ახალგაზრდობასაქართველოს ხალხთა ასამბლეაქართული ერთობის დარბაზი

იმედის წერილი

მის აღმატებულებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს

 

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო,

ხვალ, შობის ბრწყინვალე დღესასწაულია. რამდენიმე დღეში ჩვენი საეკლესიო კალენდრის მიხედვით ახალი წელიც შემოვა. წელი, რომელიც განსაკუთრებულია საქართველოსთვის -მიმდინარე წლის მაისში ასი წელი სრულდება სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან. გილოცავთ! ფეხბედნიერი იყოს საქართველოსთვის!

ჩვენ, „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები, „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ და „მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის ეროვნული თანხმობისათვის“ წარმომადგენლები, ამ წერილს ჩვენი მეგობრის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, თბილისის საპატიო მოქალაქის, თანამედროვეობის გამორჩეული მხატვრის, გივი თოიძის ნამუშევრების გამოფენაზე ვაწერთ ხელს და დღესვე გაახლებთ მეცნიერთა, კულტურის მოღვაწეთა ჯგუფთან ერთად მომზადებულ, ლეგენდარული რომან რურუას წიგნთან, „მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში“ და ამავე სახელწოდების კალენდართან ერთად. ეს გამოფენაც, წიგნიც და კალენდარიც დასტურია იმისა, თუ რა კოლოსალური შესაძლებლობები გააჩნია ჩვენს ქვეყანას, რომ ამ მიწის, ამ წყლის, ამ ჰაერის, ამ სითბოს, ამ ინტელექტუალური და ადამიანური რესურსების ქვეყანაში მართლაც, შეგვიძლია ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე ცხოვრებით.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ბატონი გივი და ბატონი რომანი „ქართული ერთობის დარბაზისა და „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ დამფუძნებლები არიან. განსაკუთრებით იმით, რომ ასამბლეაც და დარბაზიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით შეიქმნა.

ბატონო პრემიერო,

როგორც უკვე ვთქვით, ჩვენი წერილი საქმიანია და თავშივე ვიტყვით, ჩვენ მას „იმედის წერილს“ ვუწოდებთ, რადგან ამ საკითხებზე საუბარი დავიწყეთ გელათში, „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესზე გელათის აკადემიის ისტორიულ კედლებში, გავაგრძელეთ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის კონგრესებზე, ვსაუბრობთ სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში და სხვადასხვა შეკრებაზე.

ჩვენ განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ამ მიმართულებით იმ დიდი შეკრების მნიშვნელობას, რომელიც „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ ინიციატივით შედგა ქ. სოჭში, ცხინვალის მძიმე მოვლენების შემდეგ და იმ რთულ მომენტში შესაძლებელი გახადა ქართველების, აფხაზების, ოსების ადამიანური შეხვედრა ჩვენი ქვეყნის სხვა ეროვნებათა წარმომადგენლების მონაწილეობით.

როგორც დარბაზში, ასევე ასამბლეაში და მეცნიერებში, ყოველთვის გვქონდა ერთი განწყობა, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებში ყოფილიყო სამთა ერთობა: ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების, რაც ჩვენი დიდი მცდელობის მიუხედავად, დღემდე ვერა და ვერ მოხერხდა. მაგრამ დიდი იმედი მოგვცა ერთი მხრივ, ჩვენ სულიერ მამასთან, ილია მეორესთან და მის თანამოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან, გიორგობის დღესასწაულის ბრწყინვალე დღეებში შეხვედრამ და საუბარმა, მეორე მხრივ იმ განცხადებამ, რომელიც თქვენ გააკეთეთ საქართველოს პარლამენტში, ქვეყანაში დიდი დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით. იმედს აძლიერებს თქვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი. სწორედ მან მოგვცა ლოცვა-კურთხევა, დავიწყოთ მუშაობა იმ საკითხებზე, რომელსაც ამ წერილში ვაყალიბებთ და გვირჩია, მასთან დაწყებული დიდი საუბარი თქვენთან გაგვეგრძელებინა.

ჩვენ სრულად ვიზიარებთ თქვენს პოზიციას, რომ ქვეყანაში წლებისა და ათწლეულების განმავლობაში დაგროვდა პრობლემები, რომელთა გადაწყვეტას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის და სრულფასოვანი გადაწყვეტა კი დიალოგის გარეშე არათუ შეუძლებელია, არამედ უფრო მეტად გააღრმავებს ამ პრობლემებს.

სამი წლის წინ, როცა ჩვენ ხელი მოვაწერეთ „მოქმედების მანიფესტს – ერთი ერი, ერთიანი სამშობლო, გაერთიანებული საქართველო“ (დოკუმენტი შეგნებულად განვათავსეთ კალენდრის ბოლო გვერდზე), გამოკვეთილად ჩავწერეთ ერთი ფრაზა ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან:

„ყოველ დროში, სახელმწიფო კაცები, ერის მამა – დიდი ილია, ფიქრობდნენ ისეთ საქართველოზე, სადაც ქვეყანას მართავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა. სწორედ ეს არის მეცნიერული და ეროვნულ -სახელმწიფოებრივი აზროვნების შერწყმა, რომლის საფუძვლები ჯერ კიდევ ათი საუკუნის წინ შექმნა დავით აღმაშენებელმა, გელათის აკადემიის დაარსებით.“

ჩვენ ვამაყობთ ამ ჩანაწერით. ეს განწყობა დღეს ჰაერივით სჭირდება პარტიულ სამთავროებად დაყოფილ საქართველოს. სჭირდება პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფების მიერ ქვეყნისთვის თავსმოხვეული სიძულვილის სიყვარულით დასამარცხებლად. სჭირდება იმას, რომ ხალხმა დაიბრუნოს პოლიტიკოსების მიერ წართმეული საქართველო.

ჩვენ, თანამშრომლობის ჰარმონიზაციის მომხრენი ვიყავით, ვრჩებით და ვიქნებით. დაპირისპირება სუსტების მოგონილია. თანამშრომლობა მხოლოდ ძლიერთ შეუძლიათ. საქართველო ოდითგან ძლიერი იყო მეცნიერებით, კულტურით, ხელოვნებით. სწორედ ამ სფეროს წარმომადგენლებთან დიალოგის გაწყვეტამ გამოიწვია პარტიათა დამანგრეველი აღზევება. შეიძლება ბევრისთვის საკამათო იყოს, მაგრამ ჩვენი დაკვირვებით, სამწუხაროდ, პარტიებმა დისკრედიტაცია გაუკეთეს საკუთარ თავს, პარტიებში გარკვეულწილად შეიქმნა ზნეობის დეფიციტი, ხოლო მოაზროვნე და ზნეობრივ ადამიანებში პარტიების მიუღებლობა. დღეს ღირსეულ და მოაზროვნე ადამიანს უჭირს პარტიებთან ურთიერთობა. არადა, ხელისუფლებებს პარტიები ქმნიან. ეს კი აშკარა დისონანს ქმნის ქვეყნის განვითარებაში. პრინციპი, რომ ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. არავინ არავის იგნორირებაზე არ უნდა იფიქროს. თუ კარგად დავაკვირდებით, დღეს ყველა ცდილობს მეცნიერების, ინტელიგენციის, საერთოდ, კულტურის მოღვაწეების იგნორირებას. ეს არ არის მომავლის გზა. ჩვენ ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია დიდი დიალოგის დაწყება ხალხთან, რომელსაც სათავეში სწორედ მეცნიერები, კულტურის მოღვაწეები უნდა ჩაუდგნენ.

ჩვენ, მომავლის საქართველოსთვის უპირველესად მიგვაჩნია ის განწყობა, რომ როდესაც ხელისუფლებას აირჩევ, მას გვერდით დგომა სჭირდება. მაგრამ ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ იგი ხალხის და ქვეყნის მსახურია და არა უფროსი. ჩვენ ვემიჯნებით დაპირისპირებას, მაგრამ ვიცით, რომ თანამშრომლობა – დიდი კულტურაა და ითვალისწინებს მოსაზრებების თავისუფლად გამოთქმას, ყოველგვარი კონიუქტურის გარეშე, მაგრამ დიდი კულტურის – ტრადიციული ქართული კულტურის ფარგლებში.

ჩვენ ვემსახურებით მას, რასაც ერის მამა, ილია ჭავჭავაძე მოგვიწოდებდა: „ინტელიგენციის მოწოდებაა, გადაიქცეს იმ კავშირად, რომელიც ჯაჭვის რგოლივით აერთებს ყოველ ცალკე ჯგუფს, ცალკე კრებულს და მათ მოღვაწეობას მიჰმართავს ერთის სასურველის საგნისკენ, რომელიც ერთნაირად ძვირფასია და სასარგებლო ყველასთვის“. ჩვენთვის მიუღებელია როგორც პოპულიზმი, რომ ხალხის სახელით დაუპირისპირდე ხელისუფლებას, ასევე მიუღებელია დავიცვათ ხელისუფლება, როცა იგი ამას ვერ ან არ იმსახურებს. ინტელიგენტი არის ის, ვინც ეხმარება ხელისუფლებას და ამავე დროს, ხალხს იცავს ხელისუფლებისგან.

ბატონო პრემიერო,

დარწმუნებული ვართ, თქვენ ერთგული იქნებით დიდი დიალოგის დაწყების თაობაზე თქვენი განცხადების და ჩვენ ბევრ ზემოხსენებულ და უამრავ სხვა პრობლემაზე გვექნება ადამიანური, მართალი, მომავლის საქართველოზე ორიენტირებული შეხვდრა-საუბარი. ამ წერილში კი, რამდენიმე პრინციპულ საკითხზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელთა გარეშეც წარმოუდგენლად გვეჩვენება მომავლის საქართველო.

ჩვენ დავიწყეთ მუშაობა პროგრამულ დოკუმენტზე, რომელიც სამ ნაწილს შეიცავს.

პირველში სრულად უნდა წარმოდგეს ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს. მეორეში აღიწეროს ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობა ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვისა და პარტიული მიდგომების გარეშე. მესამეში უნდა იყოს ის პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კონკრეტული, რეალური მდგომარეობის ქვეყანაში, ეტაპობრივად მოქმედებაში მოვიყვნოთ მისი პოტენციალი.

დარწმუნებული ვართ, ამგვარ პროგრამებზე მუშაობთ თქვენც, მთავრობაში. ვფიქრობთ, საჭიროა შესაძლებლობათა გამთლიანება. სწორედ ამ ჭრილში ვხედავთ ჩვენ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესს, რომლის დაწყება ჩვენი აზრით, უნდა მოხდეს მიმდინარე წლის მაისში, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავის დღეებში. კონგრესის სესიები მომდევნო ორი წლის განმავლობაში უნდა ჩატარდეს მსოფლიოს ორმოცდაათი ქვეყნის ოთხმოცზე მეტ ქალაქში, სადაც ისტორიულად, ბედის უკუღმართობის, თუ სოციალური გაჭირვების გამო ცხოვრობს ქართველობა და დამთავრდეს 2020 წლის ნოემბერში, თბილისში, მსოფლიო კონგრესით, რომელიც მიიღებს მომავლის საქართველოს პროგრამას. სასურველია, ეს სესიები პირდაპირ ეთერში გადაიცეს.

ჩვენ ამით დიდ ნაბიჯს გადავდგამთ საქართველოს ერთიანობის გზაზე, რამეთუ უამრავი ადამიანი წასულია ქვეყნიდან და ცხოვრობს საქართველოს სიყვარულით. ამ ხალხმა არა მარტო გადაარჩინა საქართველო, არამედ დღეს ქვეყნის დიდ სიმდიდრედ ჩამოყალიბდა, რომლის გამოუყენებლობა დანაშაულია, მით უფრო, რომ ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ არა მარტო საქართველოს მოქალაქეები, არამედ ჩვენს ქვეყანას უცხოეთში ჰყავს უამრავი მეგობარი. ეს ყველაფერი დიდი ინტელექტუალური სიმდიდრეა, რომლის გამოუყენებლობა დანაშაული იქნებოდა.

ამ ხალხზე თქვენ იმედიანად ისაუბრეთ საახალწლო მილოცვაში და ჩვენი მოსაზრება თქვენს პოზიციასთან სრულ თანხვედრაშია. ჩვენ ამ საკითხებზე ორი წელია ვმუშაობთ. თითქმის ყველა ქვეყანაში შევქმენით საინიციატივო ჯგუფები და საერთო პოზიციაა, რომ ეს კონგრესები უნდა იყოს არა უბრალოდ დიალოგი, არამედ ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობათა დათვალიერება. უფრო მეტიც, ეს უნდა იყოს დიდი შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და სხვა დიდ ქართველ მოღვაწეთა იუბილეების აღნიშვნაც. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არის პროექტი, რომელსაც რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, არ სჭირდება სახელწიფო დაფინანსება და ექნება უდიდესი საერთაშორისო რეზონანსი, ასევე უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა ჩვენი ერთიანი სამშობლოს მომავლისთვის.

საქართველოს მეგობართა საკითხი ერთ-ერთ უდიდეს და უმთავრეს საკითხად მიგვაჩნია. გასაგებია, რომ ჩვენ გვყავს მეგობარი სახელმწიფოები და არაერთი სახელმწიფოს ხელისუფალი მხარს უჭერს საქართველოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების ცნობილ მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა შემადგენლობით საქართველოს მეგობართა საზოგადოებების შექმნა.

უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ დაძაბული ურთიერთობა გვაქვს რუსეთის ხელისუფლებასთან, თავად რუსეთში, საქართველოს უამრავი მეგობარი ჰყავს, როგორც ზოგადად ხალხში, ასევე მეცნიერებასა და კულტურაში. არაერთმა რუსმა აკადემიკოსმა, უპირველესად, მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა სადოვნიჩმა გამოთქვა სურვილი, რომ სწორედ უნივერსიტეტში მომხდარიყო საქართველოს მეგობართა შეკრება.

დარწმუნებული ვართ, რომ სურვილისა და მონდომების შემთხვევაში, მარტში მოსკოვსა და პეტერბურგში, ხოლო მაისში თბილისში შეიძლება ასეთი შეხვედრის მოწყობა. ვფიქრობთ, რომ ეს დიდი გარღვევა იქნება ქართულ ინტერესზე დაყრდნობით, ქართულ – რუსული ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით.

ბატონო პრემიერო,

ჩვენ ასევე უმნიშვნელოვანესად გვესახება თაობებს შორის ჩატეხილი ხიდის გამთლიანება. არ დავწვრილმანდებით, მაგრამ ფაქტია, რომ წინა ხელისუფლებამ ეს პრობლემა უფსკრულამდე გააღრმავა. პატრიარქმა შეხვედრაზე მხარი დაუჭირა ახალგაზრდობის წამოწყებას, დავიწყოთ დიდი მოძრაობა თაობებს შორის ჩატეხილი ხიდის აღსადგენად, თაობათა ერთიანობისთვის. ახალგაზრდები იწყებენ მოძრაობას, რომელიც გაგრძელებას მიიღებს უფროსი თაობისადმი მადლიერებისა და პატივგების საღამოში, რომელიც მომდევნო წლის მაისში, სპორტის სასახლეში შედგება .

დიდი პროცესის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, არაერთ წარმატებულ ადამიანსა და ბიზნესმენს მივმართეთ. დამოკიდებულება იმედიანია და როგორც ჩანს, ეს დიდი პროცესიც შეიძლება წარიმართოს სახელმწიფო სახსრების გარეშე.

ბატონო პრემიერო,

მრავალ პრობლემათაგან, რომლებზეც ჩვენ ვფიქრობთ და დიდი ხანია ვმუშაობთ, შევეხეთ ორს – ქვეყანაში დარჩენილთა, ქვეყნის გარეთ გასულთა და თაობათა ერთიანობის პრობლმებს. ჩვენ სწორედ მათში ვხედავთ მომავლის საქართველოს, გაბრწყინებული საქართველოს გასაღებს. დიდი ქართველები, ბატონები მერაბ ბერძენიშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, რეზო ჩხეიძე (ისინი ჩვენი მოძრაობის სათავეებთან იდგნენ), ფიქრობდნენ, შექმნილიყო როგორც დიდი ილია ამბობდა, სახელმწიფო კაცების საკრებულო, ანუ საკრებულო იმ ადამიანებისგან, ვისაც თანამდებობები არ უნდათ, მაგრამ უყვართ საქართველო და ეს თავისი ცხოვრებით ექნებოდათ დადასტურებული. ეს დიდი სტიმულია, მით უფრო, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ურთიერთობის აღდგენის პროცესში. კვიპროსიდან დაბრუნებულმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმაც თავის ქადაგებაში მიანიშნა რამდენიმე ქვეყნის გამოცდილებაზე და გამოხატა საქართველოში მსგავსის შექმნის აუცილებლობა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ ამ საკითხზე. არ უნდა დაიკარგოს არც გამოცდილება, არც დამსახურება, არც სურვილი იმისა, რომ ბოლომდე დაიხარჯო შენი ქვეყნისთვის.

ბატონო პრემიერო,

ვფიქრობთ, თქვენ იზიარებთ ამ განწყობასა და პოზიციას. შემთხვევით არ ვუწოდეთ ამ წერილს „იმედის წერილი“. ვიმედოვნებთ, რომ თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას შეხვედრის თაობაზე. ჩვენ მზად ვართ გეწვიოთ თქვენთვის მისაღებ ნებისმიერ დროს. ასევე რეალურად გვეჩვენება ასეთი შეხვედრისა და დიალოგის დაწყება მეცნიერებათა აკადემიაში, მერაბ ბერძენიშვილის სალონ-მუზეუმში, რომან რურუას მიერ წალკოტად ქცეულ ეზო-გარემოში.

ჩვენი სურვილი და მიზანი ერთია: შედგეს ხალხის, ეკლესიისა და მთავრობის დიდი ერთობა მომავლის საქართველოსთვის. ხალხში ეს განწყობა არის, საქართველოს და მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ეს განწყობა დაადასტურა, ოდნავაც არ ვეჭვობთ, რომ იგივე პოზიცია გაქვთ პირადად თქვენ და ასევე მთელ ხელისუფლებას. კარგი იქნება, თუ ეს დიდი სახელმწიფოებრივი პროცესი თქვენი პატრონაჟით წარიმართება.

„ქართული ერთობის დარბაზის“ სახელით

დამფუძნებლები: ანზორ ერქომაიშვილი, გიგა ბათიაშვილი, ტარიელ ხარხელაური, ომარ მხეიძე, არნოლდ გეგეჭკორი, თემურ გუგუშვილი, რამაზ ყურაშვილი

„საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ სახელით: ფერდინანდ ლორთქიფანიძე

„მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის“ სახელით: რამაზ ლომინაძე

ახალგაზრდობის საინიციატივო ჯგუფის სახელით: ოთარ ფალიანი

 პ.ს. ანალოგიური  ხასიათის  თანამშრომლობის  წერილი თავის დროზე გაეგზავნათ ბატონებს : ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს. სამწუხაროდ, წინა სამმა პრემიერ-მინისტრმა  უყურადღებობა გამოიჩინა. ჩვენ პოზიციას არ ვიცვლით, ვიყავით და ვართ ორიენტირებული კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე. მათი პრობლემაა, რომელთაც არ შეუძლიათ ასეთი თანამშრომლობა, უფრო სწორად, დესტრუქციულთან ბრძოლა და თანამშრომლობა მიაჩნიათ პრიორიტეტად და არა კონსტრუქციულთან კავშირი და თანამშრომლობა. ცუდია, რომ ეს ბუმერანგივით უბრუნდება, როგორც მათ და ჩვენდა სამწუხაროდ,  უპირველესად  ხალხს და ქვეყანას. სწორედ ამიტომ, ამ წიგნის პირველ ეგზემპლარებს სწორედ პრემიერ-მინისტრს და მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს გადავცემთ.  გამოცემიდან ათი დღის განმავლობაში ამ წიგნს მიიღებს მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი.  ჩვენ სექტემბერში  ხალხს მივცემთ სრულ ინფორმაციას, სად როგორი დამოკიდებულება გამოიჩინეს.

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *