მეცნიერთა კონგრესისლაიდერი

პროფ.რეზო ბალანჩივაძე: უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლაში რელიგია?!

(ღია წერილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ბატონ მიხეილ ჩხენკელს)

 

ბატონო მიხეილ!

ამ ღია წერილით მინდა გავაგრძელო განათლებისა და მეცნიერების მინისტრებისადმი ღია წერილების მიწერის ჩემეული „ტრადიცია“. უნდა გითხრათ, რომ ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავასადმი მიწერილი ორი ღია წერილიდან პირველი უფრო მეგობრული და იმედიანი იყო. მომწონდა მისი კომუნიკაბელურობა, ფართო აუდიტორიასთან ხშირი შეხვედრები, განსხვავებული აზრის მოსმენის და გაზიარების უნარი. წინა მინისტრების უმოქმედობისათვის ბოდიშის მოხდა და ა. შ. მაგრამ მერე და მერე ჩემმა ნაქებმა მინისტრმა ისე გაუტია, ისეთი „ინოვაციები“ შემოგვთავაზა, რომ ჩემი მეორე ღია წერილი ფაქტიურად მისი გაუნათლებლობისა და უმეცრების მხილება იყო. კომბლეს, წითელქუდას და სხვა ქართული ზღაპრების გარჩევა რომ დაიწყო, იძულებული გავხდი მეთქვა, რომ მხატვრულ ნაწარმოებში ტყუილ-მართლის ისეთი გარჩევა, როგორსაც ის აკეთებდა, სრული უაზრობა იყო და რომ ჰიპერბოლა იმიტომ არის ჰიპერბოლა, რომ იგი ფაქტებისა და მოვლენების გაზვიადებას ახდენს და ამიტომ ვახტანგ მეფემ რომ იალბუზზე ფეხი შედგა და დიდმა მთებმა იწყეს დრეკა, შეცდომა და ყალბის თქმა (თუ ყალბის ქმნა) სულაც არ იყო.

მე ასევე გავხდი იძულებული ამეხსნა ბატონი მინისტრისათვის, რომ ის, რასაც იგი კრიტიკული აზროვნების ნიმუშად მიიჩნევდა, სინამდვილეში კრიტიკული აზროვნება კი არა, სრული უაზრობა იყო /ყველაზე კურიოზული კი მის „მოღვაწეობაში“ მაინც ვაშლების თემა იყო/.

ბატონო მიხეილ! გულწრფელად მიხარია, რომ ჩვენი საზოგადოება ასე თბილად, ასე დადებითად შეხვდა თქვენს დანიშვნას განათლების და მეცნიერების მინისტრად ეს პატარა საქმე არაა! ეს კარგად მიანიშნებს იმ დიდ ავტორიტეტზე, რომელიც თქვენ მოიპოვეთ თქვენი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობით ამერიკის შეერთებულ შტატებში, თქვენი საპროფესორო ოსკარი, პენსილვანიის უნივერსიტეტის ჯილდოები საუკეთესო სწავლებისათვის და ა.შ. ამის საუკეთესო ილუსტრაციაა. მე, როგორც რიგით ქართველს, გულით მახარებს თქვენი ესოდენ დიდი წარმატება და მისახავს იმედს, რომ, ბოლოსდაბოლოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეყოლება ღირსეული ხელმძღვანელი /როგორიც ადრე, ლომაიამდე და შაშკინამდე ჰყავდა/ და უეჭველად დაიძლევა ის უმძიმესი ვითარება, რაც დღესდღეობით განათლების სფეროში არსებობს.ამ აუტანელი მდგომარეობის შესახებ მე ვწერდი არა მარტო ჯეჯელავასადმი მიწერილ ორ წერილში, არამედ განათლების საკითხებისადმი მიძღვნილ სხვა წერილებში და ვსაუბრობდი ტელეგადაცემებში.

სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ იმ პერიოდიდან დღემდე თითქმის არაფერი შეცვლილა განათლების სფეროში, კერძოდ:

არ გახსნილა ისეთი უმაღლესი სასწავლებელი, მასწავლებლებს რომ მოამზადებდა,
არც პედაგოგიკის საკვლევ-სამეცნიერო ინსტიტუტს აღუდგენია ფუნქციონირება.
კვლავ ძალაშია სტუდენტთა უწიგნურობა და გაუნათლებლობა
ვერ ამაღლდა დისციპლინა, გახშირდა ჩხუბები, დაჭრები, მკვლელობები
ვერ გაიზარდა მასწავლებლის პრესტიჟი და ავტორიტეტი
ვერ აღორძინდა ქართული /ეროვნული/ ცნობიერება /პირიქით/.
ვერ გამყარდა ზნეობრივი ღირებულებები
სკოლამ დაკარგა სააღმზრდელო ფუნქცია
სამეცნიერო დისციპლინებიდან ამოვარდა „პედაგოგიკა“,როგორც აღზრდის მეცნიერება
გამარტივდა სასწავლო პროგრამები
დადაბლდა შეფასების კრიტერიუმები
ვერ გაუმჯობესდა მასწავლებლის ეკონომიური მდგომარეობა

ბატონო მიხეილ! თქვენ ჯერ ახალი მინისტრი ბრძანდებით და ამიტომაც ჩემს თავს თქვენი საგანმანათლებლო მოღვაწეობის შეფასების უფლებას ვერ მივცემ. ამჯერად მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით მინდა გამოვთქვა ჩემი მოსაზრება და თქვენ, როგორც მინისტრს, შემოგაშველოთ ჩემი, როგორც ამ დარგის სპეციალისტის, არგუმენტები. ლაპარაკი ეხება რელიგიის სწავლების შემოღებას (უფრო ზუსტად, იმის აღდგენას, რაც იყო და გააუქმეს].

მოგეხსენებათ, რომ თვით ათეისტური იდეოლოგიის მატარებელი კომუნისტებიც კი (ყოველშემთხვევაში ბოლო ათწლეულებში) როგორც საშუალო, ისე უმაღლეს სასწავლებლებში ასწავლიდნენ რელიგიას (რელიგიის ისტორიას). შესაბამისად, იწერებოდა რელიგიის ისტორია კლასების მიხედვით (ვთქვათ, პირველკლასელთათვის, მეორეკლასელთათვის და ასე ბოლომდე მეთორმეტე კლასის ჩათვლით (ყველა ამ წიგნს უმეტესად ერთი ავტორი და ერთი რედაქტორი ჰყავდა/..

სააკაშვილის რეჟიმმა, ბევრ სხვა სიბინძურესთან ერთად, ისიც ჩაიდინა, რომ ჯერ უმაღლეს სასწავლებელში გააუქმა რელიგიის სწავლება, მერე კი-სკოლებში. მე პირადად მიმაჩნია, რომ ამ უმძიმესმა ფაქტმა დააზარალა ქართული ეროვნული ცნობიერება, დაამცრო სულიერება. დააზარალა და დაამცრო იმიტომ, რომ რელიგია /რელიგიის ისტორია/ არა მარტო სხვადასხვა რელიგიების შესახებ იძლევა ცოდნას, არამედ ხელს უწყობს ადამიანის პატრიოტულ და ზნეობრივ აღზრდას, მოყვასისადმი სიყვარულის განმტკიცებას, ქრისტიანული ღირებულებებისადმი ერთგულებას და ა. შ. /ქრისტიანობა და ქართველობა საუკუნეების განმავლობაში ხომ ლამის იდენტურ ცნებებს წარმოადგენდნენ/.

ის ადამიანები, რომელთაც მიაჩნდათ, რომ რელიგიის სწავლება სკოლაში არაა მიზანშეწონილი, ამოდიოდნენ იქედან, რომ სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს მეცნიერულ ცოდნას. რელიგიური რწმენა კი, რბილად რომ ვთქვათ, ხელს არ უწყობს ცოდნის გაფართოებას. ამიტომ თუ გვინდა ავიმაღლოთ მეცნიერული ცოდნა, მაშინ უარი უნდა ვთქვათ, რელიგიურ რწმენაზე და პირიქით. მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა! ეს სერიოზული შეცდომაა! საქმე ისაა, რომ არაა სწორი მეცნიერული ცოდნისა და რელიგიური რწმენის ურთიერთდაპირისპირება. ისინი კი არ უპირისპირდებიან ერთმანეთს, არამედ, პირიქით, ავსებენ. მეცნიერული ცოდნა და რელიგიური რწმენა რომ მართლა უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, მაშინ გაუგებარი იქნებოდა ამდენი მორწმუნე მეცნიერის /ნიუტონი, აინშტაინი, პასკალი, პლანკი, ბერგსონი, დარვინი, პიროგოვი, კეპლერი, კოპერნიკი და მრავალი სხვ./ არსებობა.ეს, ერთი მხრივ.
მეორე მხრივ კი,ისინი რომ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, მაშინ მეცნიერული ცოდნის ზრდასთან ერთად რელიგიური რწმენა უნდა შესუსტებულიყო და დამცრობილიყო. არადა, ყველაფერი პირიქითაა. XX საუკუნის მეორე ნახევარი და XXI საუკუნის დასაწყისი რელიგიური რწმენის „ბუმის“ პერიოდია.
ცოდნასა და რწმენას შორის ვერავითარ დაპირისპირებას ვერ ხედავს დიდი ილია ჭავჭავაძე. ქართველი ერის წინაშე იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის ღვაწლის შეფასებასთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძე ამბობდა, რომ გაბრიელ ქიქოძე, რომელიც ეპისკოპოსიც იყო და დიდი მეცნიერიც, ცნობილი ნაშრომის /„ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“/ ავტორი ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში, „მეცნიერებას ასარწმუნოებდა“ და „სარწმუნოებას ამეცნიერებდაო“, რაც იმას ნიშნავს, რომ არც პირველი უშლის ხელს მეორეს და არც მეორეს -პირველს.

ეხება რა ცოდნისა და რწმენის ურთიერთობის საკითხს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ისინი კი არ უპირისპირდებიან, არამედ ავსებენ ერთმანეთს. „ცოდნა და რწმენა განუყრელადაა დაკავშირებული და ავსებენ ერთმანეთს“, ან: „ზოგჯერ ამბობენ: მეცნიერება და რწმენა ერთიმეორეს ეწინააღმდეგებიანო. არ არის სწორი. განა შეიძლება ისინი დაუპირისპირდნენ ურთიერთს, როდესაც ჩვენი ყოფის სულ სხვადასსხვა სფეროებს მოიცავენ: რწმენა -სულიერს, მეცნიერება – მატერიალურს“. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით , ჩემი აზრით, სკოლაში სამეცნიერო დისციპლინების სწავლებასთან ერთად რელიგიის ისტორიის შესწავლა არავითარ უხერხულობას არ შეუქმნის ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას, დაკლებით კი ბევრს დააკლებს.
ასე რომ, თქვენი გადაწყვეტილება, ბატონო მიხეილ, იმასთან დაკავშირებით, რომ სკოლაში უნდა განახლდეს რელიგიის ისტორიის სწავლება, ყოველნაირად გამართლებულია. თუ ვინმე ამის წინააღმდეგი წავა, ის, დარწმუნებული ვარ, თავის აზრს კი არ გამოთქვამს, არამედ ჩვენი პატრონების აზრს იმეორებს, იქნებ საკუთარი ნებისა და შეხედულების საწინააღმდეგოდ.

ახლა თუ ისევ დავუბრუნდებით მეცნიერული ცოდნისა და რელიგიური რწმენის შედარებას, უნდა პირდაპირ ვთქვათ, რომ რელიგიის შესწავლა არათუ სასურველი, არამედ აუცილებელიც კია სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. საქმე ისაა, რომ მეცნიერული ცოდნა ადამიანს აძლევს განათლებას, განსწავლულობას, ცოდნას. ცოდნა კი, როგორც ცნობილი ფილოსოფოსი ჰობსი ამბობდა, ძალაა. ეს, ცხადია, კარგია, მაგრამ ცოდნა უშუალოდ არ ზრდის, არ ამდიდრებს ზნეობას. არადა, ზნეობა ისეთი სპეციფიკურ-ადამიანური ნიშანია, რომლის გარეშე ადამიანი არ იწოდება ადამიანად. შეიძლება ადამიანი უაღრესად განსწავლული, ღრმად ერუდირებული იყოს, მაგრამ არ იყოს ზნეობრივი არსება. ასეთ ადამიანს, სამწუხაროდ, უამრავს ვხვდებით ჩვენს გარშემო. ამის უპირველეს მიზეზად პირადად მე ის მიმაჩნია, რომამ ბოლო ათწლეულებში /ეს ფაქტიურად მთელ სამყაროს ეხება/ ძირითადი აქცენტი გაკეთდა მეცნიერულ ცოდნაზე და შესაბამისად, ნაკლები ყურადღება დაეთმო ,ვთქვათ, რელიგიასა და ეთიკას, ანუ აქცენტი გაკეთდა განათლებაზე და არა აღზრდაზე.

ასეთი ზნეობრივი კრიზისის პირობებში, კვლავ გავიმეორებ, შეუნაცვლებელია რელიგიის როლი, რომელიც ასწავლის ადამიანებს სიკეთის ქმნას, მოყვასის სიყვარულს, თანადგომას, თანალმობას, მხარდაჭერას. აკი მათეს სახარების VII თავის XII მუხლში პირდაპირ წერია: „მოექეცი სხვას ისე, როგორც ის სხვა გინდა, რომ შენ მოგექცეს“.

ცხადია, რელიგიის სწავლება არ ნიშნავს იმას, რომ ამ საგნის სწავლებით ადამიანი აუცილებლად მორწმუნე გახდება, ან აუცილებლად ზნეობრივ არსებად იქცევა /მითუმეტეს, ამის თქმა არ შეიძლება ახლა, როცა „ციანიდის“ საქმეზე სამღვდელო პირი ექვსი წლით ზის ციხეში/, მაგრამ იმის ალბათობა ნამდვილად დიდია, რომ მორწმუნე ადამიანი უფრო პატიოსანი იქნება, ვიდრე ურწმუნო.რაც შეეხება ურწმუნოს /უღმერთოს, რომელსაც ხალხი „ღვთის პირიდან გადავარდნილსაც“ უწოდებს/, ფაქტია, რომ მას არ სწამს სულის უკვდავება, არ სწამს სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობა,ანუ თავისი მსოფლმხედველობითმატერიალიზმისკენაა მიდრეკილი, არ ზრუნავს ზნეობრივ სიწმინდეზე, სულიერ სრულყოფილებაზე, უარს ამბობს იმ ნორმების დაცვაზე, რასაც მისგან მოითხოვს რელიგიური მცნებები.
მორწმუნე ადამიანს კი, პირიქით, სწამს სულის უკვდავება, სწამს საიქიო და სააქაო ცხოვრება. სწამს, რომ სხეული ცვალებადია, წარმავალია,ხრწნადია, სული კი მარადიულია და უკვდავი. ამიტომაც მთავარია არა მატერიალური კეთილდღეობა, სიმდიდრე, ფუფუნება, არამედ სულიერი სიწმინდე, სულიერი სრულყოფილება.
თუ ადამიანი უარს იტყვის ღმერთის რწმენაზე, მაშინ მას გამოეცლება სერიოზული მსოფლმხედველობრივი საყრდენი ღმერთის სახით და რჩება თავისი თავის ამარა. თავისი ვნებების, სურვილების, მოთხოვნილებების, ინტერესების ამარა. ასეთი ადამიანისათვის მთავარია საკუთარი „მე“, მისი კეთილდღეობა, დაგროვილი ქონება, ფუფუნება და ა.შ.ასეთი ადამიანი პირუტყვს /ცხოველს/ უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანს /გავიხსენოთ: „მოკვდეს კაცი, თუ პირუტყვს ედარება“/.

ყოველივე ზემონათქვამი კარგად მიგვანიშნებს, რომ ღმერთის გარეშე ადამიანი უმწეო და უსუსურია. სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში ვოლტერს, რომელიც ამბობდა: „ღმერთი რომ არც არსებულიყო, ჩვენ, ადამიანებს, უნდა გამოგვეგონებინაო იგი“. აქვე ფრიდრიხ ნიცშეც უნდა გავიხსენოთ, რომელიცამბობდა: „ღმერთი მოკვდა. ხოლო თუ ღმერთი მოკვდა, მაშინ ყველაფერი დასაშვებია“.

ამ მორალით „ისარგებლა“ სმერდიაკოვმა, რომელმაც მოკლა ძმები კარამაზოვების მამა – თევდორე კარამაზოვი. ცხადია, სანამ იგი მორწმუნე იყო, მანამ გამორიცხული იყო მისგან ასეთი ქმედება. ეს ფაქტი კარგად აჩვენებს, რომ ღმერთის უარყოფით უარიყოფა თავად ზნეობა. ახლა თუ მთელ ამ მსჯელობას გადავიტანთ რელიგიის სწავლებაზე, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ, თუ ჩვენი საზოგადოების ზნეობრივი მოწესრიგება გვინდა, სკოლებში აუცილებლად უნდა იქნას შეტანილი რელიგიური სწავლება /და ეთიკა/.
ბატონო მიხეილ! ვიცი, რომ რეალურად ყველაფერი ისე ვერ სრულდება, როგორც ამას თუნდაც მინისტრი ჩაიფიქრებს. სამწუხაროდ, ხშირად იძულებული ხდები, ანგარიში გაუწიო პატრონების ნება-სურვილს. სამწუხაროდ, ჩვენს მთავრობაში ბევრმა ვერ გაუძლო გარე წნეხს/, მაგრამ რაგინდ ზეწოლაც არ უნდა განხორციელდეს თქვენზე, როგორც მინისტრზე /ეს მთელ ხელისუფლებას ეხება/ მამაშვილურად გთხოვთგაიხსენოთ, რომ თქვენ ქართული მთავრობა ხართ, ქართველი ხალხის მიერ არჩეული და ქართულ ინტერესებზე მაღლა არაფერი უნდა დააყენოთ, თუნდაც ამისთვის თანამდებობის დატოვებაცმოგიწიოთ, როგორც მოუწია ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. სამაგიეროდ, მან ისეთი რამ მიიღო ქართველი ხალხისაგან, ათასჯერ რომ სჯობს თანამდებობას /ვგულისხმობ, ხალხის სიყვარულსა და პატივისცემას/. გისურვებთ წარმატებებს, პრინციპულობას, უშიშრობასა და ქედუხრელობას!

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *