მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბატონო პრემიერ -მინისტრო

გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და მეცნიერთა დიდი ჯგუფის სახელით, გადმოგცემთ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის პროექტს, რომლის განხილვა  მიმდინარე წლის 8 თებერვალს, დავითობას დავიწყეთ გელათის კონგრესზე და რომელსაც საფუძვლად დავუდეთ ილია ჭავჭავაძის მიერ გელათში წარმოთქმული მოსაზრება – „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“.

ერის მამის ეს სიტყვები, განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს დღეს, როცა პოლიტიკური დაპირისპირება უკიდურესად დაძაბულია. ჩვენ გავაკეთეთ მეცნიერული ანალიზი, სადაც აშკარად ჩანს, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის მთელი ისტორიის მანძილზე, კრიზისების მუდმივი საფუძველი შიდა დაპირისპირება იყო. აშკარად ჩანს ისიც, რომ კრიზისებიდან გამოსვლა, ურთიერთკომპრომისებით და ქვეყნის ინტერესის ირგვლივ გაერთიანების საფუძველზე ხდებოდა. ესაა ჩვენი ისტორიული გამოცდილება და მისი უგულებელყოფა კარგ შედეგს არ მოგვცემს.

ჩვენ, მეცნიერთა დიდი გუნდი ვართ. წლებია, ვაკეთებთ ანალიზებს,  ვქმნით პროგრამებს, ვუგზავნით სახელისუფლებო წრეებს, არაფერს ვითხოვთ, გარდა ერთისა – მოხდეს განხილვა, შევერთდეთ მეცნიერულ პროგრამებში. გულისტკენის მეტი არაფერი მიგვიღია. უყურადღებობა და იგნორირება – რამდენიც გინდათ, თითქმის ყოველთვის. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, 30-ზე მეტი სერიოზული მეცნიერული განწყობის წერილი და პროგრამა ყოველგვარი განხილვის გარეშეა დატოვებული, ერთი პასუხიც კი არ მიგვიღია. მიუხედავად ამისა, მაინც ქართული დიდსულოვნების გზას ვირჩევთ.

ჩვენი გადაწყვეტილება მყარია. უნდა მოხდეს დაპირისპირებიდან გადასვლა თანამშრომლობაზე და ეს ყველგან უნდა გაცნობიერდეს – საზოგადოებაშიც, პოლიტიკურ წრეებშიც, ხელისუფლებაშიც. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ხელისუფლებასთან, სამეცნიერო და სასწავლო მიმართულების დაწესებულებებთან. გავაგრძელებთ აქტიურ კონსულტაციებს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან, აკადემიკოსებთან, მივიღებთ მათ რჩევებს. გელათის კონგრესმა ის მოსაზრებაც გამოთქვა, რომ სწორედ, მეცნიერებათა აკადემიაში, ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით, შედგეს ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში, დარგობრივ აკადემიებში, სამეცნიერო დაწესებულებებში ეროვნული დოქტრინის  პირველი განხილვების შედეგების შეჯამება, ხოლო  შემდგომ,  საერთო-სახალხო განხილვაზე  გასატანი დოკუმენტის  მიღება მოხდეს გელათის კონგრესზე, რომლის ჩატარება განსაზღვრულია მიმდინარე წლის მაისში.

ნიშანდობლივია, რომ ამ დოკუმენტის თქვენთვის გამოგზავნა ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას 80 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გადავწყვიტეთ. ვფიქრობთ, რომ “ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დოქტრინაში“ თაობათა განწყობაა მოცემული. მოცემულია ის, რა იდეებისთვის ბრძოლასაც შეეწირნენ ჟიული შარტავა, მისი მეგობრები, ათასობით ახალგაზრდა. ჩვენ, მეცნიერებმა, სწორედ ამ განწყობით, შევქმენით დოქტრინა და სწორედ ამ განწყობით, ვთავაზობთ მის განხილვას სახელისუფლებო წრეებს, მეცნიერებს, საზოგადოებას, ჩვენი ქვეყნის მეგობრებს მთელ მსოფლიოში.

გაახლებთ დოქტრინის პროექტს. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ამ დოკუმენტს იცნობდნენ მთავრობის წევრები. სწორედ, ამიტომ გიგზავნით რამდენიმე ეგზემპლარს. დოქტრინასთან ერთად, მთავრობის წევრებს გექნებათ საშუალება, გაეცნოთ წერილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესისადმი, „სახელმწიფო კაცების საკრებულოს“ შექმნასთან დაკავშირებით. როგორც იცით, ეს იდეა ეკუთვნის პატრიარქს, რომელიც მან ჯერ კიდევ 2011 წელს ჩამოაყალიბა ქადაგებაში და სამწუხაროდ, დღემდე უყურადღებოდ იყო დატოვებული. არადა, ხალხის, ხელისუფლებისა და ეკლესიის თანამშრომლობის ჰარმონიზაციას ისახავს მიზნად. ამ უკანასკნელის, ანუ ეროვნული იდეის, ეროვნული ინტერესისა და ეროვნული მიზნის ირგვლივ საზოგადოების გაერთიანებისა და შეკვრის გარეშე, ჩვენ, მეცნიერებს, წარმოუდგენლად მიგვაჩნია მომავლის საქართველო.  

ჩვენ მზად ვართ, გეწვიოთ თქვენთვის მისაღებ ნებისმიერ დროს. კარგი იქნება, თუ მისი განხილვა შედგება მთავრობის სხდომაზე, ჩვენი მონაწილეობით.

პატივისცემით,

ჯუმბერ კოპალიანი                           ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, „ქართული ერთობის დარბაზის“ თავმჯდომარე

გია კვაშილავა                                    პროფესორი, მათემატიკის დოქტორი, ეკონომიკის   დოქტორი, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი

დავით შემოქმედელი                        მწერალი, რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი

ამირან აფციაური                               პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, „ინოვაციური ცენტრის“ ხელმძღვანელი

მურმან კვარაცხელია                         პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა  დოქტორი, „მეცნიერთა კონგრესის“ წევრი

ჰამლეტ მელაძე                                  პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე

ჯუმბერ ბოლღაშვილი                      მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

დავით სახვაძე                                    ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, „მეცნიერთა კონგრესის“ წევრი

მურმან ქურიძე                                   ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, მეღვინეობა-მევენახეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი

ვახში ჟვანია                                        ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საინჟინრო აკადემიის წევრი, ქვეყნის განვითარების კონცეფციის  „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდაჭერის ფონდის დირექტორი

 

7 მარტი, 2024 წელი

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *