მეცნიერთა კონგრესი
საქართველოს მოსახლეობისთვის დადგენილი არაადეკვატური საარსებო მინიმუმის შესახებ

შოთა ჩხეიძე
ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
საარსებო მინიმუმი ფრიად მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური კატეგორიაა. იგი სოციალურ ორიენტირია, ცხოვრების დონის სოციალურ სტანდარტია, რომელიც გამოიყენება გასაცემი ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური დახმარებების ოდენობის განსაზღვრისთვის.
საარსებო მინიმუმის სრული ღირებულება შრომისუნარიანი ადამიანის ნორმალური ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის აუცილებელი სასურსათო პროდუქტებისა (ე.წ. სასურსათო კალათა) და ასევე პირველადი მოხმარების არასასურსათო ნაწარმისა და მომსახურების მინიმალური რაოდენობის ხარჯებისაგან (საბაზრო ფასებით) შედგება.
სასურსათო ჯგუფში ადამიანის არსებობისთვის საჭირო 40-მდე დასახელების პროდუქტია შეტანილი (განვითარებულ ქვეყნებში ეს ჯგუფი გაცილებით მასშტაბურადაა წარმოდგენილი).
საარსებო მინიმუმის ღირებულების განსაზღვრა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პრეროგატივაა, იგი საარსებო მინიმუმის ღირებულებას ყოფს 0,7-ზე, რომლითაც დგინდება საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სურსათის ხარჯების ხვედრითი წილი (70%). ამას 30%-ის ოდენობით ემატება არასასურსათო ნაწარმი და მომხახურება, რომელშიც შედის ტანსაცმელი, თეთრეული, წინდები, ფეხსაცმელი, საკანცელარიო საქონელი, ჩამოთვლილი საქონლის ღირებულების 10%-ის ოდენობის მედიკამენტები, 18 კვადრატული მეტრის საცხოვრისის ქირა, გათბობის, წყლის, გაზმომარაგების, ელექტროენერგიისა და ტრანსპორტის გადასახადი. ჩამოთვლილი მომსახურების ღირებულების 5% კულტურაზე, დასვენებასა და გართობაზე, 3% – კავშირგაბმულობაზე, ხოლო 15% – კრედიტსა და სხვა გადასახადებზე არის გათვლილი. საარსებო მინიმუმი, ადამიანთა მოთხოვნილებებისა და მოხმარების საგნებზე ფასების ცვალებადობის გათვალისწინებით, სისტემატურ ცვალებადობას განიცდის.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან (1991წ.) დღემდე ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ საქართველოს მოსახლეობა წლების განმავლობაში არასრულფასოვნად იკვებება, რაც დაბალი სოციალური პირობებითაა გამოწვეული (მოსახლეობის 80% ღარიბ-ღატაკია), ვერ ახერხებს ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისად შედარებით ძვირადღირებული პროდუქციის: ხორცის, რძისა და რძის პროდუქტების, თევზის, ხილის, ბოსტნეულის შესყიდვა-მოხმარებას და ძირითადად იაფფასიანი პროდუქტით – პურით იკმაყოფილებს მოთხოვნილებას საკვებზე, რაც რაციონის 60%-ს აჭარბებს, მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში პურის წილი რაციონში 12-15%-ია. ყოველივე ამის გამო მოსახლეობა წლების განმავლობაში განიცდის ცილოვან დეფიციტს, ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობას, რაც მთელ რიგ პათოლოგიურ დაავადებებს იწვევს, (ამაზე ბოლო წლების სტატისტიკაც მეტყველებს). საყურადღებოა ისიც, რომ მეცნიერების დასკვნებით დაავადებათა 50% გამოწვეულია არასრულფასოვანი კვებით.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ 2003 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ რეალური სურათის დაფარვის მიზნით „იპოვა გამოსავალი“ და „კორექტივები შეიტანა“ საქართველოს მოსახლეობის ფიზიოლოგიურ ნორმებში, კერძოდ, შეამცირა ძვირადღირებული პროდუქციის ნორმები: ხორცის მოხმარების მაჩვენებელი 80 გრამი/დღ ჩათვალა ნორმად, რომელიც 2,5-ჯერ ჩამორჩება ნორმას (200 გრ/დღ), რძისა და რძის პროდუქტების ნორმა შეამცირა 4,5-ჯერ 960 გრამიდან 215 გრამამდე, ბოსტნეულის გაანახევრა 370 გრამიდან 182 გრამამდე, შაქარი შეამცირა 100 გრამიდან 55 გრამამდე, ხოლო იაფფასიანი პროდუქტის – პურის ნორმა 350 გრ, რომელიც ისედაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა საერთაშორისო ნორმას (200 გრ/დღ) გაზარდა 400 გრამამდე, რის შედეგადაც საკვები რაციონის თითქმის ნახევარი პურზე მოდის (1092 კკალ/დღ.).
აღნიშნული ოპერაციის ჩატარების შედეგად
საკვებ რაციონში ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ცხოველმოქმედებისთვის აუცილებელი ინგრედიენტების: ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების შემცველობაც მნიშვნელოვნად შეკვეცილია, კერძოდ, ცილა უნდა იყოს 100-120 გ/დღ და არის 72 გ/დღ, ცხიმი – 90-100 გ/დღ და არის 72,2 გ/დღ, ნახშირწყლები – 400-450 გ/დღ და არის 334,3 გ/დღ, თანაც მათ მიერ რეკომენდებული ენერგეტიკული ღირებულება შეადგენს 2300 კკალ/დღეში, რაც სრულიად შეუსაბამოა FAO-ს მიერ დადგენილ ნორმებთან, რომლის თანახმად 2500 კკალ-ზე დაბალი მაჩვენებელი არასრულფასოვან კვებად ითვლება. აღსანიშნავია ისიც, რომ 2300 კკალ დასაშვებია მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოხვედრილი ადამიანების კონტიგენტისათვის, თანაც მხოლოდ მოკლე პერიოდით.
აღნიშნული ფარსი განხორციელდა იქნა ე.წ. სასურსათო კალათას ღირებულების შესამცირებლად, რათა რაც შეიძლება მეტად შემცირებულიყო ის უზარმაზარი განსხვავება, რაც ამ სიდიდესა და პენსიებს, შემწეობებსა და არსებობისთვის საჭირო თანხებს შორის არსებობდა (და სამწუხაროდ, დღესაც არსებობს). აღნიშნული ღონისძიებით ხელისუფლება შეეცადა დაეფარა სურსათის მოთხოვნა-მოხმარებას შორის არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობანი და შეექმნა ნორმალურ მდგომარეობასთან მიახლოებული ვიზუალური სურათი.
სამწუხაროდ, ამ დანაშაულებრივი ღონისძიების გადახედვით და გამოსწორებით მომდევნო ხელისუფლება არ დაინტერესებულა და 2004 წლიდან დღემდე სასურსათო კალათას და, მისგან გამომდინარე, საარსებო მინიმუმს ამ ნორმებით ანგარიშობენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ახალმა ხელისუფლებამ თავიდანვე აღიარა, რომ განსაზღვრული საარსებო მინიმუმი არარეალურია და შეცვლას ექვემდებარება, თუმცა, ჯერჯერობით საარსებო მინიმუმის არარეალური, აბსურდული მაჩვენებელი (2013 წ. – 148ლ, 2014წ. – 160ლ, 2015წ. – 163ლ.), დაფუძნებული ე.წ. „კასტრირებულ’’ ფიზიოლოგიურ ნორმებზე, ფორმალურად ისევ შენარჩუნებულია, ქვეყნდება სხვადასხვა ანგარიშებში, ინტერნეტის ვებ-გვერდზე, ტელევიზიით, რის შედეგადაც იქმნება მცდარი, ვიზუალური სურათი მოსახლეობის მიერ მოხმარებული სურსათის საკმარისობის შესახებ, ასევე ბუნებრივია, არარეალური, დაბალი მაჩვენებლები დგინდება ქვეყანაში საჭირო სასურსათო პროდუქციის რაოდენობის შესახებ, რაც ხელშემშლელ გარემოებას ქმნის აგრარული სექტორის სხვადასხვა სფეროში. ყოველივე ზემოთ აღნიშნული ფაქტორები დაუშვებელია და რაც შეიძლება მალე უნდა გასწორდეს.
საყურადღებოა ისიც, რომ განახლებულ საარსებო მინიმუმში სასურსათო კალათის ღირებულების წილი 70%-ია, ხოლო არასასურსათო ხარჯები 30%-ს შეადგენს, რაც თავისთავად მოსახლეობის სიდუხჭირესა და ცხოვრების დაბალ დონეზე მიუთითებს (განვითარებულ ქვეყნებში პირიქითაა, საარსებო მინიმუმში მხოლოდ 30% უჭირავს საკვების ღირებულებას), თანაც ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სასურსათო კალათის რეალური ღირებულება (255 ლარი), რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზებული, საქართველოსთვის დადგენილი ფიზიოლოგიური ნორმების მიხედვით იქნა გაანგარიშებული (თითოეული სტრატეგიული სასურსათო პროდუქტის საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე) 2-ჯერ და მეტჯერაც აღემატება 2003 წელს „დადგენილ“ და დღემდე ოფიციალურად მიღებულ არა მარტო სასურსათო კალათის (106 ლარი), არამედ, საარსებო მინიმუმის (157 ლარი) მთლიან ღირებულებას, რაც ამ უკანასკნელის არაადეკვატურობასა და აბსურდულობას ამტკიცებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 2013–15 წლებში ხელფასები მნიშვნელოვნად გაეზარდათ საჯარო მოხელეებს, მასწავლებლებს, ექიმებს, სამხედრო მოსამსახურეებს და სხვა, ასევე მოიმატა პენსიებმა, გაორმაგდა ლტოლვილების, ვეტერანების, სოციალურად დაუცველი და უნარშეზღუდული პირების დახმარებები, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, 3 წლის განმავლობაში უპრეცედენტო, უფასო დახმარებები გაეწია სოფლად მცირემიწიან ფერმერებს (800 ათას ოჯახს), მოსახლეობას მიეცა საშუალება მიიღოს უფასო სამედიცინო მომსახურება, ძვირადღირებული ქირურგიული ოპერაციების ჩათვლით, უფასო გახდა მშობიარობა, საბავშვო ბაღები, სკოლის სახელმძღვანელოები, სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში 21 სპეციალობაზე და სხვა, მოსახლეობის მიერ რეალური ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისად სურსათის მოხმარება (სრულფასოვანი კვება) მაინც ძალზე დაბალ მაჩვენებელზე რჩება და ჯერ კიდევ მოსახლეობის 40%–ის ფულადი შემოსავლები თვეში 260 ლარს არ აღემატება, მაშინ როცა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2015 წლის ოქტომბრის მონაცემებით, 1 ადამიანის საარსებო მინიმუმი 163 ლარია (სულ ახლახანს 2 ლარით მოიმატა), ხოლო 3 სულიანი ოჯახის კი 260 ლარს შეადგენს, ანუ იმდენს, რამდენიც ერთი ადამიანის მხოლოდ კვებას (საარსებო მინიმუმის ნაწილს, სასურსათო კალათას) სჭირდება. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ სიდუხჭირეში ცხოვრობს, არასრულყოფილად იკვებება, ნაწილი კი შიმშილობს.
აქედან გამომდინარე, ზემოთ აღნიშნული ხელისუფლების მხრიდან გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები უმნიშვნელო გავლენას ახდენს საზოგადოების სოციალურ მდგომარეობაზე. ჯერ ერთი, საკმაოდ მწვავედ მიდის ინფლაციური პროცესები, მეორეც, წარმოუდგენელი სისწრაფით იზრდება ფასები, რაც აშკარად ხელოვნური ჩარევის შთაბეჭდილებას ტოვებს. მესამეც, 20 წელზე მეტია ყველა ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ყოველწლიურად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა მაშინ, როცა იგივე 20 წელია ეს ნიშნული 600 ათასს ვერ გადასცდა. აქედან 300 000-ზე მეტი ხელფასს საბიუჯეტო სექტორში იღებს (აქ მართლაც სერიოზული ზრდაა ყოველწლიურად).
მეოთხე, ქვეყანას ცხოვრება უხდება ველური საბანკო სისტემის პირობებში, რომელიც სრული ბანკროტით ემუქრება საქართველოს (მოკლე პერიოდში შეიძლება საბერძნეთზე უარეს პირობებში აღმოვჩნდეთ).
რაც შეეხება საარსებო მინიმუმის დადგენას, ის ხელოვნურად არ უნდა განესაზღვროს ამა თუ იმ სახელმწიფოს მოქალაქეებს (თუ რამდენი უნდა იყოს ის), რადგან, ის თავისთავად არსებობს და გამომდინარეობს მოსახლეობის შესაძლებლობიდან – შეისყიდოს საკვები, პირველი მოხმარების საგნები, გადაიხადოს გადასახადები, მისცეს თავს უფლება ისარგებლოს კულტურული, დასვენებისა და გართობის საშუალებებით და სხვ. ე.ი. ეს მაჩვენებელი (საარსებო მინიმუმი) გამოთვლილ უნდა იქნას იმ ჩამონათვალის ღირებულებების აღრიცხვის საფუძველზე, რასაც ახერხებს მოსახლეობა თავისი შემოსავლებიდან. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის საარსებო მინიმუმის მიხედვით, შესაძლებელია ვიმსჯელოთ სახელმწიფოს ცხოვრების, მისი განვითარების დონეზე (გავიხსენოთ, რომ ნორვეგიაში იგი 2100 ევროა, აშშ-ში 902 აშშ დოლარი და ა.შ., საქართველოში 165 ლარი და ამიტომაც არის იგი უღარიბესი ქვეყნების ხუთეულში: სირიის, ავღანეთის, ჰაიტის, უგანდის გვერდით (ორგანიზაცია „გელაპის“ მონაცემები)).
„საარსებო მინიმუმი“ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ სურსათის მოხმარების ფიზიოლოგიური ნორმები. სასურსათო კალათის გაანგარიშებისას ჩვენ ვალდებულები ვართ დავიცვათ ცალკეული სასურსათო პროდუქტის მოხმარების შედეგად ორგანიზმისთვის მიწოდებული ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მაკრო და მიკროელემენტების ის ნორმები, რომლებიც ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას შეესაბამება. სასურსათო კალათის მინიმალიზება (გაიაფება) შესაძლებელია მხოლოდ პროდუქციის სახეობების შერჩევით.
ეს მოსაზრება გამომდინარეობს თვით მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის განმარტებიდან, რომლის თანახმად: „სასურსათო უსაფრთხოება არის თითოეული ადამიანის ფიზიკური, ეკონომიკური წვდომა საკმარისი რაოდენობის უვნებელ სრულფასოვან საკვებზე აქტიური და ჯანმრთელი ცხოვრებისათვის საჭირო კვებითი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად“.
ბუნებრივია, საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზებული, საქართველოს მოსახლეობისთვის დადგენილი ფიზიოლოგიური ნორმების ხელოვნურად შემცირების საფუძველზე (რითაც უხეშად ირღვევა სასურსათო უსაფრთხოების მოთხოვნები) მიღებული საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკა და მისგან მიღებული ე.წ. „საარსებო მინიმუმი“ ვერ გამოდგება ადამიანთა „აქტიური და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის საჭირო კვებითი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად“. ასეთი „საარსებო მინიმუმი“ არასრულფასოვანი კვების და მისგან გამომდინარე, მთელი რიგი მძიმე დაავადებების განვითარების საფუძველს წარმოადგენს.
საყურადღებოა ისიც, რომ განვითარებულ ქვეყნებში ცნება „საარსებო მინიმუმი“ საერთოდ არ არსებობს. იქ არის „რაციონალური სამომხმარებლო კალათა“, რაც სასურსათო კალათაში მოცემული სასურსათო პროდუქციისა და არასასურსათო ხარჯების, პირველადი მოხმარების საგნების, მომსახურების სხვადასხვა სახეობის საჭიროების რაციონალურ ჩამონათვალს მოიცავს.
თუ განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის საარსებო მინიმუმში სასურსათო და არასასურსათო ხარჯების თანაფარდობით (30:70) ვიმსჯელებთ, საარსებო მინიმუმი ჩვენთვის უკვე ცნობილი სასურსათო კალათის ღირებულებაზე (255 ლარი) დაყრდნობით 850 ლარს გაუტოლდება, შედარებით უფრო „მოკრძალებული“ თანაფარდობის – 50:50 შემთხვევაში კი 510 ლარს, რაც სასურველია და მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ცხოვრების დონე საგრძნობლად აიწევს, რაზეც უშუალო გავლენას მოახდენს: მოსახლეობის დასაქმება, ხელფასის მომატება, გადასახადებზე შეღავათების დაწესება, სოციალური დახმარებები და სხვა ღონისძიებები, რაც გაზრდის მოსახლეობის შემოსავლებს, გააუმჯობესებს მათ მსყიდველობით უნარს, ხელმისაწვდომობას სურსათზე, პირველადი მოხმარების საგნებზე, მომსახურების სხვადასხვა სფეროებზე და, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გაზრდის საარსებო მინიმუმს.
ჩვენი საერთო ძალისხმევა სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე უნდა იყოს ორიენტირებული.