"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდიმეცნიერთა კონგრესი

მეცნიერთა ანალიტიკური ჯგუფის მოსაზრებები არჩევნებთან დაკავშირებით

ჩვენ ვფიქრობთ, რომ არჩევნები რა სისტემით ჩატარდება, ეს ასე თუ ისე მეორეხარისხოვანია. უმთავრესია, რომ იგი ჩატარდეს სამართლიანად. სამართლიანად შეიძლება ჩატარდეს მაჟორიტარული სისტემითაც და პროპორიულითაც. არასამართლიანად შეიძლება ჩატარდეს ორივე სისტემით. ამისთვის კი აუცილებელია უმოკლეს დროში გატარდეს საკანონმდებლო ცვლილებები. რომელიც ამის მყარ გარანტიებს შექმნის. კერძოდ, საჭიროდ მიგვაჩნია:

• დაუყოვნებლივ უნდა გასწორდეს ამომრჩეველთა სიები, რომელიც აბსოლუტურად შორსაა რეალობიდან; (ყოვლად წარმოუდგენელია დღევანდელი რეალობა, როცა ამომრჩეველთა სიები და საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა თითქმის ერთმანეთს ემთხვევა და ასე მოდის ათწლეულებია).

• არჩევნებში მონაწილეობა უნდა გახდეს სავალდებულო და მასში მონაწილეობდნენ ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები. სამარცხვინოა, რომ 2 მილიონზე მეტი ადამიანი ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ იძულებული გახადა წასულიყო ქვეყნის გარეთ… მათ პრაქტიკულად გადაარჩინეს საკუთარი ოჯახებიც და პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, საქართველოც და ამ დროს, ჩვენ მათ ვართმევთ პოლიტიკურ უფლებას – აირჩიოს და თავად იყოს არჩეული.

• უნდა გადავიდეთ ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემაზე. თუნდაც იმიტომ, რომ 2 მილიონზე მეტ ქვეყნის გარეთ გასულ ჩვენს თანამემამულეს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. არავითარი გამართლება არ ჰქონდა დღემდე და არ აქვს სამომავლოდაც, მისი გაჭიანურების, თუ მასზე არგადასვლის სახელისუფლებო განმარტებებს.

• უნდა გადაიხედოს ცესკოს შემადგენლობის და ადგილობრივი კომისიების დაკომპლექტების წესი… 30 წელია, ვსაუბრობთ, რომ არჩევნები ყალბდება, არაერთგზის ეს მიზეზი საფუძვლად დაედო რევოლუციებსაც და იგივე ხალხს ვანდობთ არჩევნების ჩატარებას. ეს სრული ნონსენსია.

• უმოკლეს პერიოდში, უნდა მოხდეს კანონის მიღება „სახელმწიფო მოხელის შესახებ“, რომელიც ერთის მხრივ უნდა იცავდეს სახელწმიფო მოხელეს, მეორეს მხრივ, უნდა გამორიცხავდეს სახელმწიფო მოხელის რაიმე ფორმით წინასაარჩევნო ბატალიებში მონაწილეობას და რომელიმე პარტიის ან კანდიდატის ლობირებას. ჩვენ უნდა წავიდეთ ცივილიზებული სამყაროს გზით და სახელმწიფო მოხელეს უნდა აეკრძალოს პარტიის წევრობა და პარტიის საქმიანობაში მონაწილეობა. ისევე, როგორც ახლადარჩეულ მერს, გამგებელს, თუ მინისტრს, არ უნდა ჰქონდეს სახელმწიფო აპარატის დათხოვნის უფლება. სახელმწიფო მოხელე სამსახურიდან უნდა თავისუფლდებოდეს მხოლოდ მისი მოვალეობის შეუსრულებლობისთვის.

• განისაზღვროს მედია საშუალებების გამოყენების სარგებლობის წესი არჩევნებში მონაწილეთა ინტერესების თანაბარწილად დაცვის მიზნით

• აიკრძალოს პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსება. პარტია მისი წევრების საწევრო ანარიცხებით და შემოწირულობებით და არა ხალხის ბიუჯეტით უნდა ფინანსდებოდეს. საქართველოს ბიუჯეტიდან გაცილებით მეტად ფინანსდებიან პარტიები, ვიდრე მეცნიერები და ეს ხდება ტრადიციულად ძლიერი მეცნიერების ქვეყანაში, სადაც ბოლო გადაწყვეტილენებით, მეცნიერებათა აკადემიაც კი კლუბად აქციეს.

• უნდა დაკანონდეს დეპუტატის გაწვევის სისტემა. ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს მაჟორიტარულად არჩეული დეპუტატის და პარტიას მისი სიით არჩეული დეპუტატის გაწვევის უფლება. ამავე დროს, უნდა დაკანონდეს ცივილიზებული გადადგომის ინსტიტუტი: მინისტრობიდან, დეპუტატობიდან საკუთარი ნებით წასული პიროვნება საპარლამენტო ვადის პერიოდში უნდა ინარჩუნებდეს ყველა პირობას მისი პოლიტიკური აქტივობისთვის, ანაზღაურების შენარჩუნებით.

• ჩვენ ვადასტურებთ, რომ დემოკრატია არჩევნები კი არა, არჩევანის თავისუფლებაა. საქართველოში, სადაც არ არსებობს კანონი ოპოზიციის შესახებ, სადაც სოფლად ხალხს წაართვეს უფლება თავისი გამგებლის არჩევის, სადაც გუბერნატორი ინიშნება ცენტრიდან, სადაც ასეა ზეცენტრალიზებული ეკონომიკა და საფინანსო სისტემა, სადაც ასე უუფლებოა საქალაქო და რაიონული ინსტიტუციები – დემოკრტიულ არჩევნებზე ფიქრი ილუზია და საკუთარი თავის მოტყუებაა. სასწრაფოდაა შესაცვლელი ყველაფერი ეს.

ერთი და გამოკვეთილი: ჩვენი განსაკუთრებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, მაჟორიტარული თუ პროპორციული არჩევნები. მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში, ორთავე გამოიყენება და არც ერთი თავმოყვარე არც ხელისუფლება, არც პოლიტიკური ძალა და არც ხალხი, არ იბრძვის ერთის წინააღმდეგ, მეორის სასარგებლოდ. დეტალებში არ შევდივართ. ორთავეს აქვს დადებითიც და უარყოფითიც. პოლიტიკური ძალების მიერ „ფეოდალურად“ აღიარებული მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნების წესით, ირჩევენ დეპუტატებს ამერიკის კონგრესში, ბრიტანეთისა და საფრანგეთის პარლამენტებში. გერმანიასა და ბევრ სხვა ქვეყანაში არის შერეული სისტემა. ჩვენ ყველაზე მეტად გვაშფოთებს ის, რომ ხალხის სახელით ებრძვიან ამომრჩევლის პერსონიფიცირებულ ნებას, ანუ ხალხს არ ენდობიან პერსონიფიცირებული არჩევანის გაკეთებას და იგივე ხალხს თხოვენ, რომ მხარი დაუჭირონ პარტიის არჩევანს. პირდაპირ ვამბობთ, რომ მოსახლეობის 80-მა პროცენტმა კარგად არ იცის არც მაჟორიტარული და არც პროპორციული არჩევნების შესახებ. ჩვენ გვინდა, ეს გავაგებინოთ და მხოლოდ შემდგომ, ჩავატაროთ რეფერენდუმი. რათა ხალხმა თავად გადაწყვიტოს, რომელი სისტემით ჩატარდეს არჩევნები. შეგვედავებიან,რომ რეფერენდუმის ჩატარება არ შეგვიძლიაო. ეს არის ერთი დიდი პოლიტიკური უბედურება, რომ ყველა წინა ხელისუფლებამ რეფერენდუმის ჩატარების ისეთი წესი მიიღო, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია რეფერენდუმის ჩატარება. პლებისციტს კი საკანონმდებლო ძალა არ აქვს. ჩვენ კატეგორიულად ვითხოვთ ხალხისთვის მისაწვდომი და ქვეყნისთვის საჭირო რეფერენდუმის კანონს, რომელიც მეცნიერთა მონაწილეობით, მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით სასწრაფოდ უნდა მივიღოთ.

ბატონებო, მე წარმოგიდგინეთ მეცნიერთა ანალიტიკური ჯგუფის მოსაზრებები. ჩვენ ამ საკითხებზე დიდი ხანია ვმუშაობთ. ვმუშაობდით ქვეყნის განვითარების კონცეფციის „გზა ცივილიზებული სახელწმიფოსკენ“ პარალელურად. მუშაობას ვაგრძელებთ, რადგან ვთვლით, რომ უბედურება მაჟორიტარულ ან პროპორციულ სისტემაში კი არა, სწორედ იმ საკითხების მოუგვარებლობაშია, რომელთა შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ.

ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ ყველა წინადადებას საარჩევნო სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებით და როცა მას მივცემთ საბოლოო სახეს, გამოვაქვეყნებთ პრესაშიც, ინტელიგენციის ჯგუფის მონაწილეობით გადავცემთ როგორც ხელისუფლებას, ასევე ყველა პოლიტიკურ ძალას.

პირდაპირ ვამბობთ, ამ საარჩევნო სისტემის სრულყოფის წინააღმდეგი იქნებიან მხოლოდ ის პოლიტიკური ძალები, რომელთაც ხელისუფლებაში მოსვლის მთავარ მექანიზმად ქუჩა მიაჩნიათ და არა დემოკჯრატიული არჩევნები, რომელთათვისაც საუბარი დემოკრატიულ არჩევნებზე – ეს მხოლოდ ნიღაბია და საშუალება ქუჩაში გამოსასვლელად. თუ გვინდა ქვეყანაში დასრულდეს ქუჩის პოლიტიკოსთა ერა, დიდი და პატარა უნდა დავდგეთ საარჩევნო სისტემის სრულყოფისთვის.

Facebook Comments
5 (100%) 1 vote
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *