"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმედიასლაიდერი

(საქართველოს რესპუბლიკა)8 თებერვალი, დავითობა – გიწვევთ ყველას!

ჩვენი დიდი სურვილია, დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, როგორც დიდი ეროვნული დღესასწაული, აღინიშნოს მეფეთმეფის დავით აღმაშენებლის დღე – 8 თებერვალი. მეცნიერთა დიდი ჯგუფი, დიდი ხანია ვმუშაობთ ამ საკითხებზე.სწორედ ეს განწყობაა ჩადებული იმ წერილში, რომელსაც აქ ვაქვეყნებთ და რომელიც უკვე დაეგზავნა ხელისუფლების პირველ პირებს, მედიის საშუალებებს, პოლიტიკურ პარტიებს. დარწმუნებული ვართ, რომ მიიღებენ მეცნიერთა წინადადებას და გელათში მაინც ვიქნებით ერთად. დიდი მადლობა ყველას, ვინც შემოგვიერთდება.
ბატონებო,
გვაქვს პატივი, მეცნიერთა დიდი გუნდის სახელით, რომელთაც შექმნეს ქვეყნის განვითარების კონცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და პროგრამული დოკუმენტი „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“, მოგიწვიოთ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა ერთობლივ კონგრეს-სესიაზე,რომელიც გაიხსნება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2020 წლის 8 თებერვალს, დავითობას, გელათის აკადემიის ისტორიულ კედლებში 14.00 სთ.ზე.

ჩვენ ვაგრძელებთ ბოლო წლების ეროვნული განწყობის იმ საქმიანობას, რომლის სათავეებთან, იდგნენ დიდი მოღვაწეები, ბატონები: მერაბ ბერძენიშვილი და რეზო ჩხეიძე. რომლებმაც ცნობილ მოღვაწეებთან: ანზორ ერქომაიშვილთან, გიგა ბათიაშვილთან, რომან რურუასთან, ტარიელ ხარხელაურთან, გივი თოიძესთან, არნოლდ გეგეჭკორთან, თემურ გუგუშვილთან, ომარ მხეიძესთან ერთად, დააფუძნეს „ქართული ერთობის დარბაზი“, მიიღეს უნიკალური დოკუმენტი „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ და ტელევიზია „ქართული ტვ“.

ჩვენ ვაკეთებთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მეცნიერულ ანალიზს , მიუხედავად სიძნელეებისა და სწორედ იმათგან უყურადღებობისა, რომელთაც ისედაც ევალებათ ასეთი მიმართულების საქმიანობის მხარდაჭერა – მეცნიერთა დიდმა გუნდმა, კულტურის მოღვაწეებმა, არცერთი პროექტი არ გავაჩერეთ, ძალას გვმატებდა პატრიარქის შეფასება, რომელიც „ქართული ერთობის დარბაზის“ ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს გააკეთა: „რასაც თქვენ ფიქრობთ და რის გაკეთებასაც თქვენ აპირებთ, ეს ჰაერივით სჭირდება საქართველოს“.

მეცნიერთა გუნდს მიაჩნია, რომ ქვეყანას მომავალი არ ექნება ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთთანამშრომლობის ჰარმონიზაციის გარეშე. ჩვენ ვეყრდნობით ბიბლიურ სიბრძნეს: „მთავარში – ერთობა, სადავოში – თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული“. ჩვენ ვთვლით, რომ დაპირისპირება – ეს ნგრევაა, მხოლოდ თანამშრომლობით შევძლებთ დღეს ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევას. ფაქტია, რომ ხალხში მდგომარეობა უმძიმესია და ამის გაუცნობიერებლობა, ყოველგვარი თვითკმაყოფილება, ამ ნიადაგზე დაპირისპირება, კიდევ უფრო გაუსაძლისს გახდის მას. ყველაფერი ეს ჩამოყალიბებულია „ხალხის წერილში“, რომელსაც დღემდე 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი და რომელიც სხვა პროგრამულ დოკუმენტებთან ერთად, წარდგენილია, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებაში, დაეგზავნათ პოლიტიკურ პარტიებს.

სწორედ ამ წერილის და მეცნიერთა მიერ შედგენილი პროგრამული დოკუმენტების განწყობით, ვაპირებთ 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის დღეს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში კონგრესის ჩატარებას, რომლის დღის წესრიგსაც ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა წარმოადგენს; დაწყებული „ქართული დოქტრინის“ შემუშავებით, დამთავრებული ეროვნული სულისა და ზოგადკაცობრიული განწყობის ტელევიზიის შექმნით, „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ მსოფლიო კონგრესის ახალი პრინციპებით ჩატარებით, დავით აღმაშენებლის ძეგლთან დაკავშირებით ისტორიული სამართლიანობის აღდგენით. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ საუბარი „სახელმწიფო კაცების საკრებულოზე“, იდეა ეკუთვნის საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, რომლის ანალოგიც ჩვენს ისტორიაში არაერთია და განსაკუთრებით, ვახტანგ მეექვსესთან, რომელმაც შექმნა „სწავლულ კაცთა კომისია“.

ჩვენ გვეამაყება, რომ საერთო ძალისხმევით იწერება ხატმწერ შალვა გერაძის ავტორობით, დავით აღმაშენებლის ხატი, რომელსაც სრულიად საქართველოს სახელით, სწორედ დავითობას გადავცემთ გელათის მონასტერს.

უწმიდესმა და უნეტარესმა მასთან მთელი პროგრამის წარდგენისა და მისი დეტალური განხილვის შემდგომ, ბრძანა: „ყველაფერი ეს საჭიროა და საჩქაროა“.
ამას საერთო ძალისხმევა სჭირდება – ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების. სწორედ ეს უნდა დაადასტუროს მეფეთმეფის დღის აღნიშვნამ.
ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ისტორიულ ღონისძიებაში თქვენს მონაწილეობას.

მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა სახელით

ლუარა ნიჟარაძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
კობა კობალაძე – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
რეზო ბალანჩივაძე – ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი
ვახში ჟვანია -საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი
გუბაზ მეგრელიძე-პროფესორი,ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე
გიგა ბათიაშვილი-არქიტექტორის დოქტორი,არქიტექტორის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი,თბილისის საპატიო მოქალაქე
ჯუმბერ კოპალიანი-ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი

გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”

8 თებერვალი, 2020 წელი

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *