"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმეცნიერთა კონგრესიქართული ერთობის დარბაზი

რეზო ბალანჩივაძე: “დიდო მეფეო დავით, წმინდაო დავით, გვიშველე რამე!”

/სიტყვა, წარმოთქმული 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გელათში/ მოგესალმებით, ქართველებო, ქრისტიანებო, მართლმადიდებლებო!


გილოცავთ დავითობას, დიდი დავით აღმაშენებლის დღეს!
ეს დღე გამორჩეულია /ყოველშემთხვევაში, ასეთი უნდა იყოს// ყოველი ქართველისათვის იმდენად, რამდენადაც დიდია, სათაყვანებელი და განსაკუთრებულია თავად დავით აღმაშენებელი, საქართველოს უპირველესი მეფე, რომელმაც შექმნა უზარმაზარი სახელმწიფო, გადაჭიმული „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, და ოვსეთიდან არეგაწამდე“.

დავით აღმაშენებელი იყო ის მეფე, რომელმაც არა მარტო სოციალურად, პოლიტიკურად და ეკონომიკურად, განამტკიცა და გააძლიერა მისი მამის ხელში დაბეჩავებული, დამშეული და გაპარტახებული მისი ქვეყანა, არამედ კულტურუ- ლადაც დააწინაურა. სწორედ მის დროს აშენდა გელათის ეს დიდებული ტაძარი და ამოქმედდა გელათის აკადემია, რომელიც „სხვად ათინად“ და “მეორე იერუსალიმად“ იწოდა და სადაც მოღვაწეობდა მსოფლიო დონის ქართველი ფილოსოფოსი ნეოპლატონიკოსი იოანე პეტრიწი.
დღეს ჩვენ, დიდი კონგრესის მონაწილეებმა, აქ ჩამოვაბრძანეთ ცნობილი ხატმწერის, ჭედურობის დიდოსტატის ბატონი შალვა გერაძის მიერ შექმნილი დავით აღმაშენებლის უნიკალური ჭედური ხატი, გამორჩეული თავისი მასშტაბურობითა და მაღალმხატვრულობით. ჩამოვიტანეთ სწორედ აქ, ამ მადლიან მიწაზე, იმიტომ,რომ თავად დავით აღმაშენებელიც, მის მიერ აგებული ტაძარიც და გელათის აკადემიაც არის საქართველოს სიძლიერის სიმბოლო. დასტური ქართული გენის, ქართული ჯიშის, ქართული გონის უკვდავებისა.

ჩვენ ჩამოვედით იმიტომ,რომ მივეახლოთ დიდი დავითის საფლავს, ქედი არა მარტო ერთგვარი ანგარიში ჩავაბაროთ, არამედ აღსარებაც ვუთხრათ მას, როგორც წმინდანს და, რაკი აღსარება არ არსებობს მონანიების გარეშე, მოვინანიოთ, რომ, ჩვენდა სამწუხაროდ და სამარცხვინოდ, ვერ შევინარჩუნეთ მისგან დატოვებული ძლიერი და დიდი საქართველო, დავკარგეთ არა მარტო ტერიტორიები, არამედ მოსახლეობაც / ორ მილიონამდე ადამიანი გავიდა ქვეყნიდან/, დაიცალა მთები, გაუკაცრიელდა სოფლები, დაიმშა ხალხი, მოიშალა არა მარტო ეკონომიკა, არამედ მეცნიერება, კულტურა,განათლება, ვერ აღდგა სიმართლე და სამართლიანობა.

მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ხალხმა ვერ იგრძნო თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიკეთე.

და, რაც მთავარია, ხალხი გაირყვნა ზნეობრივად,ადამიანები გულგრილები, ცინიკურები, ინდიფერენტულები გახდნენ. ბილწსიტყვაობს ყველა – დიდი და პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, დედაზე იგინებიან არა მარტო მამაკაცები, არამედ ქალებიც /თანაც უმეტესად საკუთარ დედაზე/. დაიკარგა ქალური სინაზე, კდემამოსილება, უბიწოება, ბილწსიტყვაობენ ფილმებიდან,სპექტაკლებიდან, კონცერტებიდან. მოიშალა ეროვნული ცნობიერება, ქართველმა დაკარგა ეროვნული ღირსების, ეროვნული სიამაყის გრძნობა, და როგორც ერთ სიმღერაშია ნათქვამი : „ვერც ვიდავითედ და ვერც ვითამარეთ“.

ეს ყველაფერი წერია იმ წიგნებში, რომელიც მეცნიერთა გარკვეულმა ჯგუფმა მოამზადა გელათის აკადემიის აკადემიკოსის ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილის ხელმძღვანელობით. ეს წიგნებია: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსაკენ“ და „ახალი განზომილება“. სწორედ ეს წიგნებია ერთდროულად ჩვენი აღსარებაც და მონანიებაც, მათში ნათქვამია ისიც, რომ ყველაფერი ამის მიზეზი არის ის, რომ ქვეყანას ჰყავს გარედან მართული ხელისუფლება /იმას არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა ამ „გარედანში“ – ამერიკა იგულისხმება თუ რუსეთი/. ფაქტი ისაა, რომ ეს არაა ეროვნული ხელისუფლება და გზა, რომელსაც ეს ხელისუფლება ადგას არაა ქართული გზა და იგი ვერავითარ შემთხვევაში ვერ მიგვიყვანს ტაძრამდე /ნათქვამი, სამწუხაროდ, ეხება არა მარტო ახლანდელ, არამედ წინა ხელისუფლებებსაც/.

სოროსისა და ბჟეზინსკის იდეებზე აღზრდილი მმართველი ჯგუფი სრულად მოწყდა და დაცილდა ხალხს. იგი არ ზრუნავს ქვეყნის მოსახლეობაზე. ხალხსა და ხელისუფლებას შორის დიდი გაუცხოებაა.
ზემოდასახელებულ წიგნებში ისიც წერია, რომ აივსო ხალხის მოთმინების ფიალა, რომ დადგა დრო მოძრაობისა, აქტიურობისა, მშვიდობიანი სერიოზული გარდაქმნებისა. და დღეს ჩვენ გულმხურვალედ ვემუდარებით ჩვენს მეფე დავითს, ჩვენს დიდ წმინდანს, ამ მოძრაობაში დადგეს ჩვენ გვერდით, გვიწინამძღვროს ისე როგორც წმინდა გიორგი წინამძღვრობდა ბახტრიონის ბრძოლის დროს თუშ-ფშავ-ხევსურებს.

ახლა მეცნიერთა ჯგუფი, ისევ ბატონი თემურ შაშიაშვილის მეთაურობით, მუშაობს სახელმწიფოს ახალი დოქტრინის შექმნაზე. უნდა ითქვას, რომ ასეთი დოქტრინა, ჩვენდა სამარცხვინოდ, დღემდე არ გააჩნია ჩვენს ქვეყანას. არ გააჩნია საკუთარი იდეოლოგია, არ გააჩნია ღირებულებათა მყარი შკალა. თუ სხვა სფეროებიდანაც გავიხსენებთ მაგალითებს, ფაქტია ისიც, რომ განათლების სამინისტრომ ისე დაიწყო განათლების რეფორმა, ისე მოიწვია უცხოელი ექსპერტები და გადაუხადა მათ მილიონები, რომ არ ჰქონდა განათლების საკუთარი კონცეფცია, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, სამინისტრომ არ იცოდა – რა უნდოდა უცხოელი ექსპერტებისაგან, რას სთხოვდა მათ. და ყველაფერი ამ გაუგებრობის მიზეზი ისაა, რომ ჩვენი ხელისუფლებაა „უბრადაა“ მეცნიერებასთან, არ სარგებლობს მისი მონაპოვრებით.

როგორც ვთქვი, ახლა მეცნიერთა ერთი ჯგუფი ქმნის ქვეყნის განვითარების კონცეფციას,როგორც მისი შენების მეცნიერულ საფუძველს, ადგენს იმ ცნებებსა და ტერმინებს, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სახელმწიფომ, კერძოდ,მისმა ხელისუფლებამ. დოქტრინა გულისხმობს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის განსაზღვრას, ისეთი ცნებების დადგენას, როგორიცაა; რა არის ადამიანი, რა არის პიროვნება, რა არის თავისუფლება , რა არის პასუხისმგებლობა, რა არის აღზრდა, რა არის განათლება, რა არის კულტურა, რა არის ცივილიზაცია, რა არის ტოლერანტობა, უნდა გააჩნდეს თუ არა ქვეყანას იდეოლოგია, რა გზით უნდა იაროს ქვეყანამ – გარედან ნაკარნახევი, თუ საკუთარი, ეროვნული, ანუ ქართული გზით. და ბოლოს, რა უნდა იყოს ადამიანი – უმაღლესი მიზანი და ღირებულება, თუ მხოლოდ საშუალება.

ჩვენ ხალხს წინ დიდი გამოცდა უდევს. ეს არის მომავალი საპარლამენტო არჩევნები /ამის შესახებ მე ვრცელი წერილი „როგორი უნდა იყოს მომავლის პარლამენტი“ დავბეჭდე ამავე გაზეთის 27 ნოემბრის ნომერში/. შესაბამისად, შევთხოვთ ჩვენს დიდ წინაპარს, დიდ დავითს, საქართველოს თანმდევ სულს – ილოცოს ჩვენზე, დაგვეხმაროს ხალხის გამოფხიზლებაში, რწმენაში განმტკიცებაში, ქვეყნის გაერთიანებაში, დაგვეხმაროს, რომ ვიაროთ მისი გზით, ანუ დავით აღმაშენებლის გზით, დიდი ილია ჭავჭავაძის გზით. გვიშველოს რამე, რომ კვლავ აღდგეს, აღორძინდეს, განმტკიცდეს მრავალჭირნახული, მრავალტანჯული, მაგრამ სულით გაუტეხელი, ქედუხრელი, დაუჩოქებელი საქართველო. განმტკიცდეს ისე, როგორც მან ააყვავა და ააღორძინა თავისი ქვეყანა.

ჩემი გამოსვლა მინდა დავამთავრო ჩვენი დიდი პოეტის ირაკლი აბაშიძის ლექსით:
„მისთვის რქმევია ქართველს ქართველი,
რომ მისი ხვედრი ბრძოლა ყოფილა,
არვინ ჰყოლია ხელგამმართველი,
მაგრამ მტრის მონად არ დამხობილა“!
დაე, ნურავის და ნურასოდეს ენახოს მონად დამხობილი, დამცრობილი, გათითოკაცებული და დაბეჩავებული საქართველო. ამინ!
პროფ. რევაზ ბალანჩივაძე
ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს განათლების
მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *