მეცნიერთა კონგრესიქართული ერთობის დარბაზი
პროფ.ამირან აფციაური: სამშობლო ელის ახალ აზროვნებას, ელის ღირსეულ, საქართველოს ერთგულებით გაერთიანებულ ახალ თაობას
მიმართვა ქართულ საზოგადოებას

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, “ქართული ერბის დარბაზის” წევრი ამირან აფციაური მიმართავს ქართულ საზოგადოებას
ვის არ უნახავს, როგორ გალობს გალიაში ჩიტი. მაგრამ ვის უნახავს გალიიდან გამოფრენილი და ფრთამოტეხილი გალობდეს? პირველი რაღაცის იმედით არის შეპყრობილი, მეორე კი მარცხის ტკივილით და შიშით. არადა, იქნებ კიდეც ეფრინა, მაგრამ პირველსავე აფრენაზე ფრთა არასწორად მოიქნია და რაღაცას შეენარცხა, ხელმეორედ აფრინდა და ისევ დაენარცხა, მერე კიდევ და კიდევ. აი, ამგვარად, მიწაზე უიმედოდ დანარცხებული, ისევ ახალი გალიისაკენ იწყებს ყურებას. ვეღარ მღერის, აღარ ემღერება და არც სხვისი ხელიდან მიღებული საკენკი ესირცხვილება.
ასეა, როცა 200 წელი საკუთარი ფრთებითარ გიფრენია.
მრავალი მარცხით გულგატეხილი და მრავალჯერ მოტყუებული, გადარჩენის ინსტიქტებით მართული ქართველი იყიდება, ყიდის მამულს, ყიდის ღირსებას, ყიდის წინაპართა ხსოვნას.
ყველამ რაღაცა შევცოდეთ. გაცილებით მეტი პოლიტიკოსებმა – მათ, ვისაც ვენდეთ და ბევრჯერ გვიღალატეს. აღარც ესირცხვილებათ. ევაჭრებიან მათგანვე მოტყუებულ და გაუბედურებულ ხალხს. ზოგი გზას ჰპირდება, ზოგი სახურავს, ზოგი ლუკმაპურს.
თუ გადახდაა, მე წინასწარ გადავიხდიო, ვიღაცამ ჯიბეზე ხელი გაიკრა და ხალხს საკუთარი ფულით ვალები ჩამოაჭრა. რას ერჩი, პოლიტიკოსთაგან დანერგილი ბინძური წესები დაცულია. გაღლეტილი აქტივისტები კი აურზაურს ტეხენ, ხალხი იყიდესო – ყვირის, რადგანაც თვითონ ვერ იყიდა, ვერ მოინადირა, მას მხოლოდ შეპირება შეუძლია. მაშ რა სხვაობაა მათ შორის?
არა ბატონებო, ამ ზნეობით შორს ვერ წავალთ, ვერც ფულიანი და ვერც უფულო. უკვე უფსკრულში ვიმყოფებით. ჩვენ სხვანაირი ცხოვრება გვინდა.
ხშირად ვიკრიბებით სულმნათი მერაბ ბერძენიშვილის და რეზო ჩხეიძის ქართული ერთობის დარბაზში. მოდის ყველაზე ღირსეული ხალხი, სასახელო მამულიშვილები. შექმენილია პროგრამა, ვბჭობთ მომავალზე. ვაცხადებთ, რომ საჭიროა ქმედება აზრიანი, აზრი გულიდან წამოსული, სიყვარულით გაჯერებული, თავისუფალი გონებით ნაკარნახევი და ღირსებით დამშვენებული. გვინდა ერთობა, ერთობა ღირსებით გამთლიანებულ ქვეყანაში. მაგრამ ვის ახსოვს იგი?
დღეს ბევრი თხოულობს ერთობას. შემოგვიერთდითო რამდენი წელია გაიძახიან ახალი ყვარყვარეები და ნაცვლად ერთობისა, ქვეყანა უფრო დაიქსაქსა. მილიონი აქეთ, მილიონი იქით, პატარა ბელადებსაც კი საკუთარი, გაბრუებული მრევლი ყავს. საოცარი კანონზომიერება აქვს ადამიანის ბუნებას, ვინც მაგრა ატყუებს და უსასრულო დაპირებებით კვებავს, სწორედ იმას ეჯაჭვება. ნუ ჰკითხავთ, რამ გააერთიანა. ჰკითხეთ ვინ გააერთიანა და ცხადი გახდება, რომ ერთგულებენ იმათ, ვისაც შიში და შურისძიება ამოძრავებს.
დიდი და პატარა ბელადები და მათ მიმართ გაუაზრებელი მიჯაჭვულობა, აი, უპირველესი ნიშანი ერის დაკნინებისა და სულიერიმონობისა.
ბევრჯერ მივმართეთ ხალხს, შევახსენეთ დავითი, ილია. შევახსენეთ ეროვნული ღირსება. არავინ ამბობს, რომ არ სურს სამშობლო, პირიქით, მაგრამ, ხალხი მაინც იმათ მიჰყვება ვინ პურს ჰპიდება. იმ პურს, რომელიც სამშობლოს გაყიდვით არის ნაშოვნი და უნებურად გახსენდება ფრთამოტეხილი, იმედდაკარგული ფრინველი, რომელიც გადარჩენის შიშით არის შეპყრობილი. იგი მონაა, მონაა იმათი, ვინც საკენკს უყრის და ჩასჩიჩურჩულებს „შენ ფრენა აღარ შეგიძლია“
ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ხომ არ დაგავიწყდათ როგორ ჩარეცხეს ჩვენი საუკეთესო შვილები? რას ელოდებით? ნუთუ იმას, თუ როგორ გადაქელეს არქიფოს მონებმა გათითოკაცებული თავისუფლების ქომაგნი!!!.
არ გამოვა ერის ერთობა, თუკი ის სულიერი მონობიდან არ იქნა დახსნილი. არქიფოების სოფლები უნდა დაიშალოს. მონა მაშინ თავისუფლდება, როცა, მის თვალწინ, მისი არქიფო დამცირდება და დაგლახავდება ძლიერისაგან, იმათგან ვინც ღირსებით გამოარა უმძიმესი ათწლეულები.
სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასოდეს, დგას ჟამი ცრუ პოლიტიკური კერპების მსხვრევისა, არქიფოების დაპანღურებისა. ეს გადაუდებელი საქმე ქვეყნის საუკეთესო ნაწილმა, მისმა ინტელიგენციამ უნდა გააკეთოს. აქ დაქსაქსულობა მიუღებელია. ვერ გაერთიანდება ერი, თუ არ გაერთიანდება მისი ინტელიგენცია.
სწორედ ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, გამოუტანეთ განაჩენი თანამედროვე ყვარყვარეებს.
აქვე მოგმართავთ თქვენ, ოცდამეერთე საუკუნის დაუშუშებელო აქტივისტებო, ბატონო მარადმწვანე პოლიტიკოსებო, მიტინგებზე გამობრძმედილო ორატორებო, ხალხის უფლებების დაცვით დაღლილო არასამთავრობოებო, პარლამენტში გაჭაღარავებულო მარადიულო დეპუტატებო, ყოფილო მერებო, მინისტრებო, პრეზიდენტებო, პარლამენტის თავმჯდომარეებო, პარტიების და ოჯახური პარტიუკების მარადიულო ბელადებო – მთქვენ კიდევ გჯერათ, რომ თქვენს გარეშე საქართველო დაიღუპება?.
ნამუსიანი კაცი, ერთხელ რომ საქმეში შეცდება, მეორედ მოკვდება და გამოასწორებს, თუ არა და დაირცხვენს და იმ საქმეს აღარ წაეკარება. თქვენ კი, რატომღაც, გგონიათ რომ შეცდომისათვის ბოდიშს მოიხდით და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება. ან კი ის, რაც თქვენ მოიმოქმედეთ, განა შეცდომაა?
არა ბატონებო, ხელისუფლების სათავეებში არასწორი ქმედება შეცდომა კი არა დანაშაული გახლავთ.
ორი ათეული წლის განმავლობაში ქვეყნისათვის გამრუდებული ცხოვრება, დაკარგული და გაყიდული ქართული მიწა, მილიონამდე გადახვეწილი, დანგრეული ოჯახები, უიმედო ხალხი და უფროს თაობაზე გამწყრალი ახალგაზრდობა. აი, უმძიმესი შედეგი თქვენი აქტივობის უკანასკნელი ათწლეულებისა.
სწორი ბრძანდებით, როცა ლაპარაკობთ პრობლემებზე. მაგრამ ტყუილად ხმაურობთ, ტყულიად ცდილობთ უცოდველი კრავებივით ერთმანეთს დააბრალოთ ყველაფერი. წამხდარ საქმეს თუ ლაპარაკი უშველის, სხვებმა უნდა ილაპარაკონ. თქვენ, ყველა ერთად, დამნაშავე ხართ. ვინ მეტად და ნაკლებად, ეს ერთმანეთში გაარკვიეთ. ცოტა საკუთარ თავშიც ჩაიხედეთ.
გაიხსენეთ, რა მოხდა გერმანიაში. მაშინ, ფაქტიურად, მთელ ერს სიკვდილი მიესაჯა. ლიდერებს ფიზიკური. დანარჩენებს კი პოლიტიკური (სულიერი). მილიონობით გერმანელმა უდრტვინველად აღიარა პოლიტიკური განაჩენი, დაგმო საკუთარი წარსული, საკუთარი ნამოქმედარი და განწმენდილმა, სულ სხვა შეგნებით და სხვა იდეოლოგიით, დაუღალავი შრომით და მაღალი პროფესიონალიზმით, ნანგრევებიდან ააშენა ახალი სამშობლო.
აი, ასეთი განაჩენი ეკუთვნის თქვენ პოლიტიკურ წარსულს. თქვენი ნამოქმედარის ადგილი ისტორიის პოლიტიკური სანაგვე გახლავთ. თქვენი გადარჩენა კი ხელებდაკაპიწებული, თავმდაბალი შრომაა.
თქვენ, ჩვენო ბატონებო, დიპლომები არ გაკლიათ, რატომ არ იხსენებთ საკუთარ საქმეს? დაგავიწყდათ პროფესია?, ან იქნებ არც არასოდეს გქონიათ?, სადამდე გინდათ სული ამოხადოთ ქვეყანას, რას ერჩით საქართველოს! მოშორდით, დაიკარგეთ, დაირცხვინეთ, თავი დაგვანებეთ და მოინანიეთ, სანამ ჯერ კიდევ დროა..
ჩვენ თქვენ არ გებრძვით, ჩვენ ვებრძვით თქვენში ჩაბუდებულ ურცხვ პოლიტიკურ ეშმაკს.
აქ, დიდი დავითის საფლავთან, გვინდა ხმამაღლა ვთქვათ, ძველი გზით სიარული შეუძლებელია. სამშობლო ელის ახალ აზროვნებას, ელის ღირსეულ, საქართველოს ერთგულებით გაერთიანებულ ახალ თაობას.
8 თებერვალი, დავითობა, 2021 წელი
ამირან აფციაური