პროგრამულიპროექტებისახელმწიფო კაცების საკრებულო

„სახელმწიფო კაცების“ საკრებულო

გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ

„მე შორს იმიტომ ვიხედები, რომ გიგანტების მხრებზე ვდგავარ“

ნიუტონი

ეს ახალი მოსაზრება არ არის. რეფრენად გამოტანილი ისააკ ნიუტონის გამოთქმა არათუ ადასტურებს, არამედ აუცილებელსაც კი ხდის მას დღევანდელი საქართველოსთვის.  გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძე, რომელიც ამ ხალხს ქვეყნის საზომადაც კი იყენებდა. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ სახელმწიფო კაცებისადმი კეთილგანწყობა ხალხში – საქართველოს ისტორიული გამოცდილებაა. მსოფლიოს და საერთოდ, წარმატებული ქვეყნების პოლიტიკაც ამას ადასტურებს – ყველგან პატივით ეკიდებიან მაღალპროფესიონალს მიუხედავად ასაკისა, გამოცდილებისა, რელიგიური აღმსარებლობისა და პარტიული კუთვნილებისა. დავით აღმაშენებელი და მისი პოლიტიკაა სწორედ ამის მაგალითი – სასულიერო პირი მთავრობის თავმჯდომარედ მოიყვანა და თვითონ, ახალგაზრდამ, ქვეყნის მმართველი გუნდი ბრძენკაცებისგან შექმნა.

დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა, თამარ მეფის მიერ შექმნილი დარბაზი ამის დიდი მაგალითია და ლამის მსოფლიო პარლამენტარიზმის საწყისი. მხცოვანი სულხან-საბა დიპლომატიაში ჰყავდათ ჩართული ახალგაზრდა მმართველებს. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI-VII საუკუნეში, საბერძნეთში ხალხსა და დიდგვაროვანთა შორის უკიდურესად დაძაბულ ურთიერთობაში ხიდის როლი შეასრულა ათენელმა რეფორმატორმა სოლონმა. ხალხმა, ვიმეორებთ, ხალხმა  სოლონს არისტოკრატიასა და ხალხს შორის შუამავლის როლი მიანიჭა. სოლონმა შექმნა ოთხასთა საბჭო და ამით არისტოკრატიის საყრდენი შეარყია. იგი მიხვდა, რომ სახელმწიფო, უპირველეს შიგნიდან ინგრევა და ეს ნგრევა უკიდურესად გამდიდრებულ და უღარიბეს ფენათა შორის დაძაბულობის გამწვავებით იწყება. ვფიქრობთ, სათქმელი ითქვა. დღევანდელი საქართველოსწორედ აქეთკენ მიექანება!

ვნახოთ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება. შექმნილია პრეზიდენტთა საბჭო. ყველა ყოფილი მინისტრი, სენატორი თუ გუბერნატორი, აქტიურ პოლიტიკაშია. ეს, როგორც გამოცდილებისადმი პატივისცემა, ჩამოყალიბდა არა მარტო როგორც დიდი პოლიტიკური კულტურა, არამედ იმ ქვეყნების წარმატების მთავარი საყრდენი, სადაც თაყვანისცემაა გამოცდილებისა და გამოცდილი ადამიანისადმი.

საქართველოსთვის ეს განსაკუთრებულია. ჯერ ერთი, ეს ჩვენი ისტორიაა, მეორეც – კავკასია უფროსისადმი განსაკუთრებული თაყვანისცემით გამოირჩევა დღესაც; მესამე – მსოფლიო პოლიტიკას ასაკოვანი და გამოცდილი ადამიანები წარმართავენ. დააკვირდით წარმატებული ქვეყნების პრეზიდენტებს, სახელმწიფო მეთაურებს, პარლამენტებს. იშვიათობაა 40 წლამდე ასაკის პოლიტიკოსი.

 ჩვენთვის დამანგრეველი აღმოჩნდა წინა ხელისუფლებების მიერ შემოთავაზებული ასაკობრივი გრადაცია. კარგად აღნიშნეს ახალგაზრდებმა: ხელისუფლება და საერთოდ, ნებისმიერი თანამდებობა აზროვნებაა და არა ასაკი. ჩვენ საპირისპირო გზით წავედით. მთელ მსოფლიოში, ამის მაგალითია აშშ და ევროპის წამყვანი ქვეყნები, ყოველ ოჯახშიც კი ძლიერდება უფროსისადმი პატივისცემა, ანუ ის, რაც ოდითგან და ტრადიციულად საქართველოში, ყოველ ქართულ ოჯახში ფასეული იყო. სამწუხაროდ, ჩვენ ვკარგავთ იმას, რისკენაც მსოფლიოს წარმატებული ქვეყნები მიილტვიან: პატივისცემა უფროსისადმი, დაფასება გამოცდილებას, პროფესიონალიზმს, ოჯახიშვილობას… ოჯახიშვილობა ყველაზე დიდ აკადემიად ითვლებოდა და ითვლება ქართული სულისა და ქართული ცნობიერების ადამიანებში და იგი მსოფლიო გამოცდილება ხდება. ოჯახიშვილობა – დიდი ფასეულობაა.

სულხან-საბა ორბელიანის განათლებით მოხიბლულმა ლუი მეთოთხმეტემ გაკვირვებით ჰკითხა დიდ მგოსანს: ვიცი სორბონა, ვიცი განათლების მსოფლიო ცენტრები, მაგრამ თქვენ სად მიიღეთ ეს განათლებაო. სულხან-საბამ უპასუხა: გლეხის სკოლა დავამთავრე და ქართული სუფრის ინსტიტუტიო.

ჩვენ ამ მაგალითების პროპაგანდა გვჭირდება და ეს მსოფლიო კონგრესის ერთი დიდი ნაწილი უნდა იყოს. დიდი მაგალითი მოგვცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მასთან შეხვედრისას. მან ბრძანა: არა მარტო ჩვენთან, სამწუხაროდ მსოფლიოში მიდის ავტორიტეტების წინააღმდეგ ბრძოლა და ეს ხდება შეგნებულად, რომ ხალხს არ ჰყავდეთ ნამდვილი ავტორიტეტები, ყალბები კი ადვილად სამართავები გახდნენ!

ეს თანამედროვეობის უდიდესი პრობლემაა. ჩვენ პატრიარქმა გვირჩია და რეალური საქართველოს მდგომარეობაც ამას გვკარნახობს, რომ მეტად გავაცნოთ ხალხს ავტორიტეტები – ცხოვრების წესითა და ქვეყნისადმი მსახურებით გამორჩეული ადამიანები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს საერთო-სახალხო და სამთავრობო პოლიტიკად უნდა ჩამოყალიბდეს!

გვახსენდებამერაბ ბერძენიშვილისა და რეზო ჩხეიძის საუბარი, რომლებმაც თითქმის შეთანხმებულად თქვეს: როცა გყავს გურამ დოჩანაშვილი, პირველ რიგში მისი აზრი უნდა აინტერესებდეს ხელისუფალთ და საერთოდ, ყველას, ვინც ქვეყნის მომავალზე ფიქრობს. მერაბ ბერძენიშვილმა ასეთი დიდი ხაზგასმაც გააკეთა: ნონა გაფრინდაშვილი სადაც არ უნდა შევიდეს, თუნდაც კინოთეატრში, ყველანი ფეხზე უნდა წამოვუდგეთო.

სწორედ ეს არის ადამიანის ღვაწლისა და გამოცდილების შეფასებაც და აღიარებაც.

ამ ნაწილში ჩვენ შემთხვევით არ ვსაუბრობთ ასე დეტალურად და ლირიკულ სტილში. ეს ღერძია ყველაფრის. თვით გამოთქმა „სახელმწიფო კაცები“, ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის. სწორედ ერის მამა თვლიდა, როგორც ეს ზემოთ უკვე ვთქვით,  სახელმწიფო იმის მიხედვით იზომება, რამდენი მთქმელი ჰყავსო, ანუ რამდენი გამორჩეული ადამიანი ჰყავს. როცა მივდივართ ნამდვილის დაფასების გზით, იქ საზოგადოებაში ყალბის, ფსევდოს ადგილი ნაკლებად რჩება.

სწორედ ეს შემოგვთავაზა კუვეიტიდან დაბრუნებულმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.  2011 წელს. თავის ქადაგებაში ისაუბრა ამ ქვეყნის გამოცდილებაზე, სადაც შექმნილი აქვთ, ხაზს ვუსვამთ, კანონმდებლობით, ავტორიტეტულ ადამიანთა საკრებულო, რომელიც აანალიზებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ეს შეხვედრები რომლებიც პირდაპირი სატელევიზიო გადაცემით მიდის, იღებს გადაწყვეტილებებს, უგზავნის მთავრობას, რომელიც არ არის ვალდებული ყველა გადაწყვეტილება გაიზიაროს, მაგრამ ვალდებულია, განიხილოს.

აი, ეს არის ჭეშმარიტი დემოკრატია! ავტორიტეტების მიერ გადაწყვეტილებების მიღება ხდება საჯაროდ ხალხის თვალწინ და მთავრობის პასუხიც ასევე საჯაროდ, სახალხოდ, პირდაპირი სატელევიზიო გადაცემით ხდება ცნობილი. მოსახლეობას აქვს საშუალება დაინახოს, რას სთავაზობენ ხელისუფლებას – რას იზიარებს და რაზე ამბობს უარს იგი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს ასეთი ინსტიტუტის არსებობას ამჟამინდელ საქართველოში. ეს დიდი საკითხია და არ გამოვრიცხავთ, რომ ერთ-ერთი მთავარი თემა კონგრესის სესიებზე მსჯელობისას, რომელიც შეიძლება იმით დამთავრდეს, რომ ეროვნულმა ყრილობამ განსაკუთრებული პრინციპების დაცვით საქართველოს ხელისუფლებასთან და პარლამენტთან დათათბირებით, შეიძლება აირჩიოს კიდეც ასეთი ორგანო. მანამდე კი, ეს დიდი ფუნქცია შეიძლება შეასრულოს მეცნიერთა კონფერენციის მიერ დასახელებულმა და სპორტის სასახლეში შეკრებილი კონგრესის მიერ მხარდაჭერილმა ავტორიტეტულ ადამიანთა გუნდმა.

საბედნიეროდ, ასეთი ადამიანები უამრავი ჰყავს ჩვენს ქვეყანას ხელოვნებაში, კულტურაში, მეცნიერებაში, განათლებაში, მედიცინაში, სპორტში. ყველა ქალაქსა და სოფელში არიან საერთო-სახალხო ნდობით აღჭურვილი ადამიანები, რომელთა ერთობას უაღრესად პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ასეთი გუნდი, პრაგმატული ენით თუ ვიტყვით, დღეს აწყობს ძლიერ ხელისუფლებას და ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას აფხაზ და ოს ძმებთან, სადაც დღეს უფროსი თაობის მიმართ კულტია, სადაც ხელისუფალთთვის კითხვის ქვეშაც კი არ დგება უხუცესთა გადაწყვეტილება.

ჩვენი ეს პოზიცია პირდაპირ კავშირშია დემოკრატიული მსოფლიოს გამოცდილებასთან, რომელსაც დიდი მოაზროვნის, შარლ მონტესკიეს მიერ ჩამოყალიბებული პრინციპები უდევს საფუძვლად: “ყოველ ერს, ხალხს მისი ხასიათის შესატყვისი კანონები უნდა ჰქონდეს. მთავარია, ზომიერი მმართველობა, რომლის დეფიციტი შეიძლება დემოკრატიულ სისტემაშიც წარმოიშვას. ამიტომ, უმთავრესია ძალაუფლების დანაწევრება, საჭიროა ისეთი მდგომარეობის შექმნა, რომ სხვადასხვა ძალებმა ერთმანეთი შეაკავონ- რათა ძალაუფლების ბოროტად გამოყენება არ მოხდეს. თუ არაა მათ შორის დაპირისპირება, ურთიერთკონტროლი – ყველაფერი იღუპება.”

 დღეს საკითხი ასე დგას: სახელმწიფო კაცების საკრებულო აუცილებელია,მაგრამ ისიც აუცილებელია, რომ ის ნამდვილად სახელმწიფო კაცების საკრებულო იყოს და ამის საფუძველი  მისი ზუსტად და სკურპულოზურად ჩამოყალიბებული, როგორც  შექმნის წესი, ასევე ის კრიტერიუმები უნდა იყოს ვინ შეიძლება ავირჩიოთ ასეთ ავტორიტეტულ ორგანოში. არავისთვისაა საკამათო, რომ ესენი უნდა იყვნენ უზადო რეპუტაციის მქონე 70 წელს გადაცილებული პიროვნებები, რომელთაც ხელისუფლებაში მოსვლის მიზნები არ აქვთ, მაგრამ აქვთ ქვეყანაში მდგომარეობის ცვლილებისდიდი სურვილი. კეთილ საქმეთა კეთების წარსულიც აქვთ და ეს მომავალშიც შეუძლიათ. რომელთაც აქვთ კოლეგების მაღალი ნდობა არა მარტო ქვეყანაში, არამედ ქვეყნის გარეთ. რომელთაც იციან ქვეყანაში არსებული მდგომარეობაც და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც, რომელთაც აქვთ ქართული ცნობიერება და აზროვნებენ ზოგადკაცობრიულად, რომელთაც ცხოვრებით დაადასტურეს ქვეყნისა და ხალხისადმი სიყვარული, მონაწილეობა არ მიუღიათ დაპირისპირების გაღვივებასა და საომარ მოქმედებებში. რომლებიც ყოველთვის საქვეყნო ინტერესებს იცავდნენ და არ გამოხატავდნენ პარტიულ მიკერძოებას.

უნაკლო მხოლოდ ღმერთია. ყველას უნდა შევუნდოთ ადამიანური სისუსტეები. ასეთი დაღის გარეშე, დრომ და ეპოქამ არავინ დატოვა.

   პირველ ეტაპზე, შეიძლება ეს გაკეთდეს მთავრობის, საპატრიარქოსა და მეცნიერებათა აკადემიის ურთიერთშეთანხმებული ზოგადი დებულებით. მეორე ეტაპზე – ეროვნული ყრილობის მიერ მოწონებული და საქართველოს პარლამენტის მიერ კანონად ქცეული დებულებით. მნიშვნელოვანია, რომ როგორც დროებითი დებულების, ასევე კანონპროექტის შემუშავება  უნდა მიდიოდეს მოსახლეობის, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების აქტიური მონაწილეობით. ჩვენ, მეცნიერთა ჯგუფი, ვმუშაობთ დროებითი დებულების პრინციპებზე.  შევეხებით ზოგიერთ დეტალს.

 „სახელმწიფო კაცების საკრებულოში“ კანდიდატის დასახელება ღია და თავისუფალია. შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, ჩვენს თანამემამულეს. პირველ ეტაპზე მან უნდა მიიღოს მინიმუმ 5 000 კაცის მხარდაჭერა, რის შემდგომაც იწყება საერთო-სახალხო განხილვა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ 5000 კაცის მიერ მხარდაჭერილი, საერთო-სახალხო განხილვის შედეგად  მოწონებული კანდიდატების სია საბოლოოდ უნდა დაადასტუროს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავრობის თავმჯდომარემ,პრეზიდენტმა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ საკრებულოში გაცილებით ძნელი უნდა იყოს მოხვედრა, ვიდრე პარალმენტში,მთავრობაში და თუნდაც, პრეზიდენტად.

 ხალხს და ქვეყანას, დღევანდელ საქართველოს, მართლაც, ჰაერივით სჭირდება სახელმწიფო კაცების ასეთი საკრებულო. იგი უნდა იყოს  ხალხის იმედი და, როგორც თავის დროზე სოლონმა ხალხსა და არისტოკრატიას შორის შემაერთებელი ხიდის როლი შეასრულა, ასეთივე უნდა შეასრულოს ამ საკრებულომ დღევანდელ საქართველოში ხელისუფლებასა დახალხს შორის ჩატეხილი ხიდის გამთლიანებისთვის.

 რეალურია თუ არა ასეთი ინსტიტუტის-სახელმწიფო კაცების საკრებულოს შექმნა?

 რეალურზე რაელურია, თუ ეს აწყობს ხელისუფლებას! თუ არ აწყობს – მაინც რეალურია შექმნას ხალხმა, მით უფრო, რომ ეს წინადადება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და ქვეყნის განვითარების კონცეფციის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“  შემქმნელ ჯგუფს ამ საკითხზე მუშაობის ლოცვა-კურთხევა მოგვცა. მთავარია,  ხალხში იყოს ეს განწყობა და არ შეშინდეს ის, ვისაც ხალხის მხარდაჭერა ექნება.

Facebook Comments
1 (20%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *