მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

მეცნიერთა კონგრესის პოზიცია ხალხისა და ქვეყნის გასაგონად

მეგობრებო, თანამემამულენო,  მეცნიერთა კონგრესი მოგმართავთ – სამშობლო განსაცდელშია! პოლიტიკოსთა მიერ შემოთავაზებული დაპირისპირების პოლიტიკა უნდა დასრულდეს! ქვეყანას სჭირდება თანამშრომლობის ჰარმონიზაცია. ამ მიმართებით სანიშანსვეტო ბიბლიური პრინციპი ავირჩიეთ: მთავარში – ერთობა, სადავოში – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული. დაპირისპირება სუსტების მოგონილია და მთელი საზოგადოება ჩაგვითრიეს ამ დაპირისპირებაში. თანამშრომლობა ძლიერთ ხვედრია.

ხალხში ყველაზე დიდი მხარდამჭერა ჰპოვა იმის ხაზგასმამ, რომ პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების ეპოქა უნდა დასრულდეს და დაიწყოს მეცნიერების ერა. მეცნიერში ვგულისხმობთ ყველას,  თავისი საქმის პროფესიონალს. ვინც სხვას კი არ ებრძვის, არამედ საკუთარ თავზე იმარჯვებს.

ოდითგან საქართველოს ყველა კუთხე – კუნჭული გონიერ ადამიანებზე იდგა. ყველა სოფელს ჰყავდა და ჰყავს გონიერი კაცები. მათ თანამდებობა არ სჭირდებოდათ და არც დღეს სჭირდებათ, რადგან ხალხის აღიარებაზე დიდი თანამდებობა არ არსებობს. ქვეყანა მაშინ იმარჯვებს, როცა ხელისუფლება ხალხის აღიარებულია და არა ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით შერჩეული, როგორც ეს ასეა უკვე 30 წელია.

დიახ, ქვეყანა იქნება ძლიერი, როდესაც ხელისუფლებაში იქნებიან ავტორიტეტები, პიროვნებები, პროფესიონალები, რწმენით სავსე ადამიანები. ჩვენ არ ვითხოვთ აგვირჩიოთ. ქვეყნისთვის სჯობს ხალხის მიერ აღიარებულ კაცთა ხელისუფლება, პიროვნებათა ხელისუფლება.

 18 სექტემბერს ყველაფერი ეს  გამოტანილი იქნება ხალხის სამსჯავროზე.

18 სექტემბერი  დიდი ერთობის დღეა! აქ უნდა დავდგეთ ყოველგვარი პარტიულობის გარეშე.

18 სექტემბერს ხელისუფლებამ უნდა თქვას, იღებს თუ არა  მეცნიერთა პროგრამას და არის თუ არა მზად სისტემური ცვლილებებისთვის.

18 სექტემბრამდე ყველა პარტიამ უნდა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მეცნიერთა  პროგრამისადმი.

ჩვენ ვიცით, რა უნდა ხელისუფლებას – ხელისუფლების შენარუნება,  ჩვენ ვიცით რა უნდა ოპოზიციას – ხელისუფლებაში მოსვლა. ორივე სურვილი განპირობებულია რევანშიზმით! ეს დამღუპველია!

ხალხს არ უნდა რევანშიზმი, ხალხს უნდა ცხოვრობდეს არა ლანძღვა-გინებისა და დაპირისპირების ეპოქაში, არამედ ბედნიერებით სავსე სამშობლოში. ეს რეალურია! ამის გარანტიაა მეცნიერთა 21 პუნქტიანი პროგრამა.

18 სექტემბერს უნდა გავარკვიოთ, გვყავს თუ არა ხელისუფლება. ვართ თუ არა დამოუკიდებელი და საერთოდ, რას ნიშნავს დამოუკიდებლობა.

18 სექტემბერმა უნდა დაასრულოს  ანონიმური და ერთპიროვნული მმართველობა. ეს იქნება დიდი ნაბიჯი ძლიერი საქართველოსთვის. ყველამ უნდა გავიზიაროთ პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე მომავლის საქართველოსთვის. ყოველი მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია, რომ ქვეყანაში კრიზისის დაძლევა არც მილიარდერთან და არც ე.წ. ბელადებთან, მით უფრო ,ქუჩის ბელადებთან არ არის დაკავშირებული, დაკავშირებულია განათლებულ ადამიანთა ხელისუფლებასთან.

თანამემამულენო, ჩვენ აღარავის აღარ უნდა მივცეთ უფლება ხელისუფლებაში მოვიდეს ყალბი ეროვნული პათოსით, დემოკრატიის თამაშით, სოციალური დემაგოგიით და გადაგვაგდოს ელიტარულ კორუფციაში, როგორც ეს 30 წელია წარმატებულად ხდება!

დღეს ქვეყანას სჭირდება ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების თანამშრომლობა

 ვფიქრობთ, ჩვენ შევძლებთ ამას. სწორედ ამას ექნება ხალხის მხარდაჭერა. მაგრამ თუ ხელისუფლება კვლავ იგნორირების გზას დაადგება, კვლავ ჩაიკეტება საინფორმაციო საშუალებები მეცნიერული პროგრამებისთვის, ეს იქნება ყველასთვის ცუდი – ქვეყნისთვის, ხალხისთვის, ხელისუფლებისთვის!

18 სექტემბერი მოაზროვნე, მორალურ ადამიანთა შეკრების დღეა მომავლის საქართველოსთვის! ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით და სწორედ ამიტომ, ქუდზე კაცი! სამშობლო განსაცდელშია!

 

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *