სლაიდერი

გივი თალაკვაძე – მთავრობას უნდა შეეძლოს თამამად თქმა – ჩვენ ვიცით არა მხოლოდ ის, თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოში, არამედ ისიც, თუ როგორ უნდა გაკეთდეს

კაცობრიობის ისტორია რესურსებისათვის ბრძოლის ისტორიაა. ნებისმიერ ეპოქაში, ნებისმიერი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა იყო საკუთარი უსაფრთხოებისა და საკუთარი განვითარების უზრუნველყოფა. მართალია, განვითარებაში, მრავალი მათგანი სხვა ქვეყნების დაპყრობას და მათი რესურსების დაუფლებას გულისხმობდა.

რამდენიმე თვეც და შესრულდება 30 წელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან. განვლილი პერიოდი, განსაკუთრებით 1991-2012 წლები, რიგი წარმატებული და ნაყოფიერი ნაბიჯის მიუხედავად, უნდა შეფასდეს მაღალი ეროვნული პოტენციალის არასაკმარისად გამოყენებისა და არაეფექტური სახელმწიფო მმართველობის ხანად, რამაც ქვეყნის ეკონომიკური დეგრადაცია საკუთარი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დროებითი დაკარგვა, მოსახლეობის თითქმის მესამედით შემცირება და ქვეყანაში დარჩენილთათვის უმძიმესი სოციალური პირობების ჩამოყალიბება გამოიწვია.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ 1990-2018 წლებში მსოფლიოს ქვეყნების მშპ ზრდის რეიტინგში საქართველოს 197 ქვეყანას შორის ბოლოდან მეორე ადგილი უკავია 71 %-იანი მაჩვენებლით (ანუ, 2018 წ. მშპ შეადგენს 1990 წ. მშპ-ის 71 %-ს). შედარებისათვის, ამავე პერიოდში მსოფლიოს მშპ ზრდის საშუალო ტემპი შეადგენს 369%, ევროკავშირის -200%, თურქეთის – 593%, აზერბაიჯანის – 339%, სომხეთის – 255%, რუსეთის – 241%, ჩინეთის – 2162%.

რამ განაპირობაასეთი სავალალო შედეგები?

აღნიშნულ პერიოდში საქართველოში მრავალი სამრეწველო დარგის და ობიექტის განადგურებამ,

ადგილობრივი მრავალფეროვანი სანედლეულო ბაზის იგნორირება ქვეყნის ინდუსტრიულ და აგრარულ სექტორებში,

საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქციის წარმოებისადმი უყურადღებობამ,

უახლესი და პერსპექტიული ტექნოლოგიებით დაუინტერესებლობამ.

საგარეო გრანტებისა და სესხების უყაირათოდ გამოყენებამ.

2013 წლიდან მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესების მიუხედავად, როდესაც შეწყდა მოსახლეობასა და ბიზნესზე უსამართლო და ძალადობრივი ზემოქმედება, დალაგდა და განვითარებადი ხასიათი მიიღო ევროკავშირთან და რიგ საკვანძო ქვეყნებთან, პირველ ყოვლისა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებმა, ვერ შემუშავდა ქვეყნის განვითარების მკაფიო და დასაბუთებული პროგრამა, რომელსაც მოიწონებდა და მხარს დაუჭერდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა და რომლის საფუძველი იქნებოდა საქართველოს ინტეგრალური რესურსები, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მისი უნიკალური კულტურისა და ისტორიის სრულყოფილი აღიარება და დღევანდელ თაობათა, განსაკუთრებით ახალგაზრდობის უკეთეს, ახალ საქართველოში ცხოვრების მტკიცე ნება და სურვილი.

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აქტიურად მკვიდრდებოდა აზრი იმის შესახებ, რომ საქართველო არის მცირერესურსიანი ქვეყანარომლის ძირითადი მწარმოებლური პოტენციალი შემოიფარგლებოდა მანგანუმით, ციტრუსებით, მინერალური წყლით, ღვინით და ზოგიერთი სხვა პროდუქტით.

რეალობა, საბედნიეროდ, სულ სხვაა და გაცილებით უკეთესი.

თუმცა, ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ბუნებრივი რესურსებით სიმდიდრე ყოველთვის როდია ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისა და მისი მოსახლეობის ცხოვრების მაღალი ხარისხის მიღწევის საკმარისი პირობა.

რესურსებით ყველაზე მდიდარი მსოფლიოს ათი ქვეყნიდან (რუსეთი, აშშ, ჩინეთი, ბრაზილია, ირანი, ავსტრალია, ერაყი, კანადა, საუდის არაბეთი, ვენესუელა), ცხოვრების ხარისხი საკმაოდ დაბალია ოთხ მათგანში (რუსეთი, ჩინეთი, ბრაზილია, ირანი) და ძალზე დაბალი – ორში (ერაყი, ვენესუელა), ხოლო რესურსებით ღარიბი ქვეყნები ისეთი, როგორიცაა – იაპონია, ისრაელი, სამხრეთი კორეა – მაღალგანვითარებული და ზრდადი ეკონომიკის სახელმწიფოებია.

გადავხედოთ საქართველოს ძირითად ბუნებრივ რესურსებს :

  1. სასმელი წყალი

მოძიებული რესურსი-573 მ.3/წმ; საექსპლუატაციო რესურსი – 301 მ3/წმ;

საექსპორტო რესურსი – 55-60 მილიარდი ლიტრი/წელ. ($6-7 მილიარდი).

  1. მინერალური წყალი

მოძიებული რესურსი-1300 მ3/დღეღამეში; საექსპლუატაციო რესურსი -800 მ3/დღეღამეში; საექსპორტო რესურსი – 400-450 ათასი ლიტრი დღეღამეში.

  1. ფართო პროფილის კურორტები

სულ – 102 კურორტი; 200-ზე მეტი საკურორტო ლოკაცია.

კურორტების ტიპები: ბალნეოლოგიური, კლიმატური, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი, პროფილაქტიკური.

  1. ჰიდროენერგეტიკა და არატრადიციული ენერგეტიკა

ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი – 100-110 მილიარდი კვტ. სთ/წელ.

არატრად.ენერგეტიკის ჯამური პოტენციალი – 25-30 მილიარდი კვტ.სთ/წელ.

  1. სათბობენერგეტიკული რესურსები

ნავთობი-13 მილიონი ტ (სავარაუდო-580 მილიონი ტ); ბუნებრივი აირი-1.8 მილიარდი მ3; ქვანახშირი – 485 მილიონი ტ (სავარაუდო-700 მილიონი ტ); ტორფი – 100 მილიონი მ3;

  1. შავი, ფერადი და იშვიათი მეტალები

მანგანუმი – 61 მილიონი ტ; რკინა – 120 მილიონი ტ; სპილენძი – 200 მილიონი ტ; თუთია – 100 მილიონი ტ; დარიშხანი – 75 000 ტ; სტიბიუმი 48 000 ტ; ვერცხლისწყალი 8 000 ტ; ტიტანი – 4 მილიონი ტ; ოქრო 106 ტ. (პროგნოზი-1 200 ტ);

  1. ქიმიური, აგროქიმიური, კერამიკული რესურსები

ბარიტი-8 მილიონი ტ; ბენტონიტური თიხა – 132 მილიონი ტ; ცეოლიტი – 21 მილიონი ტ; დიატომიტი – 8 მილიონი ტ; ანდეზიტი-22 მილიონი ტ; ტალკი 2.5-მილიონი ტ; კერამიკული თიხა – 63 მილიონი ტ; თაბაშირი – 70 მილიონი ტ. და ა.შ.

  1. სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვები

სულ – 1.5 მილიარდი მ3, მათ შორის:

მარმარილო – 150 მილიონი მ3 ; კირქვა-300 მილიონი მ3; ტუფი-145 მილიონი მ3; გაბრო-120 მილიონი მ3 ; გრანიტი-42 მილიონი მ3; და ა.შ.

  1. მეტალურგიული, ინერტული და საამშენებლო რესურსები

სულ- 363 საბადო; ჯამური რესურსი 3 მილიარდი მ3. მათ შორის:

ქვიშა-ხრეში – 760 მილიონი მ3; ვულკანური შლაკი – 360 მ3; ცეცხლგამძლე თიხა – 113 მილიონი მ3. და ა.შ.

  1. მერქანი

მთლიანი რესურსი – 460 მილიონი მ3;

საექსპორტო პიტენციალი – 2 მილიონი მ3 მზა პროდუქცია და ნ/ფაბრიკატები

  1. გეოთერმული რესურსები

დადგენილი – 160 000 მ3/დღეღამეში; საპროგნოზო – 900 000 მ3/დღეღამეში

და ა.შ. – სრული ჩამონათვალი და შესაბამისი ანალიზი, ალბათ ცალკე საუბრის თემაა, მხოლოდ იმას ავღნიშნავ, რომ არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები საქართველის ბუნებრივი რესურსების შეფასებასთან დაკავშირებით – 250-დან 450 მილიარდ აშშ დოლარამდე, თუმცა ჩემი შეხედულებით, რეალობასთან უფრო ახლოს არის 1,2 -1,3 ტრილიონი აშშ დოლარის დონეზე შეფასება.

თითქმის 25 წელია, რაც კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ საქართველოში რიგი პროექტების შემუშავებასა და რეალიზაციაზე. მათ შორისაა: „საერთაშორისო სარკინიგზო მაგისტრალი ბაქო-თბილისი-ყარსი“. „საერთაშორისო მაგისტრალური გაზსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, „მერქნის დამამუშავებელი მრავალპროფილური კომბინატი დ. ჟინვალში“, „სალიეთისა, კაცხისა და მოლითის მარმარილის კარიერების დაპროექტება და ამუშავება“, „ბაზაქლოს და გეზელდაგის ტუფის კარიერების დაპროექტება და ამუშავება“, „მარმარილოს დამამუშავებელი ფილებისა და სლებების მაღალმწარმოებლური ქარხანა“, ანალიტიკური პროექტები „პრიორიტეტები და რესურსები“, „დღეს საქართველოში“, „დამოგრაფიული რისკები საქართველოში“ და ა.შ. ბოლო წლებში კი ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს რესურსების ანალიზსა და მათი გამოყენების ეფექტიანობის რადიკალურ ამაღლებაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე არ ვფლობთ საყოველთაო და ზუსტ მონაცემებს ქვეყნის ყველა სახის ანუ ინტეგრალური რესურსების შესახებ, რის მიღწევაც მხოლოდ სრულყოფილი და ფართო მასშტაბიანი ინვენტარიზაციისჩატარებით არის შესაძლებელი. ეს საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო ამოცანაა. პირველი ნაბიჯი ამ მხრივ გადაიდგა 1934 წელს, როცა თბილისში გამომცემლობამ „ტექნიკა და შრომა“ რუსულ ენაზე გამოსცა ამ დროისთვის უნიკალური კაპიტალური ნაშრომი „Минеральные ресурсы Грузии“ („საქართველოს მინერალური რესურსები“).

შემდგომში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის თაოსნობით 1956-65 წლებში ასევე რუსულ ენაზე გამოიცა 6-ტომიანი კრებული „Природные ресурсы Грузинской ССР“ („საქართველოს სსრ ბუნებრივი რესურსები“). 1978 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში დაარსდა საქართველოს ბუნებრივი საწარმოო ძალების შემსწავლელი კომისია, რომელის დღესაც აგრძელებს მუშაობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ი.ჟორდანიას სახელობის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის სახით. ამ ცენტრის მიერ შემუშავდა კომპლექსური ნაშრომები: „Природные ресурсы Грузии и проблемы их рационального использования“ (1991წ). და უკვე ქართულენოვანი: „საქართველოს მხარეების ბუნებრივი რესურსები და მათი გამოყენების პერსპექტივები“ ( 2005-2012 წ.წ.) და აკადემიური ორტომეული „საქართველოს ბუნებრივი რესურსები“ (2015 წ.).

ყველა ამ გამოცემის მნიშვნელობა ძალზე დიდია, თუმცა დრომ მოიტანა ყველა სახის რესურსებთან დაკავშირებით ახალი მიდგომების და ხედვების შესაბამისი, გლობალურ სარესურსო პრობლემატიკასა და გამოწვევებთან თანხვედრაში მყოფი და ქვეყნის პერსპექტიულ განვითარებაზე გათვლილი კვლევების განხორციელება .

ქვეყნის უმთავრეს რესურსად სრულიად სამართლანად ითვლება მიწა.

სწორად მიწის პრობლემატიკას წამყვანი ადილი აქვს დათმობილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ი.ჟორდანიას სახელობის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მიმდინარე და სამომავლო კვლევით პროგრამებში.

წლებია, რაც პოლიტიკური და სოციალურ ეკონომიკური კატაკლიზმების ფონზე მიწის გამოყენებას სათანადო ყურადღება არ ექცევა. სახელმწიფოს, ხელისუფლებას გაცნობიერებული არ ქონდათ, რომ მიწის რესურსების რაციონალურ მართვაზეა ბევრად დამოკიდებული ქვეყნის უსაფრთხოება, განვითარების ტემპები, მდგრადი ეკოლოგიური სისტემების შენარჩუნება, სასურსათო უსაფრთხოება და რაც მთავარია – საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დამყარებული ეროვნული ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბება.

ასეთ პირობებში მიწა როგორც ბუნებრივი რესურსი და წარმოების ფაქტორი არა ეფექტიანად გამოიყენებოდა ეკონომიკის მთავარი მიზნის – საზოგადოების მუდმივად მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებების ხელშემყობი პირობების განხორციელებისათვის.

წლებია, სახელმწიფოც და მიწის მფლობელებიც სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის გამოყენებას, სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან.

მიწის აღწერის, შეფასების, რაციონალური გამოყენებისა და მართვის სფეროებში უამრავი პრობლემა დაგროვდა.

მოუგვარებელია მიწის აღრიცხვა და რეგისტრაცია, მოშლილია მიწათმოწყობა. ქვეყანას არ გააჩნია მიწის კოდექსი და მიწის კადასტრი. 90-ანი წლებიდან არ ხორციელდება ნიადაგის დაცვის და ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებანი. მიწის პრივატიზაციის პროცესსში დასვებული შეცდომების შედეგად, გაღრმავდა მიწების ფრაგმენტაციის პროცესი, რის გამოც რთულდება მათ კონსოლიდაციისთან დაკავშირებული პროცესების რეგულირება.

ყოველივე ამან ხელი შეუწყო მიწის რესურსების არარაციონალურ გამოყენებას და გარე ფაქტორებზე ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის დამოკიდებულების საშიშროებას.

საგულისხმოა, რომ ამ ოდენობის სახნავი ფართობები დედამიწაზე ყოველ 15 დღეში ქრება გაუდაბნოების, ეროზიისა და სხვა ბუნებრივი პროცესების გამო.

ამჟამად უცხოეთიდან შემოტანილ აგრარულ პროდუქციას ქვეყნის შიდა მოხმარების 75% უჭირავს, ხოლო სასურსათო პროდუქტების იმპორტი თითქმის $ 700 მილიონით აღემატება ექსპორტს.

რესურსები შეიძლება იყოს: უნიკალური, და აქედან გამომდინარე პოტენციურად უკონკურენტო, მოთხოვნადიმაღალი ხარისხის (თუ სიმძლავრე და ტექნიკური მახასიათებლები შეესაბამებიან რესურსზე მიმდინარე მოთხოვნებს), მოთხოვნადისაშუალო და დაბალი ხარისხის, მაგრამ დაბალი თვითღირებულების, რაც მის კონკურენტუნარიანობას განაპირობებს.

საქართველოს უნიკალურ ბუნებრივ რესურსებს შეიძლება მივაკუთნოდ სასმელი და მინერალური წყალი, მანგანუმის ჯგუფის მთელი სპექტრი, ეთერზეთები (რომლებიც თითქმის აღარ იწარმოება) , ღვინო-განსაკუთრებით უნიკალური ტექნოლოგიებით დამზადებული, ფარმაკოლოგიური დანიშნულების ნედლეული, საამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვები და ა.შ.

განსაკუთრებულ ჯგუფს წარმოადგენენ რესურსები, რომელთა ათვისება და გამოყენება მკვეთრად აამაღლებს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს. პირველ ყოვლისა ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქციის – ხილის, ბოსტნეულის და ბაღჩეულის, ციტრუსების გადამუშავებით მიღებული პროდუქცია, რომლის მოცულობა 3-4 ჯერ შეიძლება აღემატებოდეს შიდა ბაზრის მოთხოვნებს;

დღეს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, ცდილობენ რაც შეიძლება ნაკლებად გამოიყენონ ქიმიური სასუქები, რომელთა წარმატებული ალტერნატივა არის აგრომადნები. ამ უკანასკნელთაგან საქართველოში ფართოდ გავრცელებულია ფოსფორიტები, გლაუკონიტები – რომლებშიც შედის ყველა ის მიკროელემენტი, რომელიც აუცილებელია მოსავლიანობის მნიშვნელოვანი ზრდისათვის,

ძვირფასი ლითონები საქართველოში

საქართველოში 100-120 ტონამდე ოქრო უკვე მოპოვებულია მადნეულის საბადოზე. ექსპერტების შეფასებით, ქვემო ქართლის საბადოებზე კიდევ არის სამი ამდენი. საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში ოქროსთან დაკავშირებული გეოლოგიური სამუშაოები არ ფინანსდებოდა, რადგან რუსეთის ფონზე, ითვლებოდა რომ საქართველოს მარაგები უმნიშვნელო იყო.

საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტის 2003 წლის მონაცემებით სქართველოს ოქროს პროგნოზული რესურსები 1000 ტონას აჭარბებს, ხოლო კავკასიის მინერალური რესურსების ინსტიტუტის ბოლო წლების შეფასებით, ეს რესურსები 2500 ტონასაც უნდა აჭარბებდეს.

დღეს მსოფლიოში, 2-3 ტონის მარაგზეც კი, თუ ოქროს შემცველობა ქანში ნახევარ გრამს მაინც შეადგენს აქტიური მუშაობა იწყება. ქვემო ქართლის მადანგამოვლინებებში კი ოქროს შემცველობა, როგორც წესი, 1 ტონა მადანში 1 გრამზე მეტია. ასევე პერსპექტიულდ მიიჩნევა აჭარის და გურიის 10-მდე ოქროს გამოვლინება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მხრივ სვანეთის და რაჭის ტერიტორია. ექსპერტების ვარაუდით, მხოლოდ ლუხუმის (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) საბადოზე მოსალოდნელია 30 ტონა ოქროს ხოლო ზემო რაჭის ზოფხიტოს საბადოზე – დაახლოებით 50 ტონის არსებობა. აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის 20-30 წლებში, ქართველ გეოლოგებს ოქროს ნიშნები აღწერილი აქვთ ალაზნის და ივრის ხეობებში და მათ შენაკადებში. ასევე პირიქითა ალაზანში.

საგულისხმოა ისიც, რომ თუ ადრე ანალიტიკურად შესაძლებებლი იყო განსაზღვრულიყო პროცენტის მეასედი, იშვიათად მეათასედი, ლითონის შემცვლელობა ქანში და მდინარის ჩამოტანილ სილაში, დღეს შესაძლებელია წონის მემილიარდედის განსაზღვრა, რამაც გამოიწვია ახალი საბადოების აღმოჩენა უელსში, შოტლადიაში, იტალიაში და ესპანეთში.

ასევე მნიშვნელოვანია ვერცხლის გამოვლინებები დავით გარეჯის, ბექთაქარის საბადოებზე. არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ საქართველოში ვერცხლი არანაკლებ მნიშვნელოვანი წიაღისეული გახდეს ვიდრე ოქრო. მაგალითად რაჭაში, კვარძახეთის მადანგამოვლინებაზე ვერცხლის შემცველობა 160 გრამამდე ადის ტონა ქანზე, მაშინ როდესაც საერთაშორისო სტანდარტებით ტონაზე 20 გრამის შეცველობის შემთხვევაში უკვე იწყება საბადოს ექსპლუატაცია.

საქართველო ცნობილია თავისი საამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვებით.

უმაღლესი ხარისხის მარმარილოს კარიერებია: კახეთში, მდინარე ლოპოტას ხებოაში და სვანეთში, დიზის წყებაში. მრავლად არის ევროპაში კარგად ცნობილი და არაერთგზის გამოყენებული ფერადი მარმარილოები და მარმარილოსებური კირქვები, გრანიტი, გაბრო, ტეშენიტი, დიაბაზები და ტუფი იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის საბადოებიდან.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის და დმანისის ტუფების პოპულარობა დღითიდღე იზრდება. მრავალია საქართველოში ვულკანური ქანების ბაზალტების, ანდეზიტების, დაციტების საბადოები. ასევე, მრავლად არის ქიმიური და აგრო მადნები. თავისი მარაგებით გამოირჩევა ჩორდის ბარიტის საბადო, ბენტონიტური თიხის საბადო ასკანაში, გურიაში, რომელიც თავის ხარისხით და სიმძლავრით ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში.

საქართველო ტყით მდიდარი ქვეყანაა. ტყის ფონდის საერთო ფართობი 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 3007.6 ათას ჰექტარს, ანუ ქვეყნის ტერიტორიის (6949.4 ათასი ჰექტარი)- 43.2%-ს.

ტყის ფონდის საერთო ფართობიდან საკუთრივ ტყეს (ტყით დაფარულ მიწებს) უკავია 2822.4 ათასი ჰექტარი, ანუ ქვეყნის ტერიტორიის 40.6% (ტყიანობის პროცენტი). ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

მსოფლიოსთვის ეს მაჩვენებელი 27%-ია, ხოლო საქართველოს მეზობელი ქვეყნებისათვის 15%-ს არ ღემატება. ტყეებში მერქნის საერთო მარაგი შეადგენს 460 – მდე მლნ მ3– ს, ხოლო მერქნის მარაგის საშუალო წლიური ნამატი- 4.5 მლნ მ3-ს.

ქვეყნის ტყის ფონდის 680,7 ათასი ჰა (22,6%) მ.შ ტყით დაფარული 642.1 ათასი ჰა იმყოფება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთი სულ-507,1 ათასი ჰა, მაშ. ტყით დაფარული-479,9 ათასი ჰა; სამაჩაბლო – სულ 173,6 ათასი ჰა, მ.შ. ტყით დაფარული 162,2 ათასი ჰა.). აღნიშნულ ტერიტორიებზე ჯერჯერობით საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.

ადგილი ჰქონდა რესურსების (განსაკუთრებით მერქნის) მოპოვებას არამდგრადი მეთოდებით და ჭარბი ოდენობით. ყოველივე ამის შედეგია ტყის ეკოსისტემების დეგრადაცია, რესურსების შემცირება, გახშირებული სტიქიური მოვლენები. არამდგრადი მეთოდებით ხორციელდება ტყით სარგებლობა, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებში არასტაბილურობის ენერგეტიკული, ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის პირობებში.

ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილის მდგომარეობა ამჟამად საგანგაშოა, რაც გამოიხატება შემდეგში: ტყის ფართობების 54% წარმოდგენილია 0,5 და ნაკლები სიხშირის კორომებით, ხშირად ადგილი აქვს მერქნიან სახეობათა არსასურველ ცვლას (ძვირფასმერქნიანი სახეობების ადგილს იკავებს შედარებით დაბალი ღირებულების მეორადი წარმოშობის მერქნიანი სახეობები), ხშირია ეროზიული პროცესები, მკვეთრადაა შემცირებული ტყეებში ძვირფასმერქნიან სახეობათა (წაბლი, თელა, ნეკერჩხალი, უთხოვარი, ბზა და სხვა) რაოდენობა მათი სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენების გამო. ამასთან ტყეების აღდგენის და მოვლის ღონისძიებები ხორციელდებოდა უმნიშვნელო ოდენობით.

უარყოფით გავლენას ახდენდა ტყეების მდგომარეობაზე მავნებელ დაავადებათა გავრცელება. განახლებული და დაზუსტებული მონაცემების (ფართობების განაწილება, ფუნქციონალური დანიშნულების, მიწის კატეგორიებისა და მართვის ფორმების მიხედვით) მიღება, შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დაზუსტებული და კანომდებლობის შესაბამისად დარეგისტრირებულ იქნება ტყის ფონდის საზღვრები და ფართობები, აგრეთვე განხორციელებულ იქნება ტყის ფონდის ინვენტარიზაცია (ტყეთმოწყობა).

ბოლო 20 წლის გამნმავლობაში ტყეთმოწყობის (ტყის ინვენტარიზაციის და მართვის გეგმის შედგენის) სამუშაოები განხორციელდა უმნიშვნელო მოცულობით. არ არსებობს სარწმუნო ინფორმაცია განვლილი ათწლეულების პერიოდში ტყის ფონდში განხორციელებულ ლეგალურ თუ არალეგალურ ქმედებებზე.

მეოთხე თვეა, რაც მთელი მსოფლიო სრულიად ახალ, უმწვავეს და უპრეცედენტო რეალობაში აღმოჩნდა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ზნეობრივი და ფსიქოლოგიური ძვრები, იმის მიუხედევად, რომ არაერთ მსგავს მოვლენას კაცობრიობის ისტორიის ახლო და შორეულ წარსულშიც ჰქონდა ადგილი, შოკურ მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყნების, მათი მთავრობების აბსოლუტური უმრავლესობა.

უნდა ვაღიაროთ, რომ თანამედროვე ნეოინდუსტრიული საზოგადოება სრულიად მოუმზადებელი და უსუსური აღმოჩნდა ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე ეტაპზე, ასეთი სახის გლობალური გამოწვევის წინაშე.

სახეზეა ასევე სამწუხარო ფაქტი, რომ როგორც პროფილურმა, ასევე ძირითადმა საერთაშორისო და რეგიონულმა სტრუქტურებმა გამოამჟღავნეს უუნარობა და კვალიფიკაციის მოულოდნელად დაბალი დონე კაცობრიობისათვის რეალურ და ფართომასშტაბიან საფრთხესთან შებრძოლების საქმეში.

მეორე პლანზე გადაინაცვლა გლობალური დათბობის, კლიმატის ცვლილების, ეკონომიკური მდგრადობის, პოლიტიკური და სამხედრო კონფლიქტების და უამრავმა სხვა საკითხმა, რომლებიც სულ რაღაც ოციოდე კვირის წინ გლობალური დღის წესრიგის საკვანძო მდგენელებს წარმოადგენდნენ.

დღევანდელ პირობებში ყველაზე აქტუალურია პანდემიის საბოლოო შეჩერება და მასთან საბრძოლველად ახალი ტიპის საერთაშორისო რეჟიმების ჩამოყალიბება, რომლებიც ეფექტიანად გაუძღვება პანდემიისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის რთულ, მაგრამ სრულიად რეალიზებად პროცესს.

ალბათ, მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათი ლიდერები და მთავრობები უკვე აცნობიერებენ იმ ჭეშმარიტებას, რომ ლოკალური და თუნდაც რეგიონული, ერთი შეხედვით ეფექტური და შედეგიანი ნაბიჯები და შესაძლებლობები, მკაფიო საერთაშორისო ერთიანი სამოქმედო გეგმის გარეშე სასურველ შედეგს ვერ უზრუნველყოფს.

საქართველოს, როგორც პანდემიისგან ერთ-ერთ დაზარალებულ, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ ორგანიზებულად და შედეგიანად მოქმედ ქვეყანას, შეუძლია ასეთი ინიციატივით გამოვიდეს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას – გადამწყვეტი მნიშვნელობა ნებისმიერი ქვეყნის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში ენიჭება ძირითადი ორიენტირების ჩამოყალიბებას – უახლოესი, საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივისათვის – ანუ პრიორიტეტების განსაზღვრას.

საზოგადოდ, ნებისმიერ ქვეყანას, მისი საციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის მიუხედავად, ორი პრიორიტეტი გააჩნია: უსაფრთხოება და განვითარება, ხოლო განსხვავებები ამ კატეგორიების სტრუქტურასა და შინაარსშია. საქართველოს შემთხვევაში, ორივე – უსაფრთხოებაც და განვითარებაც უპირველესად, პირდაპირ ინვესტიციებზე, ხაზს ვუსვამ – პირდაპირ ინვესტიციებზე და არა კრედიტებზეა დამოკიდებული.

21-ე საუკუნეში საქართველოში ორჯერ შემოვიდა მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები – 4 მილიარდი აშშ დოლარი 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდგომ და წელს, როდესაც უკვე მიღებულ, თუ არ მეშლება, 3,5 მილიარდ ლარს, როგორც საინფორმაციო საშუალებებში გაჟღერდა, დაემატება 7,1 მილიარდი ლარი. ჯამში -თითქმის 12 მილიარდი ე.ი. დაახლოებით იგივე მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც 2008-ში.

როგორ მოხდა 2008 წელს დახმარების სახით მიღებული თანხების დახარჯვა ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის, უცნობია. მაგრამ ისიც არ ვიცით (გარდა ხელისუფლების მიერ ერთი კვირის წინ გამოქვეყნებული მოსახლეობისადმი და სამსახურიდან პანდემიის გამო დათხოვნილებისადმი დახმარების გეგმისა), ამჟამად როგორ რეჟიმში და როგორი მიზნობრიობით მოხდება ამ თანხების განკარგვა.

მთავრობის ინორმაციით, პანდემიით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით გამოიყო 2 მილიარდ ლარზე მეტი და ამევედროულად საგრძნობლად შეიკვეცა სახელმწიფო მმართველობისთვის გათვალისწინებული ასიგნებანი. ამის გამო, მთავრობა უთუოდ ქებას იმსახურებს – რეალობის ადექვატური შეფასების გამო.

საქართველოსთვის, რომლის მშპ 2019 . იყო $15 მილიარდი და ბიუჯეტი $5 მილიარდის ტოლი, $4 მილიარდიდიდი ფულია. ამ თანხის მესამედიც კი სრულიად საკმარისია ადგილობრივ ნედლეულზე მომუშავე, მაღალტექნოლოგიური, გლობალურ ბაზრებზე მოთხოვნადი პროდუქციის გამომშვები 120-130 საწარმოს შესაქმნელად, სადაც თავიდანვე დასაქმდება 10- 12,000 ადამიანი, ხოლო საშუალო ხელფასი 2000 ლარს მიაღწევს.

ამ მიზნით დახარჯული ინვეცსტიციების დაბრუნება საწარმოთა ფუნქციონირების სწორი ორგანიზაციისა დახელის არ შეშლისპოლიტიკის გატარებით, გარანტირებულად შესაძლებელი იქნება 20-25 თვეში, რაც შესაძლებლობას გააჩენდარიგში მყოფი“, სხვა პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებისა და ახალი 10-12,000 ადამიანის დასაქმების.

თანაც: არ იქნებოდა საჭირო არავითარისაშეღავათო პირობებიდასაგადასახადო არდადეგები“, რადგან ეს საწარმოები თავიდანვე შესძლებდნენ ყველა სტანდარტული საგადასახადო და სოციალური ვალდებულების შესრულებას.

მეტსაც გეტყვით და ეს სულაც არ არის ლიტონი სიტყვები – შემუშავებულია და უამრავ კომპეტენტურ სტრუქტურებში განხილული და პოზიტიურად შეფასებული ბიზნესსქემები და ბიზნესგეგმები, არსებობენ მაღალპროფესიული და გამოცდილი სპეციალისტები და არსებობს ხელმოწერილი განზრახულობათა ოქმები და კონტრაქტებიც კი, უმაღლესი კატეგორიის საწარმოო ხაზებისა და მანქანადანადგარების მომწოდებლებთან და მომავალი პროდუქციის მყიდველებთან.

ვინ არიან ინიციატორები? ცნობილი და აღიარებული ექსპერტები და მრავალი პროექტის განმხორციელებელი მეცნიერები და ინჟინრები, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერები, ქვეყნის წამყვანი სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და მეცნიერ-თანამშრომლები.

2007-2020 წლებში მათ მიერ ჩატარდა კვლევათა ციკლი საქართველოს ბუნებრივი რესურსების, ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებსა და რესურსებს შორის ურთიერთდამოკიდებულებების და მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების თავისებურებათა პრობლემებთან დაკავშირებით.

ამჟამად, დასკვნით ეტაპზეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის კომპლექსური კვლევა საქართველოს ინტეგრალური რესურსები“, სადაც ბუნებრივ და ეკონომიკურ რესურსებთან ერთად წარმოდგენილი და განხილული იქნება მთელი სამრავლე ე.წ. პარციალური რესურსებისა“, ანუ ყველა იმ არსებული და პოტენციური შესაძლებლობების, რომელთა აღრიცხვა, რაციონალური გამოყენება და ოპტიმალური მართვა, დამატებით მძლავრ ბერკეტებს შესძენს ქვეყნის სოციალურეკონომიკური განვითარების მიმდინარე ეტაპის შესატყვისი კონცეფციისა და სამუშაო პროგრამის შემუშავებასა და ამოქმედებას.

ყოველივე ამის შესახებ, კერძოდ ქვეყანაში არსებული რესურსების სრულყოფილი აღრიცხვის, რაციონალური გამოყენებისა და მართვის ოპტიმიზაციის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბების აუცილებლიბის თაობაზე მათ მიერვე ინიცირებული დოკუმენტებიდან გამომდინარე, ინფორმაციები და შესაბამისი წინადადებები მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, მმართველი პარტიის ხელმძღვანელობამ, პარლამენტის პროფილური კომიტეტის თავმჯდომარემ.

რა თქმა უნდა, ვერც ერთი მათგანი რამდენიმე თვის წინ წარმოიდგენდა, რომ პროცესები იმ ფორმითა და იმ მასშტაბით განვითარდებოდა, რისი მოწმენიც სადღეისოდ ვართ. თუმცა, მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქვეყნის პრიორიტეტების განსაზღვრასა და მათი რეალიზაციისათვის ადგილობრივი რესურსების როლის კარდინალურ ამაღლებაზე გადაუდებალი ზრუნვაა საჭირო იმთავითვე იყო ხაზგასმული.

პანდემიამ და თანმხლებმა მოვლენებმა და პროცესებმა მკაფიოდ წარმოაჩინა ჩვენი ქვეყნის მოწყვლადობა საკუთარი რესურსებით ქვეყნის მოსახლეობის თვისობრივადაც და რაოდენობრივადაც გაცილებით უფრო სრულად და მრავალმხრივად უზრუნველყოფის მხრივ.

მიუხადავად იმისა, რომ ქვეყნის მთავრობა აშკარა წარმატებით ახორციელებს რიგ ღონისძიებებს საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც განსაკუთრებულად გამოვლინადა პანდემიის პრობლემებთან გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, მიგვაჩნია რომ შესაძლებელია და აუცილებელიც გამოინახოს დამატებითი რესურსები ქვეყნისა და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარების მისაღწევად.

გამომდინარე აქედან, მიგვაჩნია, რომ გადაუდებლად უნდა განხორციელდეს შემდეგი:

შეიქმნას ანალიტიკურპროგნოსტიკული სტრუქტურა, რომელიც მოახდენს ქვეყნის მიმდინარე და პრესპექტიული გამოწვევების მკაფიო ჩამოყალიბებასა და მათი გადაწყვეტის ეფექტიანი ალგორითმებისა და მოდელების შემუშავებას;

შედგეს ქვეყნის ინტეგრალური რესურსების საყოველთაო და ზუსტი ინვენტარიზაცია;

დაიწყოს მწარმოებლური ეკონომიკის საკვანძო დარგების საგნობრივი და სისტემური ხასიათისგანვითარებადა არა .. „განვითარების ხელშეწყობა“;

დადგინდეს უმუშევრობის, საარსებო მინიმუმის, საშუალო ხელფასის, გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების ჭეშმარიტი ძირითადი მაჩვენებლები და შეიქმნას მათზე ორიენტირებული, დროსა და სივრცეში და კონკრეტებული სამოქმედო პროგრამა;

შემოღებულ იქნას პრიორიტეტული ეროვნული პროექტების ფორმატი შესაბამისი სახელმწიფო კადასტრის შემუშავებითა და ეტაპობრივი რეალიზაციით;

არსებითად შეიცვალოს ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს საკრედიტოფულადი პოლიტიკა

გადაიხედოს და დაკორექტირდეს კომერციული ბანკების და რიგი მონოპოლური კომპანიების მოსახლეობის ინტერესებსა და შესაძლებლობებთან შეუსაბამო საქმიანობა

გარდაიქმნას ანტიმონოპოლური და ფასების რეგულირების სტრუქტურების მუშაობის ხასიათი;

მოხდეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მასალების ოპტიმიზაცია ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების რეალურად არსებულ სოციალურეკონომიკური ვითარებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით

ამომწურავი და არგუმენტირებული პასუხი გაეცეს საზოგადოებაში არსებულ წლების განმავლობაში პასუხგაუცემელ პრეტეტენზიებსა და კითხვებს.

ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს საერთაშორისო ხასიათის შესაძლებლობების უკეთესად გამოყენება. კერძოდ, საერთაშორისო ღონისძიებებისა და ფორუმების ორგანიზების სფეროში არსებული და საქართველოს მიერ ინიცირებული ახალი რეგიონალური და საერთაშორისო სტრუქტურებისათვის მუდმივმოქმედი სამუშაო მოედნების ფორმირებაში, თანამედროვე და მომავლის ტექნოლოგიების განვითარების საერთაშორისო კლასტერებისათვის მიმზიდველი პირობების შექმნაში.

არსებითია ის გარემოება, რომ აღნიშნულ სფეროებში სახეზეა გლობალური აქტივობის განუხრელი ზრდა.

განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.

ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების მსურველი მრავლადაა, თუმცა, საინვესტიციო სფეროების შესწავლისა და ინვესტიციების მოცულობის განსაზღვრის შემდეგ, დღის წესრიგში დგება ორი ძირითადი საკითხი:

განხორციელებული ინვესტიციების დაცულობა და მათი ეფექტურობა.

ამ მხრივ შემუშავებული გვაქვს საორიენტაციო სამართლებლივი და ეკონომიკური ალგორითმები, რომელთა განხილვა, შესაძლებელია საკითხით საგნობრივი დაინტერესების შემთხევაში.

ჩვენი პირველადი შეფასებით, საინვესტიციო პოლიტიკისადმი ახლებური მიდგომით, შესაძლებელია პირდაპირი ინვესტიციების ოდენობა ბოლო წლებში დაფიქსირებული 1-1.5 მილიარდი აშშ დოლარიდან პირველ ეტაპზე (2021-2022 წ.წ.) 5-6 მილიარდ აშშ დოლარამდე, ხოლო შემდგომში 10-15 მილიარდ აშშ დალარამდე გაიზარდოს.

მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით მუშაობის გაცილებით მაღალი ეფექტურობით უნდა გამოირჩეოდეს საქართველოს დიპლომატიური კორპუსი, განსაკუთრებით საქართველოს საელჩოთა კონტიგენტი, რომლის მიმართ მოთხოვნები წლების განმავლობაში უცვლელია და ძირითადად (პანდემიასთან დაკავშირებული საქმიანობის გამოკლებით) სტანდარტულ და რუტინულ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.

გადამწყეტი როლი ამ მხრივ უნდა შეასრულოს საქართველოს საგარეო უწყებამ, რომელიც გაცილებით ღრმად და ოპერატიულად უნდა აანალიზებდეს მიმდინარე გლობალურ პროცესებს, უკეთ ერკვეოდეს საერთაშორისო ცხოვრების და ურთიერთობების ახალ გამოწვევებში, ეძებდეს ყველა შესაძლო გზას სხვადასხვა სახის ორმხრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო ღონისძიებებში საქართველოს წარმოჩენისათვის, უფრო აქტიურად და არგუმენტირებულად სთავაზობდეს თავის პარტნიორებს საქართველოს სივრცესა და სამუშაო მოედნებს.

და ბოლოს, აღნიშნული და მთელი რიგი სხვა აქტუალური ამოცანების და პრობლემების გადასაწყვეტად, სასურველია საქართველოს მთავრობის მართვის ფორმების მოდერნიზაცია.

ნებისმიერი სამინისტროს საშტატო განრიგში უამრავი ხელმძღვანელია – მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტების, სამმართველოების, განყოფილებების, სამსახურების უფროსები და მათი მოადგილეები და ა.შ.

არადა, დარგის ეფექტური ხელმძღვანელობისათვის, არა მხოლოდ ხელმძღვანელები, არამედ გამოცდილი და კომპეტენტური ექსპერტებია აუცილებელი და უწყების ძირითად ამოცანას დარგში არსებული მიღწევებიდან, მენეჯმენტის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, რეკომენდაციების და პრაქტიკული ხელშეწყობის უზრუნველყოფა უნდა წარმოადგენდეს.

საქართველოს მთავრობის საქმიანობა ისე უნდა წარიმართოს, რომ ქვეყნის მოსახლეობისთვისაც და გარეშე ძალებისთვის მას შეეძლოს თამამად თქმა ჩვენ ვიცით არა მხოლოდ ის თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოში, არამედ ისიც, თუ როგორ უნდა გაკეთდეს.

გივი თალაკვაძე

სპი პროფესორისაქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საწაროო ძალების და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის განყოფილების გამგე

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *