სიახლეები

წერილი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ბატონ კახა ბექაურს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს

ბატონ კახა ბექაურს

 

ბატონო კახა,

გიდასტურებთ პატივისცემას და ჩვენი დიდი ქართული გუნდის სახელით გამოვხატავთ მადლიერებას კომუნიკაციის ეროვნული კომისიის მიმართ მხარდაჭერისა და კეთილი განწყობის  გამო.  ჩვენ  ამის არაერთი მაგალითი გვაქვს და ამის არაღნიშვნა უმადურობა იქნებოდა ჩვენგან.

ძალიან ვწუხვართ, რომ დღევანდელი ჩვენი წერილი იძულებითია, პასუხია კომუნიკაციების კომისიის Nგ.23-04/2429 13/11/2023 წერილზე.

ეს ის მომენტია, როდესაც კანონმდებლობა ჩვენ მხარეს არ არის, მაგრამ ჩვენი საქმიანობა იმის დასტურია, რომ ეს კანონმდებლობა  სერიოზულად შესაცვლელია. პირდაპირ  ვამბობთ, გასაქართულებელია . სირცხვილია, რომ სხვა ქვეყნები დაინტერესებულნი არიან, რომ თავიანთი კინოშემოქმედება მოგვახვიონ თავს და ჩვენ თავდაცვა გვჭირდება იმ შემთხვევაში, როცა უარს ვამბობთ თურქული, ინდური და სხვა ქვეყნების ფილმების ჩვენებაზე და ვისჯებით ქართული ფილმების ჩვენების გამო.

ამ წერილის მიზანი არ არის თავის მართლება და გარე ძალებისაგან ტელევიზიის დაცვა. ჩვენ ამ წერილშიც ვაგრძელებთ ჩვენს კურსს და ეჭვი არ გვეპარება, რომ თქვენს რიგებშიც ბევრი იქნება თანამოაზრე.

ტელევიზია „ქართული TV“ -ის სათავეებთან დიდი მამულიშვილები დგანან. მისი შექმნა გადაწყდა მერაბ ბერძენიშვილის სახლ-მუზეუმში და მთავარ დოკუმენტს ხელი მოეწერა ცნობილი კინორეჟისორისა და სახელმწიფო მოღვაწის, რეზო ჩხეიძის სახლში. ამ დოკუმენტს მათთან ერთად, ხელი მოაწერეს „ქართული ერთობის დარბაზის“ (ქედ-ი) დამფუძნებლებმა: ანზორ ერქომაიშვილმა, გიგა ბათიაშვილმა, არნოლდ გეგეჭკორმა, გივი თოიძემ, ომარ მხეიძემ, ტარიელ ხარხელაურმა, რომან რურუამ, თემურ გუგუშვილმა.

გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ტელევიზია არის ქართული, ფორმითაც და შინაარსითაც, რომ ვერანაირი ფულით მისი აქციების 4%-ზე მეტს ვერავინ იყიდის, რომ არ შეიძლება, ტელევიზია იყოს პოლიტიკური მიმართულების, ტენდენციური, ანუ ვინმეს მხარდამჭერი და ვინმეს წინააღმდეგ მიმართული, ყველგან ერთხმად იყო მიღებული. 

ჩვენ, ყველანი ვამაყობთ იმით, რომ ტელევიზია „ქართული TV“ შეიქმნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და ეს კურთხევა შედგა სვეტიცხოვლობას, 2012 წელს.

დღეს, ტელეკომპანიის აქციების 94 % -ს ფლობს „ქართული ერთობის დარბაზი“, რომლის პირველი თავმჯდომარე იყო ბატონი რეზო ჩხეიძე. დღეს კი სათავეში უდგას ეროვნული მოძრაობის ვეტერანი, მეცნიერების დოქტორი, დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციიის მუზეუმის ხელმძღვანელი, ბატონი ჯუმბერ კოპალიანი.

გვეამაყება, რომ ტელევიზიასთან ნაყოფიერად თანამშრომლობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. აკადემიის პრეზიდენტს როინ მეტრეველს ჩვენს ტელეარხზე აქვს თავისი საავტორო გადაცემა. გვეამაყება ასევე, რომ 35 საავტორო გადაცემიდან, 25 წამყვანი არის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი.

დაარსების დღიდან ტელევიზიას ხელმძღვანელობს ცნობილი კინორეჟისორი და საზოგადო მოღვაწე, ბატონი რეზო ჩხეიძე, რომელმაც არა მარტო თავისი ფილმების, არამედ ცნობილ ქართველ რეჟისორებთან შეთანხმებით, მათი ფილმების ჩვენებაც  ამ ტელევიზიაში შესაძლებელი გახადა მუდმივად და ყოველგვარი შეფერხებების გარეშე. არაერთ ცნობილ კინორეჟისორთან შესაბამისი წერილობითი ნებართვაც გაფორმებული იყო და ინახებოდა ტელევიზიის ოფისში, (ვ.ბოჭორიშვილის 33ა). მოხდა სასწაული 2021 წლის ახალი წლის დღეებში, ღამით, როცა  ტელევიზიაში არავინ იყო, ჩამოვიდა კანალიზაციის წყალი, რომელმაც სწორედ ის ოთახი დააზიანა, სადაც დოკუმენტაცია ინახებოდა. გაგვინადგურდა აბსოლუტურად ყველაფერი და იმის გამო, რომ ეს კანალიზაციის მილიდან მოხდა, შეუძლებელი გახდა რომელიმე დოკუმენტის გადარჩენაც კი. არსებობს ამის ფოტომასალაც.

დარწმუნებული ვართ, არავისში ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის, რომ ტელევიზიას, რომელიც დააფუძნა კინოსტუდიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ცნობილმა კინორეჟისორმა ბატონმა რეზო ჩხეიძემ, არც მისგან და არც ცნობილი რეჟისორებისგან ექნებოდა კინოსტუდიის მიერ შექმნილი ფილმების ჩვენების პრობლემა.

ჩვენ, ამ დოკუმენტზე ხელმომწერნი, დავესწრებით  განხილვას, რომელიც თქვენთან შედგება. ყველა გვეუბნება, რომ არაფერს აზრი არ აქვს, არც წერილს, არც დასწრებას. სანქციები იქნება, რაც მთავარია, აგეკრძალებათ ფილმების ჩვენებაო. ჩვენ სანქციებს კი არა, მხარდაჭერას ველოდებით. დღევანდელ საქართველოს ჰაერივით სჭირდება თაროზე შემოდებული, უნიკალური მხატვრული ფილმების ჩვენება ყველგან, სადაც ამის საშუალებაა. ღმერთმა ნუ ქნას, რომ დიდ მამულიშვილთა მიერ დაარსებულ და შიშველი ხელებით მოქმედ ტელევიზია „ქართულTV“-ის სანქციები დაედოს და  ქართული ფილმების ჩვენება აეკრძალოს.

დარწმუნებული ვართ, რომ თქვენს პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება და ერთი დიდი საქვეყნო საქმე გადაწყდება.

 

პატივისცემით,

„ქართული TV” –ის გენერალური დირექტორი                                   მანანა იმედაძე

სს „ქართულის“ თავმჯდომარე                                                               რომან რურუა

„ქართული ერთობის დარბაზის“ თავმჯდომარე                                 ჯუმბერ კოპალიანი

                                                           29 ნოემბერი, 2023 წელი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *