პროექტები

ბაღათერ არაბული: “აი, ეს არის ჩემი სამშობლო და დღედაღამ მესიზმრება”

“ვინ ჩამოხსნა ჩემი მახსოვრობის კედლებიდან ხევსურული ფარდაგებივით ლამაზი წლები – ჩიტებით და ყვავილებით დასახლებული? და ის დღეები – სიყმაწვილის თავშესაფარი? ვინ ჩამოფხიკა ის ფრესკები, ის ნახატები?” – მის ლექსად დასმულ და პასუხგაუცემელ ამ შეკითხვაზე პოეტ ბაღათერ არაბულს თავად­ ვთხოვეთ პასუხის გაცემა:

– დრომ ჩამოხსნა… უჟამურმა ჟამმა არა მარტო ხევსურეთში, საქართველოს ყველა კუთხეში სოფლები ნასოფლარებად აქცია. ხალხი სოფლებში რომ მიდის, სასაფლაოებს და ნასახლარებს

ვეღარ პოულობს. ეს საქართველოს ტრაგედიაა. სანამ ქართველი ხალხი არ დაუბრუნდება თავის­ ფუძეს, წინაპრების ნამოსახლარს, ადგილის დედას, სანამ მათი სალოცავების მადლში არ მოიაზრებს საკუთარ არსებობას, მანამ საქართველოს ძალიან გაუჭირდება. ამიტომ უნ

და მივუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს, საიდანაც მოვდივართ, საიდანაც მოდის ჩვენი ცნობიერება, კულტურა, ტრადიცია, პოეზია, სიმღერა, ჩვენი ტკივილი და სიყვარული.

 
– ახლაც უჟამური ჟამიანობა გვაქვს, როგორ გიკითხოთ, ბატონო ბაღათერ?

– ხევსურებს არა გვაქვს ცუდად ყოფნის უფლება. აქამდე სულ მოძრაობაში ვიყავი – საზოგადოებასთან ურთიერთობა, შეხვედრები, მწერალთა კავშირი, პრეზენტაციები… გვაკლია ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, კარგია სახლში ყოფნა, როცა “შინაურები” გავხდით, ჩვენიანები უკეთაც “გავიცანით”, მაგრამ გარეთ, ჩვენ ირგვლივ გარემოც ჩვენი სიმდიდრეა და ამას რომ ჩამოვცილდი, ეს ჩემთვის შემოქმედებითად ერთგვარი დისკომფორტია.

 
– “ხევსურული საგას” შემდეგ,­ კორონაულ საგაზე ხომ არ დაიწყეთ­ მუშაობა?
– ყველანი მოვერგეთ ამ რეალობას. მწერლობა და კულტურაც თავისებური ფორმით გამოხატავს ამ პრობლემას საქართველოში. მთელი მსოფლიოა ამაში ჩართული და გაჩერებულია ცხოვრება.

ზოგი ჭირი მარგებელიაო და, ადამიანებმა საკუთარი თავი, ახლობლები, ერთმანეთი, თავიანთი სოფლები აღმოაჩინეს, ბარში დაბადებული თაობები დაბრუნდნენ თავიანთ სოფლებსა და მიტოვებულ სახლებში… მათ ახლიდან აღმოაჩინეს და იგრძნეს მათი სახლების მადლი, იქ დანთებული ცეცხლი, ის ტრადიციული ურთიერთობები, რაც სოფლებში არსებობს.

 
– ანუ პანდემიამ რაღაც თვალსაზრისით დადებითი როლი ითამაშა…
– მედალს ორი მხარე აქვს. ცუდი ის მოხდა, რომ მოსახლეობის ნაწილი დაზარალდა, არის ბევრი პრობლემა, ბევრი უმუშევრად დარჩა და ა.შ. მაგრამ ვითარებამ დაგვანახა მეორე მხარე – ადამიანებმა სოფლისკენ გაიხედეს. შეიძლება ქალაქში დადგეს ისეთი მომენტი, როდესაც სახელმწიფო ყველას ვერ დაეხმარება, ვერ დააფინანსებს და ამ დროს თვითინიციატივაზეა ბევრი რამ დამოკიდებული. იმ ფერმერმა, გლეხს რომ ვუძახით, თავისი თავი უნდა ირჩინოს და არა მარტო თავი – პროდუქცია უნდა მოიყვანოს, გაიტანოს და ა.შ.

 

fb

საქართველო მიწათმოქმედების ქვეყანაა და არა გვაქვს საკუთარი წარმოება, საკუთარი ლურსმნისა და ჩაქუჩის გაკეთებაც არ შეგვიძლია. ამიტომ მთელი აქცენტი სოფლისკენ უნდა იქნეს გადატანილი. ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ფიქრი, როგორ წაახალისოს მოსახლეობა სოფელში დასაბრუნებლად. საკარმიდამო მიწების დამუშავებას სახსრები სჭირდება. მთის პრობლემა ყველაზე კარგად ვიცი და როგორი ამბავია, დღეს რომ ხევსურეთში 150-მდე ოჯახია დარჩენილი?

 
– ხშირად გითქვამთ, დაცარიელებული ხევსურეთი ჩემი სევდა და ტკივილიაო…
– ძალიან დიდი სევდაა… 150-დან 35 ოჯახია პირიქითა ხევსურეთში, ბარისახოს საბჭოში (და არხოტის თემში) კი სადღაც 120-მდე, რაც რეგიონისთვის კატასტროფაა. ხევსურეთში დღეს უმეტესად მოხუცები არიან. ზოგ სოფელში თითო-ოროლა, 2-3 ოჯახი ცხოვრობს, როცა 50-მდე სოფელი იყო, დღეს 10-15 მოქმედი სოფელიღაა დარჩენილი. ეს ხელისუფლების ბრალიცაა. მიუხედავად იმისა, რომ მთის კანონი შემოვიდა და მოსახლეობას ხელფასებსა და პენსიებზე დამატებით 20% ეძლევა, ეს არაფერია. საზღვრისპირა სოფლებში – არხოტში, შატილში და სხვაგანაც, სადაც ზაფხული და გაზაფხული მხოლოდ 2-3 თვეა, დანარჩენი ზამთარი და ყინვაა,­ განსაკუთრებული ყურადღება უნდა ექცეოდეს მოსახლეს. მთის კანონთან ერთად, კარგი იქნება, შატილსა და ბარისახოში გაიხსნას მცირე საწარმოები (მაგალითად, ლუდის ჩამომსხმელი), რომლებიც გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან. მერე მიიყვანე იქ ახალგაზრდები, ხევსურები, ოჯახები დააბრუნე და დამკვიდრდებიან, ბავშვებიც იქ დაიბადებიან, სკოლაშიც ბარისახოში ივლიან…

იქ თუ არ დაიბადა ბავშვი, ფსიქოლოგიურად ხევსურეთში ვერ დამკვიდრდება. შეიძლება ეგზოტიკისთვის ავიდეს მამა-პაპის სამშობლოში, მაგრამ მისთვის იქაურობა სამშობლო არ იქნება. ხევსურეთში რომ ვარ დაბადებული, ზეპირად ვიცოდი ჩემი წყარო, ჩიტი სად იკეთებდა ბუდეს, მარწყვი და ბალი სად მოდიოდა… თვალს რომ დავხუჭავ, ახლაც ზეპირად ვიცი ის ადგილები. აი, ეს არის ჩემი სამშობლო. მართლაც ჩემში ზის, ჩემშია გამჯდარი და დღედაღამ მესიზმრება. ჩემს შვილებს და ახალ თაობას სხვა სიზმრები აქვთ, ჩვენი თაობა სხვა სიზმრებს ხედავდა…

 
– “და ენატრებათ მინდორში გასვლა მტვრიან ქალაქში დამწყვდეულ ხეებს”. ჩვენც დღეს ასეთ რეალობაში აღმოვჩნდით, როგორშიაც თქვენი “ხეები ქალაქში”…

– გეთანხმებით და მარტო ხეებზე არ არის მანდ საუბარი. ხევსურეთში რამდენიმე წლით რომ მივატოვე მსხლის, ვაშლისა­ და ნიგვზის ხეები, 5-6 წელიწადში გაუცხოება დაიწყეს და ნაყოფს აღარ ისხამენ. ბუნება და ადამიანი ურთიერთკავშირშია. ჩვენც გვენატრება ადგილის დედებთან მისვლა, სადაც დავიბადეთ, სადაც წინაპართა საფლავებია, ის ყანები და მამულებია, რომლებიც საქართველოს ასაზრდოებდა. სოფლები უნდა აღდგეს და გაცოცხლდეს. ჩვენმა ხელისუფლებამ სოფლებში მოსახლეობის დაბრუნების წახალისების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება თუ არ მიიღო, დადგება დრო, როცა ზოგიერთი ქვეყანა გამოაცხადებს, არაფერს გამოვგზავნით, ჩვენი მოსახლეობა უნდა შევინახოთო. მერე რას ვაპირებთ? ამიტომ ჩვენ ჩვენი პროდუქცია გვინდა. რატომ უნდა შემომქონდეს თურქეთიდან ხახვი ან ეგვიპტიდან ნიორი?

 
– “დრო კი თავის გზით მიდის და მიდის, საკუთარ თავში დასაბრუნებ­ლად”… რაღაც გრძელი გზა ხომ არ გამოუვიდა დროს დანიშნულების ადგილამდე?

– გაგრძელდა, ძალიან გაგრძელდა… პოლიტიკური კატაკლიზმების შედეგად, მთელი საზოგადოება პოლიტიზებულია.

პოლიტიკა იქცა ბიზნესად, პარტიები ბიზნესის მხარის წარმომადგენლები გახდნენ. მოსახლეობის ნაწილმა დატოვა სამუშაო ადგილები, რომელსაც ჯაფა და ოფლის მოდენა სჭირდებოდა, ჩამოვიდა ქალაქში, რომელიღაც პარტიაში ჩაეწერა, იმ პარტიამ ფული მისცა, სადღაც დაასაქმა, დღეში 5 ლარიც მისცა და ჩვენი მოსახლეობა აბსოლუტურად გაიოლების გზას დაადგა. ამას ხელისუფლებამაც შეუწყო ხელი. მაგალითად, სოციალურად დაუცველები რომ დაარქვეს, ეს კაცები სოფლის ბირჟაზე სხედან და სპეციალურად არ მუშაობენ, ის დახმარება რომ არ დაკარგონ. გლეხი გარეთ რომ ზის, ის მიწას არ ამუშავებს, ხელფასი აქვს დანიშნული და არიქა, ის რომ არ მოეხსნას, მაპატიეთ და, პარაზიტებად იქცნენ – ქარმა შიფერი თუ გადააგდო, მთავრობას ელოდება, იმან გადაუხუროს, რუ თუ ადიდდება და წვიმის დროს წყალი ეზოში შეუვარდება, გამგებელს ელოდება, მიწა რომ გათხარონ.

ასეთი რამ ადრე არ ხდებოდა, მოსახლეობა­ ერთმანეთს ეხმარებოდა და არც იცოდნენ,­ მთავრობაში ვინ იყო, თვითონ სოფელი იყო ერთმანეთის ხელისუფალი. დღეს სოფლებიდან წამოვიდა ხალხი და ჯიხურებში­ სხედან. 10-ლარიანი სამსახურის გამო დაკარგეს სოფლები, წინაპართა საფლავები.

 
– თქვენს შემოქმედებაში მუდმივად იგრძნობა ხევსურეთი – ყველა ბწკარს თან გასდევს ხევსურული კილო, ხასიათი… მოკლედ, არჩეულ ნიშას არ ღალატობთ… თქვენი “ხევსურული საგა” კი შეფასდა როგორც ახალი სიტყვა ქართულ პოეზიაში…

– თავის ქებას კიტრის ფასი აქვს, მაგრამ უნდა ვთქვა, როცა 3 წლის წინ ჩემი “ხევსურული საგა” გამოვიდა, მას რატომღაც დიდი მოწონება ხვდა წილად. ის ერთგვარი გაპოეტურებაა იმ თქმულებების, მითებისა და ლეგენდების, რასაც ხევსურეთს ამბად ნათქვამი ჰქვია. ეს ამბები მოხუცების ნაამბობიდან ვიცი და როგორც ისინი მიყვებოდნენ, იმ დიალექტით გადავაკეთე ლექსებად, პოეტური ჟღერადობა მივეცი, ვეცადე ამბებიც გადამერჩინა და დიალექტიც. მათ მონაყოლს ვერც ვაჟას სტილში გააკეთებ და ვერც თანამედროვე ლექსის სტილში, რადგან ორივე შემთხვევაში წაგებული იქნებოდა პოეტი. როცა ამხელა ბუმბერაზი მწერალი გადგას თავზე, უკვე ისე ვერ დაწერ, არ შეიძლება. წიგნი ქისტების და ხევსურების ურთიერთდამოკიდებულებაზეა და რამდენიმე ენაზე ითარგმნა.

 
– მარტო ხევსურებს არა, ზოგადად ქართველებს რა ჰმართებს, როგორ უნდა ვიცხოვროთ და მოვიქცეთ, რათა “სახელიანებ­ მიუვიდათავ მამა-პაპას”?

– ხევსურეთში კაცობაზე მეტი სიმდ­იდრე არ არსებობდა.

არ უნდა ჩაჭრილიყავი ქალთან, მტერთან პირველი უნდა ყოფილიყავი მიმსვლელი, ცხენოსნობაში უნდა ყოფილიყავი ჩინებული, მაგარი მასპინძელი, პირიანი კაცი და მაშინ იყავი სახელიანი და პირნათელი წინაპრებთან. ხევსურეთში მზადება იყო არა ცხოვრების გახანგრძლივებისთვის, არამედ იმისთვის, რომ პირნათელი მისვლოდნენ გმირ წინაპრებს.

ერთი ლექსის სიუჟეტი მაქვს ასეთი: მონადირე და კარგი მეომარი კაცი ნადირობის­ დროს კლდეზე გადაიჩეხება. ეს ახალგაზრდა კაცი მთელი ცხოვრება ლოგინად წევს და სიკვდილის წინ ახლობლებს დაიბარებს – ერთი სათხოვარი მაქვს, მთელი ცხოვრება ვერაფერში გამოგადექით, ვერც მტერთან და ვერც მოყვარესთან, მწოლიარე არ დამტოვოთ, ფეხზე მდგომარე დამმარხეთ, საიქიოში ჩემს წინაპრებს ფეხზედგომელა მინდა შევხვდე და იმათ მაინც დავუდგე გვერდზეო.

 
– დაბოლოს, ამის შემდეგ როგორი იქნება “ძილს და სიკვდილს გადარჩენილი” ქართული გენი? როგორი იქნება ხვალე? როდის “შემოენთება ყვავილი, შუქი ტყემლების ველს გარიჟრაჟად”, მაინც რას გვპირდება წუთისოფელი?

– ამ კორონავირუსის პანდემიამ ჩვენ არა მარტო ერთმანეთი, საკუთარი თავი აღმოგვაჩენინა. დროებითი დაშორება თურმე უფრო მეტად დაახლოებას ნიშნავს. როცა უფრო მეტად შეიცნობ თავს, როცა შენს მეგობარს, შენს ახლობელს ცოტა ხნით ჩამოშორდები, დაინახავ, რამდენად ღირებულია ის შენთვის და იმასაც, რამდენად ღირებული და ძვირფასი იყავი მისთვის. პანდემიამ ჩვენ არა მარტო საკუთარი ოჯახის წევრები აღმოგვაჩენინა, არამედ ჩვენი მეგობრები და ახლობლებიც მოგვანატრა. ასე რომ, ეს არის დიდი სიკეთე და ვფიქრობ, მომავალში ადამიანები უფრო მეტს იფიქრებენ ზნეობაზე, სიყვარულზე, ურთიერთდანდობაზე, იმაზე, რომ ყველაფერი წამიერია, წარმავალი და ამ წამიერ წუთისოფელში არ შეიძლება ყველაფერი პოლიტიკად აქციო, არ შეიძლება ზიზღს თესავდე, ტელევიზიები მიმართული იყოს იმისკენ, ვინ როგორ ჩაძირო, გაანადგურო. სიყვარულია ყველაზე დიდი განძი, მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს. მჯერა, სამყარო ისევ მშვენიერი გახდება და საქართველო ლამაზად გააგრძელებს ცხოვრებას.

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *