მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

რიონის ხეობასთან დაკავშირებით

 

გულისწყვეტით ვამბობთ, რომ რიონის ხეობაში ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით, გუშინ განვითარებული მოვლენები აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ხელისუფლების, განსაკუთრებით კი პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებებთან.

ხალხთან ურთიერთობის ეს სტილი დიდი ხანია დამკვიდრდა ხელისუფლებაში. თუ აქამდე ვამბობდით, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, განსაკუთრებით, 1992 წლიდან, ხელისუფლების პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე არათუ არსებობს, არამედ პრაქტიკულად მკვდარია, დღეს უკვე პირდაპირ შეგვიძლია აღვნიშნოთ მისი აგრესიულობა. სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება.

ფაქტი სახეზეა: რის უფლებასაც ხალხი ვაძლევთ ხელისუფლებას, ის სასიკეთოდ კი არა, უბედურებად უბრუნდება უკანვე ხალხს. შედეგს ყველა ვხედავთ – მდიდარ ქვეყანაში ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრობს ღარიბად, რომ ეს არის მდიდარი ხელისუფლების, საბანკო კაპიტალისა და პოლიტბიზნესმენების, დანგრეული ეკონომიკის, გაპარტახებული სოფლის მეურნეობის პოლიციური სახელმწიფო.

აშკარაა, რომ ხელისუფლების თავხედობა აზროვნებისათვის მიუწვდომელ მასშტაბებში გადავიდა. საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ხალხს არ აძლევენ გადაადგილების საშუალებას, მიწის მეპატრონეს არათუ საკუთარ ეზოში არ უშვებენ, მის დაუკითხავად მიწას ხნავენ და ეპატრონებიან. საერთოდ. ხალხს იმის ღირსად არ თვლიან, რომ პასუხი გასცენ  ელემენტარულ კითხვებს, თუნდაც ზოგადქართულს: რატომ გადაეცა ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეულად სტრატეგიული ხეობა მთელი ქონებითა და წიაღისეულით უცხოურ კომპანიას? რატომ არის  ხელშეკრულება ხელმოწერილი კაბალური პირობებით?

დარწმუნებული ვართ, რომ ყოველი მოაზროვნე ადამიანი მხარს უჭერს მეცნიერთა კონგრესის პოზიციას რიონის ხეობასთან დაკავშირებით კონფერენციის, თუნდაც საერთაშორისო მასშტაბით მოწვევის თაობაზე. ეს უმტკივნეულო წინადადებაც კი უგულებელყოფილია, რაც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ეჭვს, რომ საქმე გვაქვს არა ენერგეტიკულ პროექტთან, არამედ ქვეყნის საზიანოდ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან.

მეცნიერთა კონგრესის წევრები დღეს შეუერთდნენ ხეობის დამცველთა მშვიდობიან აქციას. ხვალ 13 აპრილს, 14 საათზე კიდევ ერთხელ შედგება  პროფესიული საუბარი ენერგეტიკის, ეკოლოგიის, ეკონომიკის, გეოპოლიტიკის მიმართულების მეცნიერებათა დოქტორების მონაწილეობით, რომელიც ფეისბუქის პირდაპირ ეთერში იქნება გადაცემული

ხვალვე დავბრუნდებით რიონის ხეობიდან და  23.30 წუთზე მონაწილეობას მივიღებთ „წიწაკა ტვ“ – ს პირდაპირ ეთერში.

ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო, დღევანდელი საუბარი უხუცეს ჰიდროლოგ მეცნ. დოქტორ ელენე აბაშიძესთან გადაიდო და იგი შედგება 14 აპრილს 19 საათზე. გადაიცემა  ფეისბუქის პირდაპირი ეთერით.

გვინდა ვირწმუნოთ, რომ 15 აპრილს დაგეგმილი საუბარი მეცნიერებათა აკადემიაში შედგება. 15 აპრილსვე მეცნიერთა კონგრესი გეგმავს პრესკონფერენციას ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ვადასტურებთ, რომ დღეს ქვეყნის მომავალი წყდება არა რუსთაველის გამზირზე, როგორც ეს ლიბერალური მიმართულების პოლიტიკურ ძალებს მიაჩნიათ, არამედ სწორედ რიონის ხეობაში, როგორც ამას ქართული ცნობიერების საქართველოს მოქალაქეები და პოლიტიკური ძალები მიიჩნევენ.

ერთიც, რისი უთქმელობა არ შეგვიძლია, ის, რაც  11 აპრილს რიონის ხეობაში მოხდა,  იყო ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის შეურაცხყოფა. ხელისუფლებას რომ ანალოგიური რომელიმე ლიბერალური მიმართულების პარტიისთვის გაეკეთებინა, დღეს მთავარ თუ არა  ერთ-ერთი უპირველესი თემა იქნებოდა მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებში. ვფიქრობთ, ასეთი უყურადღებობა რაღაცის მანიშნებელია. ჩვენ ყველას გასაგონად გვინდა ვთქვათ: საქართველო – ქართველი ხალხია, მისი მრავალეროვანი მოსახლეობაა და არა რომელიმე პოლიტიკური პარტია.

დასკვნის სახით ვამბობთ: თუ ხალხი და ქვეყანა ხელისუფლების ამ თავხედურ და აგრესიულ მოქმედებებს მოითმენს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არც დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, არც თავისუფალი, არც დემოკრატიული და არც მომავალზე ორიენტირებული.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ: საქართველოს მომავალი ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ჰარმონიზაციაშია. ვინც ამას უარყოფს, ის საკუთარ თავს ქვეყანაზე და კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს და უნდა წავიდეს!

ჩვენ ამ განწყობის პროგრამას მივიღებთ მეცნიერთა კონგრესზე 17 აპრილს. გამოვცემთ დიდი  რაოდენობით, მის დარიგებას დავიწყებთ 24 აპრილის სახალხო შეკრებაზე, ამ პროცესს გავაგრძელებთ რეგიონებში, რომელიც დასრულდება მრავალათასიანი  ხელმოწერით დადასტურებული „ღირსების ულტიმატუმით“. ის გადაეცემა მთავრობას, რომელიც თუ არ შეასრულებს საერთო-სახალხო მოთხოვნას და მის მიერ მიტაცებული ხალხის უფროსის როლიდან არ გადავა ხალხის მსახურის ბუნებრივ როლში, თუ სახით არ დადგება ხალხის პრობლემებისკენ, ხალხის გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისი: ასეთი ხელისუფლება ემსახურება არა საქართველოს და ქართველ ხალხს, არამედ სხვა ძალებს და უნდა წავიდეს.

ეს არის მოკლედ და ღიად ის განწყობა, რომლითაც ცხოვრობს მეცნიერთა კონგრესი. დარწმუნებული ვარ, ამ განწყობას უერთდება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. ჩვენი მიზანი მარტივია: დამანგრეველი დაპირისპირებიდან  უნდა გადავიდეთ აღმშენებლობით თანამშრომლობაზე. ეს მხოლოდ ძლიერთ შეუძლიათ. საქართველო კი იმსახურებს იმას, რომ მას ჰყავდეს ძლიერი და არა პოლიციური ხელისუფლება.

მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ამ განცხადებას ვუგზავნით ყველა საინფორმაციო სააგენტოს. ყველა ტელევიზიას, მედიის სხვა საშუალებებს. ვაქვეყნებთ ელექტრონულ ქსელებში. ხალხივე დაინახავს, სად მოხდება მასზე .რეაგირება

იხ.რიონის ხეობა. (ყველა მასალა)

იხ. მეცნიერთა კონგრესის საგანგებო განცხადება რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *