"გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ" მხარდამჭერი ფონდისლაიდერი

ვერც ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება თვითკმაყოფილი ხელისუფლების, გაბოროტებული ოპოზიციის, ქვეყნის წინააღმდეგ მომართული საინფორმაციო საშუალებების, იგნორირებული მეცნიერების და დუმილით დამძიმებული ინტელიგენციის პირობებში

მეცნიერთა დიდი ჯგუფის წერილი "ქართული ერთობის დარბაზის წევრებს", საქართველოს ინტელიგენციას

2019 წლის 20 სექტემბერს, პროექტ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი  ფონდის ოფისში (ბოჭორიშვილის 37ა)   „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლებს, ბატონებს: რომან რურუას, ანზორ ერქომაიშვილს, გიგა ბათიაშვილს, გივი თოიძეს, ტარიელ ხარხელაურს, თემურ გუგუშვილს, ომარ მხეიძეს, არნოლდ გეგეჭკორს გადაეცა მეცნიერთა დიდი ჯგუფის წერილი:

„ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლებს

ბატონებს: რომან რურუას, ანზორ ერქომაიშვილს, გიგა ბათიაშვილს, გივი თოიძეს, ტარიელ ხარხელაურს, თემურ გუგუშვილს, ომარ მხეიძეს, არნოლდ გეგეჭკორს

ბატონებო,

ეს არის მეცნიერთა დიდი ჯგუფის მადლიერების წერილი თქვენდამი, როგორც დიდი მამულიშვილებისადმი, რომელთაც ლეგენდარულ მერაბ ბერძენიშვილისა და რეზო ჩხეიძის თავკაცობით შექმენით საქართველოს ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართული პროგრამული დოკუმენტი, „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“.

ეს დოკუმენტი მერაბ ბერძენიშვილის სახელოსნოში შეიქმნა, რეზო ჩხეიძის სახლში კი, მას ხელი მოეწერა. ეს დიდი ისტორიაა. ჩვენ დავადასტურეთ ამ ეტაპისთვის ქართულ დოქტრინასთან ყველაზე ახლოს მდგომი დოკუმენტისადმი ჩვენი განსაკუთრებული განწყობა და შევქმენით ქვეყნის განვითარების კონცეფცია, „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“, რომელიც გამოვეცით ათიათასიანი ტირაჟით, უამრავი ადამიანისა და სამეცნიერო წრეებისათვის სამაგიდო წიგნად ვაქციეთ, რომლის გაგრძელებაა მიმდინარე წლის 8 თებერვალს – დავითობას, მეფეთმეფის მიერ დაარსებული გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კედლებში, კონგრესზე მიღებული პროგრამული დოკუმენტი: „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“.

ყველამ დიდი ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ ჩვენი თანამემამულეების დიდი მონაწილეობით შექმნილიყო „ხალხის წერილი – ხელისუფლებისა და ხალხის გასაგონად“, რომელსაც დღემდე 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

ყველა ამ დოკუმენტში ჩადებულია თქვენ მიერ ხელმოწერილი „მოქმედების მანიფესტის” განწყობა. ის განწყობა, რომელიც ორი წლის განმავლობაში, სამების ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის შეკრებებზე სუფევდა, ქართული კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების მოღვაწეთა მონაწილეობით.

ჩვენ ვამაყობთ, რომ გავხდით უნიკალური „პატივდების სიგელის“ როგორც შექმნის, ასევე სამების ტაძარში ათასამდე ადამიანისათვის მისი გადაცემის მონაწილენი. ვიმეორებთ, ეს დიდი ისტორიაა. მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ მხოლოდ ისტორია. მოქმედების მანიფესტმა “.მოქმედების ისეთი მასშტაბები ვერ შეიძინა, რომლის აუცილებლობა მასში ჩამოყალიბებული პოზიციიდან გამომდინარე იყო საჭირო. ჩვენ ვერ გავარღვიეთ სახელისუფლებო ყრუ კედელი, რომელიც ჩვენი აზრით, არა მარტო პროგრესს აჩერებს ქვეყანაში, არამედ ებრძვის ავტორიტეტებს, როგორც ეს უწმიდესმა და უნეტარესმა ბრძანა თქვენთან შეხვედრაზე და რეალურად, ანგრევს ქვეყანას.

ჩვენ დავეყრდენით თქვენს მთავარ თეზისს: დაპირისპირება დამანგრეველია და ქვეყნის მომავლისათვის თანამშრომლობის ჰარმონიზაციაა საჭირო. ყველა ჩვენი პროგრამული დოკუმენტი გადაეცა ხელისუფლების პირველ პირებს (პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, მმართველი პარტიის ლიდერს) შედეგი? სრული უყურადღებობა. ჩვენ ადამიანურად განვიცდით იმას, რომ თქვენი, ასეთი სახელმწიფო მოღვაწეების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ბატონების: ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის, გიორგი კვირიკაშვილის, მამუკა ბახტაძისადმი ყოველგვარი რეაგირებისა და ყურადღების გარეშე დარჩა. ხელისუფლებამ უყურადღებოდ დატოვა „„ხალხის წერილი “, რომელიც დღევანდელი რეალობის სრულად წარმოდგენის საშუალებას იძლევა.

ჩვენ გაგვაოცა იმან, რომ ხელისუფლებამ ასევე უყურადღებოდ დატოვა მეცნიერთა მიერ შექმნილი წიგნი „მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში“, რომელსაც ჩვენ სამართლიანად „იმედის წიგნი“ ვუწოდეთ,  რადგან ამ უიმედობით სავსე ქვეყანაში, „ქართული ერთობის დარბაზის“ დღევანდელმა ხელმძღვანელმა, ლეგენდარულმა რომან რურუამ, პრაქტიკულად,  უკაცრიელ ადგილზე წალკოტი შექმნა და გვაჩვენა იმის კლასიკური მაგალითი, თუ რა რეზერვები და რესურსები გააჩნია ჩვენს ქვეყანას.

თქვენ ამბობთ, ჩვენ ვეთანხმებით და რეალურად ვხედავთ იმ გზებს და საშუალებებს, რომ ამ წყლის, ამ მიწის, ამ ჰაერის, ამ სითბოს, ამ ბუნებრივი და ადამიანური რესურსების, ამ გეოგრაფიული და ინტელექტუალური პოტენციალის ქვეყანაში, ასე არ უნდა ვცხოვრობდეთ. ჩვენი ყველა კონგრესი, შეთავაზება ხელისუფლებისადმი, სწორედ ამას ეყრდნობა და ამ დროს, შემაშფოთებელია, რომ ყველა ხელისუფალი, ვისთანაც კი მოგვიწია ჩვენი პროგრამული დოკუმენტების გაგზავნა, უპირატესობას ანიჭებს არა მეცნიერებთან და მოაზროვნე ადამიანებთან თანამშრომლობას, არამედ აგრესიული, დაპირისპირებაზე და ძალისმიერ მეთოდებზე ორიენტირებული პოლიტიკოსებისა თუ პარტიების წინააღმდეგ ბრძოლას.

ჩვენ თანამშრომლობისათვის არაერთხელ მივმართეთ  სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა მხოლოდ ერთმა პარტიამ გამოხატა ჩვენი პროგრამებისადმი  მხარდაჭერის სურვილი.

ჩვენ ყველანი ერთად აღვნიშნავთ, რომ ამ ბუნებრივი და ადამიანური რესურსების, გეოგრაფიული და ინტელექტუალური პოტენციალის ქვეყანაში, ასე არ უნდა ვცხოვრობდეთ. ჩვენი ყველა კონგრესი, შეთავაზება ხელისუფლებისადმი, სწორედ ამას ეყრდნობა და ამ დროს, შემაშფოთებელია, რომ ყველა ხელისუფალი, ვისთანაც კი მოგვიწია ჩვენი პროგრამული დოკუმენტების გაგზავნა, უპირატესობას ანიჭებს არა მეცნიერებთან და მოაზროვნე ადამიანებთან თანამშრომლობას, არამედ აგრესიული, დაპირისპირებაზე და ძალისმიერ მეთოდებზე ორიენტირებული პოლიტიკოსებისა თუ პარტიების წინააღმდეგ ბრძოლას.

ეს ჩიხია. სახელისუფლებო ძალთა პოლიტიკური აზროვნების ჩიხი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს ხალხს და ქვეყანას. სწორედ მომავლის საქართველოსთვის დიდი გარღვევის მიზნით იყო ნაკარნახევი ერთი თვის წინ ჩატარებული კონგრესის გადაწყვეტილება, რომ შედგეს მეცნიერთა და სახელმწიფო მოღვაწეთა დიდი კონგრესი, რომელმაც სასურველია, მოისმინოს როგორც ხელისუფლების, ასევე მეცნიერებათა აკადემიის და მეცნიერთა კონგრესის აზრი, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეფასება და კრიზისის დაძლევის რეალური ხედვა.

ჩვენ ასევე ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, რომ მომდევნო წლის 8 თებერვალს ვეწვიოთ გელათს და გელათის მეცნიერებათა აკადემიაში მივიღოთ „ქართული დოქტრინა“. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ჩვენი კოლეგა და მეგობარი, შალვა გერაძე პატრიარქის ლოცვა – კურთხევით, წერს უნიკალურ ხატს, რომელიც იმ დღეს კონგრესის სახელით, გადაეცემა გელათის სამონასტრო კომპლექსს.

მანამდე ჩვენ ვაპირებთ ეკონომიკური მიმართულების კონფერენციის ჩატარებას საგურამოსა და დიდ ჯიხაიშში, სადაც ილია ჭავჭავაძის და ნიკო ნიკოლაძის მემკვიდრეობის გათვალისწინებით, ჩამოყალიბდება მომავლის საქართველოს ეკონომიკური ხედვა.

ჩვენ ვერ შევძელით ის, რაც უმთავრესად დაისახეთ თქვენ და გავიზიარეთ ჩვენ: ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობა. ხალხში ამის განწყობა არის, ამას აქვს ჩვენი ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის სრული მხარდაჭერა და ლოცვა-კურთხევა. ერთადერთი, რაც ამ ყველაფერს აბრკოლებს, არის მთავრობა, ხელისუფლება, მათი განწყობა და პოზიცია იმ პრობლემებისადმი, რომელიც რეალურად არსებობს ქვეყანაში. ვერც ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება თვითკმაყოფილი ხელისუფლების, გაბოროტებული ოპოზიციის, ქვეყნის წინააღმდეგ მომართული საინფორმაციო საშუალებების, იგნორირებული მეცნიერების და დუმილით დამძიმებული ინტელიგენციის პირობებში.

ახალს არაფერს ვამბობთ: პროგრესი არის იმ ქვეყანაში, სადაც ინტელიგენცია ხელისუფლებისადმი ბუნებრივი ოპონენტის როლშია, სადაც ინტელიგენცია იცავს ხალხს ხელისუფლებისგან და არა პირიქით – ხელისუფლებას ხალხისგან.

დღევანდელი საქართველოს უპირველეს ბოროტებად მიგვაჩნია, რომ ინტელიგენციის იგნორირებამ, თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი და ინტელიგენციის ინდიფერენტულმა დამოკიდებულებამ შესაძლებელი გახადა, საქართველო გადაქცეულიყო პოლიტიკოსთა თარეშის ასპარეზად. სწორედ ეს აწყობს იმ გარე ძალებს, რომელთაც სურთ, რომ მათგან რეალურად მართვადი პარტიები და პოლიტიკოსები იყვნენ ხელისუფლებაში, ხოლო ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომელთაც ხალხს წაართვეს ქვეყანა, ისეთ კანონებს იღებენ, რომელიც რეალურად მეტ ბურუსს ქმნის, ვიდრე ხელს უწყობს კრიზისის დაძლევას.

ჩვენ ერთ-ერთ დიდ უბედურებად პროპორციული საარჩევნო სისტემა მიგვაჩნია, რომელიც ადამიანს ართმევს მის ფუნდამენტურ უფლებას, იყოს არჩეული. პრაქტიკულად, გამოირიცხა პარტიის გარეშე პარლამენტში მოხვედრის შანსი და ეს მაშინ, როცა პარტიებში ზნეობის სრული დეფიციტია და ზნეობრივ ადამიანებში კი – პარტიების სრული მიუღებლობა. დრო დაადასტურებს, რომ ეს კანონი უკვე ქმნის პრობლემებს ჩვენს ძმებთან – აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობებისას და შექმნის პრობლემებს საქართველოს სხვა რეგიონებთან დაკავშირებითაც.

ასეა მაშინ, როდესაც ქუჩის პოლიტიკა ბატონობს ქვეყანაში და ქვეყნის განვითარებაზე ფიქრი არა სამეცნიერო და მოაზროვნე ადამიანთა აუდიტორიებშია, არამედ აგრესიით სავსე მიტინგებზე. რეალობა ასეთია, რომ პოლიტიკამ გონება დაკარგა.

ამ წერილის მიზანია, რეალურად ავამოქმედოთ თქვენ მიერ ხელმოწერილი უდიდესი ქართული დოკუმენტი: „მოქმედების მანიფესტი – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“. მოვიყვანოთ მოქმედებაში ყველაფერი ის, რაც თქვენ – დიდმა მამულიშვილებმა დაისახეთ მიზნად, დაწყებული ქართული ტელევიზიის შექმნით, დამთავრებული „ყოველთა ქართველთა საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ კონგრეს- სესიების ჩატარებით მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის 85 ქალაქში, სადაც მინიმუმ, ათასზე მეტი ქართველი ცხოვრობს, და რაც მთავარია, ეროვნული ყრილობით, რომელმაც მომავლის საქართველოს პროგრამა უნდა დაამტკიცოს.

ჩვენი პოზიცია პრინციპულია, უნდა შესრულდეს დიდ მამულიშვილთა ნააზრევი: შეიქმნას სახელმწიფო კაცების საკრებულო, ქვეყანას ჰყავდეს პიროვნებათა პარლამენტი და ქვეყანაში ხელისუფლება გრძნობდეს, რომ ის ხალხის მსახურია და არა უფროსი და ის, რომ დასრულდეს ქვეყანაში პარტიების სოციალური დემაგოგიით სავსე პროგრამები. ამისთვის, მეცნიერებმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პატრონაჟით უნდა შექმნან დღეს რეალურად განხორციელებადი პროგრამა და ინტელიგენციამ ხალხი დაარწმუნოს იმაში, რომ მხარდაჭერილ იქნას ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც აღიარებენ მეცნიერთა მიერ შექმნილ პროგრამას და გააჩნიათ მისი რეალიზაციის სრული პოტენციალი.

ბატონებო,

ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ თქვენს წამოწყებას, არავინ შევაწუხეთ. შიშველი ხელებით, საკუთარი სახსრებით შევძელით ყველაფერი იმის გაკეთება, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. სწორედ ამისთვის დაფუძნდა საზოგადოებრივი პროექტის – გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ მხარდამჭერი ფონდი. მძიმე იყო, სრულად ვერა, მაგრამ მაინც არ გავაჩერეთ ეროვნული განწყობის ტელეკომპანია „ქართული TV“ – ს მუშაობა. მოვამზადეთ ყველაფერი საიმისოდ, როგორც ეს მერაბ ბერძენიშვილს ჰქონდა წარმოდგენილი, რომ ეს იყოს მართალი ტელევიზია, ყველა ოჯახის ინტერესების გამომხატველი და ყოველი ადამიანის უფლების დამცველი ქართული ტელევიზია. თქვენი დიდი შემოძახილია საჭირო, რომ ამ ტელევიზიის აქციონერი გახდეს პირველ ეტაპზე (ორი წლის განმავლობაში) ყოველი ოჯახი. როგორც იუნესკოში აღინიშნა, ეს იქნება უნიკალური მოვლენა მსოფლიო სატელევიზიო სივრცეში. დღეს ეს განსაკუთრებით საჭიროა, ვინაიდან ნათლად ჩანს, რომ დღესდღეოიბით ქართული საინფორმაციო სივრცე ქართული აღარ არის და პრაქტიკულად, ებრძვის ყოველივე ეროვნულს. ამის მოთმენა დანაშაულის ტოლფასია.

ვხედავთ რა, რომ ქვეყანაში მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. მოგმართავთ დიდ მამულიშვილებს: თქვენი პატრონაჟით, უახლოეს პერიოდში შედგეს ქვეყნის ავტორიტეტულ ადამიანთა თავყრილობა, გაანალიზდეს ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობა და დაიწყოს თქვენი დიდი დიალოგი ხელისუფლებასთან.

ჩვენ ვფიქრობთ ქვეყნის მომავალზე, გვწამს და გვჯერა: ავტორიტეტულ ადამიანთა გულწრფელ შემოძახილს დღეს ქვეყანაში მდგომარეობის სასიკეთოდ შეცვლის დაწყება შეუძლია. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების და მოქმედებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისთვის, როგორც თქვენ ამას წერთ “მოქმედების მანიფესტში“ .

და უმთავრესი, რითაც ვამთავრებთ ამ წერილს. თქვენ “მოქმედების მანიფესტში“ . წერთ: ყოველ დროში სახელმწიფო კაცები, ერის მამა – დიდი ილია და მისი მიმდევრები ფიქრობდნენ ისეთ საქართველოზე, სადაც ქვეყანას მართავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა. სწორედ ეს არის მეცნიერული და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აზროვნების შერწყმა, რომლის საფუძველი ჯერ კიდევ ათი საუკუნის წინ შექმნა დავით აღმაშენებელმა გელათის აკადემიის დაარსებით. ჩვენ არ გვინდა, რომ თქვენ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი მხოლოდ ისტორიის კუთვნილებად დარჩეს. ამ დოკუმენტზე ხელმოწერა იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და ამას დიდი ძალა უნდოდა. თქვენ აღმოგაჩნდათ ეს ძალა. თქვენი პასუხისმგებლობა დღეს განსაკუთრებულია თქვენი ხელმოწერით და იმითაც, რომ მერაბ ბერძენიშვილი და რეზო ჩხეიძე დღეს ცოცხლები აღარ არიან. ჩვენ, მეცნიერები ვგრძნობთ პასუხისმგებლობას მათი იდეური მემკვიდრეობის მიმართ. დარწმუნებული ვართ – თქვენც.

მოქმედების დროა, დიდო მამულიშვილებო!

წერილი შედგენილია საზოგადოებრივი პროექტის „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ გამართულ მეცნიერთა კონგრესის განწყობით, რომელსაც ვადასტურებთ ქვემორე ხელისმომწერნი

კობა კობალაძე – პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი

ზურაბ ფარესიშვილი – პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი

ლუარა ნიჟარაძე – მეცნიერებათა დოქტორი

ნონა ღამბაშიძე – “ქართული TV”-ს დირექტორი

თეიმურაზ შაშიაშვილი – გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

ნუგზარ გულორდავა – პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო პრემიის ლაურეატი

ფერდინანდ ლორთქიფანიძე – კულტურის დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მშვიდობის ფონდის პრეზიდენტი

 

Facebook Comments
შეაფასეთ
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *