"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი

რეზო ჩხეიძე: გიყვარდეთ საქართველო, გაუფრთხილდით საქართველოს, დაიცავით საქართველო!

 

ეს არის ჩვენი  ანდერძი, ისეთივე მამაშვილური, როგორიც ჩვენ მივიღეთ წინა თაობებისაგან.

ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე შემეძლო მავანთა ბოროტებისა და გულცივობის გამო ბევრი შემჯავრებოდა, ცუდზე ცუდითვე მეპასუხა, ვერავინ დამძრახავდა, მაგრამ 1937 წელს მამადახვრეტილი – არ გავბოროტდი. პირიქით, უფრო შევიყვარე ადამიანი.

ყოველნაირი სიკეთისა და სიმდიდრის დაგროვება შემეძლო. მეც დავაგროვე…

ჩემი სიმდიდრე – განვლილი გზაა, ხალხის სიყვარულია, რომელმაც ამ ასაკამდე მომაღწევინა. ჩემი სიმდიდრე – ჩემი ფილმებია, მათ შორისაა უკვე 50 წლის – „ჯარისკაცის მამა“.

ერთადერთი მატერიალური სიმდიდრე, რაც ღირსეულ მამულიშვილთა შემწეობით დღეს გამაჩნია, ტელევიზიაა, თითოეული ჩვენთაგანისათვის სათაყვანებელი სახელით – „ქართული“ და მას დღეს საზეიმოდ გადავცემ „ქართული ერთობის დარბაზს“ – ანუ  მთლად საქართველოს.

მომავალში ის გახდება საკუთრება ყოველი პიროვნებისა, ვინც შეიყვარებს, ვინც შეეხიდება, ვინც 1, 10, თუ 1 000 აქციის ფლობის სანაცვლოდ გაიღებს თანხას ამ ტელეკომპანიის შემდგომი გაძლიერებისათვის. ამ აქციების გამო, არც ერთი ჩვენგანი დიდ ფულად დივიდენდებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ის კი გვექნება საამაყოდ, რომ დიდ ქართულ პროექტში მივიღეთ მონაწილეობა. პროექტში, რომელსაც მომავალი უფრო დააფასებს, ვიდრე ჩვენ ეს დღეს წარმოგვიდგენია.

ეს იქნება ძლიერის მხარდამჭერი, მაგრამ იმავდროულად სუსტისა და გაჭირვებულის დამცველი ტელევიზია.

ეს იქნება თაობათა შორის დღეს ჩატეხილი ხიდების გამთლიანების, მთელს მსოფლიოში მიმოფანტული ქართული დიასპორების ერთობის ტელევიზია.

ჩემი და ჩემი მეგობრების დიდი სურვილია, რომ ეს იყოს სტუდენტური და ახალგაზრდული ტელევიზია. ჩვენ  ვიქნებით  ამაყნი  და  ბედნიერნი,  თუ  საერთო  თანადგომით, ქველმოქმედთა  და  მეცენატთა,  XXI საუკუნის სარაჯიშვილთა და ზუბალაშვილთა მახარდაჭერით, 8 თებერვლიდან, დიდი დავითის ხსენების დღიდან, ჩვენი დედა უნივერსიტეტის დაარსების დღიდან მოყოლებული ეტაპობრივად საქართველოს მივცემთ მართალ, თბილ, სიყვარულით სავსე ტელევიზიას. არადა, ჰაერივით სჭირდება სიძულვილით გაჯერებულ ეთერს ასეთი მაუწყებლობა. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ყოველი პიროვნების ამაღლება, ყოველი ოჯახის გაძლიერება,  ყოველ გვარში  მშვიდობა, ყოველი კუთხის აღმშენებლობა.

ჩვენ ვიწყებთ „მოქმედების მანიფესტის“ განწყობით ცხოვრებას. .. ჩვენ ვიწყებთ გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის – ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი ეპოქის ანალიზით… ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ მეცნიერთა მონაწილეობით შევქმნათ დოკუმენტური ფილმი – „რა მისცა მსოფლიო ცივილიზაციას საქართველომ“… ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ დოკუმენტურად ვისაუბროთ ჩვენს უცხოელ მეგობრებზე, როგორც დიდი ილია იტყოდა, „შორეულ თავისიანებზე“, იქნებ თავი დავიხსნათ დღევანდელი ყალბი და გამოგონილი მეგობრებისაგან… ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ საქართველოს და მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ ის დიდი კულტურული და მეცნიერული მემკვიდრეობა, რომელიც წარსულში დაკავშირებულია ქართველებთან და დღესაც უამრავი ქართველი მთელი მსოფლიოში საოცრებებს ახდენს … ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ, როგორ ცხოვრობენ უცხოელები საქართველოში და როგორია დამოკიდებულება ქართველებისა და საქართველოს მოქალაქეებისადმი უცხოეთში.

დიახ! ასეთი რთული საკითხებით ვიწყებთ. სწორედ ამიტომ გვჭირდება დიდი თანადგომა – ამ დიდი ქართული პროექტისადმი შეძლებულთა სიუხვე და არა – სიძუნწე. ვიმეორებთ, სიუხვე და არა – სიძუნწე.

„ქართული ერთობის დარბაზი“ და ტელევიზია „ქართული TV“ ღირსეულად დააფასებს შეძლებულთა დიდსულოვნებას.

ჭეშმარიტად, „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი!“ მშვიდობა ჩვენდა ყოველთა!

რეზო ჩხეიძე

მშვიდობის მსოფლიო ელჩი

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *