მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

ვებრძოლოთ მიზეზებს და არა შედეგებს,  პრობლემა ვაქციოთ განვითარების შესაძლებლობად!

 

„მეცნიერთა კონგრესის“ ხედვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და მოსაზრებები კრიზისის დაძლევის და მდგომარეობის სტაბილიზაციის მიზნით

.

  • ხელისუფლება მომიტინგეებსა და მიტინგს კი არ უნდა ებრძოდეს,არამედ ისე უნდა მუშაობდეს, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოდიოდეს.
  • დღეს არც მტყუან-მართალის გარჩევის და არც ანგარიშსწორების და არც დაპირისპირების დრო არ არის. დღეს ერთობით საქართველოსთვის ბრძოლის დროა!
  • კაცობრიობის ისტორია ადასტურებს,რ ომ დაპირისპირება სუსტების მოგონილია, რომ ძლიერები თანამშრომლობენ
  • პარადოქსია, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ყველა ხელისუფლება საუბრობდა რომ მუშაობდა წარმატებულად, ხალხის უდიდესი ნაწილი უმძიმეს გაჭირვებაშია, დატოვა ან ტოვებს ქვეყანას და გადარჩენის ძიებაშია. 

***

კრიზისის სწორად გააზრების, ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ამბიციების დაცხრობის, მოქმედების საფუძვლად არა პარტიული, არამედ ხალხის და ქვეყნის ინტერესის აღიარების, რაც მთავარია, ყველაფერი ამისთვის პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, რეალურია ეს კრიზისი გახდეს ქვეყნის პროგრესული განვითარების საწინდარი. მეტიც რეალურზე რეალურია,საქართველო მთელი მსოფლიოსთვის გახდეს კრიზისის დაძლევის პოლიტიკური ინოვაციების ქვეყანა და ამ უკანასკნელს გვიწინასწარმეტყველებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი ექსპერტები და უცხოეთში მცხოვრები პოლიტიკასთან დაკავშირებული ჩვენი თანამემამულეები.

ყველაფერი იწყება კრიზისის აღიარებით!

დარწმუნებული ვართ, ყოველი მოაზროვნე ადამიანისთვის , მიუხედავად იმისა, ის პოლიტიკაშია, თუ მის გარეთ, არ არის საკამათო, რომ ქვეყანაში სახეზეა უმწავესი პოლიტიკური (და არა მარტო) კრიზისი. კრიზისი არის არა მარტო ის, რაც რუსთაველზე ან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში ხდება, არამედ ის, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ დემოკრატიული ქვეყნები, რომ ევროპარლამენტმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო ჩვენი ქვეყნისთვის არასასურველი რეზოლუცია, კრიზისია ის, რომ აშშ-მა სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა საქართველოსთან და ამავე გზას ადგანან ევროპის სხვა ქვეყნები.კრიზისია ის, რომ დაიწყო ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენელთა დასანქცირება დასავლეთის ქვეყნების მიერ, რაც შესაძლოა, გაფართოვდეს. კრიზისია ის, რომ ხელისუფლება თავის გადარჩენის მიზნით, აძლიერებს ურთიერთობებს რუსეთთან და ბრიქსის ქვეყნებთან.საქართველო ხდება გარე ძალთა დაპირისპირების გამოკვეთილი მოედანი – სრულიად განსხვავებული უკრაინისგან, სადაც დასავლეთის სახელმწიფოების კონსოლიდაციაა. კრიზისია ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ ძალებს,ერთმანეთთან საუბარი არ შეუძლიათ, აქვთ ერთმანეთის მიმართ ბიოლოგიური სიძულვილი,ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიები არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და პარლამენტში არ შედიან. კრიზისია, როცა ხელისუფლება და ხელისუფლების წარმომადგენლები საუბარს ვერ ახერხებენ დასავლეთის სახელმწიფოების პოლიტიკურ წრეებთან.მეტიც, უმძიმეს შეფასებებს იყენებენ დასავლეთის მაღლი რანგის პოლიტიკოსებთან მიმართებაში. კრიზისია, როცა ხელისუფლება იგნორირებას უკეთებს და არ ესაუბრება ქუჩაში გამოსულ უამრავ გულწრფელ თანამემამულეს, გამაღიზინებელ შეურაცხმყოფელ გამოთქმებს იყენებს მათ მიმართ. კრიზისს აღრმავებს ის, რომ ხელისუფლების შტოები უკიდურესად დაპირისპირებულ მხარეებად იქცნენ, და ასეთ დროს მხარეებად იქცნენ მეცნიერებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლებიც, არ ჩანს მორალური ავტორიტეტების გამაერთიანებელი პოზიცია. კრიზისმა მოიცვა საზოგადოების ყველა სფერო, შევიდა ოჯახებში, სამეზობლოში, სამეგობროში, სანათესაოში – ვკარგავთ სწორედ იმას, რითაც გამორჩეული იყო საქართველო.

აზროვნების კრიზისია, როდესაც გონებისმიერი იცვლება ძალისმიერით. აქვე ვამბობთ, რომ პარტია , პოლიტიკოსი, რომელიც ამას არ აღიარებს, ის ვერ ხედავს მოვლენების განვითარების უმძიმეს შედეგებს და ამაში შედის არა მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირება, არამედ მისი თავიდან აცილების შემთხვევაშიც კი, ქვეყნიდან მოსახლეობის გადინების არნახული ზრდა, რომელიც მომაკვდინებელი იქნება ამ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის.

 იმის გაანალიზება, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის მთელი ისტორიის მანძილზე, ქვეყანა არაერთხელ ყოფილა კრიზისში.

ფაქტია ისიც, რომ კრიზისების საფუძველი ყოველთვის შიდა დაპირისპირება იყო და კრიზისი მით უფრო ღრმა იყო, რაც მეტად მძიმე იყო დაპირისპირება. ისიც ხაზგასასმელია, რომ საქართველოთი დაინტერესებული გარე ძალები დასაყრდენს ამ დაპირისპირებასა და დაპირისპირებულ ძალებში ხედავდნენ. ისტორიამ ისიც დაადასტურა, რომ კრიზისიდან მხოლოდ მაშინ გამოვდიოდით, როცა დაპირისპირებული მხარეები ახერხებდნენ საერთო გადაწყვეტილების მიღებას, ან თუ მათ ამის ნება არ აღმოაჩნდებოდათ, არენაზე ყოველთვის გამოდიოდნენ „სახელმწიფო კაცები“ (ი.ჭ), რომლებიც ინიციატივას ხელში იღებდნენ და ეს ხდებოდა საფუძველი იმის, რომ ქვეყანაც გადარჩენილიყო და დაპირისპირებულ მხარეებსაც სახე შეენარჩუნებინათ. ჩვენ ერთგული ვართ ამ ტრადიციის და თუ ხელისუფლება და ოპოზიცია საერთო ენას ვერ მოძებნიან, ჩვენ ხალხთან, ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლებთან , საქართველოში აკრედიტებულ დიპ.კორპუსის წარმომდგენლებთან კავშირში ,ვიმოქმედებთ სახელმწიფო ინტერესების სრული დაცვით. ამის პროგრამა გვაქვს და ველოდებით შესაბამის დროს მისი გაჟღერებისთვის.

კიდევ ერთხელ და გამოკვეთილად ვამბობთ, თუ ოდესმე საჭირო იყო ყოველივე ზემოაღნიშნული, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღესაა ამის განსაკუთრებული აუცილებლობა. თუნდაც იმიტომ, რომ ოცდამეერთე საუკუნე სხვა მასშტაბის საუკუნეა.ტოტალური ტექნიციზმის ხანაში ვცხოვრობთ!

ქვეყანას სანიშანსვეტო პერიოდი უდგას. რით გამოვალთ აქედან, დაპირისპირების გაგრძელებით და ნგრევით, თუ თანამშრომლობითა და შენებით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი პასუხისმგებლობა აღმოაჩნდებათ, როგორც დაპირისპირებულ მხარეებს, ასევე ქვეყნის ინტელექტუალურ ელიტას. სწორედ ამ უკანასკნელს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რამეთუ ყველა ეტაპზე ქვეყნის პროგრესი, გასული საუკუნის 90-იან წლებში ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენა, სწორედ კულტურის, ხელოვნებისა და მეცნიერების წარმომადგენლებმა, ანუ ინტელექტუალებმა შეძლეს, ინტელექტუალები იყვნენ დისიდენტებიც. პოლიტიკოსებითა და პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანებით მათი დამხობა,გახდა საფუძველი ქვეყანაში რევოლუციების, ქუჩის რადიკალიზაციის და ხელისუფლებაში ქუჩის პოლიტიკოსების მოსვლის. ეს ყველაფერი არათუ უნდა გავიაზროთ, არამედ უნდა დავასრულოთ დაპირისპირებით ქვეყნის ჯიჯგნა და ამი საფუძველი უნდა გახდეს ორი მთავარი რამ:

ბიბლიური სიბრძნე: მთავარში – ერთობა, სადავოში – თავისუფლება, ყველაფერში- სიყვარული;

ილიასეული სიბრძნე: ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად.

სწორედ ამიტომ ვუწოდებთ „მეცნიერთა კონგრესი“ ამ პერიოდს

სანიშანსვეტოს.

ჩვენი მოსაზრებები ორ ნაწილად იყოფა:

პირველი ისც რაც დღეს არის და სასწრაფოდ გადასაწყვეტი და მეორე – რაც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის მიღებასთან და ეროვნული თანხმობის ხელისუფლების შექმნის რეალიზებასთან არის დაკავშირებული.

ისევ მოკლე ანალიზი.

დღეს არაფერი ისე არ სჭირდება საქართველოს როგორც ერთობა. ქვეყნის გაერთიანების გზა ეროვნული თანხმობის გზაჯვარედინზე გადის. ყოველი დიდი პოლიტიკური მოვლენა პირველ რიგში ამ სასიცოცხლო ამოცანის განხორციელებას უნდა ემსახურებოდეს.

სინამდვილეში კი საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ყველა ჩატარებული არჩევნები, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების ჩათვლით, არათუ აერთიანებს, არამედ ანგრევს ეროვნული ერთობის იდეას. როგორი საერთაშორისო რეიტინგების უკანაც არ უნდა დაიმალოს მმართველი პარტია, ის ფაქტი რომ 12 წლიანი მმართველობის თავზე ქართველი ხალხი ორ თანაბარ ანტაგონისტურ ჯგუფად დაჰყო, ამაზე უარესი რა შეიძლება იყოს! სრული დარწმუნებით უნდა ვთქვათ უმძიმესი რამ: არჩევნების ასეთი შედეგები არ უნდა აძლევდეს ქართულ ოცნებას ხელისუფლებაში დარჩენის , ოპოზიციას კი ხელისუფლებაში მოსვლის მორალურ უფლებას.თუნდაც იმის გამო, რომ სიძულვილში, პოლიტიკური უკულტურობის ჭაობში ჩაფლული პოლიტიკური ძალები ერთმანეთის პოლიტიკური განადგურების ექსტაზში არიან. ორივე ძალა რომელიც დეკლარირებს გზას ცივილიზებული სამყაროსაკენ, მშვიდობისაკენ , ხალხს უფრო მეტი კონფრონტაციისა და სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მოუწოდებენ.

დღეს ყველა ჭეშმარიტი პატრიოტის ამოცანაა ქვეყანას ახალი უბედურება ააცილოს. „მევნიერთა კონგრესი“ მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას კეთილგონიერებისაკენ. მოუწოდებს საქართველოს ინტერესები დააყენოს პირად პოლიტიკურ ამბიციებზე ზემოთ . როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, საკუთარი თავი დავარწმუნოთ იმაში, არჩევნების შედეგების აღიარება თუ არ აღიარება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ,ეს დაცინვაა და არა მხარდაჭერა . როცა ამაში დავრწმუნდებით, შევეცადოთ არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის პოლიტიკური კრიზისებიდან გამოსვლის პოლიტიკური ინოვაციის გზა ავირჩიოთ.

ამ გზის გამკვლევი პირველ რიგში ქართული ოცნება უნდა გახდეს. პირველ რიგში უარი უნდა ითქვას ყოველგვარ შუამდგომლობაზე. ქართველებმა ერთმანეთთან თვითონ უნდა მოვილაპარაკოთ. ქუჩიდან პოლიტიკური ბრძოლის პარლამენტში გადატანა არ ნიშნავს არჩევნების შედეგების შესწავლის შეჩერებას, პირიქით ჩვენ ვთვლით, რომ ამ საკითხში საერთაშორისო აუდიტი უნდა ჩაერთოს, მეტიც, ჩვენ იმასაც კი ვთვლით პერსპექტივაში, რომ მომდევნო არჩევნები ჩატარდეს გაეროს ჩართულობით.

პოლიტიკური პასუხისმგებლობა სჭირდება სწორედ ამ თეზისის გაზიარებას, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიერ. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ ქვეყანაში მარტო ისინი არ არიან. ამ პროცესში უნდა ჩაერთოს საზოგადოება, ხალხი, ინტელიგენცია, ინტელექტუალური ელიტა როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ მცხოვრები.

ვაყალიბებთ პირველი ეტაპის კონკრეტულ წინადადებებს და ეს სახალხოდ და საჯაროდ უნდა გაცხადდეს ხელისუფლების მიერ. ამ განცხადების ამოსავალი უნდა იყოს ახალი არჩევნები და ის, რა გზას ვირჩევთ ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად: ამ საბაზისო პირობებით (საარჩევნო კანონმდებლობა, საარჩევნო კომისია, საარჩევნო სიები…), ნიშნავს კრიზისის არა დასრულებას, არამედ გაღრმავებას. ფაქტია, რომ საბაზისო პირობების შეცვლას სჭირდება დიდი დრო – ერთი წელი მაინც. საკითხი დგება იმის თაობაზე, ვინ უნდა შეცვალოს კანონმდებლობა და ვინ უნდა დანიშნოს ახალი არჩევნები. არსებობს ორი ვარიანტი:

ძველი პარლამენტის უფლებამოსილების გაგრძელება;

ოპოზიციის შესვლა პარლამენტში, გაეროს დონეზე შეთანხმებული დოკუმენტით, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ საკითხებს:

1.ვიწვევთ საერთაშორისო აუდიტს და მის შედეგებს ვაღიარებთ ორივე მხარე და ვმოქმედებთ მკაცრად საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში;

2.. მთავრობის ფორმირება მოხდება იმ პროცენტული შემადგენლობით, როგორიც არჩევნებში გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალებმა მოიპოვეს. ასეთი პრინციპით დაკომპლექტებული მთავრობის წევრები წყვეტენ შესაბამისი პარტიის წევრობას .

  1. კონსტიტუციურ ცვლილებამდე კანონმდებლობით განისაზღვროს იმ საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი, რომელთა მიღება უნდა მოხდეს საკონსტიტუციო უმრავლესობით’
  2. დღევანდელი რეალობიდან და გაყალბების დიდი ტრადიციებიდან გამომდინარე, არჩევნების გაყალბება გაუტოლდეს კორუფციასა და ნეპოტიზმს, ორივე ჩაითვალოს სახელმწიფო ღალატად და შემოღებული იქნას უმკაცრესი სასჯელი.

5.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი და ქვეყნის პროკურორი უნდა იყოს დანიშნული გაერთიანებული ოპოზიციის წარდგენით. უნდა შეიცვალოს მოსამართლეთა არჩევის წესი. რეგიონულ მოსამართლეებს უშუალოდ მოსახლეობა უნდა ირჩევდეს. სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებული ყვლა ცვლილება უნდა ხდებოდეს არა უბრალო უმრავლესობით და ხმების 2/3-ით, არამედ დეპუტატთა საერთო რაოდენობის ¾-ით ,თუ ეს ვერ მოხერხდა, რეფერენდუმით;.

  1. ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე ,მოხდეს ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება.სასურველია, პროექტის მომზადება შეკვეთილ იქნას მსოფლიოში ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტისთვის. მათ მიერ მოწოდებული პროექტი გამოქვეყნდეს პრესაში, საზოგადოებრივი განსჯა-განხილვისთვის და

შემდგომ მოხდეს მისი მიღება პარლამენტში. შესაძლებელია ეს პროექტი საერთო რეფერენდუმზე იქნას გამოტანილი.

  1. მთავრობის ფორმირებიდან ერთი წლის თავზე დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები თუ ეს მოსაზრება ექნება ოპოზიციას და მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა უმრავლესობა. ამ ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა მიიღოს „მეცნიერთა კონგრესის“ წინადადებები: „ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინისა“ და „ეროვნული თანხმობის პარლამენტის“ იდეის ფართო საზოგადებრივი განხილვის შესახებ (როგორც ტელევიზიებში, ასევე მუნიციპალურ საკრებულოებში, საქართველოს პარლამენტში)„მეცნიერთა კონგრესის“ ეს წინდადებები გატანილ იქნას საერთო-სახალხო რეფერენდუმზე. თუ ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდებიან და არ ჩათვლიან საჭიროდ ერთი წლის თავზე ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, მთავარი სიტყვა უნდა დაეთმოს ხალხს და მთავრობის ფორმირებიდან ორი წლის თავზე შედგეს ეროვნული ნდობის რეფერენდუმი, როგორც ვადამდელი არჩევნბის ჩატარების ერთადერთი საფუძველი.
  2. მიღებულ იქნეს კანონი საქართველოს სახალხო პალატის („სახელმწიფო კაცების საკრებულოს“, როგორც ეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შემოგვთავაზა) შექმნის თაობაზე;

9.მიღებულ იქნეს კანონი პოლიტიკური პარტიების , საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების , მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ყველა შიდა და გარე წყაროებიდან ფინანსირების შესახებ .

10.მიღებული იქნას ახალი კანონი საინფორმაციო საშუალებებთან დაკავშირებით, რომელმაც პრაქტიკულად უნდა გამორიცხოს იმ ტელევიზიების ფუნქციონირება, რომლებიც ემსახურებიან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს, პოლიტიკურ პარტიებს, ოლიგარქებს. ყველა ამ საშუალების ფუნქციონირების მთავარი მოტივი უნდა იყოს საერთო-სახალხო და საქვეყნო ინტერესი ( უნდა ვაღიაროთ, რომ კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ასეთი საინფორმაციო საშუალებების არარსებობაა). ეს კანონი ფაქიზია – მან უნდა უზრუნველყოს სიტყვის თავისუფლება და გამორიცხოს ტენდენციურობა.

  1. ან უნდა შეწყდეს ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება, ან კანონმა უნდა გამორიცხოს მის ფუნქციონირებაში ყოველგვარი ტენდენციურობა და მიკერძოებულობა.

ჩვენ ეს წინადადებები გამოგვაქვს საერთოსახალხო განხილვისთვის და ვიღებთ გადაწყვეტილებას, ჩავდგეთ დაპირისპირებულ მხარეებს შორის. თუმცა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს პროცესი მარტივი არ იქნება. დიდ წინააღმდეგობებს გვიწინასწარმეტყველებენ, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრივ. ძალას გვაძლევს შეხვედრები, რომელიცმეცნიერთა კონგრესისწევრებს აქციების დაწყების დღიდან გვაქვს მოსახლეობასთან, საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლებთან, რუსთაველის გამზირზე გამოსულ თანამემამულეებთან. პირდაპირ გვინდა ვთქვათ, რომ გაცილებით ქართულია ამ უკანასკნელთა მოსაზრებები, ვიდრე ხელისუფლების, ან ოპოზიციის. ეს უკანასკნელნი რადიკალიზაციის გზით ცდილობენ საკუთარი ინტერესების საზოგადოებაზე მოხვევას,მაშინ როცა სრულ იგნორირებას უკეთებენ ქვეყნის და ხალხის ინტერესებს. პირდაპირ ვამბობთ, ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ევროპული ინტერესების დაცვის მიზნით ქუჩაში გამოსულ ადამიანებთან ვერ პოულობს საერთო ენას, ამ ქვეყნის ხელისუფლება არ არის. აქვე ვამბობთ პირდაპირ, ოპოზიცია, რომელიც ცდილობს, რომ ქუჩაში გულწრფელი ზრახვებით გამოსული ხალხი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენოს, არც ის არის ქართული ინტერესის მატარებელი.

ჩვენ პრინციპულად ვთვლით ზემოთჩამოთვლილ კონკრეტულ წინადადებებს, თუმცა არასაკმარისად და ამ დოკუმენტის დასკვნით ნაწილში შემჭიდროებულად ვაყალიბებთ მთავარ პოზიციას, როგორც ხელისუფლების, ასევე ქუჩაში გამოსული საზოგადოების, სახალხო ავტორიტეტების და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიმართ.

* * *

როგორც ვხედავთ, სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია და არსებობს რისკი, ქვეყნის არაკეთილმოსურნეების ჩარევით ჩვენმა სახელმწიფომ მიიღოს გამოუსწორებელი ზიანი. აქედან გამომდინარე, „მეცნიერთა კონგრესში“ ვფიქრობთ, რომ ვისაც რითი შეგვიძლია, მცდელობა არ უნდა დავაკლოთ ამგვარი რისკების თავიდან აცილებას. მიუხედავად იმისა, დაეთანხმება თუ არა ჩვენს პოზიციას ყველა. ამ განცხადებას ოთხი ადრესატი ჯყავს,გვინდა მივმართოთ მათ, როგორც „მეცნიერთა კონგრესის“ 500- კაციანმა გუნდმა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ სიტუაციის განმუხტვის მოკრძალებული სურვილი და პოლიტიკური რეალობის გაცნობიერება ამოძრავებს, იზიარებს „მეცნიერთა კონგრესის“ ცალკეული წევრების მიერ წარმოდგენილ წინადადებებს და იღებს გაბედულ გადაწყვეტილებას, ჩადგეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის:

მივმართავთ ხელისუფლებას:

მიუხედავად სიმპათია-ანტიპათიისა, გაათავლისუფლეთ აქციების დროს დაპატიმრებული პირები. სასწრაფოდ გამოიძიეთ და კანონით გათვალისწინებული რეაგირება განახორციელეთ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაში ჩართული პირების მიმართ; ეს მნიშვნელოვანია პოლიციის ავტორიტეტის შესანარჩუნებლად, ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც გეტყვით, რომ ეს სამართალდამცავთა დემოტივაციას გამოიწვევს, ვინაიდან სწორედ პოლიციელთა უმრავლესობისთვისაა მიუღებელი მიწაზე დაგდებულზე ძალადობა.

შეწყვიტეთ მოსახლეობის დადანაშაულება, წაკითხულის შინაარსის გაგების უნარის არქონის დაბრალება და ა.შ. ხალხთან ქედმაღლობით საუბარი კარგის არაფრის მომტანია თქვენთვის. ასე იქცეოდა ნაცმოძრაობა და ესაა მათი დღემდე პოლიტტოქსიურობის მიზეზი. აღიარეთ, რომ თქვენი განცხადება იყო არასწორი, ეს იქნება სიძლიერის და არა სისუსტის გამოხატულება.

გამოიყენეთ ყველა ოფიციალური და არაოფიციალური არხი დასავლეთთან ურთიერთობის დასათბობად, გამოთქვით მზადყოფნა ევროკავშირთან გაწევრიანების დიალოგის მყისიერად განახლებაზე, თუნდაც ამან ვერ მოიტანოს სწრაფი შედეგი – რა თქმა უნდა იმ პირობით, რომ საქართველო შეინარჩუნებს სუვერენულ უფლებას, დაიცვას საკუთარი ფასეულობები.

მივმართავთ მათ, ვინც გულწრფელ პროტესტს გამოხატავს ქუჩებში

(მათთან, ვინც ცდილობს სიტუაციის ბოროტად გამოყენებას, სასაუბრო არაფერი გვაქვს)

სოლიდარული ვართ თქვენი სულისკვეთების და მოთხოვნის, საქართველომ აქტიურად განაგრძოს ევროინტეგრაციის პროცესი. ახალგაზრდების, ჩვენი შვილების გულწრფელი სურვილი, იცხოვრონ დემოკრატიულ, ცივილიზებულ, ეკონომიკურად განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში სრულიად ლეგიტიმურია და შესმენილ უნდა იქნას. უმნიშვნელოვანესია, გაემიჯნოთ ძალადობას – მომიტინგეთა მხრიდან ნებისმიერი შეტევა პოლიციელთა მიმართ დასაგმობია და შეიცავს უდიდეს რისკს, რომ მოვლენები უკონტროლო გახდეს. უამრავი არაკეთილმოსურნე ელოდება შესაძლებლობას, ააფეთქოს სიტუაცია საქართველოში. ნუ მივცემთ მათ ამის საბაბს და საშუალებას.

მივმართავთ პოლიტიკურ პარტიებს, განსაკუთრებით, ბარიერგადალახულთ.

ხალხის განწყობა ადასტურებს, რომ დღეს პოლიტიკური პარტიების დრო არ არის. შექმნილ მდგომარეობაზე მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა სწორედ, პოლიტიკურ პარტიებს აკისრებს. მათ მიაჩნიათ,რ ომ  პარტიულ ბრძოლაში წინ პარტიული ინტერესია და არა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი. რომ მიღებული კანონებით პარტიებმა ხალხს წაართვეს  ქვეყანა. იგნორირებულია ადამიანის ფუნდამენტური პოლიტიკური პრინციპი: აირჩიოს და არჩეულ იქნას. რომ პარტიის წევრი თუ არ ხარ, ან თუ მიკედლებული არ ხარ რომელიმე პარტიას, შეუძლებელია მონაწილეობდე ქვეყნის მართვაში, იყო ხელისუფლებაში. სოფელს გამგებლის არჩევის უფლებაც კი წავართვით და ინიშნება.დღესაც აშკარად იკვეთება, მოსახლეობის გულწფელი პროტესტი გამოყენებული იქნას პარტიული ინტერესით.  ჩვემ ვფიქრობთ, რომ ეს არა მარტო დანაშაული, არამედ ღალატია ქვეყნისადა ხალხის წინაშე.  მეცნიერთა კონგრესი ეთანხმება ხალხის განწყობას და თვლის, ტომ პარტიებს გარეთ გაცილებით მეტი საინტერესო ადამიანია საქვეყნო ინტერესებით, ვიდრე პარტიებში. სწორედ ყველაფერი ეს იყო საფუძველი იმისა რომ ჩვენ შევთავაზეთ „ეროვნული თანხმობის პარლამენტის“ შექმნის იდეა, რომელშიც დაცულია პარტიული ინტერესი. საბოლოო სიტყვას ამბობს ხალხი – ამომრჩეველი. და ამას არ სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, დაცული იქნება მემკვიდრეპბითობის პრინციპი და არჩევნები ჩატარდება იგივე მოდელით, როგორც ეს ეროვნულმა ხელისუფლებამ ჩაატარა 1990 წლის 31 მარტს.

ჩვენ გვაწუხებს ის, რომ „მეცნიერთა კონგრესის“ ეს იდეა 10 წელზე მეტია, იგნორირებულია პოლიტიკური პარტიების მიერ. შედეგიც სახეზეა – სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე მისული ჩვენი სამშობლო.

მოგმართავთ, რომ დაუბრუნდეთ ეროვნული თანხმობის პარლამენტის შექმნის იდეის საჯარო განხილვას. დღეს არც  მტყუან-მართალის გარჩევის და არც აგარიშწორების დრო არ არის. დღეს არ არის დაპირისპირების დრო. დღეს საქართველოსთვის ბრძოლის დროა. მხოლოდ ძლიერებს შეუძლიათ უარის თქმა დაპირისპირებაზე.

ისტორია ადასტურებს, რომ დაპირისპირება სუსტების მოგონილია. ძლიერები – თანამშრომობენ, მომავლის საქართველოს ინტერესი ითხოვს ძლიერ პარტიებს. მომავლის საქართველოს ინტერესი ითხოვს განახლებულ ეროვნულ მოძრაობას. „ეროვნული თანხმობის პარლამენტი“ სწორედ ეს გზაა.

მივმართავთ საინფორმაციო საშუალებებს. უპირველესად – ტელევიზიებს.

ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს სახელისუფლებო ტელევიზია, ჩვენ არ ვიცით, რას ნიშნავს ოპოზიციური ტელევიზია. ჩვენ ვიცით მხოლოდ მართალი ტელევიზია. მართალი ტელევიზია ემსახურება ხალხს და ქვეყანას. ტელევიზია, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ემსახუროს ხალხს და ქვეყანას, არ შეიძლება იყოს მხარე, არ შეიძლება იყოს ტენდენციური, არ შეიძლება იყოს ჩასაფრებული. არ შეიძლება იყოს ორი სიმართლე. სახელისუფლებო სიმართლე და ოპოზიციური სიმართლე. ნებისმიერ დროს, ქვეყნისთვის სიმდიდრეა მიუკერძოებელი, არატენდენციური არაპარტიული საინფორმაციო საშუალება და ჟურნალისტი. დღეს, თქვენ ხელში გაცილებით მეტად, ვიდრე პარტიებისა და თუნდაც, ხელისუფლების,  როგორ განვითარდება მომავალი ქვეყანაში, დაპირისპირებით და ნგრევით თუ დიალოგით და შენებით.

ამ ეპოქის ყველაზე მძიმე დაღი არის ის, რომ ტელევიზიები იქცნენ პარტიების, ოლიგარქების სააგიტაციო პუნქტებად. თქვენი და ქართული ღირსების საქმეა, რომ ამ უბედურებას დაესვას წერტილი. ჩვენ ერთად უნდა ვაქციოთ კრიზისი განვითარების შესაძლებლობად.

მივმართავთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს:

გადახედეთ პოზიციას საქართველოს ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე, რაც არ ნიშნავს უარის თქმას თქვენს მიერ გამოცხადებულ ხელისუფლების არაღარების პოზიციაზე და წინადადებაზე, მოხდეს არჩევნების საერთაშორისო გამოძიება. ხელი შეუწყეთ დიალოგს ქართულ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. ყველა საპირისპირო გზა არა მხოლოდ არაფრისმომტანია, არამედ შეიცავს სიტუაციის გამწვავების რისკს, რისი შედეგიც ნამდვილად ვერ იქნება საქართველოს დაახლოება დასავლეთთან, პირიქით, ამ სიტუაციით დანამდვილებით შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოში არეულობის მოსურნეებმა და უპირველეს ყოვლისა ოკუპანტმა ქვეყანამ; შესაბამისად, არსებობს მაღალი რისკი, რომ დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესი რეგიონში შეუქცევადად დაზიანდეს. შემდგომ ამ ყველაფრის ნორმალურ კალაპოტში მოტრიალება ურთულესი იქნება. ჩვენს თაობას ნანახი აქვს კანონიერი ხელისუფლების ძალადობით შეცვლის შედეგები 90-იანების დასაწყისშიც და 2003 წელსაც. ნუ გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს.

მივმართავთ სახალხო ავტორიტეტებს, რომელ სფეროსაც არ უნდა წარმოადგენდნენ ისინი – კულტურას, ხელოვნებას, მეცნიერებას, განათლებას, მედიცინას, ბიზნესს, სპორტს

ნუ ვიქცევით მხარედ. ერთის მხარდაჭერა და მეორის განსჯა ანტიქართულია, აძლიერებს დაპირისპირებას, სამოქალაქო დაპირისპირების გზაა. ყველა სფეროში არიან გამორჩეული ავტორიტეტები, ღვთის წყალობით, შემოგვრჩნენ ზნეობრივი ავტორიტეტები, რომელთა პოზიცია შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს, რომ დასრულდეს დაპირისპირება, მოხერხდეს თანამშრომლობა, წერტილი დაესვას პრიმიტიულ პოლიტიკურ აზროვნებას და დაიწყოს მეცნიერების ერა, ფულისუფლების ქვეყნიდად ვიქცეთ ნიჭის ძალაუფლების ქვეყნად. ამ ხალხს ეკისრება ამ ფუნქციის შესრულება და ამაზე უარის თქმას მომავალი არც მათ და არც არავის გვაპატიებს.

დაბოლოს, ყველა მხარე უნდა ვეცადოთ, ვნებათა ღელვა ჩავაცხროთ და ნორმალურ ვითარებაში პოლიტიკური კომპრომისების გზით (კომპრომისების ნაწილში კი ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა) შევძლოთ, საქართველო დავაბრუნოთ განვითარების სასურველ ვექტორზე.

ჩვენ, ყველას ერთად შეგვიძლია კრიზისი ვაქციოთ განვითარების შესაძლებლობად. გვფრავდეს უფალი ამ უმძიმესი აუცილებელი მისიის შესრულებაში!

9 დეკემბერი, 2024 წელი

პ/ს. 

  • ჩვენი პოზიცია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან, ან ხელისუფლებისგან, ან უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ან მისი ფონდებიდან.

ვწუხვართ, რომ თქვენ ანადგურებთ მსოფლიოში მიღებული ამ უაღრესად  საჭირო და აუცილებელი ინსტიტუტის ავტორიტეტს საქართველოში. იქეცით მხარეებად, პარტიულობაში გაასწარით პარტიებსაც კი, იქეცით ხელისუფლების შეცვლის, ან არსებული ხელისუფლების დაცვის ინსტრუმენტებად. არსად მთელ მსოფლიოში, იმდენი პიროვნება არ მისულა ხელისუფლებაში , რამდენიც ჩვენთან, სააქართველოში. გული გვტკივა იმაზეც, რომ არაერთი უცხოური ორგანიზაცია ქმნის და აფინანსებს არასამთავრობოებს, რომ მათი ინტერესები გაატარონ ქვეყანაში და ეს ხშირად ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში გადადის. ქმედება იწვევს უკუქმედებას და ხელისუფლებამ, პარტიებმაც იგივე გზა აირჩიეს – საკუთარი ინტერესების დამცველი არასამთავრობო სექტორის გაძლიერება.

  • ეს არის 2024 წლის 4 ნოემბრის მიმართვის საზოგადოებაში განხილვის შედეგად ამ დროისთვის მიღებული პროგრამული დოკუმენტი, რომელიც 2024 წლის 10-11 და 13 დეკემბერს 15:00 საათზე „ქართული TV- ს ეთერში წარედგინება საზოგადოებას, ხოლო 13 დეკემბერს, „მეცნიერთა კონგრესის“ გაფართოებულ სხდომას.

შესაძლებელია (თუ ამას მეცნიერთა კონგრესის სხდომა დაუჭერს მხარს) ამ დოკუმენტის შემცირებული ვარიანტი უპირატესად პროგრამული ნაწილი, ნაბეჭდი სახით, „მეცნიერთა კონგრესის“ წევრებმა 13 დეკემბერს (პრეზიდენტის არჩევნებამდე), დაარიგონ ხალხში, განსაკუთრებით, რუსთაველის გამზირზე.

ფლაერი

 

 

 

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *