვის უმნიშვნელოვანესი პრობლემის კანონიერად გადაწყვეტისთვის. აქვე ვამბობთ, რომ „მეცნიერთა კონგრესის“ მიერ შექმნილ სისტემური ცვლილებების პროგრამაში „მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი, ხელისუფლების ჩათვლით, საშუალება ამ მიზნის მისაღწევად“, რომელიც ქვეყნის ყველა უმაღლესი თანამდებობის პირს, ყველა პარლამენტარს დაეგზავნა გამოკვეთილად არის მინიშნებული ამ პრობლემის და მისი გადაწყვეტის გზაზე, თუნდაც იმით, რომ სახელმწიფომ დააფინანსოს ქართულ ტელევიზიებში ეროვნული განწყობის ქართული ფილმების ჩვენება.
ოდნავაც არ ვეჭვობთ, რომ დეპრესიულ განწყობას, რომელიც ხალხშია, ჰაერივით სჭირდება ასეთი ფილმების ჩვენება, როგორც ეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღნიშნა დღეს ამ ტელევიზიის რეალური მფლობელის, „ქართული ერთობის დარბაზის“ წევრებთან შეხვედრისას.
ბატონო კახა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებო, ჩვენი სათქმელი გითხარით ადამიანურად და კაცურად. გადაწყვეტილება თქვენზეა.
პატივისცემით,
სს „ქართულის“ თავმჯდომარე რომან რურუა
„ქართული ერთობის დარბაზის“ თავმჯდომარე ჯუმბერ კოპალიანი
თან ერთვის წერილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს (29.11.2023წ) (2 ფურც.)
პ.ს ინფორმაციისთვის, ტელევიზია „ქართული TV“-ს სანქცირება ხდება ქართული კინოკლასიკის , „დიდოსტატის მარჯვენა“ და „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ ჩვენებისთვის. რომელთა რეჟისორები არიან უსაყვარლესი რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი და მიხეილ ჭიაურელი.