მეცნიერთა კონგრესი

ანზორ საკანდელიძე: თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამა

 

ანზორ საკანდელიძე

საქართველოს რეფორმატორთა კავშირი

 

თბილისისა და თბილისელების გადარჩენის  მეგაპროგრამა

 

 

2017 წელი

 

სარჩევი

  1. შესავალი 

2. თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამის სამშენებლო რეფორმები

3. თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამის  ეკონომიკური რეფორმები

 

 

თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამა

შესავალი

„არა თავისა თვისისათვის მხოლოდ,

არამედ სიყვარულისათვის მამულისა.“

სამშობლოს სიყვარულის გამომხატველი ეს საოცარი სიტყვებია დაწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის რუსეთის წინააღმდეგ 1832 წლის შეთქმულების ყველაზე ახალგაზრდა აქტიური მონაწილის, რუსების მიერ ერთ-ერთ ყველაზე საშიშად მიჩნეული და ამიტომ მუდმივ პატიმრობამისჯილი, 1836 წელს პატიმრობაში 31 წლის ასაკში გარდაცვლილი, ევროპული დონის ცნობილი ფილოსოფოსისა და დიდი მამულიშვილის, მთაწმინდის პანთეონში განსვენებული სოლომონ დოდაშვილის გულზე დადებულ საფლავის ქვაზე.

ამ სიტყვებს განსაკუთრებული დატვირთვა ეძლევა დღეს, როცა თბილისელებმა უნდა ავირჩიოთ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მდგარი თბილისისა და თბილისელების მერი. სამწუხაროდ, დღემდე არჩეულმა მეტნაკლებად ყველა მერმა იღვაწეს „თავისა თვისისათვის მხოლოდ“ და არაფერი არ გაუკეთებიათ „სიყვარულისათვის მამულისა“ და სიყვარულისათვის თბილისისა. კიდევ ერთი ასეთი მერის 4-წლიან მერობას თბილისი ვეღარ გაუძლებს, რადგან თბილისის ყოფილმა ვაიმერებმა თბილისი კი არ მიიყვანეს, თბილისში უკვე დაამკვიდრეს ის წარმოუდგენელი სამშენებლო (განსაკუთრებით სეისმური და სამშენებლო-ეკოლოგიური) და ეკონომიკური უბედურებები, რომელთა გაგრძელებამ შეიძლება მიგვიყვანოს ისეთ ცოდვიან კატასტროფამდე, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა შეგვრაცხონ უსჯულოებად და მოგვიგონონ ბიბლიური იერემია წინასწარმეტყველის ამ სიტყვებით: „მამათა ჩვენთა ცოდეს და, არღა არიან, და ჩვენ უსჯულოებათა მათთა მოვისჟამთ“.

ეს უბედურებები გამოიწვია ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე განუკითხავმა კატასტროფულმა პოლიტიკურმა (სახელმწიფო გადატრიალება, სამოქალაქო ომები, მხედრიონისა და ნაციონალების თარეში, ტერიტორიების დაკარგვა, ადმინისტრაციული და სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლა) და ეკონომიკურმა (ათეული მილიარდობით დოლარის სახელმწიფო ქონების დატაცების მიზნით სამოქალაქო ომის წლებში ჩატარებული უდიდესი მასშტაბების ყაჩაღური პრივატიზაცია, სახელმწიფოს ხელშეწყობით 2 მილიონზე მეტი მეანაბრის კუთვნილი მილიარდობით დოლარის ანაბრების კერძო ბანკების მიერ მიტაცება, მდიდრების კიდევ უფრო გამდიდრებასა და ღარიბების კიდევ უფრო გაღარიბებასა და მაფიოზურ-ეკონომიკური კლანების თარეშზე ორიენტირებული ადამ სმიტისეული არასახელმწიფორეგულირებად-ლიბერასტული საგადასახადო კოდექსის დღემდე დამანგრეველი 20-წლიანი მოქმედება, კრიმინალური კლანების მიერ ასეული ათასობით მცირე მეწარმეების დასახმარებლად გამოყოფილი ათეული მილიონობით დოლარის მისატაცებლად მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონის 2006 წელს დანაშაულებრივად გაუქმება და დღემდე დანაშაულებრივად არაღდგენა, მთელ მსოფლიოში მშენებლობის სეისმო-ეკოლოგიური უსაფრთხოების, ენერგოეფექტურობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დაცვის მთავარ გარანტად აღიარებული მშენებლობის სამინისტროს 2004 წელს დანაშაულებრივად გაუქმება და დღემდე დანაშაულებრივად არაღდგენა, 2000 წლიდან დღემდე თბილისის მერიაში გამეფებული დანაშაულებრივი არაპროფესიონალიზმი, ნეპოტიზმი, დაუმსახურებელი სახელფასო დანამატები, კორუფციული სქემებით სამშენებლო მარეგულირებელ-მაკონტროლებელი და საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის მიზანმიმართული მოშლა-განადგურება, საბანკო, მიკროსაფინანსო, სააფთიაქო, აზარტული თამაშების, ელექტროენერგიის, საწვავის, კვებისა და სხვა ბიზნესების მასიური მონოპოლიზაცია-კრიმინალიზაცია) მოვლენებმა, რომლებმაც ყოფნა-არყოფნის უმძიმესი საშიშროების წინაშე დააყენა მთლიანად საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და, განსაკუთრებული სიმძაფრით, თბილისის, როგორც დასახლებული ქალაქის გეოგრაფიულ რუკაზე არსებობა!

ეს არის თბილისელებისათვის დამალული ტრაგედია, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში თბილისში ენით აუწერელი, მსოფლიოში „ჯერ არნახული, ჯერ არგაგონილი“ დარღვევებით გაცემული ნებართვებით დაწყებულმა, ყოველგვარი ტექნიკური ზედამხედველობის გარეშე, სახელმწიფო სტანდარტების, სამშენებლო ნორმების და წესების აბსოლუტური იგნორირებით გაგრძელებულმა, ასევე ყოველგვარი ლაბორატორიული შემოწმების აბსოლუტური იგნორირებით დამთავრებულმა და დანაშაულებრივი ფორმალური მიღება-ჩაბარების აქტებით მერიის მიერ ექსპლუატაიაში მიღებულმა მშენებლობებმა თბილისი დღეს მიიყვანა იმ საბედისწერო შედეგებამდე, რომ თბილისს უკვე აღარაფერი აღარ ეშველება, განწირულია დასანგრევად და უნდა სასწრაფოდ დავიწყოთ აქტიური ბრძოლა თბილისელების გადასარჩენად ნანგრევებში ჩამარხვისაგან!

აქედან გამომდინარე, წინასწარი შეთანხმებებით თბილისის მოსახლეობის გეგმაზომიერი დაბალანსებული გახიზვნის შემდეგ, ჯობს თბილისი თანდათანობით ჩვენ თვითონ დავანგრიოთ, ვიდრე ერთბაშად სტიქიურად დაანგრიოს მოსალოდნელმა 8-9 ბალიანმა მიწისძვრებმა და ნანგრევებში ჩამარხოს ამჟამად თბილისში მცხოვრები თითქმის ნახევარი საქართველო. აი, რეალურად რა უდიდესი სეისმოსაფრთხეების წინაშე დგას დღეს თბილისი და ამიტომ, პირველ რიგში, მერობის კანდიდატებს უნდა მოვთხოვოთ თბილისის სეისმოუსაფრთხოების დაცვის პროგრამებზე მსჯელობა.

არადა, ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ, რომ ქვეყანა ასეთ საშინელ ტრაგედიამდე არ მისულიყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მიუხედავად ჩვენი თავდადებული ბრძოლისა არ გაუქმებულიყო მშენებლობის სამინისტრო, ხელისუფლებაში ახლად მოსულმა ნაციონალებმა პირველი დიდი ეროვნული უბედურების ტოლფასი ნაბიჯი გადადგეს და მშენებლობის სამინისტროს გაუქმებით (რომელიც არსებობს ევროკავშირისა და პოსტსაბჭოურ თითქმის ყველა ქვეყანაში!) ქართველი ხალხი ყოველგვარი პრევენციული დამცავი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობის გარეშე პირისპირ დატოვეს მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად კატასტროფული ტემპებით მუდმივად მზარდი სეისმური და სამშენებლო-ეკოლოგიური მომაკვდინებელი საფრთხეების წინაშე!

უპირველეს ყოვლისა, 2004 წელს მშენებლობის სამინისტროს გაუქმებისთანავე, ჩვენ დავაარსეთ ასოციაცია „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ და გადავწყვიტეთ მთელ საბჭოთა კავშირში გამორჩეული და უძლიერესი ამ სამინისტროს ნანგრევებისაგან საერთაშორისო დონის უმაღლესი პროფესიონალები მაინც როგორმე გადაგვერჩინა. ამ მიზნით ასოციაციასთან ჩამოვაყალიბეთ სამშენებლო პროექტების ექსპერტიზის, მშენებლობის სეისმოუსაფრთხოების, სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების, მშენებლობის ენერგოეფექტურობის, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, მშენებლობის სამეცნიერო-ინოვაციური კომისიები და ამ კომისიების თავმჯდომარეებად და წევრებად მოვიწვიეთ გამორჩეული პროფესიონალები. პარალელურად დავიწყეთ და დღემდე ვაგრძელებთ სისტემატურ ბრძოლას მშენებლობის სამინისტროს აღდგენისათვის ისრაელის მშენებლობის სამინისტროს მოდელით. პრესაში გამოვაქვეყნეთ ასეულობით სტატიები და ინტერვიუები.

როცა დავრწმუნდით, რომ სეისმური და სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების არდამუშავებით, არამოქმედებით და ქართველი ერის ყოფნა-არყოფნის ტოლფასი ამ სასიცოცხლო პრობლემების მოგვარებაზე მკაცრი კონტროლის არდაწესებით (რაც დღემდე გრძელდება!) საქართველოში ფაქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ფარული გენოციდი, 2010 წლის 25 აგვისტოს დავწერეთ აპოკალიპსური წერილი „ფრთხილად, შევდივართ საერო და სასულიერო კატაკლიზმების ათწლეულებში“, რომელიც სრულად განთავსებულია ჩემს პირად ფეისბუქ გვერდზე. ეს წერილი 26 აგვისტოს ოფიციალურად გავუგზავნეთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პატრიარქს, თბილისის მერსა და ბატონ ბიძინა ივანიშვილს, როგორც ცნობილ ქველმოქმედს.

ამ აპოკალიფსურ წერილში საუბარია უახლოეს ათწლეულებში საქართველოსა და მთელ მსოფლიოში მოსალოდნელი დიდი მასშტაბების საერო და სასულიერო კატაკლიზმებისაგან თავის დასაცავად გასატარებელ პრევენციულ ღონისძიებებზე. ძირითადად კი განხილულია, როგორ გადავარჩინოთ თბილისი და თბილისელები მოსალოდნელი 8-9 ბალიანი დამანგრეველი მიწისძვრებისა და უკვე ამოქმედებული სამშენებლო-ეკოლოგიური კატასტროფული საფრთხეებისაგან.

მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, თბილისშიც ჩვენი პრევენციული ღონისძიებები ითვალისწინებს, როგორც მშენებარე, ისე დაუმთავრებელი და აშენებული საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების შემოწმებებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ასობით დაუმთავრებელ შენობებს, რომელთა მშენებლობა მრავალი წელია შეჩერებულია ყოველგვარი საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარების გარეშე და, აქედან გამომდინარე, მათი აბსოლუტუირ უმრავლესობა დაექვემდებარება დანგრევას.ამის შემდეგ, შემოწმების შედეგებისა და მოსახლეობის თანხმობის გათვალისწინებით, თბილისში უნდა დაიწყოს მოსახლეობის დაბალანსებული გეგმაზომიერი გამოსახლებები ავარიული საცხოვრებლებიდან და მათი ჩასახლებები ქართულ სოფლებში წინასწარ აშენებულ კომფორტულ საცხოვრებლებში საკუთარი მიწის ნაკვეთებით, კეთილმოწყობილი დამხმარე სათავსებითა და გარანტირებული სამუშაო ადგილებით.

სამშენებლო სამუშაოები უნდა ჩატარდეს ახალი მაღალეფექტური ტექნოლოგიებით და ამ მიზნით ჩვენ, რუსეთიდან დაბრუნებულ, უმაღლეს პროფესიონალ და უნიჭიერეს მშენებელთან, თემურ ბულიასთან ერთად 2011 წელს დავაარსეთ და ავამუშავეთ შპს „მშენებლობა ახალი ტექნოლოგიებით“, რომელიც ევროპული ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით აპროექტებდა და აშენებდა სეისმურად უსაფრთხო საცხოვრებელ სახლებს. ეს იყო უაღრესად ყურადსაღები, რადგან 2011 წელს გამოქვეყნდა შოკისმომგვრელი სტატისტიკა, რომ 2000-2010 წლებში 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში მიწისძვრებით დაიღუპა 43%-ით უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე დაიღუპა 1950-2000 წლების 50 წლის განმავლობაში!

სამწუხაროდ, ჩვენ მიერ გაგზავნილ აპოკალიპსურ წერილს გამოეხმაურა მხოლოდ საქართველოს პატრიარქი, რომელმაც გააკეთა სენსაციური განცხადება, რომ ახალი ქართული სოფლების აშენებისა და ძველი სოფლების აღდგენა-განახლებისათვის საპატრიარქო მზადაა უსასყიდლოდ გასცეს ეკლესიის მფლობელობაში არსებული მრავალი ათასი ჰექტარი მიწა და ამისათვის დამუშავდება სპეციალური კონცეფცია.

აპოკალიპსურ წერილში შემოთავაზებული თბილისისა და თბილისელების გადარჩენის პროგრამა ძირითადად ეყრდნობა ჩვენს მიერ 2004 და 1998 წელს დაარსებული „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ და „თავისუფალ მცირე მეწარმეთა“ ასოციაციების მიერ 20 წლის განმავლობაში დამუშავებულ სამშენებლო და ეკონომიკურ რეფორმებს. 2012 წელს დავარეგისტრირეთ „საქართველოს რეფორმატორთა კავშირი“, როგორც ამ 2 ასოციაციის სამართალმემკვიდრე და მათ მიერ დაწყებული სამშენებლო და ეკონომიკური რეფორმების გამგრძელებელი იურიდიული პირი. ამ გზით მივაღწიეთ, რომ თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამის რეფორმების ჩატარება მოექცა ერთი არასამთავრობო იურიდიული პირის, „საქართველოს რეფორმატორთა კავშირის“ ხელში, რომელსაც შეუძლია უაღრესად გამოცდილი და მაღალკვალიფიციური საკუთარი კადრებით ჩაატაროს მის მიერვე დამუშავებული თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამის როგორც სამშენებლო, ისე ეკონომიკური რეფორმები.

 

თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამის

სამშენებლო რეფორმები

 

თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამაში თბილისში გასატარებელ სამშენებლო რეფორმებს ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2004 წელს ხელისუფლებამ გააუქმა მთელ მსოფლიოში შენობა-ნაგებობათა დაპროექტების საიმედობის, სეისმომედეგი მშენებლობის, სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების, მშენებლობის ენერგოეფექტურობისა და მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების მთავარ გარანტად აღიარებული მშენებლობის სამინისტრო ისე, რომ სხვა რაიმე ალტერნატიურლი სახელმწიფო სტრუქტურა დღემდე არაფერი არც დაუფინანსებია და არც შეუქმნია. ამის გამო დღეს მთელი მშენებლობა გახვეულია ქაოსში, მიტოვებული და მიშვებულია ბედის ანაბარად. ეს ტოტალური განუკითხაობა კი მთელი საქართველოსა და, გამორჩეულად, თბილისისათვის დამთავრდება წარმოუდგენელი კატასტროფით, პირველ რიგში, მთელ მსოფლიოში მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფის ყველაზე დიდ რისკ-ფაქტორებად აღიარებული სეისმური და სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების აბსოლუტური იგნორირების გამო.

ამ დროს, ცნობილი გეოფიზიკოსი, აკადემიკოსი თამაზ ჭელაძე გვაფრთხილებს, რომ ჩრდილოეთიდან გვემუქრება 9-ბალიანი დამანგრეველი მიწისძვრები კავკასიონის მთელ ქედზე მასიურად მიმდინარე მთის ქანების დაშლის გამო. უფრო დამანგრეველი ძალის მიწისძვრები გველოდება სამხრეთიდანაც, რადგან ჩვენს ევრაზიის ფილაქანს დაეჯახა ჩრდილოეთისაკენ მცოცავი არაბეთის ფილაქანი და ამ დაჯახების გამო კატასტროფული მიწისძვრები, რისთვისაც ყოველდღიურ რეჟიმში დაძაბულად ემზადება ჩვენს გარდა ევრაზიის ყველა ქვეყანა,გარდაუვალია!

თბილისელების ნამდვილი ფარული გენოციდია ცივილიზებული მსოფლიოსათვის წარმოუდგენელი ფაქტი, რომ დღეისათვის თბილისში აშენებული არც ერთი შენობა-ნაგებობა (მათ შორის, საცხოვრებელი შენობებიც!) არ არის შემოწმებული სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე. უფრო მეტიც, ასეთი ნორმები საქართველოში ჯერ არც დაუმუშავებიათ, არც დაუკანონებიათ, არც აუმოქმედებიათ და ამ მიზეზით თბილისში ყოველდღიურად ბევრი ავადდება, ბევრს დაავადება უმძიმდება და ბევრი მძიმედ დაავადებული კვდება, გამომდინარე იმ სტატისტიკიდან, რომ დღეს მსოფლიოში გარდაცვლილთა ნახევარზე მეტი იღუპება სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დარღვევებით გამოწვეული დაავადებებისაგან!

ამ სასიკვდილო რისკების განეიტრალების პრევენციაში თბილისის მერია უკვე აღარ უნდა დარჩეს ცენტრალური ხელისუფლების იმედზე, რომელმაც თავისი არაკომპეტენტურობითა და აბსოლუტური უმოქმედობით თბილისი და თბილისელები ფაქტიურად გაწირა დასაღუპავად და თვითონ უნდა მიხედოს თავის თავს მის მიერვე დამუშავებული და განხორციელებული ახალი ეფექტური სამშენებლო რეფორმებით. ამ რეფორმების ცხოვრებაში რეალურად გატარებას კი აუცილებლად დაჭირდება მერიის უფლებამოსილების გაზრდა და უნდა მომზადდეს შესაბამისი ცვლილებების პაკეტი არსებულ საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებში შესატანად.

ამ უდიდესი საფრთხეებიდან გამომდინარე, თბილისის მერიამ უნდა შექმნას შენობა-ნაგებობათა დაპროექტების საიმედობის, სეისმომედეგი მშენებლობის, სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების, მშენებლობის ენერგოეფექტურობისა და მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის ეფექტურად განხორციელების საკუთარი სტრუქტურები, რაც მოითხოვს მერიის ძირეულ ადმინისტრაციულ-სტრუქტურულ რეორგანიზაციას შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და კვალიფიციური კადრების შერჩევა-მომზადების უზრუნველყოფით.

გარდა ამისა, ვინაიდან თბილისი, სადაც 25 წელიწადზე მეტია სეისმომედეგობაზე არ შემოწმებულა არც ერთი შენობა-ნაგებობა, ხოლო სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოება, საერთოდ, დღემდე აბსოლუტურად იგნორირებულია, შეიძლება გამოცხადდეს სეისმური და სამშენებლო-ეკოლოგიური უბედურების ზონად და თბილისში გატარდეს უბედურების ზონებისათვის მსოფლიო ანალოგიების შესაბამისი განსაკუთრებული საგანგებო ეკონომიკური და სხვა სახის ღონისძიებები საშიშროებების აღმოფხვრამდე. მოსახლეობის მასიური განადგურების ამ საშიშროებების აღმოფხვრაზე კი შესაძლებელია მივიღოთ სოლიდური საერთაშორისო დახმარებები.

სასიკვდილო საფრთხეებიდან გამომდინარე, თბილისის მერიის სისტემაში უნდა გაერთიანდეს სამშენებლო კომპლექსის (მეცნიერება, დაპროექტება, ინდუსტრია, მშენებლობა) ის ბიზნესსუბიექტები, რომლებიც შეიძლება გახდეს მთლიანი ან საკონტროლო პაკეტის მფლობელი მთლიან ან ნაწილობრივ თვითანაზღაურებაზე მომუშავე, მერიის კუთვნილი მუნიციპალური შპს-ები. ეს, პირველ რიგში, იქნება საბჭოურ და ევროპულ სივრცეში ერთ დროს დიდად წარმატებული, დღეს კი ფაქტიურად განადგურებული სამშენებლო დარგის ყოფილი სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტების გაერთიანება გადარჩენილი ქონებით (მათ შორის, უნიკალური არქივებით, რომლებიც უპატრონობის გამო ყოველწლიურად ნადგურდება!), ჯერ კიდევ შემორჩენილი მაღალპროფესიონალი კადრებითა და საერთო საფირმო სახელწოდებით, შპს „თბილისის სამშენებლო სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტი“.

ამ ინსტიტუტის აღდგენასა და მის წარმატებულ ფუნქციონირებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოში სამშენებლო მეცნიერება საბოლოოდ მოკვდება თუ არა. ის გახდება თბილისის სათაო სამშენებლო-საპროექტო და საექსპერტო ორგანიზაცია. აქ დამუშავდება ახალი ეროვნული სამშენებლო სტანდარტები, ნორმები და წესები. ამ ინსტიტუტში სისტემატურად იმუშავებს მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველების მომზადება-გადამზადების კურსები, რადგან ევროკავშირის სტანდარტია, რომ მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველების გადამზადება უნდა მოხდეს ყოველ 5 წელიწადში. ინსტიტუტის მიერ მომზადებული ტექნიკური ზედამხედველები მუდმივად იმუშავებენ თბილისის ყველა სამშენებლო ობიექტზე.

ინსტიტუტი დაამუშავებს სეისმომედეგი მშენებლობის დაპროექტების, სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტური მშენებლობის ახალ ნორმებს და თავისი ექსპერტებით შეამოწმებს ამ ნორმების დაცვას მშენებარე თუ უკვე აშენებულ შენობა-ნაგებობებზე სპეციალურად გამოცემული საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების საფუძველზე, სადაც განსაზღვრული იქნება ამ ახალი ნორმების მოქმედებაში შესვლის გონივრული ვადები.

ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების, აგრეთვე სეისმომედეგობის, სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტური მშენებლობის ნორმების დაცვაზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების ღირებულებას გადაიხდის მშენებარე ორგანიზაცია, რომელიც ამ აუცილებელ ხარჯს შეიტანს სამშენებლო ობიექტების საერთო სახარჯაღრიცხვო ღირებულებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მერიის მიერ მშენებლობის ნებართვა აღარ გაიცემა.

ინსტიტუტი აქტიურად დაიწყებს თბილისში გათვალისწინებული მშენებლობის არსებული საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის მოწესრიგებასა და შევსებას ახალი საკანონმდებლო-ნორმატიურლი აქტებით. თბილისის მერიაში შეიცვლება მშენებლობის ნებართვების გაცემის მავნე პრაქტიკა მშენებლობის პროექტის მხოლოდ არქიტექტურული ნაწილის ნახაზების წარდგენით, თანაც არასრულყოფილი სახით. მშენებლობის ნებართვების გაცემა იწარმოებს მხოლოდ ატესტაცია-სერტიფიცირებული საპროექტო ორგანიზაციის მიერ სრულყოფილად და სრული მოცულობით შესრულებული მშენებლობის პროექტის წარდგენის შემდეგ. გაიზრდება მოთხოვნები მაღალსართულიანი და, განსაკუთრებით, 100 მ-ზე მაღალი კორპუსების დაპროექტება-მშენებლობაზე, აგრეთვე შენობა-ნაგებობათა სეისმომედეგობის, სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მშენებლობის ენერგოეფექტურობის საპროექტო ნორმების დაცვის უზრუნველყოფაზე. დაწესდება მკაცრი კონტროლი, რომ თბილისში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები აწარმოოს მხოლოდ ატესტირებულმა და სერტიფიცირებულმა სამშენებლო ორგანიზაციებმა.

     მერია განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს, უმკაცრეს კონტროლზე აიყვანს და სამართლიანად დასჯის ყველას, ვინც 3 საკანონმდებლო-ნორმატიული აქტის სავალდებულო მოთხოვნათა დანაშაულებრივი იგნორირებით უდიდესი ზარალი მიაყენა როგორც თბილისს, ისე მის მოსახლეობას. ასეთი საკანონმდებლო-ნორმატიული აქტია, უპირველეს ყოვლისა, 2010 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული და 2014 წლის 15 იანვრის საქართველოს მთავრობის დადგენილება N71-ით კიდევ უფრო გაძლიერებული „სამშენებლო ნორმები და წესები-„სეისმომედეგი მშენებლობა (პნ 01.01.09)“, რომელიც 4 უნიკალური სეისმოუსაფრთხოების დამცავი სამუშაოს ჩატარების გარეშე (ამ სამუშაოთა ჩატარების შესაძლებლობა კი საქართველოში არ არსებობს და ამიტომ დღემდე ეს სამუშაოები არც ერთ სამშენებლო ობიექტზე ჯერ არ ჩატარებულა!) რკინაბეტონის კარკასული ტიპის მშენებლობების სართულიანობას ზღუდავს 12 სართულამდე, რკინაბეტონის ურიგელო კარკასული ტიპის მშენებლობებს კი 7 სართულამდე!

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ამ ნორმატიული აქტის მოთხოვნათა დანაშაულებრივი იგნორირებით თბილისში უკვე მასიურად აშენდა და დღესაც შენდება მაქსიმუმ 12 თუ 7 სართულიანების ნაცვლად გაცილებით უფრო მრავალსართულიანი (ზოგჯერ 3-ჯერ და უფრო მეტჯერაც კი!) რკინაბეტონის კარკასული და ურიგელო კარკასული ტიპის საცხოვრებელი კორპუსები. ეს კი დიდ საშიშროებას უქმნის ამ კორპუსებში მაცხოვრებლებს, მით უმეტეს, რომ 25 წელიწადზე მეტია თბილისში აშენებული არც ერთი შენობა არ შემოწმებულა სეისმომედეგობაზე!

აქედან გამომდინარე, მერიამ დროებით უნდა შეაჩეროს ასეთი მრავალსართულიანი კორპუსების დაპროექტება-მშენებლობის სამუშაოები და მშენებარე ორგანიზაციების ხარჯებით ჩაატაროს მშენებარე თუ უკვე აშენებული კორპუსების შემოწმება სეისმომედეგობაზე. მხოლოდ ასეთი შემოწმებების შედეგად გაიცემა ნებართვები დროებით შეჩერებული სამშენებლო ობიექტების მშენებლობის გაგრძელებაზე. იმ ობიექტების ბედს კი, რომელთა სეისმომედეგობა აღმოჩნდება საპროექტო 8 ბალზე ნაკლები, გადაწყვიტავს თბილისის მერის მშენებლობის დარგში მრჩეველთა სპეციალური საბჭო.

ამ საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, აგრეთვე, უკვე მრავალი წელია ყოველგვარი წინასწარი საკონსერვაციო სამშენებლო სამუშაოების ჩატარების გარეშე თბილისში წლობით გაჩერებული დაუმთავრებელი ასობით სამშენებლო ობიექტების ბედი. ორმხრივ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმში გათვალისწინებული ვალდებულებებით მერის მშენებლობის დარგში მრჩეველთა სპეციალური საბჭოს ფუნქცია შეიძლება შეასრულოს საქართველოს რეფორმატორთა კავშირთან 2017 წლის 24 მარტს დაარსებულმა „საქართველოს მშენებელთა ლიგამ“, რომელიც წარმოადგენს 2004 წელს ჩვენს მიერ დაარსებული „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ ასოციაციის მიერ დაწყებული სამშენებლო რეფორმების გამგრძელებელ სამართალმემკვიდრეს.

აღსანიშნავია, რომ მრავალსართულიანი კორპუსების შემზღუდავი, 2010 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული, ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო-ნორმატიული აქტის გამოყენებით ჩვენ თბილისის მერიასა და ინვესტორს, შპს „ბდ პროფერთის“ მოვუგეთ რა სამივე დონის სასამართლო, კერძოდ, 2015 წლის 15 მაისს საქალაქო, 2015 წლის 22 დეკემბერს სააპელაციო და 2016 წლის 16 ივნისს უზენაესი, მივაღწიეთ თბილისში, ასათიანის ქუჩის N10 მისამართზე, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე, 32-სართულიანი (ნაცვლად მაქსიმუმ 12-სართულიანებისა!) 6 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას. ეს იყო თბილისში სასამართლოს წესით მშენებლობის შეჩერების პირველი პრეცენდენტი!

ვაპირებთ გავაგრძელოთ ბრძოლა, რომ პრეცენდენტული სამართლის წესის გამოყენებით, უკანონო მშენებლობის შეჩერების ამ სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილების გამოყენებით, თბილისში შევაჩეროთ 12 და 7 სართულიანებზე უფრო მაღალი და, აქედან გამომდინარე, სეისმოსაშიში, უკვე დაწყებული მრავალსართულიანი რკინაბეტონის კარკასული და ურიგელო ტიპების ანალოგიური უკანონო მშენებლობები. დარწმუნებული ვართ, რომ ამ უკანონო მშენებლობების შეჩერების სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილებების აღსრულებაში მოყვანა თბილისელების სასარგებლოდ დიდ ეკონომიკურ ზარალს მოუტანს ვაიინვესტორებსა და თბილისის მერიას. მაგალითად, შპს „ბდ პროფერთმა“ სასამართლოზე პირდაპირ განაცხადა: ჩვენ თბილისის მერიამ მოგვცა მშენებლობის ნებართვა და დღემდე არ გავუჩერებივართ. უკვე ავაშენეთ ერთი 32-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის კარკასი. თუ მერია თქვენი გადაწყვეტილებების საფუძველზე ახლა გაგვაჩერებს, მას მოუწევს ჩვენს მიერ დახარჯული 10 მილიონი დოლარის გადახდა. ეს ვაიინვესტორი დღემდე ამ სიტყვებით აშანტაჟებს მერიის ხელმძღვანელობას.

მე-2 სკანდალური საკანონმდებლო-ნორმატიული აქტია საქართველოში 2008 წელს ბუნებრივი განათებულობისა და ინსოლაციის კანონის გაუქმება, რომელიც უდიდეს უბედურებად დაატყდა თავს თბილისელებს. ამ კანონის გაუქმებით ახლად აშენებული შენობები მეზობელ არსებულ შენობებს ისე კატასტროფულად დაუახლოვეს, რომ უხეშად დაირღვა ელემენტარული არქიტექტურული, სახანძრო, სადრენაჟო-წყალარინებისა და დაბნელებული საცხოვრებელი ბინების ბუნებრივი განათებულობისა და ინსოლაციის ნორმები. რაც მთავარია, ვეღარ ხერხდება ამ ოთახების ბუნებრივი ვენტილაცია და ამის გამო სარემონტოდ გამოყენებული ფალსიფიცირებული მოსაპირკეთებელ-სანტექნიკური მასალებიდან უხვად ამოფრქვეული, განსაკუთრებით საშიში რადონითა და სხვადასხვა ტოქსიკური აირებით სისტემატურად იწამლებიან მძიმე დაავადებებისათვის განწირული თბილისელები. ასეთ სასიკვდილო რისკებს კიდევ უფრო ამძიმებს საცხოვრებელ ბინებში მუდმივად დაბუდებული მრავალი ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობების გამანადგურებელი მზის სხივების ვერშეღწევა ამ დაბნელებულ და უვენტილაციო ბინებში.

ბუნებრივი განათებულობისა და ინსოლაციის კანონის გაუქმებით მოხდა მრავალი თბილისელის პირადი საკუთრების ხელყოფაც, როცა ყოველგვარ ზღვარგადასული ახლო მანძილის დაშორებით დაწყებულმა მშენებლობებმა, განსაკუთრებით მაღლივმა მშენებლობებმა, მასიურად საძირკვლები დაუზიანა და ავარიულები გახადა მეზობლად არსებული, მშენებარეზე გაცილებით დაბალსართულიანი შენობები და, შესაბამისად, კატასტროფულად შეამცირა მათი გასაყიდი საბაზრო ღირებულებები.

2008 წლიდან თბილისში მიმდინარე ამ მასიური ვანდალიზმის შესაჩერებლად საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 18 ივნისს მიიღო სპეციალური დადგენილება N409, სადაც ვკითხულობთ: „სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგულირების მიზნით, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების მიღებამდე, აღიარებული და საქართველოს ტერიტორიაზე დროებით სამოქმედოდ დაშვებული იქნეს ყოფილი საბჭოთა კავშირის 1992 წლამდე მოქმედი და შემდგომ პერიოდში მოდიფიცირებული სამშენებლო ნორმები და წესები, ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტები და მათი ის ნაწილები, რომელთა ალტერნატივა არ არსებობს საქართველოში“.

ჩვენ მოვიძიეთ და გავარკვიეთ, რომ 2014 წლის 18 ივნისიდან ამ სამთავრობო დადგენილებით საქართველოში ამოქმედებულია 2011 წელს მოსკოვში განახლებული რედაქციით გამოცემული 1987 წლის საბჭოური სამშენებლო ნორმა სნ42.13330.2011, სადაც ვკითხულობთ: „საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობათა, ასევე საწარმოო შენობათა შორის მანძილის დადგენა უნდა განხორციელდეს ინსოლაციისა და განათების გათვლების მოთხოვნათა საფუძველზე“ და ამის შემდეგ მოყვანილია სხვადასხვა სახის შენობებს შორის დაშორებების კონკრეტული მანძილები მეტრებში.

სამწუხაროდ, მერიამ იგნორირება გაუკეთა რა საქართველოს 2014 წლის 18 ივნისის მთავრობის N409 დადგენილებას, 2008 წლიდან დღემდე ნამდვილ ჯოჯოხეთში აცხოვრებს თბილისელებს. უფრო მეტიც, 2014 წლის 18 ივნისის შემდეგ თბილისის მერიის მიერ გაცემული მშენებლობების ყველა ნებართვა, სადაც არ არის გათვალისწინებული მთავრობის N409 დადგენილების შესრულება, უკანონო და გასაუქმებელია. მიყენებული უზარმზარი მატერიალური და მორალური ზარალი კი თბილისელებს უნდა აუნაზღაუროს მერიამ!

საქართველოს მთავრობის ამ დადგენილების იგნორირებასთან ერთად, თბილისის მერია იგნორირებას უკეთებს აგრეთვე 2009 წლის 24 მარტის მთავრობის N57 დადგენილების 35-ე პუნქტსაც, რომელიც მშენებელ ინვესტორებს ავალდებულებს მშენებლობის დაწყების წინ ჩაატარონ მეზობელი შენობების წინასწარი საკვლევი სამუშაოები, რომ მათ მიერ დაწყებულმა სამშენებლო სამუშაოებმა არ დააზიანოს გვერდით მდებარე შენობები, არ დააზარალოს მათი მეპატრონეები და დაზიანება-დაზარალების შემთხვევაში, ზარალი ინვესტორებმა უნდა აანაზღაურონ.

სამწუხაროდ, მერია ამ შემთხვევაშიც იცავს არა საკუთარი მოქალაქეების, არამედ ინვესტორების ინტერესებსა და უყურადღებოდ ტოვებს ინვესტორების მიერ აბუჩად აგდებულ, საცხოვრებლებდაზიანებული, სეისმური და სამშენებლო-ეკოლოგიური გენოციდისთვის განწირულ თბილისელებს. ამ განუკითხაობას წერტილი უნდა დაესვას და ამისათვის აუცილებელია მერიაში ფუნქციონირება დაიწყოს გენერალური ინსპექციის სამსახურმა, რომელიც გამოიძიებს მერიის თანამშრომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს არა მარტო ზემოთ განხილულ 3 საკანონმდებლო-ნორმატიულ აქტთან დაკავშირებით, არამედ მერიის ეკონომიკური, სატრანსპორტო, გამწვანების, კეთილმოწყობისა და სხვა სამსახურების თანამშრომელთა მიერ ჩადენილ უამრავ დანაშაულსაც.

გარდა ამისა, ჩვენ მოვნახავთ იურიდიულ-სამართლებრივ საშუალებებს, რომ მერიის მიზეზით დაზარალებულმა თბილისელებმა მიიღონ „სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულის“ სტატუსები და დაზარალების თანხობრივი შესაბამისი სახელობითი საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქები. თუ როგორ უნდა მოხდეს ამ საგადასახადო თამასუქების კაპიტალიზაცია და ლარიზაცია, საუბარია შემდეგ თავში „თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამის ეკონომიკური რეფორმები“.

ზემოთ აღნიშნულ  შპს „თბილისის სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტთან“ ერთად მერიის სისტემაში უნდა დაარსდეს  მუნიციპალური შპს „თბილმშენი“, რომელიც უხელმძღვანელებს და თვითონაც საკუთარი ძალებით განახორციელებს თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ ძირითად სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს ყოველგვარი ტენდერების გარეშე, როგორც ორმხრივი ხელშეკრულების წესით, ისე საკუთარი ძალებით. ეს დაასრულებს თბილისში სატენდერო მაფიის აქტიურ კრიმინალურ საქმიანობასა და მერიის მიერ დაგეგმილი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარებას უზრუნველყოფს მაღალი პასუხისმგებლობით, გათვალისწინებულ ვადებში და ხარისხიანად. გარდა ამისა, შპს „თბილმშენი“ აქტიურად დაიწყებს სამშენებლო ბიზნესს შედარებით იაფი, ახალი ტექნოლოგიებით აშენებული, 8-9 ბალიან მიწისძვრებზე გათვლილი, ენერგოეფექტური და სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მკაცრი კონტროლით ექსპლუატაციაში მიღებული მრავალსართულიანი თუ კოტეჯური ტიპის საცხოვრებლებით, რაც თბილისელების სასარგებლოდ დაარეგულირებს თბილისში ბინების ფასს.

მერიამ ხელი უნდა შეუწყოს შპს „თბილმშენის“ აღჭურვას მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და ამ ბაზის ყოველწლიურად განვითარებას. მიზანშეწონილად მიგვაჩნია ძირითად სამშენებლო-საწარმოო ბაზად შერჩეული და შეძენილი იქნას ადრე თბილისში მოქმედი მრავალი მძლავრი რკინაბეტონის ქარხნებიდან დღეს გადარჩენილი ერთადერთი ქარხანა, რომლის მისამართია: გლდანის რაიონი, ხანძთელის ქ.N4. ეს არის საბჭოურ წლებში გამორჩეული „კარკასულ-პანელოვანი რკინაბეტონის ქარხანა“ ცნობილი დასახელებით „მაღლივმშენი“.

საკუთარი რკინიგზის ჩიხის მქონე ქარხნის მთლიანი ტერიტორიაა 7 ჰექტარი, მათ შორის საწარმოო შენობებს უკავია დაახლოებით 2,5 ჰექტარი. კარგად არის შემონახული 1კმ სიგრძის მქონე დახურული რკინაბეტონის საყალიბე საამქრო 8 მოქმედი ხიდური ამწით. გამართულად მუშაობს ბეტონის, არმატურისა და მექანიკური საამქროები. აქვს საკუთარი სარკინიგზო ჩიხი, ლაბორატორია, ადმინისტრაციულისა და სასტუმროს კორპუსები. გამართულად მუშაობს აგრეთვე ელექტრომომარაგება, გაზმომარაგება, წყალმომარაგება.

ქარხანა ამჟამად კერძო სააქციო საზოგადოების საკუთრებაშია და იყიდება. საწარმოო ფართობების მხედველობაში მიღებით 1მ2 მიწის ღირებულებაა 140აშშ დოლარი. ქარხანაში შეიძლება სწრაფ ტემპებში დაინერგოს ახალი ტექნოლოგიები, მათ შორის, მშენებლობა ასაწყობი რკინაბეტონის და ასაწყობი ლითონის კონსტრუქციებით. ამ ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება ენერგოეფექტური, სეისმომედეგი და ეკოლოგიურად უსაფრთხო სწრაფი მშენებლობები როგორც თბილისში, ისე თბილისიდან სოფლებში გეგმაზომიერი დაბალანსებული განსახლების მსურველებისათვის, თანახმად ზემოთ უკვე ნახსენებ ჩვენ აპოკალიპსურ წერილში განხილული პროგრამისა, როცა მსურველებს გადაეცემათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი, და საყოფაცხოვრებო შენობები სტაბილური სამუშაო პირობების გარანტირებული უზრუნველყოფით.

ჩვენ დავამყარეთ ახლო კონტაქტები სომხეთის დედაქალაქ ერევნის მოსალოდნელი სეისმონგრევებისაგან გადარჩენის სამუშაოებში აქტიურად ჩართულ სომეხ კოლეგებთან და ორგანიზაციებთან. ჩვენი მიზანია თბილისში სასწრაფოდ დაიწყოს იმ ანტისეისმური ღონისძიებების ჩატარება, რაც დაიწყო ერევანში 2010 წლიდან, როცა იაპონიიდან მოწვეულმა მსოფლიო დონის უმაღლესმა ექსპერტებმა შეისწავლეს რა ერევნის შენობა-ნაგებობათა სეისმომედეგობა, დადვეს სენსაციური დასკვნები, რომ გამოკვლეულ შენობა-ნაგებობათა 95% არ აკმაყოფილებს საპროექტო სეისმომედეგობის ნორმატიულ მაჩვენებლებს. გაცილებით უფრო მძიმე შედეგებია მოსალოდნელი თბილისში, თუ ჩატარდება ანალოგიური გამოკვლევები!

იაპონელების ამ კატასტროფული დასკვნების საფუძველზე ერევანში 2010 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება ბრძოლა ერევნის და ერვნელების გადასარჩენად სეისმონგრევებისაგან. პირველ რიგში, დაიწყეს შენობა-ნაგებობათა დაპროექტება და მშენებლობა სეისმოიზოლატორების გამოყენებით, რომლებიც აქრობენ რა მიწისძვრების დროს წარმოშობილ სეისმოდარტყმებს დაახლოებით 2 ბალით, მნიშვნელოვნად ამცირებენ სეისმონგრევების საფრთხეებს. უფრო მეტიც, ერევანში აამუშავეს ათამდე სეისმოიზოლატორების დამამზადებელი საწარმო და გვაქვს მოლაპარაკება, რომ დაგვეხმარებიან ერთი ასეთი საწარმოს თბილისში აშენებაში.

ერევანში სეისმოიზოლატორები, პირველ რიგში, გამოიყენეს საბავშვო ბაღების, სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობაში. ანალოგიურად გვინდა ეს გავაკეთოთ თბილისშიც. ამის შესახებ ოფიციალური წერილებით მივმართეთ თბილისის მერსა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს, თუმცა დაინტერესების სურვილი ჯერ-ჯერობით არ ჩანს.

ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ მიწისძვრების წინასწარი პროგნოზირების პრობლემის მოგვარებაზე, რაც უდიდესი გარანტი იქნება მოსალოდნელი მიწისძვრების დროს თბილისელების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნებისა. ჩვენ მივაკვლიეთ, რომ აზერბაიჯანელმა მეცნიერმა სეისმოლოგმა ელჩინ ხალილოვმა გამოიგონა 3-7 დღით ადრე მიწისძვრების პროგნოზირების აპარატურა და ამის შესახებ 2 წლის წინ ოფიციალური წერილით მივმართეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს. სამწუხაროდ, პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

ჩვენ იმასაც მივაკვლიეთ, რომ თურმე უფრო საინტერესო ექსპერიმენტები მიმდინარეობს თბილისში ცნობილი გამომგონებლის დავით ჩაჩანიძისა და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორების, დები მანანა და ნინო კაჭახიძეების მიერ. ჩვენ ეს ავტორები 2017 წლის 6 ივლისს მოვიწვიეთ და მოვუსმინეთ საქართველოს მშენებელთა ლიგის მორიგ სხდომაზე. ძალიან საინტერესო იყო როგორც ბატონი დავითის, ისე ქალბატონი მანანას მოხსენებები, განსაკუთრებით ქალბატონი მანანასი, რომელიც ამთავრებს მიწისძვრების 2 კვირით ადრე პროგნოზირების სამეცნიერო პროგრამას. თუ მოხდება მიწისძვრების წინასწარი პროგნოზირების მისი სამეცნიერო თემის კვლევითი სამუშაოების გაგრძელების დაფინანსება, მას იმედი აქვს, რომ მიაღწევს მთელ საქართველოში და, პირველ რიგში თბილისში, 2 თვით ადრე მიწისძვრების პროგნოზირებას!

 

თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამის

ეკონომიკური რეფორმები

თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამის ეკონომიკური რეფორმების ქვაკუთხედია ჩვენს მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში 500-ზე მეტი გამოქვეყნებული პუბლიკაციის საფუძველზე 57-გვერდიან სამეცნიერო-მეთოდურ ნაშრომად დამუშავებულ-დაპატენტებული (საქპატენტის მოწმობა N6333) „საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამა“ (შემდეგში „კონცეფცია-პროგრამა“), რომელიც განთავსებულია ჩემს ფეისბუქ გვერდზე. აქვეა განთავსებული ამ „კონცეფცია-პროგრამის“ 7-გვერდიანი ანოტაციური ფორმატი ლუდვიგ ერჰარდისეული გენიალური ეკონომიკური რეფორმების დევიზის სათაურით „კეთილდღეობა ყველასთვის!“

„კონცეფცია-პროგრამა“ შედგება 6 ძირითად თავში განხილული შემდეგი 6 პროგრამისაგან: საგადასახადო რეფორმების პროგრამა, მცირე მეწარმეობის რეფორმების პროგრამა, სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების რეფორმების პროგრამა, მცირე მეწარმეობისა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების ერთიანი კომპლექსური მეგაპროგრამა, მონეტარული რეფორმების პროგრამა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი კომპლექსური რეფორმების პროგრამა. ამ 6 პროგრამიდან მთავარია მცირე მეწარმეობისა და სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების ერთიანი კომპლექსური მეგაპროგრამა, რომელიც ეფუძნება ჩვენს მიერ დამუშავებულ-დაპატენტებულ შემდეგ პროგრამებს: ”საქართველოს მცირე მეწარმეობის აღდგენისა და განვითარების კომპლექსური რეფორმების პროგრამა” (საქპატენტის მოწმობა N5296), ”სახელმწიფოს მიერ მეანაბრეებისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების პროგრამა” (საქპატენტის მოწმობა N5341), ”სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულ მეანაბრეთა საკომპენსაციო ფონდის პროგრამის ძირითადი ასპექტები” (საქპატენტის მოწმობა N5042) და ”სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურების პროგრამა” (საქპატენტის მოწმობა N5890).

ხელისუფლების პოლიტიკური  ნების გამოხატვის შემთხვევაში ამ ”მეგაპროგრამით” დაიწყება და 5 წელიწადში დამთავრდება 2006 წლიდან ნაციონალების მიერ გაუქმებული, მსოფლიოში დასაქმებულთა 90%–ის დამსაქმებელი მცირე მეწარმეობის აღდგენა–განვითარების, ანუ დასაქმებისა და საბიუჯეტო დანახარჯების გარეშე სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურება–კომპენსაციის, ანუ სამართლიანობის აღდგენის 2 უდიდესი სოციალურ–ეკონომიკური პრობლემის მოგვარება. ზარალის ანაზღაურება–კომპენსაციის ძირითადი სქემა კი ასეთია: ზარალის ნოტარიალურად დადასტურება, ნოტარიალურად დადასტურებული ზარალის აღრიცხვა–ინდექსაცია–ინვენტარიზაცია, აღრიცხულ–ინდექსირებული ზარალის აღიარება სახელმწიფო შიდა ვალად, აღიარებული შიდა ვალის ანგარიშში გასხვისება–გაყიდვის უფლებით დაზარალებულებისათვის სახელობითი საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების უფასოდ  დარიგება. მოქმედ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები რომ არ შემცირდეს, ამ თამასუქების გამოყენება შეიძლება მხოლოდ ახლადგახსნილ მცირე სამრეწველო საწარმოებში. ინფლაციას ადგილი არ ექნება, რადგან ეკონომიკაში ჩაიდება არა დაუსაქონლებელი ზედმეტი ფულის მასა, არამედ ფასიანი ქაღალდები საგადასახადო თამასუქების სახით და ისინიც უკვე დასაქონლებული იქნება დამზადებული პროდუქციით.

ამ ”მეგაპროგრამის” ამოქმედების დასაწყებად გამოიყენება 1998 წელს სახელმწიფოს მიერ შიდა ვალად აღიარებული და დღემდე გაუნაღდებელი 11 სახის ასეულ ათასობით დაზარალებულთა 1,2 მილიარდი ლარის შესაბამისი საგადასახადო თამასუქების ჩადება მცირე მეწარმეობაში. ამ დაზარალებულებს შორის მეანაბრეთა რიცხვი აღემატება 2 მილიონს და მათი რეალური ზარალი კი რამდენიმე ათეულ მილიარდ ლარს. აქედან გამომდინარე, 1,2 მილიარდი ლარის ზარალის საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქებით დაზარალებულების კომპენსაციის შემდეგ პროგრამა არ დამთავრდება და ზემოთ აღნიშნული სქემით მუდმივად გაგრძელდება სახელმწიფოს მიერ დაზარალებულებისათვის მიყენებული ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურება–კომპენსაციამდე, რასაც ცალსახად ითხოვს გაეროს გენერალური ასამბლეის 1985 წლის 29 ნოემბრის ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე–8 და მე–13 მუხლები.

ამრიგად, ამ ”მეგაპროგრამის” ამოქმედებით თანდათან მოხდება სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქეებისათვის მიყენებული ათეული მილიარდობით ლარის ზარალის აღიარება შიდა ვალად და სახელობითი საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების გამოყენებით ვალის კაპიტალიზაცია ასობით ახალგახსნილი მცირე სამრეწველო საწარმოების ინვესტიციებად.

ჩვენი ამ უნივერსალური მეგაპროგრამით შესაძლებელია 2004-2012 ავადსახსენებელ წლებში ნაციონალების მიერ ქონებისა და ბიზნესების მასიური წართმევებით ათასობით დაზარალებულთა რამდენიმე მილიარდი ლარის ზარალის თანდათან ანაზღაურებაც დაზარალებულთა სურვილის შესაბამისად, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს პროკურატურაში გამოსაძიებლად შეტანილ ათასობით საქმის განხილვას.

ეს მეგაპროგრამა წაადგებათ აგრეთვე ბანკების მევალე ჰიპოტეკარებსაც, რადგან ნებისმიერ ოჯახში ინახება ერთი, ან რამდენიმე სახელმწიფოს მიზეზით დაზარალების დოკუმენტი (მაგალითად, მეანაბრის წიგნაკი), რომელიც დღეს წარმოადგენს გაუფასურებულ ქაღალდს. ჩვენი მეგაპროგრამით კი გარდაიქმნება რა საგადასახადო თამასუქად, ანუ ფასიან ქაღალდად და გარკვეულ კაპიტალად, დაეხმარებათ ჰიპოტეკარებს ფინანსური პრობლემების მოგვარებაში.

ქართულ ოცნებას რომ გამოეხატა ამ მეგაპროგრამის ამოქმედების პოლიტიკური ნება, სახელმწიფოს მიერ დაზარალებულთა აღიარებული 1,2 მილიარდი ლარის შიდა ვალი უკვე დაზარალებულებზე იქნებოდა გაცემული კომპენსაციების სახით და კაპიტალიზებული ადგილობრივ ინვესტიციებად ახლადგახსნილ მცირე სამრეწველო საწარმოებში. რაც მთავარია, ეს მეგაპროგრამა დაქოქილი იქნებოდა უმაღლეს სიჩქარეებზე ახალი კვოტების მილიარდობით ლარის ზარალის უწყვეტი კაპიტალიზაციისა და, შესაბამისად, ახალი სამუშაო ადგილების უწყვეტი შექმნისათვის, ანუ მოსახლეობის მუდმივად დასაქმებისათვის სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის სრულ ამოწურვამდე. ამ უნიკალური ”მეგაპროგრამის” პრაქტიკული რეალიზაციის ეტაპებია:

პირველი მოსამზადებელი ეტაპი, რომლის დროსაც განხორციელდება ჩვენს მიერ 2013 წელს დამუშავებული მოკლევადიანი სასტარტო პროგრამა: ”საქართველოში მცირე მეწარმეობის ფორსირებული აღორძინებისათვის საჭირო სარეკომენდაციო ღონისძიებების პროგრამა”. ამ ეტაპზე აღდგება ჩვენი დიდი ძალისხმევით 1999 წელს მიღებული და 2006 წელს ნაციონალების მიერ დანაშაულებრივად გაუქმებული მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონი და ამ კანონთან ავტომატურად მიბმული მცირე საწარმოთა მართვის ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურა ”მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი” (შემდეგში ”ცენტრი”) თავისი მცირე მეწარმეობის საინვესტიციო ფონდით და ამ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოთი.

2006 წელს ნაციონალებმა მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონი იმიტომ გააუქმეს, რომ კანონის გაუქმებასთან ერთად გაუქმდა „ცენტრი“, საინვესტიციო ფონდი და სამეთვალყურეო საბჭო. ამ გზით საფინანსო მაფიოზებმა საქართველოში აღარ დატოვეს მცირე მეწარმეობის არც ერთი იურიდიული პირი, ვისაც პრეტენზია ექნებოდა მიეღო მცირე მეწარმეობისათვის გამოყოფილი ათეული მილიონობით დოლარის უცხოური თუ ადგილობრივი გრანტები, დახმარებები, შეღავათიანი კრედიტები და მცირე მეწარმეების გვერდის ავლით ეს უზარმაზარი ფინანსები გადაქაჩეს და დღესაც ქაჩავენ თავიანთ ჯიბეებში.

მეორე მოსამზადებელ ეტაპზე ამოქმედდება ჩვენს მიერ დამუშავებული და 2003 წელს ეკონომიკის სამინისტროსთან უკვე შეთანხმებული ”პროგრამა–დეკრეტი საქართველოში მცირე ბიზნესის რეფორმების შესახებ”, რომელიც წარმოადგენს მცირე მეწარმეობის განვითარებისათვის აუცილებლად მისაღები 5 კანონპროექტის საკანონმდებლო პაკეტს. ამ პაკეტით დარეგულირდება: მცირე საწარმოთა სტატუსი, მცირე საწარმოთა გადასახადები, ამერიკული მოდელის შესაბამისი მცირე საწარმოთა მართვის სახელმწიფო სტრუქტურების შექმნა (”ცენტრის” ფილიალების დაარსება საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში), მცირე საწარმოთა შემოწმებაზე 3–წლიანი მორატორიუმის შემოღება და მცირე საწარმოთა განვითარების პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა.

კახა ბენდუქიძის ეკონომიკის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ეკონომიკის სამინისტროში გააქვრეს უკვე შეთანხმებული ეს „პროგრამა-დეკრეტი“, გააუქმეს მცირე მეწარმეობის დეპარტამენტი და უპარდონოდ გამოყარეს სამსახურებიდან საქართველოში მცირე მეწარმეობის აღიარებული ავტორიტეტები ამ სიტყვებით: საქართველოს არ ჭირდება მცირე მეწარმეობა. ბატონი კახას ეს სულისკვეთება არარეგულირებადი ნეოლიბერალური ეკონომიკის პრიმატთან ერთად ამ სამინისტროში დღესაც უმაღლეს დონეზეა აყვანილი და უმოწყალოდ ანგრევს ქართულ ეკონომიკას ანდერძად დატოვებული „ეკონომიკური ბენდუქიზმით“.

მესამე ძირითად ეტაპზე პრაქტიკულად დაიწყება ”მეგაპროგრამის” ამოქმედება, რომელსაც უშუალოდ განახორციელებს ”ცენტრი” და მისი რეგიონული ფილიალები. მცირე მეწარმეების ადგილებზე დასაქმების, ინტერესებისა და უფლებების დაცვასთან ერთად ”ცენტრი” მთელი საქართველოს მასშტაბით მოემსახურება სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის აღრიცხვას, ინდექსაციას, ინვენტარიზაციას, სახელობითი საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქების მისაღებად აუცილებელი დოკუმენტების გაფორმებას, წარდგენას ფინანსთა სამინისტროში და ამ სამინისტროდან მიღებული თამასუქების დარიგებას დაზარალებულებზე.

ამავე ეტაპზე ”ცენტრი” დაამუშავებს აშშ–ში 1956, 1976 და 1980 წლებში მიღებული მცირე მეწარმეობის ფუნდამენტური კანონების შესაბამის კანონებსა და რეფორმებს. სწორედ ასეთმა კანონებმა და რეფორმებმა ააღორძინა არნახულად აშშ–ში მცირე მეწარმეობა და ეს ქვეყანა აქცია მცირე მეწარმეობის გამორჩეულ ცენტრად მთელ მსოფლიოში. ამ რეფორმებით საქართველოში საბოლოოდ დამკვიდრდება მცირე მეწარმეობის მართვის ამერიკული სტანდარტები, როცა მართვის ძირითადი სტრუქტურა, აშშ–ში ”მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია” და საქართველოში კი ”მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი”, არ ემორჩილება არც ერთ სამინისტროს და ემორჩილება მხოლოდ ქვეყნის პირველ პირს, აშშ–ში პრეზიდენტს, საქართველოში კი პრემიერ–მინისტრს.

აღსანიშნავია, რომ „კონცეფცია-პროგრამაში“ განხილული, ჩვენს მიერ 2012 წელს დაპატენტებული (საქპატენტის მოწმობა N5266) საგადასახადო რეფორმებით შესაძლებელი გახდება საგრძნობლად შევამციროთ საგადასახადო ტვირთი და მაქსიმალურად მივუახლოვოთ ოპტიმალურს, რაც ლაფერის მრუდეების კანონზომიერებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად გაზრდის საბიუჯეტო-საგადასახადო შემოსავლებს. საგადასახადო ტვირთის ასეთი ოპტიმიზაციით 2012 წელს მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში დაფიქსირებული ჩრდილოვანი ეკონომიკის კატასტროფული 72%-იანი მაჩვენებელი შეიძლება ჩამოვიყვანოთ საშუალო ევროპულ 22%-იან მაჩვენებელზე. ჩრდილოვანი ეკონომიკის 50%-იანი გათეთრება კი საშუალებას მოგვცემს, ყოველგვარი ინვესტიციების მოზიდვის გარეშე, მშპ გავხადოთ ორნიშნა ციფრი და ფორსირებულად გავაკეთოთ დიდი ეკონომიკური ნახტომი.

ბოლო წლებში გახშირდა სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზეზით ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვა.  არადა, ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვის ძირითადი მიზანი სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანასა და გადამუშავებაში ინვესტიციების მოზიდვა რომ არ არის, ეს კარგად ჩანს ხელისუფლების მხრივ ჩვენი „კონცეფცია-პროგრამის“ 5-წლიანი იგნორირებით, როცა ამ ხნის განმავლობაში პარლამენტში, მთავრობაში, ეკონომიკის სამინისტროში პრინციპულად არ განიხილავენ ჩვენ „კონცეფცია-პროგრამას“ და ეს 2016 წლის 25 თებერვალს მოხერხდა მხოლოდ ფინანსთა სამინისტროში, როცა მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის თავმჯდომარეებით შექმნილმა სამინისტროს 9-კაციანმა კომისიამ, მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის თავმჯდომარეობით განიხილა და ფაქტიურად მოიწონა ჩვენი „კონცეფცია-პროგრამა“, თუმცა სამინისტრო გაურკვეველი მიზეზების გამო (ალბათ, რომელიმე მაღალი რანგის ჩინოვნიკის ზეწოლით) დღემდე არ იძლევა ოფიციალურ დასკვნას.

ხელისუფლების მიერ დღემდე დაბლოკილი ჩვენი „კონცეფცია-პროგრამის“ ამუშავების შემთხვევაში აღარ დაგვჭირდება ქართული მიწების გაყიდვა უცხოელებზე უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საბაბით, რადგან ეს „კონცეფცია-პროგრამა“ განსაკუთრებულ იდეალურ ბიზნეს-გარემოს შეუქმნის სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ მცირე მეწარმეებს, რომლებიც ადგილობრივი ინვესტიციების სახით საბრუნავ სახსრებად მოიხმარენ აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის მიერ დამუშავებულ უპროცენტო ემისიურ კრედიტებს და საწარმოო საგადასახადო ვალდებულებებს კი გაანაღდებენ, ასევე ადგილობრივი ინვესტიციების ტოლფასი, ჩვენ მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული სახელობითი საკომპენსაციო საგადასახადო თამასუქებით!

ეს გამოიწვევს ადგილობრივი გადამამუშავებელი მრეწველობის ბუმს, რაც კოლოსალურად გაზრდის ქართველების მოთხოვნებს ადგილობრივ ქართულ მიწებზე. ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით, რომ თუ ხელისუფლება სასწრაფოდ დაიწყებს ჩვენი 5-წლიანი „კონცეფცია-პროგრამის“ ამოქმედებას და პარალელურად გამოაცხადებს 5-წლიან მორატორიუმს მიწების გაყიდვაზე (მორატორიუმის შემოღებაზე ხელისუფლებამ უკვე გააკეთა წინასწარი განცხადება!), 5 წლის შემდეგ ქართულ მიწებს მასიურად დაეპატრონებიან ქართველები და დამთავრდება მითქმა-მოთქმა გავყიდოთ თუ არა ქართული მიწები უცხოელებზე.

პარალელურად დაიწყება სახელმწიფოს მიზეზით 2 მილიონზე მეტი დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურება-კომპენსაციის 25-წლიანი მიძინებული პრობლემის მოგვარებაც, რადგან ჩვენი უნიკალური „კონცეფცია-პროგრამა“ ამ დაზარალებულთა ათეული მილიარდობით ლარის დაზარალებას საგადასახადო თამასუქების ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით, ზარალის სრულ ამოწურვა-კომპენსაციამდე, თანდათანობით გაუკეთებს ტრანსფორმაცია-კაპიტალიზაციას სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მცირე საწარმოების ადგილობრივ ინვესტიციებად!

აქედან გამომდინარე, საქართველოს უჩნდება უნიკალური შანსი თანდათანობით უპრობლემოდ მოიპოვოს ათობით მილიარდი ლარის ადგილობრივი ინვესტიციები ახლად გახსნილი, გარანტირებულ მოგებაზე მომუშავე ასობით მცირე სამრეწველო საწარმოებისათვის, სადაც რეალურად შეიქმნება ათასობით ახალი სამუშაო ადგილი. 5-ჯერ მეტი ახალი სამუშაო ადგილები კი, ყოველგვარი ინვესტიციების მოზიდვის გარეშე, დამატებით ავტომატურად შეიქმნება რა არასამრეწველო ბიზნესებში, საქართველოში დასაქმების უმწვავესი პრობლემის მოსაგვარებლადაც გადაიდგმება უზარმაზარი ნაბიჯები.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ჩვენ მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული (საქპატენტის მოწმობა N5297) „საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობის აღორძინების კომპლექსური პროგრამა“ 2013 წელს ოფიციალურად გავუგზავნეთ სოფლის მეურნეობის მინისტრს. ეს წერილი დაეწერა სოფლის მეურნეობის დარგის ცნობილ სპეციალისტსა და მეცნიერს, აკადემიკოს თამაზ კუნჭულიას, რომელმაც დადებითად შეაფასა და მოიწონა ეს პროგრამა. როცა გაჭიანურდა ჩვენი „კონცეფცია-პროგრამის“ ამოქმედება, 2015 წელს მთავრობას ამაოდ ვთხოვეთ, რომ „კონცეფცია-პროგრამა“ ექსპერიმენტის სახით აემოქმედებიათ მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგში.

ამჟამად ჩვენ  დავაყენებთ არა  თხოვნას, არამედ  კატეგორიულ  მოთხოვნას,  რომ «კონცეფცია -პროგრამა»  ექსპერიმენტის  სახით  განხორციელდეს თბილისის  მასშტაბში და იმ  მოქალაქეთა კუთვნილი  მცირე საწარმოთა მიმართებაში,  რომლებიც  დათანხმდებიან თბილისიდან განსახლებასა  და  ქართულ სოფლებში  ჩასახლებაზე წინასწარ  გაფორმებული ხელშეკრულებების  საფუძველზე, რაც  გავრცელდება  საზღვარგარეთიდან  დაბრუნების  მსურველ  ემიგრანტებზეც. აქ მათ დახვდებათ მიწები, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლები, საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დანიშნულების მცირე შენობები. ჩვენი „კონცეფცია-პროგრამის“ გამოყენების შემთხვევაში, გახდებიან რა წარმატებული მცირე მეწარმეები, გარანტირებული ექნებათ სტაბილური სამუშაო  ადგილები და შემოსავლები.

თბილისისა და თბილისელების უდიდესი ეკოლოგიური და ეკონომიკური უბედურება გახდა ქალაქში ყოველგვარ ზღვარს გადასული, ძირითადად ხანდაზმული მსუბუქი ავტომობილების მოზღვავება, რასაც ადასტურებს სტატისტიკა: 1980-2015 წლებში ავტომობილების რიცხვი თბილისში 0,17 მილიონიდან გაიზარდა 0,5 მილიონამდე, ანუ 294%-ით. ამას ემატება მერიის ხელმძღვანელობის მხრივ ამ ავტომობილების მოძრაობის ორგანიზაციის მოწესრიგების, მათი პარკინგისა და გამონაბოლქვი მომწამლავი აირებისაგან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრობლემების მოგვარების დანაშაულებრივი იგნორირება. აბსოლუტურად არაფრის გამკეთებელი და მხოლოდ ფულის მოხვეჭაზე ორიენტირებული აღმოჩნდა ამ პრობლემების მოსაგვარებლად მერიის მიერ შემოყვანილი, ვითომ უცხოური ფირმა „სიტი პარკი“, რომელთანაც 2025 წლამდე მერიის მიერ გაფორმებული ცალსახად კაბალური ხელშეკრულების გაუქმება სულ უფრო გარდაუვალი ხდება.

თბილისელების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შემლახავი ამ უდიდესი ეკოლოგიური საფრთხეებიდან გამომდინარე, თბილისში სასწრაფოდაა გასატარებელი გადაუდებელი ღონისძიებები. ერთ-ერთი ასეთი აუცილებელი ღონისძიებაა საქართველოს რეფორმატორთა კავშირის წევრების, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, ცნობილი კონსტრუქტორ-მანქანათმშენებლის, მალხაზ ცისკარიშვილის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ანზორ საკანდელიძის, გამოცდილი კონსტრუქტორ-გამომგონებლის სერგო ჯორბენაძისა და ასევე გამოცდილი ფინანსისტ-ბიზნესმენის ფრიდონ გუნცაძის მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული (საქპატენტის გამოგონების მოწმობა NP6322), მსუბუქი ავტომობილების მრავალადგილიანი, რევერსული ტიპის სმარტ-პარკინგის დანადგარების მასიური დანერგვა თბილისში.

ამ პროექტით 2016 წელს ჩვენ გავიმარჯვეთ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ინოვაციური ტექნოლოგიების კონკურსში და პროექტის განსახორციელებლად მოვიპოვეთ 90 ათასი ლარის დაფინანსება. იმავე 2016 წელს დავაარსეთ კერძო ფირმა, შპს „რევერსი“ (დირექტორი მალხაზ ცისკარიშვილი) და თბილისის ცნობილ ვაგონშემკეთებელ ქარხანაში, ამ ქარხანასა და საქართველოს საპარტნიორო ფონდთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით დავამზადეთ 8-ადგილიანი, საქართველოში პირველი სმარტ-პარკინგის საცდელ-საწარმოო დანადგარი, რომლის პრეზენტაცია წარმატებული საწარმოო გამოცდის შემდეგ გაიმართა 2017 წლის 6 ივნისს ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე.

ეს დანადგარი გადაწყვეტილია ლითონის კონსტრუქციებში, საზღვარგარეთის ანალოგებთან შედარებით არის გაცილებით იაფი, ნაკლები ლითონტევადი, მსუბუქი, მარტივად დასაშლელ-ასაწყობი და გამოირჩევა უფრო დიდი მობილურობის ხარისხით. ჯერჯერობით დამუშავებულ-დაპატენტებულია სმარტ პარკინგის 3 ახალი სისტემა: ვერტიკალური მიწისზედა, ვერტიკალური მიწისქვეშა (მათ შორის, ფლატეებისათვის) და ჰიბრიდული ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მიწისზედა და მიწისქვეშა ვარიანტებით. პარკირების კოეფიციენტი იქნება 4-12, ანუ 1 ავტომობილის პარკინგისთვის გათვალისწინებული მიწის 25კვ.მ ფართობზე, შეკვეთებიდან გამომდინარე, განთავსდება 4-12 ავტომობილი.

საქართველოში ანალოგიური ადგილობრივი წარმოება არ არსებობს და შპს „რევერსი“ ამ მხრივ არის პირველი წარმოება, რის გამოც მას აქვს დიდი შანსი იყოს წარმატებული ამ ბიზნესში, წინასწარი მარკეტინგული გამოკვლევებით დანადგარებზე იქნება დიდი მოთხოვნები როგორც კერძო კომპანიებისა და მოსახლეობის, ისე თბილისის მერიის მხრივ, რადგან ასეთ სმარტ-პარკინგების სისტემის დანერგვით ქალაქში საცობების 2-ჯერ შემცირებით ყოველდღიურად 0,5 მილიონი ლიტრი საწვავი დაიზოგება. ეს კი ნიშნავს 2-ჯერ შემცირებულ მომწამლავ ნივთიერებებს ავტომობილების გამონაბოლქვ აირებში და, შესაბამისად, ჰაერის დაბინძურების 2-ჯერ შემცირებას. სწორედ ამიტომ მიიღო მერიამ გადაწყვეტილება, რომ ასეთი სმარტ-პარკინგების დანადგარების დამონტაჟების გარეშე ახალი მშენებლობის დაწყების ნებართვები აღარ გაიცემა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერია „სითი-პარკს“ შეუწყვეტს ხელშეკრულებას და მის ჩანაცვლებაზე გამოაცხადებს ახალ ტენდერს. ჩვენი ფირმა შპს „რევერსი“ აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას ამ ტენდერში და „სიტი-პარკის“ მიერ მსუბუქი ავტომობილების პარკირებისათვის უკანონოდ მიტაცებულ თბილისის ქუჩა-ტროტუარებს დაუბრუნებს თბილისელებს. ამას გავაკეთებთ არა „სიტი-პარკისებური“ საპარკინგო ადგილების აფერისტული მოხაზვით ქუჩა-ტროტუარებზე, არამედ ჩვენ მიერ დამუშავებულ-დაპატენტებული და დამზადებული მრავალსართულიანი რევერსული ტიპის ახალი სმარტ-პარკინგების დანადგარების მასიური დამონტაჟებით მთელ თბილისში.

ჩვენი აპოკალიპსური წერილიდან გამომდინარე, თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამის სამშენებლო და ეკონომიკური რეფორმები უნდა განხორციელდეს პარალელურ რეჟიმში სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტების პრობლემების გათვალისწინებით, რადგან ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების, ანუ საქართველოს გადარჩენის ტოლფასი პრობლემის მოსაგვარებლად დღემდე არც ერთ ხელისუფლებას რეალურად არაფერი არ გაუკეთებია, არადა, საქართველოში დაბრუნების მსურველთა უმრავლესობა დაბრუნებას აპირებენ თბილისში და ამ მიზნით თბილისში საცხოვრებლად ბინები უკვე აიშენეს, ან იშენებენ, რაც ეწინააღმდეგება როგორც თბილისის, ისე საქართველოს განვითარება-გადარჩენის გლობალურ სტრატეგიას.

ეს სტრატეგია კი უახლოესი 10 წლის განმავლობაში დაახლოებით უნდა მოიცავდეს თბილისიდან დაბალანსებულად ავარიული სახლებიდან გამოსახლებული ნახევარი მილიონი ეკონომიგრანტი თბილისელისა და უცხოეთიდან საცხოვრებლად დაბრუნების მსურველთა, ასევე ნახევარი მილიონი ქართველი ემიგრანტის ჩასახლებას თბილისის მიმდებარე, სახელმწიფო საზღვრისპირა, მიტოვებულ და მშობლიურ სოფლებში, ჩასახლების მსურველთა სურვილის გათვალისწინებითა და ჩვენ აპოკალიპსურ წერილში განსაზღვრული საცხოვრებელი, საყოფაცხოვრებო-სამეურნეო და ადგილებზე სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნის პირობების უზრინველყოფით. მთავარია, გლობალური სტრატეგია იყოს მომხიბლავი, როგორც ეკონომიკური, ისე სამშენებლო რეფორმების პროგრამებით, რათა ქართველ ემიგრანტებსა და თბილისელ ეკომიგრანტებს გაუჩნდეთ სოფლებში ჩასახლების სურვილი.

ასეთი გლობალური სტრატეგიის შესაბამისი მეგაპროგრამის შემუშავებისა და ამ მეგაპროგრამის პრაქტიკული რეალიზაციის ხელმძღვანელობისათვის თავიანთ სფეროებში გამორჩეული პროფესიონალ-სპეციალისტებისაგან თბილისის მერის თავმჯდომარეობით უნდა შეიქმნას მუდმივმოქმედი „თბილისისა და თბილისელების გადარჩენის კომისია“ და ამ კომისიასთან „თბილისისა და თბილისელების გადარჩენის საქველმოქმედო ფონდი“. თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპრორამის დაფინანსებაში ამ ფონდის წილი იქნება მნიშვნელოვანი. ეს უნდა გაითავისოს ყველა ქართველმა და ამ ფონდში გადარიცხოს ის მაქსიმალური თანხა, რის შესაძლებლოასაც იძლევა მისი რეალური ეკონომიკური მდგომარეობა. ეს ფონდი გახდება ერთგვარი ლაკმუსი, განსაკუთრებით როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მცხოვრები მდიდარი ქართველებისათვის, ვის როგორ ტკივა თბილისი, თბილისელები და მთელი საქართველო.

ცხადია, მეგაპროგრამის ძირითადი დამფინანსებელი იქნება მერია და მან უნდა მოიძიოს დამატებითი შემოსავლები საკუთარი წარმატებული ბიზნესების ხარჯზე. ამისათვის აუცილებელია მერიას სამართავად ბალანსიდან ბალანსზე გადაეცეს მერიის ტერიტორიაზე მდებარე ის მიწები და ქონება, რაც დღეს ეკონომიკის სამინისტროს განკარგვაშია. გარდა ამ მიწებისა, საპატრიარქოსთან სპეციალური მემორანდუმის გაფორმებით მერია შუამდგომლობით მიმართავს საპატრიარქოს, რომ საპატრიარქოს განცხადების შესაბამისად, ქართული სოფლების განახლებისათვის ეკლესიის კუთვნილი მიწები გრძელვადიანი არენდებით გადასცეს სოფლებში მუდმივად ცხოვრების მსურველ ქართველებს მიწების აუცილებლად დამუშავების გარანტიებით. ამის შემდეგ ბიზნესის ყველა შესაძლო მიმართულებით მერია თბილისში მასიურად დაიწყებს საკუთარი შპს-ების შექმნასა და წარმატებულ ბიზნესსაქმიანობას, განსაკუთრებით სამრეწველო ბიზნესებში, სადაც გამოყენებული იქნება ჩვენი  „კონცეფცია-პროგრამა“.

მერიის მიერ წამოწყებული საკუთარი ბიზნესები ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის სრული დაცვით გაუწევს რა კონკურენციას კერძო ბიზნესებს, საბაზრო ფასებს დაარეგულირებს თბილისელი მომხმარებლების სასარგებლოდ. საერთოდ, სახელმწიფო ბიზნესების კონკურენცია საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მიღებული კანონზომიერებაა. ეკონომიკური კრიზისებისა და კოლაპსების დროს (რა მდგომარეობაშიც დღეს იმყოფება საქართველოს ეკონომიკა) მნიშვნელოვნად იზრდება სახელმწიფო ბიზნესების წილი, რისი თვალსაჩინო მაგალითია გასული საუკუნის 30-იანი წლების ამერიკის „დიდი დეპრესია“, რომლის დროსაც სახელმწიფომ მართვაში აიღო კერძო ბიზნესების ძალიან დიდი წილი.

ქართულ სოფლებში ჩასახლების მსურველ თბილისელ ეკომიგრანტებსა და ემიგრანტ ქართველებს თბილისის მერიაში შემავალი ახლომდებარე სოფლების მერიის კუთვნილი, აგრეთვე საპატრიარქოს კუთვნილი და, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები დასამუშავებლად და მოსავლის მისაღებად გრძელვადიან არენდებში გადაეცემათ იმ პირობით, რომ 5 წელიწადი გათავისუფლდებიან არენდის გადასახადებისაგან.

სოფლებში ჩასახლებულებს შეღავათიან პირობებში (განსაკუთრებით თბილისიდან განსახლებულ ეკომიგრანტებს) მათ მიერ შერჩეულ სოფლებში წინასწარ აუშენდებათ საცხოვრებელი სახლები, საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დანიშნულების მცირე ობიექტები. მიეცემათ აგრეთვე შეღავათიანი კრედიტები არენდაში გადაცემული მიწების დასამუშავებელი მცირე მექანიზაციის საშუალებების შესაძენად. საცხოვრებელი სახლების მშენებლობას ძირითადად განახორციელებს მერიის მუნიციპალური შპს „თბილმშენი“ თავისი რეგიონული ფილიალებით, ხოლო სოფლებში ჩასახლებულების მიერ მიწების დამუშავება, მოსავლის მიღება და ამ მოსავლის ძირითადად თბილისში რეალიზაცია განხორციელდება თბილისის მერიის მუნიციპალურ შპს „თბილაგრომრეწვთან“ მჭიდრო თანამშრომლობით.

გარდა ამისა, შპს „თბილაგრომრეწვი“ ოპერატიულად დაიწყებს სოფლის მეურნეობის დარგში ქართველი მეცნიერების მიერ დამუშავებული გლობალური ტექნოლოგიების მასიურად დანერგვებს, რომლებმაც შეიძლება დიდი ეკონომიკური ეფექტი და შემოსავლები სწრაფად მოუტანოს საქართველოს. ასეთებია, უპირველეს ყოვლისა, აკადემიკოსების პაატა გიორგაძის მიერ დამუშავებული სასმელი მტკნარი წყლების ინდუსტრიისა და რამაზ გახოკიძის მსოფლიოში აღიარებული სასწაულმოქმედი ბიოსტიმულატორის, ბიორაგის ინდუსტრიის პროგრამების ოპერატიულად განხორციელება.

სოფლებში ჩასახლებულების მიერ მოყვანილ მოსავალს ძირითადად შეისყიდის მერიის შპს „თბილაგრომრეწვი“ და სოფლებიდან მოსავალს გაზიდავს  საკუთარი ტრანსპორტით. მოსავალი დაბინავდება შპს „თბილაგრომრეწვის“ ხილბოსტნეულის ბაზებში, რომლებიც განთავსდება თბილისში შემოსასვლელ ტერიტორიებზე და აღჭურვილი იქნება ხილბოსტნეულის ხარისხიანად შენახვის უახლოესი ტექნოლოგიური დანადგარებით. ხილბოსტნეულის ბაზებში ამუშავდება აგრეთვე ხილბოსტნეულის გადამამუშავებელი მცირე საწარმოები. ხილბოსტნეულის ბაზების პროდუქციით, რომლის მნიშვნელოვანი წილი იქნება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, ძირითადად მომარაგდება თბილისის მოსახლეობა და ნაწილი გატანილი იქნება ექსპორტზე.

სოფლებში ჩასახლებულები ხილისა და ბოსტნეულის მოსავლის მიღების გარდა, ადგილობრივი კლიმატური, ნიადაგების თვისებებისა და სხვა აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობებიდან გამომდინარე, დასაქმდებიან სოფლის მეურნეობის ნებისმიერ დარგში. ამ დასაქმებაში კი, ხილბისტნეულის მოყვანა-რეალიზაციასთან ერთად, მათ ყველა ეტაპზე ქმედით დახმარებას გაუწევს მუნიციპალური შპს „თბილაგრომრეწვი“, რომელთან ერთად სოფლებში ჩასახლებულებს შეეძლებათ შექმნან ერთობლივი მცირე საწარმოები, ანუ ერთობლივი აგროფირმები. პროდუქციის ტრანსპორტირებას, შენახვასა და რეალიზაციას კი განახორციელებენ შპს „თბილაგრომრეწვის“ სამსახურები.

თბილისელი ეკომიგრანტებისა და ქართველი ემიგრანტების სოფლებში ჩასახლების მეგაპროგრამის დაფინანსებაში შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთიდან მცირე მეწარმეობის განვითარების მიმართულებით საქართველოში შემოსული ასეულობით მილიონი დოლარის ფინანსური ნაკადების (გრანტები, დახმარებები, ტრანშები, მრავალწლიანი შეღავათიანი კრედიტები) გათავისუფლებამ ფინანსური მაფიოზური კლანების გავლენისაგან და მიზნობრივად მიმართვამ მეგაპროგრამის ამოცანების შესასრულებლად. აქედან გამომდინაე, სასწრაფოდ უნდა აღვადგინოთ მცირე მეწარმეობის კანონი, შესაბამისად, მცირე საწარმოთა ცენტრი, საინვესტიციო ფონდი და მცირე მეწარმეობის ამ სტრუქტურების საშუალებით მცირე მეწარმეობის განვითარების მიმართულებით საქართველოში მობილიზებული ასეული მილიონობით ფულადი ნაკადებიც მთლიანად უნდა მოვახმაროთ ამ მეგაპროგრამის განხორციელებას.

როცა საქართველოში დამთავრდება დღევანდელი კატასტროფული ეკონომიკური კრიზისი და თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო შპს-ეების ასეთი ფართო მასშტაბით არსებობა შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, შესაძლებელია დაიწყოს მათი პრივატიზაცია. ეს იქნება ნამდვილად ცივილური პრივატიზაცია, როცა საპრივატიზაციო ობიექტები მოქმედია და კერძო საკუთრებაში გადასვლის შემდეგ გააგრძელებს ფუნქციონირებას დანიშნულების შესაბამისად.

მსოფლიოში მიღებული აუცილებელი პირობაა, რომ საპრივატიზაციო ობიექტი უნდა მოამზადო საპრივატიზაციოდ. მსგავსი არაფერი მომხდარა გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველოში, სადაც პრივატიზაცია მიმდინარეობდა სამოქალაქო ომის პირობებში (ასეთი მეორე ქვეყანა მსოფლიოში არ არსებობს!) და სწორედ ამიტომ შევიდა ეს პროვატიზაცია ისტორიაში, როგორც „ველური პრივატიზაცია“ და ქართველი ხალხის გაძარცვა წარმოუდგენლად უდიდეს მასშტაბებში. ამჟამად კი, საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მერიას შესაძლებლობა ექნება ჩაატაროს საპრივატიზაციოდ უკვე მომზადებული ობიექტების ნამდვილი, ცივილური პრივატიზაცია. 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *