მეცნიერთა კონგრესიქართული ერთობის დარბაზი

ჯუმბერ კოპალიანის გამოსვლა

 

ბატონებო,

ჩვენ, ყველანი ვგრძნობთ და ვხედავთ, თუ რა სირთულეების წინაშე დგას ქვეყანა, სად მიგვიყვანა  დაპირისპირებამ.  პოლიტიკოსებმა თითქმის 30 წელია,  თავს მოგვახვიეს ქუჩის პოლიტიკა, რომელიც ეყრდნობა ემოციას და აძლიერებს აგრესიას, იგნორირებულია მეცნიერება, საზოგადო მოღვაწეთა და მამულიშვილთა, საერთოდ, ინტელიგენციის  პოზიცია, ვერ დავძლიეთ  შიში,  ვერ დამკვიდრდა კონკურენტული გარემო, რომელიც არის საფუძველი ქვეყნის განვითარების და ეკონომიკური სიძლიერის… რეალურად ვცხოვრობთ გონებადაკარგული პოლიტიკის პირობებში.  ყველაფერ ამაში ჩვენი ბრალიცაა.  პირველ რიგში – ინტელექტუალური ადამიანებისა, რომელთა დუმილმა  წაახალისა  არაერთი მოუმზადებელი და უმწიფარი პიროვნების მოხვედრა პოლიტიკასა და ხელისუფლებაში.

ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. საჭიროა სისტემური გარდაქმნები. უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების და მოქმედებების დრო და დავიწყოთ სოლიდარული მოძრაობა            ქვეყნის გადარჩენისთვის, რაც შეუძლებელია  მეცნიერების და იმ ადამიანების გარეშე, რომელთა მეთოდია მეცნიერული, სისტემური მიდგომები ყველაფრის, მათ შორის, რეფორმებისა და გარდაქმნების მიმართ.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მომავლის საქართველო წარმოუდგენელია, როგორც ასეთი დაპირისპირების პირობებში, ასევე თანამშრომლობის ჰარმონიზაციის გარეშე…მთავარ პრობლემებზე ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ძალისხმევისა და კონცენტრირების გარეშე.

სწორედ ამ განწყობით ვიკრიბებით. ვიწვევთ ხელისუფლების პირველ პირებსაც, საზოგადო მოღვაწეებსაც, ბიზნესის წარმომადგენლებსაც, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებსაც, პოლიტიკოსებსაც, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებსაც. შეხვედრაში მონაწილეობის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, რასაც ერთი დარბაზი ვერ დაიტევს, სასურვილია ეს შეხვედრა მიდიოდეს პირდაპირი ეთერით, რათა საქართველოს  მოსახლეობას, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, ჩვენს უცხოელ მეგობრებსაც ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ გახდნენ ამ პროცესის მონაწილენი.

ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ ინტელიგენციამ ხელისუფლებასთან, საქვეყნოდ მომართულ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, უნდა შეძლოს იმედის დაბრუნება  უიმედობით სავსე ქვეყანაში. ყოველგვარი ლანძღვა-გინების გარეშე, შევთავაზოთ ხალხს და ქვეყანას იმედიანი პროგრამები. ჩვენ ასე წარმოგვიდგენია, რომ გარკვეული პერიოდულობით, ყველას, ვისაც ექნება მომავალზე ორიენტირებული პროგრამა, მივცეთ საშუალება, წარმოადგინოს  განსახილველად შეხვედრებზე. შემდგომ, კი თითოეული პროგრამის განხილვა მოხდება ექსპერტ-სპეციალისტთა ფართო მონაწილეობით. რაც მთავარია, მთელი ეს პროცესი უნდა იყოს საჯარო: ყველას ჰქონდეს საშუალება მონაწილეობის მიღებისა და ხელისუფლებისადმი წარდგენილი დოკუმენტის წვდომისა.

ჩვენი სურვილია, გვერდში დავუდგეთ მეცნიერთა დიდი ჯგუფის ინიციატივებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია წიგნებად ქცეულ კრებულებში: „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“. ვფიქრობთ, მხარდასაჭერია მეცნიერთა წინადადება „ქართული დოქტრინის“ შემუშავებისა და 2020 წლის 8 თებერვალს, დავითობას, გელათში, გელათის აკადემიის ისტორიულ კედლებში, მისი განხილვის დაწყების თაობაზე და, რაც მთავარია, მხარდასაჭერია მეცნიერთა ის წინადადება, რომ 2020 წლის აპრილში, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდ კონგრესზე შევაჯამოთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და განვსაზღვროთ მომავლის საქართველოს მთავარი ორიენტირები.

ჩვენ ვიზიარებთ მეცნიერთა წინადადებას, რომ ამ კონგრესმა მოისმინოს სამი პოზიცია: ხელისუფლების, მეცნიერებათა აკადემიის და იმ ჯგუფის, რომელთაც სამი წელი იმუშავეს და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, ქვეყნის პოტენციალზე და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, შექმნეს ქვეყნის განვითარების კონცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და ათასობით ადამიანთა მონაწილეობით, „ხალხის წერილი“, რომელსაც დღემდე 50 ათასამდე თანამემამულემ მოაწერა ხელი და რომელიც  ექვს თვეზე მეტი ხნის წინ წარედგინა ქვეყნის მთავრობას.

დღევანდელ შეხვედრაზე განსახილველად წარმოვადგენთ ამ პროცესის განვითარების ჩვენეულ ხედვას. ამავე დროს, საშუალება გექნებათ, მოისმინოთ ათამდე სამომავლო პროექტი.

დიდი სიამოვნებით მივიღებთ თქვენს წინადადებებს ამ პროცესის სრულყოფის და მომდევნო შეხვედრებზე განსახილველი საკითხების თაობაზე

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *