პროექტები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს
პროფესორ ნინო დობორჯგინიძეს
ქალბატონო ნინო,
გილოცავთ შობა-ახალ-წელს, გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და თანამშრომლობის დიდი სურვილით გიგზავნით „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დოქტრინის“ პროექტს, რომელსაც საფუძვლად დავუდეთ ილია ჭავჭავაძის მიერ გელათში წარმოთქმული მოსაზრება – „ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად“.
ვფიქრობთ, ამ სახით უნდა მოხდეს საქართველოში დაპირისპირებიდან თანამშრომლობაზე გადასვლა. მიგვაჩნია, ქვეყნის მომავალი დაკავშირებულია მეცნიერულ პროგრამებთან და მეცნიერულ პროგრამებში ხალხის შეერთებასთან.
მნიშვნელოვანი იქნება, თუ სახელმწიფო დოქტრინაზე საუბარს სწორედ, ილიას უნივერსიტეტში შევძლებთ.
გადაწყვეტილი გვაქვს, მიმდინარე წლის 8 თებერვალს, დავითობას, გელათის კონგრესზე საბოლოო რედაქცია მივცეთ ამ ტექსტს. პირველ ეტაპზე წარვადგენთ მეცნიერებათა აკადემიაში, შემდგომ კი, საქართველოს ხელისუფლებაში. ვფიქრობთ, სწორი იქნება, თუ საქართველოს პარლამენტი განიხილავს და მიიღებს „ეროვნულ-სახელმწიფოებრივ დოქტრინას“.
ქალბატონო რექტორო,
გაახლებთ დოქტრინის პროექტის რამდენიმე ეგზემპლარს. სასურველია, შეძლოთ მონაწილეობა გელათის კონგრესის მუშაობაში პირადად თქვენ, ან აკადემიური საბჭოს რამდენიმე წევრმა. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, თუ 5 წუთის ფარგლებში, კონგრესს გაუზიარებთ თქვენს მოსაზრებას დოქტრინასთან დაკავშირებით.
გელათის კონგრესის ჩანაწერი სრულად იქნება გადაცემული ტელევიზია „ქართული TV” – ს ეთერში.
გელათში გამგზავრება მოხდება 8 თებერვალს, დილის 9:00 საათზე. კონგრესი დაიწყება 14:00 საათზე დაბრუნება მოხდება იმავე დღეს.
გთხოვთ თქვენი გადაწყვეტილება გვაცნობოთ 1 თებერვლამდე.
„ქართული ერთობის დარბაზის“, „მეცნიერთა კონგრესის“ და ფონდ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ სახელით,
ჯუმბერ კოპალიანი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
13 იანვარი, 2025 წელი