სლაიდერი

ვწუხვარ, რომ მოღვაწეთა ერთი ნაწილი ერთიანდება პარტიების ირგვლივ, როცა მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს მეცნიერების ირგვლივ

მიმართვა პაატა ბურჭულაძეს

ვადასტურებ პოზიციას, რომელიც გუშინ ფეისბუქმიმართვაში გამოვხატე ცნობილი მომღერლის პაატა ბურჭულაძის მიერ ქუთაისის საოპერო თეატრთან დაკავშირებით, ელექტრონულ მედიაში გავრცელებული და მთელ რიგ საინფორმაციო საშუალებების მიერ ატაცებულ მოსაზრებასთან დაკავშირებით.

ვწუხვარ, რომ იმის თქმა დამჭირდა, რაც გუშინ ვთქვი და რისი თქმაც ეხლა მინდა. როგორც აღვნიშნე, დღეს სპეციალურად ჩავედი ქუთაისში. 6 საათზე მივდივარ საოპერო თეატრში და ვხვდები მის ხელმძღვანელობას. შეხვედრის შემდგომ ვისურვებდი შეხვედრას ბატონ პაატასთან და მის მხარდამჭერებთან.

ჩემთვის მიუღებელია შემოქმედებითი ინტელიგენციის, მით უფრო მსოფლიოში ცნობილ ხელოვანთა ჩართვა საარჩევნო პროცესში, მით უფრო როცა ისინი ხელს უწყობენ დაპირისპირებას არა მარტო პოლიტიკურ ძალებს შორის, არამედ ხელოვნების წარმომადგენლებს და საერთოდ, საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. მიმაჩნდა და მიმაჩნია,რომ ცნობილი სპორტსმენები, ხელოვნების წარმომადგენლები, საზოგადოების მიერ აღიარებული ადამიანები არჩევნების დროს მხარეს კი არ უნდა წარმოადგენდნენ, არამედ გამაერთიანებლის ფუნქციას უნდა ასრულებდნენ.

არავის უნდა გაუკვირდეს, რატომ გამოიწვია ჩემში ასეთი მწვავე რეაქცია საოპერო თეატრთან მიმართებაში გამოთქმულმა პაატა ბურჭულაძის მოსაზრებამ, თითქოს თეატრში არ შეუშვეს და მასთან შეხვედრის შიშით დასი გაუშვეს და სხვა პირდაპირ ვიტყოდით ცილისწამებამ. ეს თეატრი ქუთაისმა და ქუთაისლებმა გადაარჩინეს მაშინ, როდესაც ცენტრში, პრაქტიკულად, მისი დახურვის გადაწყვეტილება იყო მიღებული. შეუძლებელი შევძელით და თეატრი ყოველთვის გამორჩეულ როლს ასრულებდა საოპერო ხელოვნების განვითარების თვალსაზრისით. უამრავ ცნობილ მოღვაწეს აქვს მასში დიდი წვლილი ჩადებული, მედეა ამირანაშვილით და ზურაბ ანჯაფარიძით დაწყებული და დღევანდელი დასით დამთავრებული, რომელიც ისედაც რთულ და მითუფრო პანდემიით დამძიმებულ პირობებში ღირსეულად დგას. სათავეში ცნობილი ხელოვანი ქალბატონი: ირინა ლომინაძე. ქალბატონი, რომელმაც ქალაქის მუსიკალურ ინტელიგენციასთან, ქალბატონ ემი არსენიძესთან ერთად შეუძლებელი შეძლეს და უნიკალური საგუნდო კაპელა შექმნეს, რომელიც არა უბრალოდ წარმატებულია, არამედ უკვე დიდი საერთაშორისო აღიარება აქვს. მე ამ პროცესების მონაწილე ვარ. ჩემთვის ქუთაისი,მისი ინტელიგენცია დიდი მასწავლებელია და ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, მწვავედ და მწარედ განვიცდი როგორც ხელოვნების ასევე ქალაქისადმი სუბიექტურ შეფასებებს, მითუფრო როცა ყველაფერი ეს პოლიტიზებულია.

ძალიან ცოტა ხელოვანია ქვეყანაში, რომელიც არ არის ქუთაისელი, მაგრამ რომლის მიმართაც ქუთაისმა უკეთილშობილესი დამოკიდებულება გამოხატა. ასეთია ბატონი პაატა ბურჭულაძე, რომელიც საპატიო მოქალაქედ აირჩია და რომელსაც მწვანეყვავილაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონთან უნიკალური ტერიტორია გადასცა საჩუქრად მუსიკალური ცენტრის ასაშენებლად. ეს იყო ქალაქის ღირსეული ნაბიჯი დიდი მომღერლის მიმართ. გულსატკენია, რომ ბატონი პაატა მხოლოდ პოლიტიკით აბრუნებს თავის დამოკიდებულებას. ერთხელ საოპერო სცენაზე არ დამდგარა. თავის დროზე ბატონი ასლან აბაშიძე აქო და ჩვენ წყალს გაგვატანა, რომ უარი ვუთხარით 2 მილიონი დოლარით დაფინანსებაზე ქუთაისში ცნობილ მაესტრო პავაროტის კონცერტის ორგანიზებისთვის. ვინ-ვინ და ქუთაისმა იცის დიდი მოღვაწეების მნიშვნელობა. მაგრამ ყველას მინდა ვუთხრა: 1996-97 წლებში 2 მილიონი დოლარის გამოყოფა პავაროტის კონცერტზე, როცა ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა იყო, სირცხვილიც კი იქნებოდა. ეს კონცერტი ბათუმში გადაიტანეს, ყველამ იცის რომ არ შემდგარა. ჩვენ კი გვლალნძღეს.

გულს მიკლავს რაც ეხლა უნდა ვთქვა: მუსიკალური კომპლექსი რომ არ აშენდა ჩვენ მიერ ნაჩუქარ მიწაზე, ფაქტია. მაგრამ ვერც კი წარმოვადგენდი, თუ ის ბატონ პაატას 36 ათას დოლარად ჰქონდა გაყიდული.

მძიმეა, რასაც ვამბობ, მაგრამ გული მწყდება, რომ ხელოვნების კორიფეები პოლიტიკურ მხარეებად იქცნენ და არად დაგიდევენ თავიანთ კოლეგების, მეგობრების და უკვე ქალაქების შეურაცხყოფასაც კი.

ქუთაისი მართალი ქალაქია. ამიტომ მინდოდა, რომ ქუთაისში ყოფილიყო უზენაესი სასამართლო. ეს გაცილებით სხვა სიმაღლე იქნებოდა ქუთაისისთვის, ვიდრე პარლამენტი. ვერ მივიღე მხარდაჭერა ცნობილი მოღვაწეებისგანაც კი. მეტიც, იუნესკოში, და ეს ბატონმა პაატამ კარგად იცის, რასაც ნიშნავს, მსოფლიო კულტურის ცენტრში, პრაქტიკულად ბოლო წერტილში იყო მისული, რომ ქუთაისში დაფუძნებულიყო მსოფლიოს უძველესი ქალაქების ისტორიის შემსწავლელი და ასაკის დამდგენი საერთაშორისო ცენტრი. ასეთი პრეტენზიის მქონე 100 ქალაქს თავიანთი 20-20 ცნობილი მეცნიერი დაეფინანსებინა და ეს ცენტრი მსოფლიოს 2 000 ზე მეტი მეცნიერით, ქუთაისში ყოფილიყო. მხარდაჭერა იუნესკოში მივიღეთ, ქვეყნის მასშტაბით კი, ქუთაისს ვერ გასცდა. მოკლეს იმის შემდგომ ეს აზრი, რაც მე ქალაქის მერი არ ვარ.

დაკიდევ ერთი. ბოლო წერტილში იყო მისული რომ ქუთაისში გადმოსულიყო ტექნიკური უნივერსიტეტი და ქუთაისი ყოფილიყო საუნივერსიტეტო და ინტელექტუალური ბიზნესის ქალაქი. ეს მხარდაჭერაც ქუთაისს ვერ გასცდა. უარესი მოხდა, ორი უნივერსიტეტი შეაერთეს და მთელი ქალაქის ნალოლიავები სოხუმის სუბტროპიკული უნივერსიტეტი წაშალეს და შეუერთეს ქუთაისის უნივერსიტეტს. ვიდრე მერი ვიყავი, ვიბრძოდი ამ შეერთების წინააღმდეგ. ჩემი მერობიდან წასვლის შემდგომ ეს უმნიშვნელოვანი მიმართულება გაანულა სწორედ იმ პოლიტიკურმა გუნდმა, რომელსაც ბატონი პაატა ასე უჭერს მხარს.

ღირსება იმაშიცაა, როცა საპატიო მოქალაქე ქალაქში ჩადის, მომქმედ ხელისუფლებაში უნდა მივიდეს, თუნდაც მათი მოწინააღმდეგე იყოს. ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა, სადაც ვიცხოვრებთ სიყვარულით და არა მტრები ვიქნებით ერთმანეთის. საქართველოს დღეს ჰაერივით სჭირდება დიდი ეროვნული შემოძახილი და თუ არა ქუთაისიდან, დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის ქალაქიდან, საიდან უნდა გაკეთდეს ეს შემოძახილი?! ამას ელოდება საქართველო ქუთაისიდან. ეს არის ცნობილი მოღვაწეების და კორიფეების საქმე და არა პოლიტიკური დახურდავება. აქვს ქუთაისს დღეს ეს ძალა. ეს არის მისი ინტელიგენცია და ხალხი. შეძლებს ქუთაისი ამ შემოძახილის გაკეთებას და კარგი იქნება თუ თქვენ და მსოფლიოში ცნობილი ქართველი მოღვაწეები ამ დიდ საქმეებს შეუერთდებით. არ დავივიწყოთ, ძლიერი ქუთაისის გარეშე, თბილისი ვერ იქნება ძლერი, ძლიერი თბილისისა და ძლიერი ქუთაისის გარეშე კი, საქართველო ვერ იქნება ძლიერი. თბილისს უჭირს, თბილისელებს აღარ ეკუთვნის თბილისი და როგორც მეოცე საუკუნის დასაწყისში, ისევ დასავლეთ საქართველოს, ისევ ქუთაისის შემოძახილია საჭირო დიდი თბილისისთვის. ამაში გავერთიანდეთ. არა მგონია, ამ საქმეში გირჩი გამოგადგეთ და არა მგონია, თქვენი და ნინო ბურჯანაძის ეს პოლიტიკური შემოძახილი საქართველოსთვის სასიკეთო იყოს. მე გთავაზობთ გაერთიანებას ქუთაისიდან დიდი ეროვნული შემოძახილისთვის. ყველას, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, მიუხედავად იმისა, ვის ვის მიმართ სიმპათია და ანტიპათია გააჩნია. უნდა დამთავრდეს საქართველოში ომი ყველა ყველას წინააღმდეგ. დიდმა მოღვაწეებმა შეძელით საკუთარ თავზე გამარჯვება და ყველამ ამოვიგდოთ თავიდან სხვის წინააღმდეგ ბრძოლა, გავიმარჯვოთ საკუთარ თავზე.

აი, ასეთი პატივისცემითა და სიყვარულით ვაკეთებ ამ შემოძახილს ქუთაისიდან. ვწუხვარ, რომ მოღვაწეთა ერთი ნაწილი გაერთიანდა პარტიების ირგვლივ, როცა მთელი საქართველო უნდა გაერთიანდეს მეცნიერების და მეცნიერთა პროგრამების ირგვლივ. ეს არის მენციერთა კონგრესის პროგრამა, „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ , რომელსაც სწორედ მოღვაწეების მხარდაჭერა სჭირდება. ამ შემთხვევაში საქართველო იქნება არა პოლიტიკოსების, არამედ საქართველო იქნება ხალხის და მოღვაწეების და ჩვენ ვიცხოვრებთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში.

რაც ვთქვი, ვთქვი ტკივილით. რომ არა იძულება, ამას არ გავაკეთებდი. 1990 წელს, როცა მთელი საქარტველო ერთ დიდ ეროვნულ სხეულად იქცა, აგვისტოს თვეში გაზეთ “ლიტერქტურულ საქართველოში” მწერალ ცირა შალაშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში მოვუწოდე კომუნისტურ პარტიას, მონაწილეობა არ მიეღო არჩევნებში და ეროვნული ძალებისთვის დაეთმო ხელისუფლება. ამ სტატიის სათაურია “ქუთაისში კენჭიც კი მიყვარს”. ასე ვცხოვრობდი, ასე ვცხოვრობ. დღეს 28 ოქტომბერია. ყველა პოლიტიკოსის მიერ დავიწყებული თარიღი. 31 წლის წინ, შედგა პირველი მრავალპარტიული არჩევნები და საქართველომ გაიმარჯვა. ამ თარიღის შემდგომ, პოლტიკოსები ებრძვიან და ებრძვიან ამ გამარჯვებას. ვწუხვარ, რომ ნებსით თუ უნებლიედ, ცნობილი მოღვაწეებიც ხდებიან ა ანტიქართული ბრძოლის მონაწილე. დღესაც ტკივილით ვიხსენებ, 1992 წელს თქვენ გნახეთ ბატონ თენგიზ სიგუასთან და თენგიზ კიტოვანთან ერთად, სწორედ მაშინ, როცა ზვიად გამსახურდია ბუნკერში იყო. დიდი ძალა უნდა დღეს იმას, რომ ინტელიგენტი იყო. ინტელიგენტი არის ის, რომელიც ხელისუფლებას კი არ იცავას ხალხისგან, არამედ ხალხს იცავს ხელისუფლებისგან. ვწუხვარ, რომ საქართველოში ბევრმა დაივიწყა ინტელიგენტის მთავარი როლი და დგებიან პოლიტიკოსებთან. მე არ ვუსურვებდი არც ერთ მოღვაწეს 2007 წლის 7 ნოემბრის და 2010 წლის 26 მაისის ავტორებთან. მე ვარ, ბატონო პაატა ის პიროვნება, რომელსაც პოლიციამ გადამიარა. თქვენ სწორედ იმ პოლიციის ერთ-ერთ ლიდერთან დგახართ ქუთაისში.

დავამთავრებ ოპერის  დირექტორთან შეხვედრას და გავალ ქუთაისის ბულვარში. ეს ბულვარია ქუთაისის ნამდვილი პარლამენტი. სწორედ ეს ბულვარი აერთიანებს ორ თეატრს: ქუთაისის ლადო მესხიშვილისა და ოპერის თეატრებს., ქართული თეატრის ორ დიდ საყრდენს. თუ ქუთაისში ხართ, მოდით ამ ბაღში. გავმართოთ კაცური საუბარი,. გვიანობამდე ვიქნები ამ ბაღში. ხვალ კი სწორედ იმ ეზოსთან მივალ, რომელიც საჩუქრად გადმოგეცით მუსიკალური კომპლექსის შექმნისთვის და მოდით, იქაც შევხვდეთ 12 საათზე.

ეს წერილი ჩემთვისაც განსაწმენდელია. ქვეყანას უჭირს. დღეს პოლიტიკაშიც და ინტელიგენციაშიც სწორედ ის ხალხია საჭირო, ვინც აერთეს და არ ჰყოფს. ვინც შეძლო ამოეშანთა საკუთარ თავში სიძულვილი და ცხოვრობს სიყვარულით. ქუთაისია სიყვარულის ქალაქი. ქუთაისი ყოველთვის იყო დიდი ქართული სიყვარულის საყრდენი. აი, რისთვის, როგორი მომავლის საქართველოსთის უნდა გავერთიანდეთ.

პ.ს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემი ფეისბუქი 23 საათით დაბლოკეს. მინფდოდა პირდაპირი ჩართვა გამეკეთებინა. მიზეზი არ ვიცი. ბრძოლა ბრძოლაა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მე სიკეთით გამარჯვების მომხრევარ. დანარჩენს ხვალ საღამოს ვიტყვი ჩემს გამოსვლაში

თეიმურაზ შაშიაშვილი
28 ოქტომბერი, 2021 წელი
ქუთაისი

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *