"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდი

ხსოვნის აფეთქება – ეს ეპოქის შეფასებაა

„დიდება უფალს, რომელმაც მომცა მხნეობა, ძალა და თმენა ჭირისა. მე ვარ ამაყი შვილი ჩემი ქვეყნისასაქართველოსი. შემცდარია ყველა, ვინც ჩემი ღირსების შელახვას ძეგლების ნგრევით ფიქრობს. მათ ისიც არ იციან, რომ ამით მე კი არა, საქართველოს მტრობენ.“

მერაბ ბერძენიშვილი

ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია, ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი.

ჟიული შარტავა

დიდი მოაზროვნის, ბუმბერაზი ხელოვანის, ქველ მიქელანჯელოდ აღიარებული, ქართული სულისა და ეროვნული ცნობიერების, სამყაროს განზომილებით მოაზროვნე კაცის, მერაბ ბერძენიშვილისა და მამულისათვის თავშეწირული, ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ამ ნააზრევში მთელი ეპოქის ანალიზია.

ამ ორ დიდ პიროვნებას, მამულიშვილობასა და მეგობრობასთან ერთად ისიც აერთიანებს, რომ ჟიული შარტავა გახლდათ პირველი, ვინც მერაბ ბერძენიშვილის უკვდავი ქანდაკება, „კიდევაც დაიზრდებიან“ პეტერბურგში საგანგებოდ დაამზადებინა 10 ათასი ეგზემპლარი შემცირებული ზომით და დაურიგა ქართველ ახალგაზრდებს. დარწმუნებული ვართ, ყველა იმ ოჯახში ის დღესაც განსაკუთრებული რელიკვიაა.

ჩვენ ვართ ამაყნი, რომ გვყავდა მერაბ ბერძენიშვილი. გვყავდა ჟიული შარტავა.

ვამაყობთ, რომ მერაბ ბერძენიშვილი იყო მეგობარი მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფისა „ეროვნული თანხმობის პარლამენტისათვის“, რომ ჟიული შარტავა იყო პირველი, ვინც შექმნა დღემდე მოქმედი ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, რომლის არაერთი წევრი შემოუერთდა ჩვენს განწყობას, ეროვნული თანხმობის პარლამენტისთვის.

ბატონი მერაბ ბერძენიშვილი, არათუ იზიარებდა ჩვენს განწყობას, არამედ, აღფრთოვანებას ვერ ფარავდა ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეის გამო. მარტივად გვითხრა: „პატარა ქვეყანა ვართ, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის ღირსი, ქვეყნისათვის ამ რთულ ეტაპზე იყოს პარლამენტარი. მთავარია, ამბიცია მოთოკონ პოლიტიკურმა პარტიებმა და პოლიტიკოსებმა … ჩვენ ამ დღეში, რომ ვართ, ეს მათი „მოღვაწეობის შედეგია“.

ბედნიერი იქნება საქართველო, როცა დააფასებენ, მადლიერებით იქნებიან ერისკაცების მიმართ, მოუსმენენ მათ, გულნატკენს არ გაუშვებენ ამ ქვეყნიდან.

გულნატკენი წავიდა მერაბ ბერძენიშვილი. უკადრებელი აკადრეს. მარტო მას კი არა, მთელ საქართველოს. გულნატკენი წავიდა ჟიული შარტავაც. ყველას გვახსოვს, როგორ ითხოვდა დახმარებას აფხაზეთის, ერთიან საქართველოში შენარჩუნებისთვის, მაგრამ ამაოდ. არ მოუსმინეს! …

ჟიული შარტავას ხვეწნა-მუდარის უგულებელყოფა, ისტორიულად, საქართველოს დამანგრეველი ღალატის კლასიკური მაგალითია.

მერაბ ბერძენიშვილის „დიდების მემორიალის“ აფეთქებას, იმ მემორიალის აფეთქებას, რომელსაც როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა მეცნიერებმა „ფილოსოფიური ტრაქტატი“ და „ქართული ბიბლია“ უწოდეს, ჩვენ, მეცნიერები, „ხსოვნის აფეთქებას“ ვუწოდებთ. სამწუხაროა, რომ დღემდე გრძელდება ხსოვნის აფეთქება და ამის დასტურია ჩვენი დღევანდელი ყოფა… ასევე ამის დასტურია 2007 წლის 7 ნოემბრის, 2008 წლის 8 აგვისტოს, 2011 წლის 26 მაისის რეალობა …

ჩვენ, მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის წევრები, ტრაგიკული თარიღის, 27 სექტემბრის წინ, შეგნებულად ვახსენებთ დამოუკიდებელი საქართველოს ამ მძიმე მაგალითებს მთელ საქართველოს, მთელ მსოფლიოში მიმობნეულ ქართველობასა და საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს ნამდვილ მეგობრებს.

ერთად დგომით, ჩვენ შეგვიძლია 27 სექტემბერი დარჩეს როგორც ისტორია და მომავალში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად, ეს დღე აღვნიშნოთ, როგორც ჯვართამაღლება.

ჩვენი ვიზიარებთ ღვაწლმოსილი პიროვნებების მიერ დაფუძნებული „ქართული ერთობის დარბაზის“პოზიციას, რომ დაპირისპირებით და

ზიზღით სავსე პოლიტიკური სივრცე სათნოებით და სიყვარულით უნდა შეიცვალოს, კონფრონტაცია პრინციპულობამ უნდა შეცვალოს… და ჩვენ ყველამ ჰარმონიზაციის რთული გზა უნდა ავირჩიოთ, რათა შევძლოთ სიძულვილის სიყვარულით დამარცხება.

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *